QronikaPlus
რა ხდება გარდაბანში და რომელი კლანი იგდებს ხელში ძალაუფლებას?!

რა ხდება გარდაბანში და რომელი კლანი იგდებს ხელში ძალაუფლებას?!

2014-12-06 05:40:39

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტები გარდაბნის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ: ბიუჯეტის ფლანგვა, გაბერილი შტატები, სამსახურებიდან გაყრილი „ოცნების“ წარმომადგენლები და დაბრუნებული „ნაციონალები“, უკანონოდ გაყიდული მიწები... მათი თქმით, ეს ყველაფერი პრობლემათა არასრული ჩამონათვალია. გელა ნებუნიშვილი: _ მე გახლავართ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ყოფილი გამგებელი. ერთი თვეა, რაც პროტესტის ნიშნად გადავდექი და თანამდებობა დავტოვე. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებმა გარდაბნის რაიონში ჩამოვაყალიბეთ „სამართლიანობის აღდგენის კომიტეტი“, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. კომიტეტში არის 45 წევრი. ეს ის ხალხია, ვინც თავიდანვე დავუდექით ბატონ ბიძინას გვერდში და ვინც არჩევნები მოვიგეთ „ნაციონალებთან“ უთანასწორო ბრძოლაში. ამ არჩევნებზე პირადად მე 12 საარჩევნო უბანი მებარა _ მე-6 ზონის უფროსი ვიყავი. როდესაც გავიმარჯეთ, სოფელ გამარჯვების რწმუნებულად დავინიშნე. მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ამის შემდეგ კი მოვიდა ადგილობრივი არჩევნების დროც და სწორედ ეს არის ის თემა, რაზეც მინდა გესაუბროთ. _ ყურადღებით გისმენთ. _ ამ არჩევნებისთვის რაიონის გამგებლის კანდიდატად პოლიტსაბჭოდან გამოგვიგზავნეს ყველასთვის უცხო პიროვნება. ეს გახლავთ გარსევან ნიორაძე. უცხო კი იყო, მაგრამ ვინაიდან პოლიტსაბჭოს ვექვემდებარებოდით, ავდექით და დავუდექით გვერდით, მოვიგეთ არჩევნები და გავიყვანეთ გამგებლად, ანუ დღეს გარდაბნის რაიონის გამგებელი გახლავთ გარსევან ნიორაძე, ხოლო მისი მოსვლისთანავე რაიონში იწყება ძალიან უცნაური ამბები. უცნაურობანი გარდაბანს არასოდეს აკლდა, მაგრამ ნიორაძემ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მოკლედ, როგორც კი გამგებელი გახდა, პირველივე ინტერვიუში ილაპარაკა, რომ ადგილობრივი არავინ მომხმარებიაო და სამსახურებიდან „ქართული ოცნების“ წევრების გაყრა დაიწყო. მხოლოდ ყოფილი „ნაცები“ დატოვა და ასევე თავისი ახლობლები მოიყვანა სხვადასხვა თანამდებობაზე. თავისთავად ეს კიდევ არ იქნებოდა ყველაზე დიდი უბედურება, მაგრამ ამ ხალხმა რაიონის ბიუჯეტი საკუთარი ჯიბის ბიუჯეტად აქცია. მაგალითად, ნიორაძემ თავისი ახლობლებისთვის შექმნა წამგებიანი „აიპები“, რომელთა თავმჯდომარეებადაც სწორედ ისინი გაიყვანა და 1200 ლარი დაუნიშნა ხელფასი. შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა „აიპებში“ იმავე თანამდებობაზე 150-250 ლარი იყო ხელფასი. მოკლედ, თავის საახლობლოს ხელფასები გაუათმაგა, ხოლო იმის ნაცვლად, რომ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება დაეწყო, სულ არ აინტერესებს ეს ვალდებულებები. სწორედ ამის გამო გადავდექი პროტესტის ნიშნად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე წავაგე და წავედი. როგორც უკვე გითხარით, შევქმენით სამართლიანობის აღდგენის კომიტეტი და მაგის გადადგომას ვითხოვთ, იმის გამო, რომ ბიუჯეტს ფლანგავს. თანაც ისეთი კადრები დანიშნა სოფლებში, რომელთა 