QronikaPlus
ბიძინა რის ბიძინაა, თუკი ოცნებებით ტკბობა გაცალა!

ბიძინა რის ბიძინაა, თუკი ოცნებებით ტკბობა გაცალა!

2014-12-20 10:42:24

ერთი შეხედვით, „ცხელმა ზამთარმა“, თითქოს, გადაიარა. ყოველ შემთხვევაში, დიდი რყევები ხელისუფლებაში მოსალოდნელი აღარ არის. ამ შემთხვევაში ცუნამის დამანგრეველმა ტალღამ, რომელიც, სავარაუდოდ, სოლოლაკის შუშის სასახლიდან მოდიოდა, ჯერჯერობით, გვერდით ჩაუარა პრემიერ-მინისტრსა და მისი მთავრობის ბევრ წევრს, მათ შორის, განწირულად მიჩნეულ ნოდარ ხადურსაც. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმდენჯერ გაიმეორა, ბატონი ბიძინა არაფერ შუაშია, ეს მე განვახორციელე ყველა საკადრო ცვლილებაო, ლამისაა, თავადაც დაიჯერა, რომ ქვეყანას დამოუკიდებლად, ივანიშვილის ჩაურევლად მართავს. ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის პოზიცია, თუ რატომ წავიდა სახლში სულ ცოტა ხნის წინათ პარტიის საყრდენ ბურჯად გამოცხადებულ-არჩეული ზვიად ჯანყარაშვილი, ერთმანეთისგან განსხვავებულია. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ზვიად ჯანყარაშვილი, უბრალოდ, ყველაფრისგან დაიღალა, რადგან მის შესახებ მითქმა-მოთქმა არც მას შემდეგ შეწყდა, რაც „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა. ღარიბაშვილის სიმამრი ამბობს, რომ ჯანყარაშვილი, უბრალოდ, მუშაობით დაიღალა. კაცმა იმხელა მონსტრი ჩაიბარა, როგორიც შსს იყო და იმდენი სამუშაო ჩაატარა, გადაიღალა და სახლში წავიდაო. არადა, პარტიის საბჭოს ბოლო სხდომაზე ჯანყარაშვილს არაფერი ეტყობოდა დაღლილის. პირიქით, ადგილზე ცმუკავდა და ხელებს იფშვნეტდა, რაც მისმა ოპონენტებმა ასე ახსნეს, _ `ქართული ოცნების~ სალაროს გადაბარება ეჩქარებაო... მაგრამ ბიძინა რის ბიძინაა, თუკი ოცნებებით ტკბობა გაცალა? იმასაც კი ამბობენ, ასე თქვა, _ ეს კაცი არათუ სადმე თანამდებობაზე, არამედ საქართველოშიც არ დავინახოო. ამ დამოკიდებულების მიზეზი, ალბათ, ის ტენდერები გახდა, რომლებთანაც ჯანყარაშვილის კავშირზე არაერთხელ წერდა „ქრონიკა+“ და სიუჟეტი „ფრეშნიუსმაც“ მოამზადა. ეტყობა, ამ მასალების მოკლე შინაარსი, ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული დამადასტურებელი დოკუმენტებით, ერთმა „პერსონამ“ (მის ვინაობას მეტი ინტრიგისთვის, ცოტა მოგვიანებით გავახმიანებთ) ბიძინას დაუდო მაგიდაზე. მანაც გადახედა და რაც მოხდა, მთავრობის წევრებს, ალბათ, კიდევ დიდხანს გაჰყვებათ კოშმარად, _ აგე, მეორე თუ მესამე დღეს მთავრობის სხდომა ჩაატარეს და ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდათ, სახეები წაშლილი, განწყობა ჩაშხამებული! მართალია, ზამთრის მრისხანება ჩაცხრა, მაგრამ როგორც ყველაფერი მეტყველებს, „გაზაფხული ჩვენი მღელვარებისა“ წინ არის: „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას და ხელისუფლების ვერტიკალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაავალა. თუ ჩვენი წყარო არ ცდება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ჩატარდება. ერთი შეხედვით, რეიტინგის დაცემის იმ ფონზე, რაც დღეს შეინიშნება, ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმის მიუხედავად, რომ თავად ყოფილი პრემიერის რეიტინგს დიდი საფრთხე არ ემუქრება, მისი წასვლის შემდეგ დაწყებული „ოცნების“ რეიტინგის ვარდნის პროცესი კატასტროფულ მასშტაბებს იღებს. ასეთ პირობებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მისწრებაა „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხავი ისაა, რა შეიძლება მოხდეს და რა ჩაიფიქრა ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად „პირველმა მოქალაქემ“? „ოცნება“ ისე წარდგება არჩევნებზე, როგორც დღეს არსებული კოალიცია? თუ მარტივ მამრავლებად დაშლილი? თუ პირველი სცენარია გათვალისწინებული, მაშინ „ოცნების“ გამარჯვება გაზაფხულზე ეჭვს არ იწვევს. დღესდღეობით, სულაც რომ ყოველდღე დაიკლოს კოალიციის რეიტინგმა, გაზაფხულზე მისი მძლეველი პოლიტიკური ძალა მაინც არ ჩანს და ნაკლებად მოსალოდნელია, გამოჩნდეს. და რადგან ბიძინა მხოლოდ ერთია და არც მისი დარი „ლოკომოტივი“ არსებობს ქართულ რეალობაში, ალბათ, არც ისეთი პიროვნება გამოჩნდება, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს პოლიტიკურ ძალებს და „ოცნებას“ შეეჭიდება. მართალია, ამბობენ, რომ ე. წ. სარწმუნოებრივ-პოლიტიკური ფრთა, ლევან ვასაძის თაოსნობით, საკმაოდ ძლიერი ალტერნატივაა, მაგრამ, ჯერ ერთი, ნაკლებად მოსალოდნელია, ეკლესიამ ღია პოლიტიკური თამაში დაიწყოს და მეორეც, არც ლევან ვასაძე გამოდგება იმ როლის შემსრულებლად, რომელიც, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა. საქართველოს პოლიტიკურ ფრთაზე არც ნინო ბურჯანაძის პოზიციებია მყარი, რომელსაც ე. წ. სათადარიგო რუსულ ვარიანტად მიიჩნევენ. ცალკე თემაა დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“. ამ დროის მონაცემებით, ცალკე ამ პოლიტიკურ ტანდემს გაუჭირდება „ოცნების“ დამარცხება. მეტი შანსია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიამ და „პატრიოტთა ალიანსმა“ ერთმანეთს წაართვან ხმები. ბათუმში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე, რომელსაც ირმა ინაშვილმა „ჟურნალი“ უწოდა და კინოს გამართვა თბილისში დააანონსა, სწორედ გაზაფხულზე შეფასდება რეალური შანსები. აღსანიშნავია, რომ არსებობს „პატრიოტთა ალიანსის“ მოწინააღმდეგეთა ვერსია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამ გუნდის მოსვლა სურს პოლიტიკაში, რათა შემდეგ „ნაციონალების“ ხელახალი დევნის დაწყება მათი ზეწოლით გაამართლოს. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც: რომ კრემლი კარგად ხედავს რუბლივით გაუფასურებული ბიძინა ივანიშვილის გამოსადეგრობას და ცდილობს, ფსონი ახალ მოთამაშეებზე დადოს. ფაქტია, რომ ბურჯანაძისა და ინაშვილის ძალები გაერთიანებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს, როგორც, ძველი გამოთქმის თანახმად, ორი ქალი ვერ ახერხებს კოჰაბიტაციას სამზარეულოში: ნინო ბურჯანაძეც და ირმა ინაშვილიც საკმაოდ ამბიციურები არიან და, მაგალითად, ინაშვილს სულაც არ აღელვებს, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გამოცდილება მისას აღემატება. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი გაზაფხულამდე „ქართული ოცნება“ დაიშლება? რისი უნარი აქვთ ცალ-ცალკე იმ პარტიებს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც კოალიციაში შედიან? ალბათ, ამ მსჯელობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან ცალსახაა, რომ ცალკე აღებულ ნებისმიერ პარტიას არათუ პარლამენტში მოსახვედრი ხმების მოპოვება, საარჩევნო ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება. სულ სხვა თემაა „თავისუფალი დემოკრატები“. კაცმა რომ თქვას, ირაკლი ალასანიას გუნდს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ კოალიციის გარეშეც „გაიჩალიჩებენ“ ადგილებს პარლამენტში, მაგრამ რამდენს? რამდენად იქნება საკმარისი ეს ადგილები იმისთვის, რომ საერთო პოლიტიკურ ამინდზე გავლენა მოახდინონ? სავარაუდოდ, მინიმალური. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მათთვის, ასე ვთქვათ, სულ ერთია, არჩევნები როდის გაიმართება _ ქუჩაში დარჩენილებს ისევ ქუჩაში ყოფნა ემუქრებათ: არც ედპ და არც ლეიბორისტები ისე ძლიერები არ არიან, რომ პარლამენტში დეპუტატების გაყვანაზე იფიქრონ. ბოლოსთვის შემოვინახეთ „ნაციონალები“, ანუ პოლიტიკური ძალა, რომელსაც, ამ ეტაპზე, ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მართლაც, რატომ უნდა გინდოდეს ახალი არჩევნები, თუკი იცი, რომ არათუ ადრინდელ შედეგს ვერ გააუმჯობესებ, არამედ იმის ნახევრის აღებაც კი გაგიჭირდება, რა ხმებიც წინა არჩევნებზე აიღე? ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ორგანიზაციები ხმაურობენ. ამის დასტურია თუნდაც ის განცხადება, რომელიც „ივერიამ“ გაავრცელა და სადაც მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაუშვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მიმართვაში ეს პოლიტიკური გაერთიანება მის უარს იმით ხსნის, რომ ქვეყანაში არ უნდა დაირღვეს არჩევნების ჩატარების ოთხწლიანი, ჩვეულებრივი ციკლი. თუმცა „ივერიას“, ალბათ, ავიწყდება, რომ ეს ციკლი უკვე დაირღვა. მართალია, არა საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების კუთხით _ 2007 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ასე თუ ისე, პრეცედენტი მაინც არსებობს და ამ პრეცედენტის გამეორება ახლა, როცა სახელისუფლებო ბერკეტი არა „ნაციონალებს“, არამედ „ოცნებას“ აქვს, „ნაციონალების“ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. და მაინც, სავარაუდოდ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება _ იგივე „ივერიის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უკვე გასცა დავალებები რეგიონებში, სადაც ახალი პერსონების მოძიება დაიწყეს. ასე რომ, სიცხე და ტემპერატურა მომავალ წელს გაზაფხულიდანვე აიწევს.  

                                                                                      დოროთე გითოლენდია

გაზიარება