„Допрыгались ребята“!!!
წინასაახალწლოდ საქართველოში სტრატეგიულ ობიექტზე ფოთის პორტში ისეთი გარიგება გაფორმდა, რომელმაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები შოკში ჩააგდო.!!! საქმე ეხება რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ „პეტრიკას ენერჯის“ აქციების 49%-ის ყიდვას. გარიგების შესახებ ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ პარლამენტის პროდასავლური პარტიები „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს, წარმოდგენა არ აქვს, „რა არის „როსნეფტი“ და რას აკეთებს“ (ციტატის დასასრული). მანამ, სანამ ხიდაშელი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ელოდება, არც კი დაგუგლავს, რომ „როსნეფტის“ თაობაზე ინფორმაცია მიიღოს. ცალყბა კომენტარები კეთდება საქართველოს მთავრობაში. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, საერთოდ, მიიჩნევს, რომ „ეს კომპანია არ ოპერირებს საქართველოში“; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და, ამავდროულად, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას, ჯერჯერობით, არც ინფორმაცია აქვს და არც ფაქტები, რომ კანონი ირღვევა. კონკრეტული ფაქტები, თურმე, მოუკითხავს და მისთვის არ მიუწოდებიათ. ქ-ნი ბესელია გვპირდება, რომ თუ „ასეთი ფაქტები იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთშიც, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ჩვენ შეგვიძლია ცალკეულ შემთხვევაში ამაზე ვისაუბროთ“ (ციტატის დასასრული). მანამ, სანამ ქ-ნი ეკა კანონდარღვევის ფაქტებს მოიძიებს და ცალკეულ შემთხვევაში ამაზე ისაუბრებს, ამ გარიგების თაობაზე შედარებით ადეკვატურ შეფასებებს აკეთებს ექსპერტი გია ხუხაშვილი: „დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ორი კერძო პირის კომერციულ მოლაპარაკებებში ჩაერიოს, თუმცა როცა საქმე ეხება ფოთის ნავთობტერმინალს, ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს უნდა იჩენდეს, ეს საერთაშორისო სტანდარტია. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტს აქვს უფლება, ვეტო დაადოს ისეთ კერძო გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, შესაბამისად, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების აზრი მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა გია ხუხაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ხელისუფლება, ჯერჯერობით, აზრის გამოთქმას არ ჩქარობს, აქ უფრო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, _ ერთი მხრივ, სახელმწიფო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყნის პრემიერი ყველა უცხოურ შეხვედრასა და ვიზიტზე დასავლურ განწყობებს უსვამს ხაზს, პარალელურად, ვიცე პრემიერი კახი კალაძე პირადად მონაწილეობს „როსნეფტთან“ სიტუაციის დალაგებაში (ამაზე ცოტა ქვემოთ).
რაც შეეხება თავად „როსნეფტს“, ის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით „როსნეფტში“ 170 000 ადამიანი მუშაობს და მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მარჯვენა ხელი, იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.
პირველად „როსნეფტი“ საქართველოში 2009 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა. შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია სოხუმის სეპარატისტული მთავრობისგან 2009 წლის ბოლოს მიიღო. ორი საძიებო ჭაბურღილის გათხრა აფხაზეთში 2013-14 წლებში იგეგმებოდა. ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, ანდრეი კელინის განცხადებით, „როსნეფტთან“ ერთად აფხაზეთში შევიდა კიდევ ერთი კომპანია _ რუსეთის რკინიგზა.
„როსნეფტმა“ აფხაზეთში შვილობილი კომპანია „აფხაზეთის შელფი“ შექმნა, რომლის საკონტროლო პაკეტსაც (51%) თავად ფლობს.