80 პროცენტს წარსულში ხალხისთვის ზიანის მეტი არაფერი მიუყენებია, სხვანაირად რომ ვთქვათ, კრიმინალური წარსული აქვთ. _ თქვენ შორის დაპირისპირება თავიდან რით დაიწყო? _ ჩვენი დაპირისპირება დაიწყო თათბირებიდან, სადაც სულ ვეუბნებოდი, რომ სოფლებში უნდა გაკეთდეს სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაო. უფრო კონკრეტულად რომ გავიხსენო, ჩვენს სოფელში ასეთი რამ მოხდა: ბავშვის საფლავი ამოგვითხარეს მაწანწალა ძაღლებმა. კიდევ კარგი, გვამი გადავარჩინეთ და ხელახლა დავკრძალეთ. ამაზე დიდი აჟიოტაჟი იყო, ეს ერთი წლით ადრე მოხდა, ვიდრე ეგ მოვიდოდა გამგებლად.  ხარჯთაღრიცხვა გავაკეთე და ბიუჯეტში ჩავდე, რომ საფლავს ღობე შემოვლებოდა. დღემდე არ არის გაკეთებული. სად წავიდა ეს თანხა?! ფოლადაანთკარში 84 ათასია გამოყოფილი ხიდის მშენებლობაზე, წელი გადის, რატომ არ არის გაკეთებული და სად წავიდა ეს თანხა?! ანდა ბიუჯეტით გაწერილი სხვა თანხები სად წავიდა? მე მარტო ჩემს ზონაზე ვსაუბრობ, თორემ სხვაგან კიდევ უამრავია ასეთი ფაქტი. მაგალითად, სად წავიდა გზების მოსახრეში თანხა? ოთხი ქუჩის მოსაასფალტებელი ფული? გამარჯვება-1-ში საბავშვო ბაღი აშენდა, ახალთახალი შენობა, რომელიც მე მაქვს ჩაბარებული და ამაზე გაწერილი იყო თანხები, რომ უნდა გახსნილიყო სექტემბრიდან... არ გაიხსნა! ეს თანხა სად წავიდა? _ თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს თანხები გაუხარჯავად დევს, თუ გასულია ბიუჯეტიდან? _ გაუხარჯავი რომ იყოს, კიდევ რა უჭირდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხები იფლანგება, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრსაც მივწერე, გუბერნატორსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ყველანი ჩავაყენე საქმის კურსში, რომ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს კაცი რაიონში ფულის საშოვნელად არის მოსული. ჭორები დადის, რომ მან ეს თანამდებობა იყიდა. თანხაც სახელდება, თუ რამდენად იყიდა, ამაზე მთელი თბილისი და გარდაბანი ლაპარაკობს. საუბარია 250 ათას დოლარზე. მართალია, თუ არ არის მართალი, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკობს. მე ვურჩევდი, რომ თუ ამ თანხის ამოღება უნდა ამ გაწვალებული ხალხისგან, მე ამის საშუალებას არ მივცემ და ვისაც გადაუხადა ფული, იმას გამოართვას, თუ ეს მართალია. _ პრემიერ-მინისტრს და გუბერნატორს რომ მისწერეთ ამის თაობაზე, პასუხი მოგივიდათ? _ ჯერჯერობით რეაქცია არ არის. არადა, ხომ გეუბნებით, ყველაფერზე მაქვს ფაქტები, რომ თანხების ფლანგვა მიმდინარეობს. გარსევან ნიორაძეს სხვა პირების პირად ანგარიშზე აქვს რამდენიმე ათასი გადარიცხული. მე ვითხოვ, აუდიტი შემოვიდეს და ეს ყველაფერი გადაამოწმოს. რაც უფრო მალე შემოვა, მით უკეთესი, სანამ მაგ კაცმა საბოლოოდ არ გააფუჭა საქმე გარდაბანში. _ ასეთი შემოწმების მოთხოვნა ილუზიური ხომ არ არის? ხელისუფლებას გაგონებაც არ სურს, რომ ქვეყანაში რამე ცუდი ხდება. _ მე აუდიტის სამსახურს მივმართავ, რომ შეამოწმოს, რა ხდება გარდაბნის რაიონში. ხომ გამოვიდა თოდუა და ამბობს, რომ ყველგან შევალთო. შემოვიდეს, გარდაბანში სასწაულები ხდება. გაწერილი ბიუჯეტის თანხები სად წავიდა, ამის გარკვევას ვითხოვ. _ ჩვენი საუბარი დამატებითი ფაქტებით გავამყაროთ. თქვენ ამბობთ, რომ ფული გადაურიცხა კერძო ანგარიშზე, მაინც, ვის გადაურიცხა? _ მაგალითად, პირად ანგარიშზე აქვს გადარიცხული თანხა სამგორის ახალი რწმუნებულისთვის. გავიკითხე ფინანსისტებთან და ეს არის დარღვევა. ამიტომ ვითხოვ აუდიტის შემოსვლას, რომ მსგავსი არაერთი ფაქტი დადასტურდება; მთავრობას კი იმას ვთხოვ, რომ ეს კაცი მოაცილოს აქედან, სანამ მთლიანად არ შეუჭამია რაიონი. მარტო ფულის გაფლანგვაც არ არის მთავარი დანაშაული _ ნიორაძე, ამავე დროს, წარმატებით ეწევა სახელმწიფო საბოტაჟს. მაგალითად, შპს „ნიუშენს“, ან, თუნდაც, რამდენიმე სხვა ფირმას შესრულებული სამუშაოების თანხებს არ ურიცხავენ, შეთანხმების ხელშეკრულებებს უმალავენ. რაც ეგ მოვიდა გამგებლად, ფირმა აღარ ყოფილა, რომელსაც მთლიანი თანხა წაეღო. დიდ ჯარიმებზე უშვებენ, რომ მონოპოლია ჩაიგდონ ხელში და აღარავინ აღარ შემოვიდეს ტენდერებში. კიდევ, იცით, რა ხდება? რა საქმეებიც არის გასაკეთებელი, იმ საქმეების საპროექტო ტენდერებში დებს უმნიშვნელო თანხას _ 150-250 ლარის ფარგლებში. ამაზე კი არავის არ შეაქვს განაცხადი. ერთი თვე ხომ არის გამოცხადებული, არავინ შემოვიდა, მერე კიდევ თვეები გავა და ისევ რომ არავინ შემოვა, სხვაგან გადაისვრიან ამ თანხას, საქმე კი გაუკეთებელი რჩება. მოკლედ, მიდის თანხების ფლანგვა და ფულით უკანონო მანიპულირება. სწორედ ეს შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს, რადგან, პრველ რიგში, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია ხდება. ამაზე კი არც ადრე ვიყავი ჩუმად და არც არასოდეს გავჩუმდები. 45-კაციანი კომიტეტი გვაქვს და მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ათი ათასი ხელმოწერა შეგროვდა. აქციებს, ჯერჯერობით, არ ვიწყებთ, რადგან მთელ საქართველოში დაძაბული სიტუაციაა და რაიონშიც არ მინდა, კიდევ უფრო დაიძაბოს მდგომარეობა, მაგრამ, თავის დროზე, თუკი კომისია არ შემოვა გარდაბანში და აუდიტი არ დაადგენს, სად გაიფლანგა თანხები, სოფლებიდან აუცილებლად დავიწყებ აქციებს. სხვათა შორის, ჯერ ბატონმა ბიძინამ და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმაც გვთხოვეს, რომ ბიუჯეტის შედგენისას ხალხის აზრი გაგვეთვალისწინებინა. ეს კარგი ინიციატივა იყო, რადგან აადვილებდა პრიორიტეტების განსაზღვრას ადგილებზე. მართლაც მოვუსმინეთ ხალხს, მაგრამ არაფერი გაკეთდა. ამ ხალხს რა ვუთხრა? ამიტომ, იქნებ, თვითონ ნიორაძემ გვიპასუხოს: რატომ არ შესრულდა მიმდინარე წლის ბიუჯეტით მიმართული სამუშაოები? _ რაიონში გამგებლის გარდა არსებობს საკრებულოც, რომელსაც  გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია. _ საკრებულოს ასეთი რამ გაუკეთა: ნებისმიერ რაიონში, როგორი პატარაც არ უნდა იყოს, საკრებულოს დეპუტატს გამოყოფილი აქვს სამასიდან ხუთას ლარამდე თანხა ამომრჩეველთან საკომუნიკაციოდ. ესეც არ გაუკეთა ნიორაძემ გარდაბნის საკრებულოს დეპუტატებს, მთლიანად თავისზე დამოკიდებული გახადა. კიდევ იცით, რა გააკეთა? ისევ საბოტაჟის თემას ვუბრუნდები _ ხალხი რომ განაწყენდეს ამ მთავრობაზე და პრემიერ-მინისტრზე, ასეთი რამ მოიფიქრა: სოფლებში ბეჭედი ხომ არსებობს, რომელიც ყველა რწმუნებულს აქვს? ამ რწმუნებულთან მიდის უამრავი ადამიანი, რომელსაც უნდა ამა თუ იმ ცნობის აღება. ადრე მიმართავდნენ რწმუნებულს, მერე