აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალები „ქრონიკა+“-ს შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, „ქრონიკა+“-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას. ჩანაწერების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით ყველა იმ პირს, რომელიც ასლან აბაშიძეს აღნიშნულ ჩანაწერებში ესაუბრება და მივცემთ კომენტარის გაკეთების საშუალებას.
ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბრის პირველ ნაწილს
_ ალო, ცისანა ვარ, გამარჯობათ, ბატონი ასლანი დამალაპარაკეთ.
_ ერთი წუთით.
ა.ა.: ალო, გამარჯობათ!
ე.შ.: მოგესალმებით.
ა.ა.: როგორ ბრძანდებით?
ე.შ.: რა ვიცი, აბა? ხან ასე და ხან ისე.
ა.ა.: მე მგონი, კარგად უნდა იყვეთ. იქ, სადაც თქვენ დარეკეთ ორივე ადგილზე, ჩვენ გავიარეთ სერიოზულად, დეტალურად. ვინ ვინ არის, სად როგორ და სად როგორ. თქვენ კარგად მიხვდებით ახლა, ზოგიერთს უფრო ფართო ფორმატით, ზოგიერთს ის, რაც საჭირო იყო, მთელი შემართებით მზად არიან, არ დაუშვან რეგიონში არეულობა. მათი დახმარებით ჩვენთან, მათი დახმარებით მათთან. განცხადება გაკეთდება, ძალიან კარგი რაღაცეებია, ძალიან კარგი.
ე.შ.: გასაგებია.
ა.ა.: მერე, როცა ჩამოვლენ თქვენები, ვეტყვი, ან გამოვაგზავნი ვიღაცას და მოგიყვებათ. ერთი დეტალია, ახლა მინდა, ახლა მომივიდა „ჰელსინკის ჯგუფის“ ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ამერიკელის დასკვნა. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი დასკვნაა. ძალიან პატარა რაღაცაა, მაგრამ ორჯერ იმეორებს, რომ დანარჩენ არჩევნებში, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლანდელი არჩევნები გაცილებით უკეთესადაა ჩატარებული. თუკი იტყვიან, რომ ეს მათი დამსახურებაა, მაშინ რატომ არ აკეთებდნენ წინ, თუ ეს მათი დამსახურება იყო? ორ ადგილზე აქვს, პირდაპირ ხაზგასმულია, ინგლისურ ვარიანტსაც გამოგიგზავნით და ქართულ ვარიანტსაც. თუ არის, მაინც გამოვაგზავნი ფაქსით. ახლა ერთი ისაა... თუკი მეტყვი, რომ ჩამოვლენ, არ გამოვაგზავნი. მე მგონია, რომ გამოვაგზავნი ჩვენებს და უფრო დეტალურად გეტყვი, იმიტომ, რომ პირდაპირ თქვენ გეტყვით და არა „ჩერეზ“...
ე.შ.: კარგი.
ა.ა.: ახლა ერთი დეტალი მინდა, ბ-ნო ედუარდ, თქვენ რომ კაცმა დაგირეკათ და თქვენ რომ ელაპარაკეთ, იმას უნდა დაურეკოთ, ჩვენ მოვილაპარაკეთ, ჩვენ მოვილაპარაკეთ იმათთან, რომ იმასთანაც არის გასავლელი. მინდა, რომ თქვენი ზარი იყოს. იცით, მე პირდაპირი „დოსტუპი“ მაქვს, პრობლემა არ არის, უბრალოდ, ასლანს უნდა შეხვედრა-თქო და „ვსიო“, უბრალოდ, მე უნდა წავიდე... გამზადებული მაქვს ყველაფერი, ეს უნდა დავამთავრო და ხვალ ჩამოვალ. ეს იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ სულს ამოითქვამ, რომ აღარ იქნება ასეთი რაღაცეები. ის, რაც მე გაჩვენეთ და რაღაცა, ის გავაკეთო უნდა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, გავაკეთო უნდა, კობა ჩამოვიდეს.
ე.შ.: კობა ერთი საათით ვერ მოცდება ქალაქს.
ა.ა.: კარგი, მაშინ ნუგზარი ჩამოვიდეს. კარგი, არ მინდა ნუგზარიც, არ მინდა, მე თვითონ ტელეფონში შეგითანხმებ და ისე გავაკეთებ.
