საბურთალოს რაიონში მდებარე ბურძგლას ქუჩის მცხოვრებლები დავით ნარმანიას მოტყუებაში ადანაშაულებენ და მერიის წინ ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.
როგორც გავარკვიეთ, 7 დეკემბერს დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და საბურთალოს გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად ბურძგლას ქუჩაზე (ინფექციური საავადმყოფოს უკან) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ქალაქის თავმა განაცხადა, რომ სარემონტო კომპანიების მუშაობის გაკონტროლების მიზნით, თბილისის 41 ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგი უტარდება. საბურთალოს გამგებელმა კი მოსახლეობას პირობის შესრულების შესახებ ამცნო: მიმდინარეობს ბურძგლას (ყოფილი შმიდტის ქუჩა) რეაბილიტაცია. შეიცვალა კომუნიკაციები და იგება ასფალტი. ამ ქუჩაზე ძალიან დიდი ხანია, რაც ეს პრობლემა არსებობს. მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ქუჩას გავაკეთებდით და ეს პირობა შევასრულეთ, _ განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ბურძგლას ქუჩაზე, სადაც ათ წელიწადზე მეტია, გზის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, უკვე დასრულდა კომუნიკაციების გამოცვლის სამუშაოები. ქუჩის კეთილმოწყობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 494 000 ლარი დაიხარჯა. მერიის გავრცელებულ ინფორმაციას `ქროიკა+~-თან სიცრუეს უწოდებს ბურძგლას ქუჩის მცხოვრები ქალბატონი...
მზია მარჯანიძე:
_ რომელი სამუშაოს დასრულებაზე და პირობის შესრულებაზეა საუბარი, როცა ყველაფერი მითხარ-მოთხარეს და ისეთი ორმოები და ტალახი დატოვეს, რომ ნათელაშვილის თქმის არ იყოს, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება? ისეთ დღეში ვართ, „კალოშებისა“ და „ბოტების“ გარეშე გარეთ გასვლას ვერ ვბედავთ. ნარმანიას მოსვლის შესახებ არაფერი ვიცოდით, ტელევიზიით მოვუსმინეთ, რომ ქუჩა გაურემონტებიათ, სარემონტო სამუშაოები დაუსრულებიათ და ამ დროს ხალხი ტალახში ვცურავთ. უკრაინელი სტუმრები გვყავდა და ხალხი გაგიჟდა, სად ცხოვრობთ, სოფელში არ ხდება ასეთი ამბავიო. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა და ვიცე-პრემიერი გახდებოდა, ჩვენს მეზობლად კახი კალაძე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მართალია, ახლა აქ აღარ ცხოვრობს და მისი ბინაც დაკეტილია, მაგრამ ერთხელ მაინც შემოიხედოს, რა ხდება მის სამეზობლოში და ხალხი რა დღეში ვართ. სიბნელეში ორმო რომ ვერ დაინახო და ჩავარდე, ვეღარ გადარჩები. უკვე იმ ზომამდე მივედით, რომ საპროტესტო აქციის მოწყობას და მერიის წინ გზის გადაკეტვას ვგეგმავთ. იქნებ, ასე მაინც მოგვაქციონ ყურადღება და ტყუილების გავრცელებას თავი დაანებონ.
ბურძგლას ქუჩელთა გასაჭირს ეხმიანება „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი, თამარ დადიანი და ქალაქის მერიას პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას სთხოვს:
_ კარგი იქნებოდა, რომ ბურძგლას ქუჩის მცხოვრებლებისთვის ქალაქის მერის ვიზიტის შესახებ წინასწარ ეცნობებინათ და ხალხს მასთან შეხვედრა მოეხერხებინა, თორემ ისე გამოვიდა, რომ დავით ნარმანიამ ქუჩის მხოლოდ გარემონტებული მონაკვეთი ნახა და შეიძლება წარმოდგენა არ აქვს, რომ #80-დან მოყოლებული, ადამიანები ტალახში იხრჩობიან. ეს გრძელი ქუჩაა და მისი ერთი ნაწილი ორი წლის წინათ გათხარეს. მაშინაც საშინელი მდგომარეობა იყო. ხალხი დახმარებას ითხოვდა და სულ ახლახან ქუჩის ერთ მონაკვეთში ასფალტი დააგეს. დანარჩენი ქუჩა ისეთ მდგომარეობაშია, გარეთ გასვლა ლამის გმირობას უტოლდება. მთელი მოსახლეობა ფეხზე დგას. დღეში ათჯერ რეკავენ მერიის ცხელ ხაზზე და პასუხად იღებენ, რომ მერმა ყველაფერი დაათვალიერა და ქუჩა გაკეთებულია. ბოლოს და ბოლოს, ნარმანია თუ არ აპირებს, კახა კალაძე მაინც მოვიდეს და ნახოს, მის სამეზობლოში რა ხდება. ქუჩას თუ ვერ უკეთებენ, ამ ხალხს მუხლებამდე რეზინის „ბოტები“ მაინც დაურიგონ, რომ სახლამდე მისვლა მშვიდობიანად მოახერხონ. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის შეფასება...
„ქრონიკა+“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა, მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„ - საბურთალოს რაიონში, ბურძგლას (ყოფილი შმიდტის) ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დაწყებაზე ხელშეკრულება 2014 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა. სამუშაოების დასრულების ვადა 2015 წლის 18 იანვარია. (ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღე). ამ დროისათვის ძირითადი მიწის სამუშაოები დასრულებულია და მთლიანი ქუჩის 2/3–ზე მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენა. დარჩენილია სანიაღვრე ქსელის მოწყობისათვის საჭირო მიწის სამუშაოები. სანიაღვრე ქსელი ეწყობა 307 მეტრზე და ერთად მოიცავს მიცკევიჩისა და ბურძგლას ქუჩების კონკრეტულ მონაკვეთებს. აქედან, ბურძგლას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი, 74-დან 92 ნომერის ჩათვლით, დაახლოებით, 150 მეტრზე მოეწყობა. სანიაღვრე ქსელის მოწყობისათვის 80 მეტრი უკვე გაჭრილია - სამუშაოები, წესების შესაბამისად, დაიწყო მიცკევიჩის ქუჩიდან ბურძგლას ქუჩის მიმართულებით. (მიცკევიჩის ქუჩაზე დასრულდება თუ არა, სამუშაოები გადაინაცვლებს ბურძგლას ქუჩაზე).
აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე, დეკემბრის ბოლოს, ბურძგლას ქუჩაზე დაიწყება საფუძვლის მოწყობის სამუშაოები, რასაც სავარაუდოდ, (ამინდის გათვალისწინებით) დასჭირდება 2–3 დღე. შემდეგ, გეგმის მიხედვით სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ასფალტო–ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, წლის ბოლომდე იგეგმება გზის სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისათვის საჭირო მდგომარებაში მოყვანა. შემდეგ, რამდენიმე დღეში, დაიწყება ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება 2015 წლის იანვარში. ამავე პერიოდში იგეგმება ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების განხორციელება.“
ნელი თორდია