მოხდებოდა საკითხის შესწავლა და რწმუნებულიც გასცემდა თავისი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას. ნიორაძემ ეს ბეჭდები ჩამოართვა რწმუნებულებს. ახლა ცნობის ასაღებად მოქალაქემ ბევრი უნდა იწვალოს. მაგალითად, მარტყოფში კაცს ჰყავს ხუთი სული ძროხა და სურს ამაზე ცნობის გაკეთება. თავისი რწმუნებული ვეღარ მისცემს, _ ბეჭედი აღარ აქვს, ამიტომ ორი მოწმე უნდა წაიყვანოს ჯერ ნოტარიუსში, რომელიც გარდაბანშია; მარტყოფიდან სამოცდაათამდე კილომეტრი გამოდის წინ და უკან. გარდაბანში მოწმეები დაუდასტურებენ, რომ მართლა ჰყავს ხუთი ძროხა; მერე ნოტარიულად დამოწმებული ამ ცნობით წავა სოფლის რწმუნებულთან და უწერს განცხადებას, რომ გაუწიოს შუამდგომლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცნობის მისაცემად; შემდეგ ბრუნდება ისევ გარდაბანში და კანცელარიაში აბარებს ქაღალდებს. მერე როცა დაიბარებენ, მესამედ ჩავა და აიღებს ცნობას, რომ არის ხუთი ძროხის პატრონი. ამის გამო ვერ წარმოიდგენთ, ხალხი როგორ არის გაწვალებული და გაგიჟებული. _ ეს ბეჭდები მთელ საქართველოში ჩამოართვეს სოფლის რწმუნებულებს, თუ გარდაბნის გამგებლის პირადი ინიციატივაა? _ ყველა სხვა რაიონში რწმუნებულებს თავისი ბეჭედი აქვთ. ასეთი მეთოდები მხოლოდ გარსევან ნიორაძემ შემოიღო. ერთი სიტყვით, ეს არის „ნაციონალების“ მიერ შემოგზავნილი კაცი და ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის. _ „ნაციონალების“ კაცობა კონკრეტულად როგორ ვლინდება? _ „ოცნების“ არც ერთი წევრი გარდაბანში არანაირ თანამდებობას არ იკავებს. დამისახელოს თუნდაც ერთი ვინმე, რომელიც თანამდებობაზე დატოვა. ვერ დამისახელებს. გარდაბანში დგას გაგანია „ნაციონალების“ ხანა. არაფერი შეცვლილა. თავის თავზე აქვს ბიუჯეტი მორგებული. ხომ ვასახელებ კონკრეტულ ფაქტებს? მიიღონ ზომები, ვისაც ეს ეხება. 84 ათასი მე თვითონ მოვიტანე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან: ფოლადაანთკარში ორი ხიდია ჩატეხილი. იქ მოხუცი ქალი ჩავარდა და დაინვალიდდა. იმ ხიდების აშენებას ერთი თვე სჭირდებოდა, ბევრი თვეა გასული და საერთოდ არ იწყება ეს საქმე. საბავშვო ბაღი რატომ არ გაიხსნა? მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი შენობა კერძო სკოლამ წაიღო, დაიბრუნოს ის და გახსნას საბავშვო ბაღი. 150 ბავშვია ბაღის გარეშე დარჩენილი. მთავრობა ამ ბავშვებს ბაღებში უფასოდ აჭმევს და ასმევს, რაც დიდი შეღავათია გაჭირვებული ხალხისთვის, ეს კი ბიუჯეტიდან მიზნობრივად ბაღის გაკეთებაზე მიმართულ ფულს არ იყენებს ბაღის გასახსნელად. მაწანწალა ძაღლებზე 22 000 რომ გამოიყო, ხოლო მაწანწალა ძაღლები მაინც რომ დარბიან და ცხვარ-ძროხას ანადგურებენ, მათი შიშით ბავშვები ვერ გასულან გარეთ, სად წავიდა და რაში დაიხარჯა ეს ფული? მივწერე ამის თაობაზე ნიორაძეს და მომწერა, _ თბილისის მერიას ჰკითხეო. მოკლედ, ვითხოვ აუდიტის შემოსვლას და თვითონაც ილაპარაკოს, რატომ დადის ჭორები, რომ თანამდებობა იყიდა?!. თუ ამაზე პასუხს არ გამცემს, მერე იმასაც დავასახელებ, ვისზეც ამბობენ, რომ თანხა გადაუხადა. _ ისე, გადადებული საქმე ეშმაკისააო და ახლავე ხომ არ დაასახელებდით? _ ჯერ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ კიდევ მაქვს დასადგენი დამატებითი დეტალები. ასევე ამბობენ, რომ თვითონ მაგას ერთმა რწმუნებულმა ათი ათასი გადაუხადა, მეორე აზერბაიჯანელმა რწმუნებულმა _ ორმოცდაათი ათასი. ეს ჭორები რატომ დადის, გვიპასუხოს. ტყუილუბრალოდ ხომ არაფერი ხდება?! ტყუილია ეს საუბრები, თუ მართალი, გარდაბანში ყველგან ამაზე ლაპარაკობენ. ეს კი მარტო გარსევან ნიორაძის კი არა, ზოგადად, ხელისუფლების იმიჯზე ცუდად მოქმედებს. არაფერი კეთდება. ჩამობრძანდით და საკუთარი თვალით დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში. ის თუ რამეს იტყვის, რომ რაღაც კეთდება, ეს არის წინა გამგებლის _ ამბაკო ავალიანის დაწყებული საქმეების გაგრძელება... „ქრონიკა+“-ის რესპონდენტის თქმით, გარდაბანში საგანგაშო მდგომარეობაა, რაც დროულ ჩარევას საჭიროებს. იმედია, ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ „ქრონიკა+“-ში მოკალათებული „ნაციონალები“ უგონებენ ყველაფერს. „ნაციონალები“ აგერ, გარდაბანში ჰყოლიათ ბევრი და იქ მოიკითხონ. ჩემი რესპონდენტი არავისგან არ ითხოვს, რომ მის სიტყვებს ბრმად დაუჯერონ და ისე მიიღონ შესაბამისი ზომები. უბრალოდ, რაიონში აუდიტი ან სხვა კომისია თუ შეისწავლის სიტუაციას, ყველაფერს ფარდა აეხდება, მით უმეტეს, რომ იქ არსებულ განუკითხაობაზე მხოლოდ გელა ნებუნიშვილი არ საუბრობს. მამუკა არეშიძე _ გარდაბნის რაიონის საკრებულოს წევრი: _ ცხადია, ვეთანხმები ბატონ გელას, რომ გარდაბნის რაიონში უაღრესად მძიმე მდგომარეობაა. რაც შეეხება ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ჩანს, აქ მართლაც არის პრობლემები. ჯერ არ მაქვს საშუალება, რადგან ხელი არ მიმიწვდება შესაბამის დოკუმენტაციამდე, თანაც წელი არ დამთავრებულა, რომ დასკვნებზე ვილაპარაკოთ. თუმცა ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდა გარდაბანში, ფაქტია. იქ შტატები ძალიან გაბერილია და როგორ გამოძვრება გამგებელი და ხელმძღვანელობა ამ სიტუაციიდან, არ ვიცი. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა სპეციალურად გაზარდეს შტატები, რომ ვიღაცები გაეცხრილათ გამოცდების დროს და მერე ის ადგილები გადანაწილებულიყო. _ გელა ნებუნიშვილი ამბობს, ვერ ნახავთ ვერც ერთ თანამდებობას, სადაც `ოცნების~ კადრი იქნებაო. _ მანდ მივდივარ ზუსტად. შიდა სამზარეულოს ფინანსებზე სასაუბროდ, ჯერჯერობით, არ ვარ მზად, მაგრამ რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ: ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ქარსა და წვიმაში დადიოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაემარჯვებინა, ვინც ბიძინა ივანიშვილს ენდობოდა და ვინც ასევე ენდობოდა ჩემს სიტყვებს, აი, ამ ხალხის 99 პროცენტი ყოველგვარი ადგილის გარეშე დარჩა. ამ ხალხის ნაცვლად რომ მოსულიყო უფრო მაღალპროფესიონალი კადრები, მაშინ გავიგებდი, რომ ასე სჯობდა და ხმას არ ამოვიღებდი, რადგან უკეთესი ამბავი მოხდა... მაგრამ საქმე ის არის, რომ ბევრ შემთხვევაში დაბრუნდნენ ისევ „ნაციონალების“ კადრები. თითქოს სპეციალურად უნდათ, ხალხი გააგიჟონ და „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ. რომ არ ვიცოდე, გარდაბნის გამგებელი „ქართული ოცნების“ კრეატივი რომ არის, ვიფიქრებდი, ეს კაცი „ნაციონალების“ კადრია, რომელსაც ან განგებ აკეთებინებენ ამას, ანდაც ძალიან არ ჰყოფნის კომპეტენცია და ვერ ერკვევა ვერაფერში-მეთქი. _ თურმე, ამბობენ, თანამდებობა ნაყიდი აქვსო. _ არ ვიცი, მაგრამ ასეთი ხმები მართლაც გავრცელებულია გარდაბანში, რაც ძალიან ცუდია. მთავარია, სასიკეთო არაფერი ხდება რაიონში. კლანური მმართველობა რაც იყო, მისი რეანიმაცია მოხდა ბოლო თვეების მანძილზე. კონკრეტული სახელებით რომ ვილაპარაკოთ, პრინციპში, ლელუაშვილი-ფეიქრიშვილის ტანდემის გავლენები გარდაბანში არც ერთი წამითაც არ შემცირებულა, მეტიც, გაიზარდა კიდეც. _ გავლენათა გაზრდა რაში გამოიხატება? _ მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა და არაერთი საბუთისა, რომელიც მე სამხარეო პროკურატურაში გავაგზავნე, განსაკუთრებით 2012 წელს მიწების დატაცებასთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესი შეჩერებულია. მართალია, ახლა იქ მიწებს აღარ იტაცებენ, იმიტომ რომ მონიტორინგი აქვს ეკონომიკის სამინისტროს გამოცხადებული, სამაგიეროდ იმ მიწების „გაპრავება“ ხდება, რომელიც უკანონოდ მიიტაცა ლელუაშვილი-ფეიქრიშვილის ჯგუფმა. ყველაფერს აკეთებენ კვალის დასაფარად. ეს მიწები ხომ თავიანთ ნათესავებსა და ახლობლებზე ჰქონდათ გადაფორმებული, ახლა კი დაიწყეს მათი გაყიდვა კონკრეტულ მყიდველებზე, ვისაც, ფაქტობრივად, ვეღარც შეედავები, იმიტომ რომ პატიოსანი მყიდველია. გარდაბანში ბავშვი რომ გააჩერო, ისიც გეტყვის, რომ არის დაახლოებით ოცდაათკაციანი ჯგუფი, რომელმაც ხსენებული ტანდემის ხელშეწყობით მთელი მიწები გაინაწილა. _ ლელუაშვილი გამგებელთან რა ურთიერთობაშია? _ საქმე ის არის, რომ მათი ურთიერთობა ღიად არ ჩანს, მაგრამ გადასარევი ურთიერთობაა ფეიქრიშვილსა და ნიორაძეს შორის. რაც შეეხება ლელუაშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი ჯერ კიდევ ოქტომბრის პროცესების დროს უკვე ეძებდა კონტაქტს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონტაქტი იპოვა. _ ვინ არის მფარველი? _ კონკრეტულად ვერავის ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ერთხელ დავასახელე თქვენს გაზეთში გელა ხვედელიძე, მაგრამ გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გელა ხვედელიძე ამ საქმეში სუფთა იყო. ამიტომ არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება, მე იქ არ ვყოფილვარ, ვისაც გადასცა ლელუაშვილმა  კონკრეტული კომპრომატები, წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი და ის ინფორმაციები, რომელიც მას ჰქონდა წინა ხელისუფლებიდან დარჩენილი. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ლელუაშვილმა საკუთარი თავისუფლება იყიდა. ფულით არა, არამედ იმ ინფორმაციით, რომელიც მას აქვს. _ არა მარტო თავისუფლება უყიდია, მდგომარეობაც შეუნარჩუნებია. _ დიახ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის არსად მუშაობს და თანამდებობის პირი არ არის, გავლენები დარჩა, რომელიც მას ჰქონდა წლების განმავლობაში. ხან სამხარეო უშიშროების უფროსზე იშვერენ ხელს, რომ ის არის მისი მფარველი, ხან ხელისუფლებაში ასახელებენ რომელიმე ჩინოვნიკს... მაგრამ რამდენადაც კონკრეტული მასალები ამჟამად არ მაქვს, ვერავის დავასახელებ. მთავარი ის არის, რომ ასეთი განუკითხაობის გამო გარდაბანში ძალიან ცუდი სიტუაციაა და ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. რაც იქ ხდება, ერთი მხრივ, ეს