2009 წელს ივნისში „როსნეფტმა“ იგნორირება გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ტენდერს აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გენერალური ლიცენზიის გაცემის შესახებ და ქართული კანონების გვერდის ავლით კონტრაქტი გააფორმა სეპარატისტულ სოხუმთან. იმ დროისთვის საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ერთი წლის მიღებული იყო. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა რუსეთ-საქართველოს ომიდან ძალიან მალე, 2008 წლის ოქტომბერში მიიღო. კანონის მეექვსე და მეცხრე მუხლი საშუალებას აძლევდა, იმჟამინდელ ხელისუფლებას „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით სამართლებრივი პროცედურები დაეწყო.
რაც შეეხება ფოთის პორტს...
ფოთის პორტის ირგვლივ ბატალიები წლების განმავლობაში მიმდინარეობს. პორტში ტერმინალების მფლობელი გახლდათ ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე. ერთ დროს ის სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო, იმდენადაც, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საპროცესო გარიგების თანხის ნაწილი, 3,5 მილიონი დოლარი, მას გადაახდევინეს. მოგვიანებით მას სააკაშვილის კარზე ურთიერთობები აერია და მეხუთე და მერვე ტერმინალები ფოთის პორტში წაართვეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ნიჟარაძემ წართმეული ქონების დასაბრუნებლად პროკურატურას და სასამართლოს მიმართა, მეხუთე ტერმინალის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 იანვარს უნდა გამოიტანოს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ფოთის პორტში დღემდე ხელშეუხებლად მუშაობს კომპანია „პეისი ჯორჯია“, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე „კრიშავენ“ ისევე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში, კიდევ ერთი ახალი ტერმინალი გასული წლის ნოემბერში გაიხსნა, რომლის პრეზენტაციასაც პრემიერი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო და რომელიც, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის მეგობარს, გვარად დოლიძეს ეკუთვნის. თუ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო კომპანიების საქმიანობაში, როგორც ამას „როსნეფტის“ შემთხვევაში კახი კალაძე აცხადებს, მაშინ რა ესაქმებოდა ქვეყნის პრემიერს კერძო პირის ტერმინალის გახსნაზე, ისევე როგორც ოდნავ ადრე ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც ეკა ბესელიასთან ერთად გაჭრა კიდევ ერთი კომპანიის ლენტი?
ვინ არის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელმაც „პეტრიკას ენერჯის“ 49%-იანი წილი „როსნეფტს“ მიჰყიდა?
დავით იაკობაშვილი 1957 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, მიხეილ იაკობაშვილი, შევარდნაძის „ცეხავიკების“ ცნობილი რეპრესიების დროს დაჭერას კი გადაურჩა, მაგრამ ჩეჩნეთში გადაიხვეწა. შვილმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა, ბიზნესი რუსეთში ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო. დღეის მდგომარეობით დავით იაკობაშვილი არის შპს „ორიონსერვისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს „პეტრიკას ენერჯი ჰოლდინგის“ თანამფლობელი, ს/ს კორპორაცია „სისტემას“ დირექტორთა საბჭოს წევრი, რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცეპრეზიდენტი, ამავე დროს „ბ-20“ მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ინვესტიციები. დავით იაკობაშვილი ასევე არის რუსულ-ამერიკულ ბიზნესთან თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი, შპს „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო საბჭოს წევრი.
საქართველოში ის წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ასლან აბაშიძის ახლო მეგობრად.
„ქრონიკა+“-ის არქივში ინახება ასლან აბაშიძისა და დავით იაკობაშვილის საუბრის რამდენიმე ჩანაწერი, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაზეთის მომდევნო ნომერში შევთავაზებთ.
ქართული წარმოშობის მილიარდერი კოლექციონერია, არის დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ზარდახშების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრი, ფლობს მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების, საათებისა და ზარდახშების უნიკალურ კოლექციას.
დავით იაკობაშვილი ამჟამად შვედეთის მოქალაქეა.
