QronikaPlus
„105 ახალი საწარმო“ - ოპოზიციას ხელისუფლების არ სჯერა?!

„105 ახალი საწარმო“ - ოპოზიციას ხელისუფლების არ სჯერა?!

2014-12-23 08:32:15

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში უკვე 670 მილიონი ლარის ოდენობის 25 241 სესხი გაიცა. დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის 35 დარგი: ღვინის წარმოება, მესაქონლეობა-მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიცა 8 სესხი 8 საწარმოსთვის, აქედან 5 ახალი საწარმოა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებამ „105 ახალი საწარმოს“ ფარგლებში მოწყობილ პრეზენტაციაზე წარადგინა. ამ ციფრების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის იმ დაპირების შესრულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გასცა და სოფლის მეურნეობის დარგებისთვის გაცემული მცირე სესხები ამ სფეროში ამინდს ვერ შექმნის. მარიანა მორგოშია _ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი: _ პროექტი დაიწყო 2013 წელს. მასში ჩართულია თითქმის ყველა ბანკი და ამ მომენტისთვის გაცემულია 25 240 შეღავათიანი აგროკრედიტი, 670 მილიონი ლარის ოდენობით. ამჟამად ამ სესხებიდან აქტიურია 19 916 სესხი 497 მილიონი ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული და გადაიარაღებულია 580-ზე მეტი საწარმო, აქედან, დამატებით ახალი საწარმოები ფინანსდება პირველადი გადამამუშავებელი და ინფრასტრუქტურული დარგების მიმართულებით, საიდანაც ჯამში გვაქვს 89 ახალი საწარმო, 35 საწარმო გახსნილია კახეთში, 19 ქვემო ქართლში და ეს ორი რეგიონი წამყვანია ჩვენი პროექტების ფარგლებში გახსნილი ახალი საწარმოების მიმართულებით. რაც შეეხება დარგობრივ დაფინანსებას _ დაფინანსდა 30-ზე მეტი დარგი, მეღვინეობაა წამყვან პოზიციაზე. ასევე პროექტის ფარგლებში პირველი იანვრიდან ვგეგმავთ ცვლილებებს, როგორც ვიცით, დღეისათვის გვაქვს 8 კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში და ეს 8 კომპონენტი გაერთიანდება ორ ძირითად კომპონენტად, ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის და საბრუნავი საშუალებებისთვის. ასევე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაიკლებს პირველი იანვრიდან და შესაბამისად, ჩვენი თანხვედრი საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებაც დაიკლებს 1%-ით. რაც შეეხება აგროლიზინგს და „აწარმოე საქართველოში“, ცალკე პროექტებად იქნება გამოტანილი ახალი წლიდან. დამტკიცებულია 16 გრანტი, გაცემულია 8 სესხი 5 ახალი საწარმოს დასაფინანსებლად და 3 არსებული საწარმოს გადაიარაღება-გაძლიერებისთვის. ამ სამი პროექტის ფარგლებში გვაქვს 105 ახალი საწარმო, საიდანაც 87 საწარმო უკვე ფუნქციონირებს. ამ 87-ს ემატება 8 საწარმო, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს და ასევე 10 საწარმო მიღების პროცესშია. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები არ ეთანხმებიან და „ქრონიკა+“-თან ამის მიზეზებზე საუბრობენ. გიორგი გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“: _ სოფლის მეურნეობაში მდგომარეობა არათუ შეიცვალა, არამედ, გაუარესდა. ეს პირდაპირ ეტყობა სოფელს. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებით კეთდება განცხადებები, თითქოს სოფლის მეურნეობა „ოცნების“ მთავრობის მოსვლის შემდგომ აღორძინდა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის ბლეფი, რადგანაც პროექტების განხორციელების და თანხის ეფექტურად დახარჯვის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მოწეული პროდუქტები ჭარბი უნდა იყოს ბაზარზე და, მინიმუმ, ფასის ზრდა არ უნდა მომხდარიყო. დახლებზე ისევ და ისევ უცხოურ პროდუქტს ვხედავთ, მას ბაზრის 80-85% უკავია. მეტსაც გეტყვით, ეს ე. წ. შეღავათიანი კრედიტები კორუფციის საგანი გახდა. ხშირ შემთხვევაში ამ თანხებს ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები ითვისებენ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ბატონი თოფაძე, რომელიც მილიონერია. წესით, ეს თანხები უნდა ყოფილოყო გათვლილი გლეხებზე, ფერმერებზე, მან კი 7 მილიონი აიღო საკუთარი საწარმოს განსავითარებლად.  