QronikaPlus
მეცნიერებისთვის გაზრდილი ხელფასები, სტუდენტთა მობილობა და უკონტროლოდ დარჩენილი უნივერსიტეტები...

მეცნიერებისთვის გაზრდილი ხელფასები, სტუდენტთა მობილობა და უკონტროლოდ დარჩენილი უნივერსიტეტები...

2015-02-13 10:50:22

6 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქართველ მეცნიერებს სასიხარულო ამბავი ამცნო. თამარ სანიკიძის თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან კვლევითი დაწესებულებების მეცნიერთა ხელფასები 2,5 ჯერ გაიზარდა. მეცნიერები, რომელთა ხელფასი 150-200 ლარს არ აღემატებოდა, ამიერიდან 700-დან 800 ლარამდე ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ... „მეცნიერთა ხელფასები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში, ამდენი წლის შემდეგ მოგვარდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაცია, შესაბამისი სამუშაო პირობები შეიქმნას და რაც მთავარია, ახალგაზრდა მეცნიერები მოვიწვიოთ ამ სფეროში იმისთვის, რომ ინტენსიურად ვიმუშაოთ“ _ განაცხადა სანიკიძემ. რატომ არ წაადგება მეცნიერებისთვის ხელფასის გაზრდა მეცნიერების განვითარების საქმეს? რატომ არის აუცილებელი დახურული კვლევითი ინსტიტუტების გახსნა, სტუდენტთა მობილობის პროგრამის დახურვა და რატომ უნდა გაძლიერდეს უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაზე კონტროლი, ამაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ვაჟა კაკაბაძე: _ რასაკვირველია, სხვებთან ერთად, მეც მიხარია, ქართველი მეცნიერების დაფასება და ჩვენთვის ხელფასების გაზრდა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უდავოდ პოზიტიური მოვლენა მეცნიერების განვითარებაზე გავლენას მოახდენს. დავიწყებ იმით, რომ, ძირითადად, ქართველი მეცნიერების ზედა ასაკობრივი ზღვარი 70 წელია და ქვედა _ 50 წელი. ამ ასაკის ადამიანებს უკვე სჭირდებათ წამალი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა ინფლაციის დროს. რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე ინფლაციის პროცესებს, მიმაჩნია, რომ ეს ინფლაცია ხელოვნურადაა ბანკებისთვის შექმნილი, რომ დოლარებში გაცემული კრედიტები გაზრდილი ოდენობით დაიბრუნონ, თუმცა ბანკებიდან ისევ მეცნიერებს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ  შრომისუნარიანობის მიხედვით, შეიძლება მეცნიერები კატეგორიებად დავყოთ. ფილოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიისა და მსგავსი დარგების მეცნიერებს შეუძლიათ, მუშაობა 80 წლის ასაკშიც კი გააგრძელონ, მაგრამ ტექნიკურ დარგებში მომუშავე ადამიანებისთვის 70 წელი უკვე ასაკია. _ ტექნიკურ დარგებში სამეცნიერო მოღვაწეობა ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული თუ რას გულისხმობთ? _ ფიზიკურთან არა, მაგრამ ეს დაკავშირებულია ისეთ შრომასთან, რომელიც გამოგონების დანერგვას გულისხმობს. მეცნიერისთვის აუცილებელია, თუნდაც, იმდენი ენერგია, რომ პროექტის სპონსორამდე მიტანა შეძლოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხელფასი მოგვიმატეს, მაგრამ ეს საქართველოში მეცნიერების ყოფნა-არყოფნის საკითხს არ გადაწყვეტს. ჩვენთვის ხელფასების მომატებაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ხელის შეწყობაა. მე ვიცნობ ძალიან კარგ ახალგაზრდა დოქტორანტებს, რომლებმაც არ იციან, სადოქტოროს დაცვის შემდეგ სად უნდა წავიდნენ. ქიმიის ლაბორატორიები აღარ არსებობს, სოფლის მეურნეობის საცდელი ნაკვეთები აღარ არსებობს, ფსიქოლოგიური სკოლა დანგრეულია. ახალგაზრდა მეცნიერი როგორ უნდა გაიზარდოს, თუ ლაბორატორია არ აქვს? წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რომ ჩემთვის ხელფასის გაზრდის ნაცვლად წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ინსტიტუტები გამოესყიდათ და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გადაეცათ. თუ მეცნიერებაზე ფიქრობენ, დანგრეულის აღდგენიდან უნდა დაიწყონ. არ მინდა უხეშად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ გამოდის, რომ მეცნიერები გაგვაჩუმეს, მაგრამ მეცნიერების მომავლისთვის სასიკეთო არაფერი გაკეთებულა. ძალიან დიდ პატივს ვცემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას და მიხარია, რომ ამ ადამიანმა ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებთან ერთად ისეთი მეცნიერებების აღდგენა-აღორძინება დაიწყო, როგორიც