დავით იაკობაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოში მისი ბიზნესპარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იყო: „დავით კეზერაშვილი არის ნორმალური წარმომადგენლობითი ადამიანი. როცა გავიცანი, ის იმ დროს ხელისუფლებაში აღარ იყო. მან შემომთავაზა ბიზნესი, რომელიც მაინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩავერეოდით და მან ყველა პირობა შეასრულა. ჩემი ბიოგრაფია სუფთაა, არსად ბიზნესში არ მიმიღებდნენ, რამე კავშირი რომ მქონოდა იარაღით ვაჭრობასთან. ეს პოლიტიკური თამაშია“, _ აღნიშნული განცხადება დავით იაკობაშვილმა სწორედ იმ დღეებში გააკეთა, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაკავებული იყო. მალევე მისი პროგნოზი ახდა, პოლიტიკური თამაში დასრულდა, დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ იარაღის ვაჭრობის ბრალდებაში გაამართლეს, არამედ უცხოეთში მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავებამდე იყო 2012 წლის შემოდგომა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ბლოკის, „ქართული ოცნების“ გამარჯვება.
დღეს უკვე „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მეგობრებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხოლოდ ორ კაცს აღიარებდა _ ერთი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელზეც საჯარო განცხადებებშიც კი არ მალავდა კეთილგანწყობას და მეორე _ დავით კეზერაშვილი, იცოდა რა მისი ბიზნესკავშირები. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წავიდა და ის ივანიშვილისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. მართალია, საქართველოში არც კეზერაშვილი იმყოფებოდა, მაგრამ ივანიშვილმა იცოდა მისი გავლენებისა და ბიზნესაქტივების შესახებ უცხოეთსა და საქართველოში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა თავის ძველ მეგობარს, დავით იაკობაშვილს, 2012 წლის ნოემბერშივე მოსთხოვა საერთო ბიზნესებიდან კეზერაშვილის მოშორება იმ მოტივით, რომ სწორედ დავით კეზერაშვილი აფინანსებდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „რუსთავი 2“-ს. ეს ის პერიოდია, როცა პრემიერის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა, ბინა „პიქსელის“ შენობაში დაიდო და ბიზნესმენებთან გარიგებებს აწარმოებდა. ამ დროს ივანიშვილი ხუხაშვილს ჯერ კიდევ ენდობოდა და საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანდა მისი საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, მათ შორის, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე სწორედ გია ხუხაშვილი იყო ჩართული. ხუხაშვილის დაპირებების მიუხედავად, რომ სიტუაციას დაალაგებდა, საბოლოო ჯამში, დავით იაკობაშვილი იძულებული გახდა, ივანიშვილის მოთხოვნა შეესრულებინა. 2012 წლის ნოემბერში „გალფ-ჯორჯიას“ მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში აღარ ირიცხებოდა. მათივე ცნობით, „გალფში“ წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოში ბიზნესაქტივები გაყიდა და იგი სწორედ დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. გარდა „Petrocas Energy Group „-ისა იაკობაშვილმა კეზერაშვილისაგან შეიძინა სარეკლამო სააგენტო „ Outdiir.ge“ , შაქრის მწარმოებელი კომპანია და კაზინო „აჭარაც“. იაკობაშვილმა