ე.შ.: კარგი.
ა.ა.: ოღონდ, ეცოდინება.
ე.შ.: ახლა რაც შეეხება დარეკვას, იქ...
ა.ა.: დიახ.
ე.შ.: შენ რომ მეუბნები... ჩვენ შეთანხმებული ვართ, რაც იქნება საჭიროო, უთხარითო ელჩსო და ელჩი გადმოგვცემს იმ წუთში, ნახევარ საათში ჩემთან იქნებაო. ახლა დავუძახებ და ვეტყვი, რომ ჩემი თხოვნაა, თუ გამოჩნდება ასლანი, მიიღეთ, იქ არ იქნება ხუთსაათიანი შეხვედრა.
ა.ა.: არა, არაა, იგი იმან გააკეთა მაშინ. საჭმელზე წაგვიყვანა კაცმა, იმან წამოვიდა, სახლში იყო, კონსტიტუციის დღე იყო, მასთან ვიჯექით ორსაათნახევარი, მერე მე მოვიკალი თავი, მე უნდა წამოვიდე-თქო, მაგრამ მან თავად მოიკლა თავი, რომ წამო, საჭმელი ისვქნათო, ხუთ და ექვს საათს ვინ ლაპარაკობს. ბ-ნო ედუარდ, ჩვენ გადავედით მერე სხვა პრობლემებზე, ჩვენ ძალიან ოპერატიულად დავამთავრეთ, რაც მინდოდა მე.
ე.შ.: ვიცი ყველაფერი.
ა.ა.: რო შევედით, ჩამოვა კაცი და ამას მოგიყვება დეტალებში და მე ჩემს მინისტრს გამოვაგზავნი, ჩვენი მინისტრი ჩამოვა აჭარის, ჩამოვა და იქ დეტალებში დაელაპარაკებიან და შეთანხმდებიან. უფრო ჯობია, მე მგონი და ზუსტად მაგი გეტყვით, მაი დეიდაშვილია ჩემი. უაღრესად კეთილშობილი კაცია და გეტყვით ყველაფერს.
ე.შ.: რა გვარია?
ა.ა.: წულუკიძე, ილია წულუკიძე.
ე.შ.: ააა, ილია.
ა.ა.: პატარა ბავშვივითაა, მაგი პარტიის „ობკომის“ მდივანი იყო ბოლოს.
ე.შ.: კი ბატონო, როცა ჩამოვა, შევხვდები.
ა.ა.: ოღონდ, ვინ მეტყვის, რომ უკვე ნათქვამია? კარგით?
ე.შ.: მე მისაღებში ვეტყვი, როგორც გამოჩნდება, მივიღებ-მეთქი.
ა.ა.: მაგან უნდა უთხრას იმას, მე რომ ჩავალ იქა, თქვენი სახელით ველაპარაკე, ყველას ველაპარაკე თქვენი სახელით, ინტერვიუც თქვენი სახელით, შეხვედრებზე თქვენი სახელით ვისაუბრე, ელჩიც იყო, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ის იყო სულ, გარდა იმისა, მე რაც მინდოდა მარტო მეთქვა იმისთვის.
ე.შ.: ვიცი ყველაფერი.
ა.ა.: ხოდა, თქვენი სახელით წავიყვან მაგასთანაც.
ე.შ.: კაი ძალიან.
ა.ა.: დღეს გავფრინდები საღამოს, საღამოს თვითმფრინავით.
ე.შ.: კარგი.
ა.ა.: ისე, რომ იცოდეთ, მისიას კარგად ვასრულებ.
ე.შ.: მადლობთ. ისე, რომ იცოდე, აქ რაღაცეებს ლაყბობენ და რაღაცეები, ვიღაცა შეეხმიანოს თქვენი ტელევიზიით, ან სხვა ტელევიზიით და ცოტა მაგრად, მაგრად და მაგრად.
ა.ა.: მე ვიტყვი, ეგერ, წასვლამდე მე ვიტყვი. კარგად დავემუქრები ერთს.
ე.შ.: კარგით, კარგი იქნება, რომ ჯობია, ჩუმად იყოთ.
ა.ა.: კარგით, მე ვნახავ, ახლა დავუძახებ და გავაკეთებ.
ე.შ.: მადლობთ, მადლობთ.