ფსიქოლოგია და ფილოსოფიაა. საუბრობენ იმაზე, რომ მოხდება ორმაგი დიპლომების, ანუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, რომელიც საქართველოშიც იმოქმედებს და ევროკავშირის ქვეყნებშიც. ეს ძალიან კარგი საქმე სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს და არა უმაღლესი სასწავლებლის გასაკეთებელი. სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად ხარჯავს ფულს ისეთ საკითხებზე, რომლებიც მომენტალურ მოგებას გვაძლევს, მაგრამ მომავალში სტრატეგიული გათვლა არ აქვს. _ რომელი საკითხების მოგვარება მიგაჩნიათ სამომავლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვნად? _ კარგია, რომ უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტს სწავლის საფასურის გადავადების საშუალებას მისცემს და ამ მიზეზით სტატუსი არავის შეუჩერდება, მაგრამ სტუდენტი, რომელიც არ სწავლობს, აუცილებლად უნდა გაირიცხოს. მიმაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სტუდენტთა მობილობის პროცესები, რომელიც საშუალებას აძლევს უვიც ახალგაზრდას, ელემენტარული გამორიცხვის მეთოდით დაძლიოს ეროვნული გამოცდები, რომელიღაც გადაკარგულ სასწავლებელში ჩაირიცხოს და მერე მობილობით პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გადმოვიდეს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სტუდენტთა მობილობა საშინელი ჩაწყობით და კორუფციული გარიგებებით ხდება. ამ დროს უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს პრინციპით _ რაც მეტი სტუდენტი მეყოლება, მით მეტ შემოსავალს მივიღებო და გარკვეულ ადამიანებთან გარიგებებზე მიდის. ვისაც მეტი ნაცნობი ჰყავს, ის მეტ ბავშვს მიიღებს. უნივერსიტეტები ასეთი სტუდენტებითაა სავსე, რაც სასწავლო პროცესს ძალიან აფერხებს. ვიმეორებ, სტუდენტთა მობილობა ძალიან ცუდად მოქმედებს სწავლის ხარისხზეც და ლექტორზეც, იმიტომ რომ მე ვასწავლე, გარკვეული ცოდნა ჩავდე სტუდენტში და დავკარგე. სტუდენტთა მობილობა ერთადერთ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები _ როცა სტუდნტს კლიმატის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სხვა ქალაქში გადასვლას საჭიროებს. დღევანდელი კანონმდებლობით, სტუდენტთა მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება. ჩემი თხოვნაც და რჩევაც განათლების სამინისტროსთან ისაა, რომ საწყის ეტაპზე ერთამდე მაინც დაიყვანონ. ამასთან აუცილებელია, რომ სამინისტრომ პერიოდულად შეამოწმოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ხარისხი. სამინისტროს უნდა ჰყავდეს ყველა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც გაუფრთხილებლად შევა ლექციების მიმდინარეობის დროს და ნახავს, როგორ კითხულობს ესა თუ ის ლექტორი ლექციას. _ დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან სამინისტროს ამგვარი ქმედება ავტონომიურობის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტად შეფასდება. _ უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომიურობა უნდა მიეცეთ სასწავლო პროგრამების შერჩევისა და დანერგვის პროცესში. სხვა დანარჩენში, მათ შორის, ფინანსების მიმართულებით, სამინისტროს კონტროლი აუცილებელია.  განათლების სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს, რამდენს უხდის უნივერსიტეტი ლექტორს, რამდენს ხარჯავს კონფერენციების მოწყობაზე, ახალი წიგნების შეძენაზე და ა. შ. იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მთელი შემოსავლის 60-70% რექტორისა და ადმინისტრაციის ჯიბეებში მიედინება, რაც განსაკუთრებით იგრძნობა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მიზერული ხელფასის მქონე ლექტორებმა თავი და ოჯახი რომ შეინახონ, ლექციების წასაკითხად ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გარბიან. ლექტორი ლექციაზე რომ დაღლილი და გასავათებული შევა, იმან რა ლექცია უნდა წაიკითხოს? რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს განათლების ხარისხზე და განათლების სამინისტრო ამაში აუცილებლად უნდა ჩაერიოს. ის, რომ სამინისტრო ასეთი ჩარევისგან თავს იკავებს, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სამინისტრო თუ ასეთ საკითხებში არ ჩაერია, საერთოდ, რად მინდა?! მხოლოდ ავტორიზაცია და აკრედიატცია რომ მომანიჭოს და ბრძანებები გამოსცეს?     ნელი თორდია    

გაზიარება