საქართველოში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და ამ დროისათვის მისი ინვესტიციის რაოდენობამ 470 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „Petrocas Energy Group „-ს, ის 140 გაზგასამართ სადგურს ფლობს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მასშტაბით; გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია ორი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი ფოთსა და ბათუმში, მისი პარტნიორია „ Petrocas Energy Group „-ის პრეზიდენტი, ვანო ნაკაიძე. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუხაშვილმა არაოფიციალურ ფეშქაშად კეზერაშვილის კუთვნილი სარეკლამო კომპანია „Outdiir.ge „ მიიღო. სწორედ ამ პერიოდში გია ხუხაშვილი დავით იაკობაშვილს `ნეტგაზეტთან~ ინტერვიუში საჯაროდ უხდის მადლობას: „რკინიგზაში ორმაგი ტარიფი მოქმედებდა, ერთი რკინიგზისთვის, მეორე „დელტაში“. იაკობაშვილმა ათი მილიონი დააბრუნა, რაც ამ ბიზნესის არაჯანსაღი წილი იყო“. თუმცა მას დაავიწყდა დაკონკრეტება, სად წავიდა იაკობაშვილის მიერ დაბრუნებული ათი მილიონი _ სახელმწიფო ბიუჯეტში თუ კერძო პირის ჯიბეში?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით იაკობაშვილს ამ პერიოდში მიცემული გარანტიები აღარ შეუსრულეს, რასაც მოყვა მილიარდერთა წრეში სერიოზული საქმიანი „რაზბორკა“ და ბიძინა ივანიშვილი ფრიად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა ივანიშვილის კარზე ხუხაშვილის გავლენები ნულის ტოლია და ეკონომიკურ თამაშში შემოდიან ყოფილი პრემიერის ნათესავები უჩა მამაცაშვილი და შმაგი კაპანაძე. პარალელურად, ეკონომიკურ ფლანგზე, მეორე ბანაკი ჩნდება _ მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი. ივანიშვილის ნათესავები ე. წ. კახელების ფრთას ხელს არ უშლიან, ისინი მშვიდად ელოდებიან, როდის შეტოპავს და სადამდე მივა ზვიად ჯანყარაშვილის მადა.
რაც შეეხება დავით იაკობაშვილს, მისთვის მილიარდერების „რაზბორკის“ შემდეგ სიტუაცია არ უმჯობესდება, ის იძულებული ხდება, საჯარო განცხადება გააკეთოს. 2014 წლის ივნისში ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ინტერვიუს აძლევს ჟურნალ „ფორბსს“. ის საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება გართულდა და ბიუჯეტი ზარალდება:
„ყველა ჩემი ქართული კომპანია საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ საქართველოში ბიზნესის კეთება რთულდება, _ ამბობდა იაკობაშვილი „forbes Russia „-სთვის მიცემულ ინტერვიუში, _ ახლა ჩადებულ ინვესტიციაზე 20%-იან მოგებას ვნახულობ, მხოლოდ „Petrocas Energy Group „-ის
გადახდილმა გადასახადებმა ბიუჯეტში 60 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი კომპანიის რესურსებიდან გამომდინარე, ამ თანხის გაორმაგება იყო შესაძლებელი“, _ დასძენს იგი. იაკობაშვილმა ბიზნესისათვის ხელის შემშლელ ფაქტორებად ამავე ინტერვიუში ბიზნეს პროცესებში ჩარევა დაასახელა: „საქართველოში ბიზნესის წარმოების ყველასთვის ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს, ბიზნესპროცესებში გარეშე ძალები ერევიან და ეს საკმაოდ საგრძნობია. საწყენია, რომ საღი აზრისა და თამაშის წესების არარსებობის გამო არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად ზარალდება“, _ განაცხადა ინტერვიუში დავით იაკობაშვილმა.
ბიზნესმენის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება დუმილით შეხვდა. მოქმედი პრემიერის ცოლის ნათესავები გადაზიდვების მონოპოლიით იყვნენ დაკავებულები, ყოფილი პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი აფხაზეთის რკინიგზის თემაზე შეხვედრებს მართავდა მოსკოვში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის რკინიგზის ირგვლივ ამ დროისთვის ყველა მოლაპარაკება შეჩერებულია და ეს თეთრი სახლის აქტიური ჩარევის შემდეგ მოხდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დავით იაკობაშვილის საჯარო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში არც ბიზნესგარემო შეცვლილა და არც თამაშის წესები. სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება კომპანიაში 49%-იანი წილის გაყიდვის თაობაზე. იაკობაშვილმა კალაძეს შემოუთვალა კიდეც, _ აქციების 49%-ს ვყიდი და იქნებ, თქვენ იყიდოთო. იაკობაშვილთან შეხვედრას თავი აარიდა ყოფილმა პრემიერმა, ხოლო მოქმედმა ვიცე-პრემიერმა შეთავაზებას დუმილით უპასუხა. კახი კალაძის დუმილის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა, ის პირადად იყო ჩართული „როსნეფტთან“ ურთიერთობის „გაიასნებაში“. საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, „Petrocas Energy Group“-ის აქციების 49% „როსნეფტმა“ შეიძინა. რატომ ხელისუფლების თანხმობით? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ნათესავები მთელი შემოდგომის განმავლობაში ცდილობდნენ „როსნეფტის“ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ არსებობს გურული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც კახი კალაძეს თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელთან ერთად „ენერგო პროში“ სიტუაციის დალაგებაში დაეხმარა. ახლაც სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე შუამავლის ფუნქცია „როსნეფტის“ ხელმძღვანელობასთან. „ქრონიკა+“-ის წყარო ამ ეტაპზე გურული შუამავლის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ კახი კალაძე გურულ ბიზნესმენზე „პროგრესბანკის“ დირექტორმა ილია კეჭაყმაძემ გაიყვანა. გადამწყვეტი შეხვედრა ყაზახეთში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა. შეხვედრაში ენერგეტიკის მინისტრი პირადად მონაწილეობდა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ დავით იაკობაშვილის კომპანიის აქციათა 49%-ს სწორედ „როსნეფტი“ შეიძენდა. ქართული მხარის ინტერესები „როსნეფტში“ მოგვარდა თუ ამისთვის ცალკე შვილობილი კომპანია შეიქმნება, ამ ეტაპზე „ქრონიკა+“-ის წყარო ამას არ აკონკრეტებს.
თითქოს ყველაფერი მარტივად დალაგდა, მაგრამ ამ გარიგების ავტორებს საკუთარი გავლენების დალაგებისას გამორჩათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი _ გასული წლის გაზაფხულზე „როსნეფტი“ იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომელსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდნენ „გაზპრომი“, „ლუკოილი“ „ტრანსნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“. „როსნეფტის“ პარტნიორის, Exxon -ის დანაკარგმა ამ სანქციებიდან 2 მილიარდი დოლარი შედგინა. 2014 წლის აპრილში სანქციები „გაზპრომის“ პრეზიდენტსა და „როსნეფტის“ გენერალურ დირექტორსაც შეეხოთ. ინფორმაცია ამის შესახებ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ New York Times -მა გაავრცელა (სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გამოცემაში მხოლოდ საკუთარ სარეკლამო სტატიებს კითხულობს) ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე პირს და ასევე რამდენიმე კომპანიას. მათ შორის არიან „როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი და „გაზპრომის“ დირექტორი ალექსეი მილერი. სანქციები ითვალისწინებს მათი აქტივების გაყინვას და ამერიკული კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებთან ბიზნესის წამოწყების აკრძალვას. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასაც. სანქციები დააწესა ასევე ევროკავშირმაც. სხვათა შორის, „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობის გაწყვეტის ვალდებულება პირადად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქეა.
სწორედ მაშინ, როცა ყაზახეთში პატივცემული გვამები ენერგეტიკის მინისტრთან ერთად საქართველოში „როსნეფტის“ შემოყვანაზე და მასთან ურთიერთობის დალაგებაზე ბჭობდნენ, კომპანიას უცხოური სანქციების გამო სერიოზული ფინანსური კრიზისი დაეწყო, იმდენაც მძიმე, რომ დეკემბრის დასაწყისში „როსნეფტმა“ ბირჟაზე გასაყიდად ობლიგაციები გამოიტანა. უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია იძულებული გახდა, 600 მილიარდი რუბლის ობლიგაცია გაეყიდა, რაც დღევანდელი კურსით 11,6 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ მთავრობისგან პროექტების დასაფინანსებლად 2 ტრილიონ რუბლს მიიღებდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით მთავრობის ინვესტიცია არ განხორციელებულა და „როსნეფტი“ იძულებული გახდა, მურმანსკსა და სხვა რეგიონებში უკვე დაწყებული პროექტები 7 წლით შეეჩერებინა. „როსნეფტი“ სანქციების გამო ვერ მიიღებს ვერც ერთი უცხოური კომპანიის ტრანშს, ვერ აიღებს სესხს და სანქციების მოხსნამდე ვერ შეიძენს სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკას.