ამ პროექტით ასევე ისარგებლა ბანკმა „რესპუბლიკამ“ და მისმა მეპატრონე პაპაშვილმა. ამითაც ჩანს, თუ რა ყურადღებას აქცევს მთავრობა სოფელს. ამავე დროს, პროექტები სწორი მიმართულებით არ განხორციელდა. თუ შეღავათიან ფასებში არ მიაწვდი გლეხს საწვავს, რომ მოხნას და დათესოს გარკვეული კულტურები, თუ არ გექნება სახელმწიფო სავალდებულო ჩაბარების პუნქტები, სადაც პროდუქციის რეალიზება მოხდება, ბუნებრივია, ეს ყველაფერი წყლის ნაყვა და გადაყრილი თანხები აღმოჩნდება. ვუყურებთ, რომ გლეხმა საკუთარი მოწეული პროდუქცია ვერ ჩააბარა, ან ჩააბარა ისეთ ფასად, რომელიც ვერ ფარავს გაწეული შრომის ხარჯებს. ამის გამოა, რომ სოფელი იცლება, ქართული სოფელი კატასტროფულ მდგომარეობაშია! ამ მხრივ რეგრესია და სოფლის მეურნეობის განვითარებას არანაირი პირი არ უჩანს! დავით დარჩიაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობა“: _ პირველ ოქტომბერს რატომაც დაუჭირა მხარი საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“, ის არ ასრულებულა. ყველას ჰქონდა განცდა, ბიძინა საუბრობდა ქარხნებზე, საიდანაც კვამლი ამოვიდოდა, იაფ ან უფასო ფულზე, რომელიც ათეულ ათასობით ადამიანს დაურიგდებოდა შეღავათიანი, ან, სართოდ, 0%-იანი კრედიტების სახით, ეს ყველაფერი ნამდვილად არ ასრულებულა და მე მგონი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რამდენად რეალისტური იყო ეს დაპირებები და რამდენად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება, მეორე საკითხია. საზოგადოების დიდი ნაწილი, უბრალოდ, მოატყუა ამ ადამიანმა. რაღაც აგროსესხი რომ გაიცემა და მცირე საწარმო გაიხსნება, ეს არ არის 100 ქარხანა 2013 წლის ბოლომდე, როგორ დაპირებასაც ის იძლეოდა. ქარხანას როცა ამბობ, „ზაოდი“ ხომ არ იგულისხმება არყის სახდელი, ქარხანაში ყველა გულისხმობდა სერიოზულ წარმოებას, რომელიც ავტომატიზირებულია, მსგავსი რამეები თითებზე ჩამოსათვლელია და ასაქმებს ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში. ეს არ არის ის, რასაც ხალხი ელოდა! ფიქრია ჩიხრაძე _ „ახალი მემარჯვენეები“: _ დღეის მდგომარეობით, ვერ მოვახდენ რაოდენობრივ რევიზიას, ნამდვილად არის თუ არა ამუშავებული ეს საწარმოები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ჩვენ სპეციალურად ავიღეთ ამუშავებული საწარმოების სია და დავეძებდით რაიონ-რაიონ, სოფელ-სოფელ ამ ობიექტებს. სამწუხაროდ, დაანონსებული 60 საწარმოდან აღმოვაჩინეთ მხოლოდ 5 და აქედან ახალი არც ერთი არ იყო. მთელი ფოთი მოვიარეთ და ერთი მისამართიც ვერ აღმოვაჩინეთ, ერთიდან გვაგზავნიდნენ მეორეზე, მეორიდან მესამეზე, შემდეგ, როგორღაც, ვიპოვეთ საწარმო, რომელიც დაარსებული იყო 2005 წელს, ჰქონდა მიღებული გარკვეული დახმარება ხელისუფლებისგან, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, რომ შექმნილია ახალი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილები. ამ თვალსაზრისით, ქვეყანას, სამწუხაროდ, არ ეტყობა არაფერი. ეს აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე, მოსახლეობის შემოსავლების კატასტროფულ კლებაზე, ბაზრის ფასებზე და მეტი რაში უნდა აისახებოდეს ეს, რომ პოზიტიური იყოს?!.  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება