QronikaPlus
ასლან აბაშიძე - ედუარდ შევარდნაძე (ფარული ჩანაწერი #2, აუდიო)

ასლან აბაშიძე - ედუარდ შევარდნაძე (ფარული ჩანაწერი #2, აუდიო)

2014-12-25 15:00:19

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალები „ქრონიკა+“-ს შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, „ქრონიკა+“-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას. ჩანაწერების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით ყველა იმ პირს, რომელიც ასლან აბაშიძეს აღნიშნულ ჩანაწერებში ესაუბრება და მივცემთ კომენტარის გაკეთების საშუალებას. ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბრის მეორე ნაწილს:   _ ბატონო თენგიზ, ცისანა ვარ, ბატონ ასლანს თხოვეთ, ახლა დაელაპარაკება ბატონი ედუარდი. _ დიახ, ახლავე. ა.ა.: გამარჯობათ, ბ-ნო ედუარდ, როგორ ბრძანდებით? ე.შ.: ესე იგი, მე რა მინდა, თუ ის, რაზეც შენ მელაპარაკე, რჩება ძალაში, ხალხის ჩამოსვლა დაა... ა.ა.: დიახ, მაგი მაგარია. ე.შ.: არა, მე რა მინდა გითხრა, ამ მოთხოვნებში აუცილებლად გაიჟღეროს, უბრალოდ, ჩემი რჩევაა და თუ ყურადღებას მიაქცევ, კარგი იქნება, რომ, აი, იმის ჩამოსვლამ და დებოშმა მანდ, შეურაცყოფამ, რომელიც მან აჭარას მიაყენა, იცი შენ, ვინც მყავს მხედველობაში, გამოიწვია ისეთი რეაქცია, რომ იძულებული ვიყავი, განცხადება გამეკეთებინა. ასეთი ხალხი თუ იქნება, გავალ საქართველოს შემადგენლობიდან, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებ, ერთ-ერთი ლოზუნგი უნდა იყოს ერთიანობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის, სიძლიერისათვის, მათ შორის, აჭარის სიძლიერისათვის და, აი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველთვის. თუ ეს შენ მიგაჩნია, როცა ამ გამოსვლებში ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ამათი გვარების ტრიალი, ამათი გამონათქვამები. დღეს მთავრობის სხდომაზე უნდა ვთქვა, რომ ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, მე არც ზვიადისთვის მიკადრებია და არც სხვისთვის, არც ზვიადს უკადრებია ჩემთვის და არც არავის. ილანძღება, იგინება, საშინელება, ჰიტლერი მოდის, რა. ხოდა, მე მინდა, რომ ხალხში გარკვეული სიმპათია იყოს, ამას სხვა რეგიონებიც აყვებიან მერე, რომ აჭარა იბრძვის საქართველოსათვის, მისი ერთიანობისათვის, მისი სიძლიერისათვის და აჭარამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ასეთი ბრძოლა მისსავე მაგალითზე. წუხელ ვფიქრობდი მთელი ღამე, წამგებიანი რაიმე ლოზუნგი არ უნდა იყოს. ეს ერთი და მეორე, აჭარა მომხრეა კანონიერი ხელისუფლების, პარლამენტის, მხარს უჭერს კანონიერ პარლამენტს. თუ გამოცხადდება, დღეს უნდა გამოცხადდეს, თუ მანამდე იქნება გამოსვლები, სხვანაირად. გამოცხადების შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ის, რომ კანონიერმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. და ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კანონიერი პარლამენტი შენობაში არ შეუშვან. მაგათი მიზანი ეგეთია, რომ გადაკეტონ, გადმოკეტონ რაღაცეები და სადღაც საბურთალოზე ჩაატარონ პარლამენტის სხდომა, თუ უნდათო. ნუ, ახლა, ეს აბუჩად აგდებაა პარლამენტის კანონის და ყველაფრის, კანონის და კონსტიტუციის. ეს მეორე და თუ სადმე გაერევა ისიც, რომ სანამ პრეზიდენტი კანონიერია, ჩვენ კანონიერ პრეზიდენტს ვუჭერთ მხარს, თუ არადა, არაა აუცილებელი ამის თქმა, როგორც გინდათ, თუ არადა, არაა აუცილებელი ამის თქმა, კანონიერი პარლამენტის მხარდაჭერა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა. ა.ა.: ახლავე მოგახსენებთ. თქვენ დაუძახეთ ჯიმის, მაგას ის ქაღალდი აქვს, მე რაც ჩავაწერინე, იქ ჯემალს ვუთხარი და ყველა ლიდერს, ვინ გამოდის იქა, მაგენი ამბობდნენ, რომ ცოტა დოზით ხელისუფლება გავაკრიტიკოთო. მე ვუთხარი გუშინ, ტელეფონზე ველაპარაკე, _ არც ერთი დოზით-მეთქი, ზედმეტი კორექტულობით გააკეთეთ ყველაფერი და რაზეც ხართ, მთავარი მიზანი, მოსული მანდ, პრეზიდენტის მხარდაჭერა გააჟღერეთ-მეთქი. პირდაპირ ასე დავუწერე. რაც შეეხება პარლამენტს, იქ მე ვკითხულობ და უნდა დავაჩქაროთ პარლამენტის მუშაობის დაწყება, აუცილებელია ეს. ე.შ.: სამ საათზე დღესაა... სამზე-ოთხზე გამოვაცხადებ შედეგებს. ა.ა.: ბ-ნო ედუარდ, როდის იქნება სხდომა, პირველი? ე.შ.: სხდომა 22-ში უნდა დაინიშნოს კონსტიტუციით. ვალდებული ვარ, 22-ში დავნიშნო. ა.ა.: მაგ შენობასთან ვერავინ ვერ მივა. მანდ ჩვენ ვიქნებით და რაც შეეხება ჩემს და თქვენს, გუშინ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ დღეს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ზუსტად 5050 კაცი წამოვიდა. დღეს ღამე წამოვა გაცილებით მეტი. მე თქვენ დაგპირდით, ათასობით ხალხს ჩამოვიყვან-თქო და ჩამოვიყვან. კარგი იქნებოდა, საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან წამოგვეყვანა და გვეჩვენებინა, რომ მარტო ჩვენ არა ვართ, მაგრამ შიგადაშიგ ეგენი ამბობენ, რომ აჭარლები ჩამოვიდნენ. მართალია, შიგნით მართალია, ჩვენი 8000 კაცი იყო, მაგრამ იქ ის არ გვქონდა, ბაზისი... მარჯანიშვილი არ მუშაობს, რუსთაველი არ მუშაობს. ე.შ.: კი, ვიცი, ვიცი. ა.ა.: პატარა... ამბავში არ მოგვცეს. იმიტომ არ მოგვცეს, რომ ქაღალდი არ იყო დროზე მიტანილიო. ჩემი ხარჯებით იყო სუყველაფერი: საჭმელი, სასმელი დასაძინებელი, ჭერი გადავუხურე სულ მაგათ თეატრს. კიდევ გავაკეთებ მაგას. არ ვიცი, თუ იცით, თეატრს გადავწვავთო, თუ შევა შიგნით აჭარაო, შიგნით შეირაღებული ძალები შეყავთო. კარგი პასუხი გასცა მაგათ ზოდელავამ, დაუფიქსირა, რომ დავწვავთო, თქვაო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილმა თქვა, რომ თეატრს დავწვავო. რაც შეეხება აჭარის გამოყოფას, მე, ტელეპატია არსებობს, ახლა ავდექი თუ არა, ჯერ გვიან წავედი, გუშინ ღამე ოთხ საათზე გამოფრინდა ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამას და უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. იქ ასე უნდა ითქვას ბ-ნო ედუარდ, როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, აჭარა იძულებული იყო, გადაეკეტა ის ადმინისტრაციული საზღვარი, ახლა რომ ეს ფაშისტები მოდიან, ხომ არ შეუშვებს? ესე იგი, სად მივიყვანთ. ე.