ახლა, როცა ეს მასალა ბოლომდე ჩაიკითხეთ, მიხვდით, პატივცემულო გვამებო, სად გაყავით თავი? თქვენი თავი ჯანდაბას, ქვეყანას სად მიაქანებთ, როცა ამ გარიგებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს თეთრი ხელთათმანი გადაუგდეთ და, ფაქტობრივად, დუელში გამოიწვიეთ?!!
და ეს ყველაფერი არ არის!!!
სრული სურათისა და ამ ქმედებების შედეგების გასაცნობიერებლად ბოლო შტრიხი აზერბაიჯანია და თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ.
ქართული, რუსული და აზერბაიჯანული მედია ამ დრომდე ცდილობს გაერკვეს, რა დგას აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩისა და საერთაშორისო ნავთობკორპორაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას ინიციატივის უკან, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ გააჟღერა. საქმე ეხებოდა სუფსაში ახალი ენერგეტიკული კერის _ ტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ინიციატივას. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიარდი დოლარია. ჭანტურიას განცხადებით, ეს პროექტი ე. წ. მეგობრობის ხიდი იქნებოდა და მის განხორციელებაში აზერბაიჯანელებთან ერთად დასავლეთის ქვეყნების ინვესტიციებიც მოიზიდებოდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2015 წლის 9 იანვარს სუფსის ტერმინალის მშენებლობის თემა დახურულად გამოაცხადა და ინტერესთა გამოხატვისკენ ინვესტორებს ამჟამად ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე მოუწოდა. ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა პირველი თებერვალია. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ჭანტურია ასოცირებულია აზერბაიჯანულ ბიზნესთან და „სოკართან“, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუფსის ტერმინალის აშენებაზე უარის თქმით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ხოლო ფოთში ინტერესთა გამოხატვაში სწორედ „როსნეფტი“, ან რომელიმე რუსული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გავლენიანი გამოცემის, „კომერსანტის“ ცნობით: „საქართველოს ხელისუფლებაში ერთი ფრთა არაოფიციალურად ლობირებდა სუფსის ტერმინალის საკითხს, რომელშიც გიორგი ჭანტურიასა და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, სავარაუდოდ, ევროპელი ბისნესმენებიც იყვნენ და მეორე ფრთა, რომელიც თითქმის ოფიციალურადაა ჩართული ფოთში „როსნეფტის“ ინტერესების ლობირებაში, ორივე შემთხვევაში გარიგებებში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა“ (ციტატის დასასრული). ამავე გამოცემის ცნობით, საქართველოს აუცილებლად მოუწევს ურთიერთობის გარკვევა აზერბაიჯანთან და ეს ურთიერთობა ნამდვილად აღარ იქნება მეგობრული.
P. S. შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს. საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მეექვსე და მეცხრე მუხლების თანახმად, მას უფლება აქვს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები „როსნეფტის“ წინააღმდეგ. ეს, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯის გადარჩენა იქნება!!!
გამოსავალი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს _ გაემიჯნოს ამ პროცესს და თანამდებობიდან გადააყენოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც ყაზახეთში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდა. ეს მისი, როგორც საფრანგეთის მოქალაქისა და წარმატებული ბიზნესმენის იმიჯს ნამდვილად გადაარჩენს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ კახი კალაძე ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის გენერალური მდივანია, რომელსაც პირადად ევალება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო შტაბის გაძღოლა. „როსნეფტის“ ღია ლობისტმა ევროპა ჩატარებული არჩევნების დემოკრატიით როგორ უნდა გააოცოს?!