არის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება მმართველი ძალის დისკრედიტაცია, მეორე მხრივ კი ეს გახლავთ ანტიქართული ქმედება. _ ვინ გამოასწორებს ამ საქმეს? _ იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდება. შეძახილმა ხე გაახმოო. თუ ხელისუფლების შენარჩუნება უნდათ, კეთილი უნდა ინებონ და მდგომარეობა გამოასწორონ, თუმცა მთავარი ის არის, რომ ყველა აქ არსებული პრობლემა _ მიწების დატაცება იქნება, ნარკოტიკების გასაღება, კონტრაბანდა თუ ა. შ. ეს კიდევ არაფერია და ყველაფერი დაგვრჩება გვერდზე. მთავარი საშიშროება ის არის, რომ რეგიონში სერიოზულად იკიდებს ფეხს პოლიტიკური ისლამი.  ანტისახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ეს ბევრად მეტი ხიფათის შემცველია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. ამიტომ მგონია, რომ უფრო მეტი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდება ქვემო ქართლი ამ გამოწვევის ფონზე, ვიდრე დღეს არის და საქართველოს ხელისუფლება ამ რეგიონისთვის მოიცლის. _ მარტო ეს ფაქტორი თუ გვიშველის, რომ კლანების ბატონობა დამთავრდეს? _ პრინციპში, ასე გამოდის. _ რადგან პოლიტიკურ ისლამზე და მისგან მომავალ საფრთხეებზეა საუბარი, ამით, ალბათ, ამერიკული სპეცსამსახურებიც აუცილებლად დაინტერესდებიან. _ კი ბატონო, ვინც გინდა, ის დაინტერესდეს. მთავარია, რომ აქ სიტუაციას აკონტროლებდნენ პროფესიონალები და ამ კონტროლის შედეგად მეურნეობასაც მოევლება, პოლიტიკურ სიტუაციასაც და სამართლიანობასაც... ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისეთი პირი უჩანს, პოლიტიკური ისლამი თუ გადაგვარჩენს _ სწორედ ამ ფაქტორის გამო თუ გახდება იძულებული ხელისუფლება, რეგიონს მიხედოს. ხუმრობა იქით იყოს და გარდაბნის რაიონში აუდიტის შესვლა ბევრ სადავო საკითხს გაარკვევდა, რადგან „ქრონიკა+“-სთან საუბრისას გარდაბნის რაიონის გამგებელი, გარსევან ნიორაძე ამბობს, რომ მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება აბსურდულია და არანაირად არ შეეფერება სიმართლეს: _ ბატონო დავით, ყველა ის ბრალდება, რაზეც აქ არის საუბარი, აბსურდული და შეურაცხმყოფელია. თუნდაც ბიუჯეტის საკითხი ავიღოთ. მე ვარ ოთხი თვის წინ მოსული კაცი. ბიუჯეტი მანამდე დაამტკიცა საკრებულომ, გამგეობა და მე რა შუაში ვართ, გაუგებარია?! არანაირი შეხება არ მაქვს ბიუჯეტზე და ეს ბრალდებები ყველაფერი არის ცალმხრივი. _ ცალმხრივად რომ არ გამოსულიყო, იმიტომ გირეკავთ, ბატონო გარსევან. _ კი ბატონო, როცა გინდათ, მობრძანდით, დასამალი არაფერი მაქვს, დეტალურად გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე. _ ერთი საჩოთირო კითხვაც მაქვს: თქვენზე დადის ხმები, რომ გამგებლის თანამდებობა იყიდეთ. _ აბა, ამ კითხვაზე რა პასუხი გაგცეთ? მე საიდანღაც უცებ გამოჩენილი კაცი არ ვარ. თავის დროზე ვიყავი მინისტრის მოადგილე, მიმუშავია ხელმძღვანელ თანამდებობებზე... თქვენ დღეს როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა ის დროა, რომ რამე სახის თანამდებობას იყიდით? ვინც ასეთ სულელურ ჭორებს ავრცელებს, ამით ხომ თვითონ აკეთებს ხელისუფლების დისკრედიტაციას?..  

                                                                                                                 დავით დევიძე

 

გაზიარება