შ.: აბსოლუტურად სწორი ხარ. ა.ა.: გაცნობიერებული თუ აქვთ, თავში ვამბობდი, მაგულის გეფიცები, დღეს ვამბობდი, გათვითცნობიერებული თუ აქვს იმას, ვინც დღეს სახლში ზის, ინტელიგენტი იქნება თუ რიგითი ადამიანი, მუშა თუ გლეხი და იქ რომ მაგასთან დგას ხალხი, თუკი მას მართლა საქართველო უყვარს, რას მოგვიტანს იგი? თუ აჭარა ჩაიკეტება და მე უნდა მეთქვა ზუსტად ის, რასაც ვფიქრობდი. იმას გეუბნებით, აი, მოვიდა კიტოვანი და ისინი, ხუნტა, ხელისუფლების სახელით არბევდა საქართველოს, ახლა ესენიც ხელისუფლების სახელით გააკეთებენ მაგას, დაგვიძახებენ სეპარატისტებს, ჩვენ გადავუკეტეთ და რით დამთავრდება ეს? საქართველოს არ ექნება ერთი მხარე, მე ვიტყვი, რომ სანამ მაგენი არიან, მანამდე არ იქნება. ეს ურთიერთობა მაგათთან, ესე იგი, მოვწყდით ერთმანეთს, ხო? საქართველოს მოვწყდით. ე.შ.: რა თქმა უნდა. ა.ა.: აი, ამ კუთხით ვიტყვი, თორემ ჩვენი აქ ხალხის ამბავი რომ ვიცი, გამოვა, _ აი, რა თქვა, მივდივარ და რაღაცას დაატრიალებს. ახლა ჩინეთის კედლის იქით ხომ ვერ ველაპარაკებით მაგათ, მაგენიც ხომ იმათი ორეულია, მაგრამ გაცილებით ცუდი ორეული. კიტოვანმა ასეთი გინებები არ იცოდა და ლანძღვა. ე.შ.: არაა, არა, კაცო, კიტოვანი სხვა უბედურებებს აკეთებდა, გინება რაა... ა.ა.: ესენი, ბოდიში თქვენთან და, ნაბიჭვარი, მაგი როგორ ეპატიება?! როგორ ეპატიება მაგი?! მე ისა, რაღაცა წინადადებები მაქვს, ბ-ნო ედუარდ, თქვენი თანხმობა უნდა და ძალიან კარგად უნდა გაკეთება. გავუგზავნე, შევუთვალე, ეტყვიან იქ დამატებით რა არის, რას ვგულისხმობ და მაგი უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგი იქნება, ძალიან კარგი იმიტომ, რომ გამოფხიზლდება ხალხი. ე.შ.: კარგია. ერთი, რა მინდა, გითხრა, მთავრობის სხდომაა, ერთ საათში იწყება, გუბერნატორები არიან და სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის სხდომა, ცალ-ცალკე ყველას ველაპარაკე, ყველა გამოეხმაურება: კახეთი, ქართლი, შიდა ქართლი, სხვათა შორის, გამოეხმაურებიან, თუკი ჩვენ ნებას მივცემთ და ხელს არ შევუშლით. გვყავდა მე აზერბაიჯანელები, მყავდნენ სომხები, მყავდნენ ეს ბერძნები სუყველა და ასაბუთებენ, რატომ არ შეიძლება ამათი მოსვლა. 800 აზერბაიჯანული ოჯახი გაასახლეს თავის დროზე. შენ იცი, ეს ზვიადის შეცდომა იყო, გაასახლეს და მერე ყოველ ღამე ველოდებოდითო, რომ ახლა ჩვენთან მოვლენ, ახლა რაღაცა. მერე რაც შევარდნაძე ჩამოვიდა, სხვა რეჟიმი შეიქმნა, დემოკრატია და რაღაცა, მშვიდობიანად ვართ, მიწა მივიღეთ, ყველაფერი მივიღეთ და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ესენი არ მოვიდნენ. პირველ რიგში, ამათი მხარდაჭერა არ იყოს შეიძლება მთლად მომგებიანი, მაგრამ ვთქვათ, კახეთი თუ გამოვა და კახელები იტყვიან, ქართლელები იტყვიან, მერე ამათთან ერთად ესენიც, ეროვნული უმცირესობებიც. ა.