ბატონო ბიძინა, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ „ქართულ ოცნებას“ აშენებთ და არა „Единая Россия“-ს!!!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მათ კითხვების წერილობით მიწოდება ითხოვეს. „ქრონიკა+“ გაზეთის დაბეჭდვამდე ელოდებოდა ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საპარლამენტო უმცირესობიდან მიხეილ მაჭავარიანს დაუკავშირდა:
_ ბ-ნო მიხეილ, „როსნეფტი“ საქართველოში გამოჩნდა 2009 წელს, როცა, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გვერდის ავლით, სეპარატისტულ სოხუმთან გააფორმა ხელშეკრულება და აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საშუალებას გაძლევდათ, სამართლებრივი პროცედურები დაგეწყოთ „როსნეფტის“ წინააღმდეგ. რა რეაგირება მოყვა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან „როსნეფტის“ საქართველოში გამოჩენას?
_ პირველ რიგში, „როსნეფტი“ არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ეს არის დაახლოებით „გაზპრომის“ ტიპის კომპანია, ანუ კრემლის კომპანიაა და მას უშუალოდ განაგებს ვლადიმირ პუტინი. კომპანიის ხელმძღვანელი არის სეჩინი. ის წლების განმავლობაში იყო ადამიანი, რომელიც პირადად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ენერგოსისტემებთან დაკავშირებით. „როსნეფტის“ მიმართ დავიწყეთ სანქციების დასაწესებლად მოქმედებები. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ ოპერირებდა საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდებოდა, პროცესები ძალიან გართულდა, თავად ოკუპირებული ტერიტორიების კანონზეც საკმაოდ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა ვენეციის კომისიასთან. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის რედაქცია, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღები გახლდათ. ეს იყო 2008 წლის რუსული აგრესიის მერე პირველი შემთხვევა. რაც შეეხება „როსნეფტის“ თავხედურ შემოსვლას ქვეყნის სტარატეგიულ ობიექტზე, ფოთის პორტში, არა მგონია, ეს ხელისუფლების თანხმობის გარეშე მომხდარიყოს.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „როსნეფტის“ ირგვლივ არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა ყაზახეთში და მასში პირადად მონაწილეობდა ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დააყენებთ თუ არა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხს?
_ ასეთი დიდი გარიგების დროს კომპანია ორი რამით ხელმძღვანელობს: ის აუცილებლად ჰკითხავდა აზრს ხელისუფლებას, ეს არის ჩვეულებრივი, აპრობირებული პრაქტიკა და რასაკვირველია, მიიღებდა შესაბამის პასუხს, _ ან ის ამ გარიგებას დადებდა მხოლოდ იმ იმედით, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ამ საკითხებს უდგება ლოიალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს. მეტსაც გეტყვით: ეკონომიკის მინისტრის პირველი რეაქცია იყო ძალიან მკვახე, მაგრამ როგორც კი დავაყენეთ საკითხი, რომ ოკუპაციის კანონის თანახმად შეიძლება სანქციების დაწესება „როსნეფტისთვის“ და შესაძლებელია კონტრაქტის ანულირება, ამის შემდეგ ტონი აშკარად შეიცვალა, რომ კერძო ბიზნესში ვერ ჩავერევით, ჩვენ ამას ვსწავლობთ და ა. შ. ვეჭვობ, რომ ენერგეტიკის მინისტრის დონეზე ეს გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. „როსნეფტი“ სანქცირებულია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც და ყველაფერზე ეტყობა, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. გამორიცხულია, რომ კახი კალაძეს, ან თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიეღოთ. ხელის ჩამორთმევასაც კი ვერ გაბედავდნენ ვინმესთვის. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არავინ აპირებს. გამომდინარე აქედან, „როსნეფტიც“ უმძიმეს ფინანსურ და პოლიტიკურ ჩიხში დარჩება.
ელისო კილაძე