ა.: კარგია. ერთი მაქვს, კიდევ ერთი წინადადება იყო, კარგი იქნება, თუ თქვენ შეკრიბავთ, განიხილავთ და დაგეგმავთ და მერე ჩვენთან თუ გინდათ ღიად, თუ გინდათ ცალკე, რომ ჩამოვიდნენ გუბერნატორები, დავჯდები და მე დაველაპარაკები. ბ-ნო ედუარდ, მე, თუ ჩემგან მიდის ამდენი ხალხი, ჩემგან რატომ არ მიდის... ე.შ.: კარგი, ამასაც. ა.ა.: ხოდა, როგორ გავაკეთოთ, იცი? ძალიან სერიოზული მოძრაობები დაიწყეს. არ მინდა, ვთქვა და ახლა ვიღაცა გავახარო, მაგას მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება. მე კასეტებიც გამოგიგზავნეთ, შეიძლება დრო არ გქონდათ, კასეტები მაინც ნახეთ. იმერეთში, სამეგრელოში, გურიასაც მიადგებიან, ალბათ, სულ ახლო მომავალში. მე ახლა იმერეთის გუბერნატორის შეხებას და იმას მირჩევნია, რომ არ ისვქნა, სულ იგინებოდა მაგი და მლანძღავდა, მაგრამ ამ ბოლო დროს თბილი სიტყვაც თქვა, რაღაც, მისი ნახვა და მასთან საუბარი, მაგრამ საჭიროა. რომ ეგენი ჩამოვიდნენ და ამ ნაწილში ამის ლოკალიზებას გავაკეთებ, რაც ხდება. ე.შ.: თანახმა ვარ, ასლან, მხოლოდ, პირველ რიგში, ამათ დღეს უნდა დაიწყონ განცხადებების გაკეთება, შემდეგ ყველა ერთად შეიძლება არ ჩამოვიდეს, მაგრამ თითო-თითო, ცალ-ცალკე, ან ორ-ორი ჩამოვლენ და იმუშავებენ. ა.ა.: მანდ გიწერიათ, როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ცალ-ცალკე, ერთად, როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე მირჩევნია, ცალ-ცალკე, რეგიონების მიხედვით, იმიტომ რომ მე რომ დავგეგმავ, მე რამდენი უნდა წამოვიყვანო და მან რამდენი უნდა წამოიყვანოს, მანდ ჩვენ არ უნდა წავიდეთ, პარლამენტმა უნდა იმუშაოს ძალიან დინჯად, ვერ უნდა გაბედოს შიგნით, ვერ უნდა გაბედოს ვინმემ შიგნით არევა. არა მარტო შესვლა შიგნით, არამედ ვერ უნდა გაბედოს არევა. ისეთი მუხტი არ შეიტანოს დაპირისპირების. მე მახსოვს, თერთმეტი კაცი ყავდა ბერძენიშვილს პარლამენტში, ბლოკი „აჭარა“ დაითრიეს და შევიდნენ პარლამენტში, მერე თითო-თითო ხმას იღებს, 231 ხმა მიიღო მაგ პარტიამ სულ აქ, შარშანწინაც ასეთი იყო 230 ხმა. ამ ფარგლებში თამაშობს, მაგრამ ყვიროდა, წიოდა, ქალი რომ აწივლდება და იკივლებს, შვილი რომ მოუკვდება, ამის ტოლფასი კივილი და წივილი იყო, არ გვაძლევდა მუშაობის საშუალებას და მაგ არ ქნათ. ამიტომ ხალხი უნდა იყოს ჩვენი მაქა, რა ამინდიც არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხალხი ბლომად, ის ქუჩა მთლიანად უნდა იყოს გადაკეტილი, ახლომახლოს რომ ვერ გაბედოს მოსვლა. იქ ვერც გაბედავენ, იმიტომ რომ ხალხი მანდ არიან ჩამოსული ისეთი, რომ არ დაუშვებს ამას. ყველა საშუალება აქვთ მაგათ. ე.შ.: კარგი, ასლან, ამ სხდომას რომ დავამთავრებ, მერე შეგეხმიანები. ა.ა.: მე ადრე გავაკეთებ განცხადებას. ე.შ.: დიდი მადლობა.

გაზიარება