მართალი გითხრათ, აღარც ვიცი, რაღა ვიდარდო, _ ის, რომ წყვილი გასაღებით უნდა გვისმინონ, თუ ის, რომ თურმე ვეტო თოხი არ ყოფილა, როგორც მისმა აღმატებულებამ, დავით საგანელიძემ ბრძანა, თუ იგივე დავით საგანელიძეს რომ სხვანაირად უყვარს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი?
არაფერსაც არ ვაჭარბებ, სიტყვასიტყვით ასე ბრძანა დავით ბატონმა, _ ვეტოს დარტყმა ნამდვილად არააო თოხის დარტყმა. კარგად ვიცით, რომ ვეტო თოხი არააო, ამიტომ როცა მოგეხალისება ადამიანს, არ უნდა ურტყაო.
მოკლედ, უთხრეს მარგველაშვილს, ვეტო თოხი არააო და დაძლიეს მისი დადებული ვეტო ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილის კანონზე. დაძლიეს და თან სიყვარულიც აუხსნეს, ცახდია, ისევ საგანელიძემ: „ნათქვამია, რომ ვისზეც ყველაზე დიდი გაქვს ამაგი, ის ყველაზე მეტად გიყვარს, ის ყველაზე ძვირფასია შენთვის. მასზე ყველაზე მეტად შეგტკივა გული. მშობელიც ასეა, რომელ შვილსაც პრობლემა აქვს, ყველაზე მეტად ის უყვარს, იმიტომ, რომ ბევრი აქვს შიგნით ჩადებული. უმრავლესობაც ასე ვართ სულ ყველა _ ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად გვიყვარხართ და სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს თქვენ მიმართ“...
ეს ამაგი საგანელიძემდე ცოტა სხვანაირად შეახსენა ლექსო თამაზაშვილმა, შეახსენა რა, რეიტინგის ასაწევად კარდაკარ სიარული წააყვედრა. დიახ, ეს ის თამაზაშვილია, რომელმაც თქვა, არ მისმენენ, ვერვინ მოვა ჩემზედაო. გინდა სერზე გაიხედეთ, გინდა ცერზე დადექით. ამიერიდან წყვილი გასაღებით მოგისმენენ და მინდა გითხრათ, არც ვეტომდებელი პრეზიდენტის ვარიანტის შემთხვევაში იქნებოდა ბევრად უკეთესი სიტუაცია, რადგან მარგველაშვილის ვარიანტითაც ის სერვერი, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს, შსს-ში რჩებოდა და საზოგადოება მაინც შსს-ს კეთილსინდისიერებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
რაღა დაგიმალოთ და ამ ყველაფერმა, ერთი შეხედვით, პოლიტიკური გემოვნების ელფერი უფრო შეიძინა, ხოლო თუ მთლად სიმართლე გაინტერესებთ, ჯამში ერთი ცირკი და ტაკიმასხარაობა მივიღეთ _ ყველაფერი იყო ვითომ-ვითომ: ვითომ ორი კანონპროექტი, ვითომ გამიჯნული პოზიციები, მაინც მიღებული კანონი, ზედ დათხლეშილი პრეზიდენტის ლაყე ვეტო, მერე ერთი დეპუტატის თავშეკავება და პათეთიკური მტკიცება, რომ თავისუფლება ლომთა ხვედრია და... მეორე დღეს იმ ლომგულოვანმა ხმა მისცა ვეტოს დაძლევას და თვითონ პრეზიდენტმა უსუფაშვილს არც აცალა ხელის მოწერა და მოაწერა ხელი. რა იყო ეს _ დემოკრატია თუ `ვთამაშობთ დემოკრატიას~? რა აზრი გამოვიტანეთ ამ ყველაფრიდან?! ერთი ის, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა „ნაციონალები“ უკანონოდ გვისმენდნენ და ახლა მოგვისმენენ კანონიერად _ წყვილ-წყვილად (აბა, ის იყო, „ნაციონალები“ რომ „ცალი კალოშით“ გვისმენდნენ? თუ მოსმენაა, წყვილად იყოს!). კიდევ: გავიგეთ ისიც, რომ საგანელიძეს და უმრავლესობას სხვანაირად ჰყვარებიათ მარგველაშვილი, თუმცა საგანელიძე არ გვიხსნის, მაინც რანაირია, რასთან იჭმევა ეს სხვანაირი სიყვარული?.. გავიგეთ ისიც, რომ ვეტო თოხი არ ყოფილა. ამ ყველაფრის შემხედვარე ნიკა რურუამ კი დაწერა: „მგონი დროა, რომ ამ კლოუნადას ვეტო კი არა, ტაბუ დაადოს ქართველმა ხალხმა. გადაულახავი ტაბუ“.
დიახ, ეს კლოუნადაა, მდარე ხარისხის კლოუნადა და როგორც ფეისბუკში ზურაბ გურულმა დაწერა მოსწრებულად, „უმრავლესობას გააქვს კანონი, პრეზიდენტი ადებს ვეტოს, მერე ძლევენ ვეტოს და... ყველა ბედნიერია, სახეზეა პროცედურული დემოკრატია, პრინციპული პრეზიდენტი, ღირსეული სპიკერი, პროდასავლური ოპოზიცია... ჯოჯოები და ცუდი ბიჭები ხიხიაა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ითამაშოს მათი როლი, რომ მთავრობანას თამაში შედგეს? ყარაბას-ბარაბასი კი კვდება სიცილით და ვინცხა აბდლები კიდევ ვერ გამოვიდნენ „ბურატინოს“ ყურების ასაკიდან…“
დაიხ, ჩვენ ვნახეთ კლოუნადა „ბურატინო“, „ბურატინოს“ ასაკიდან გამოსვლა კი ძალზე ძნელია, როცა `თხა და გიგო~ შუამდე გაქვს წაკითხული...
ჩვენ „ბურატინოს“ ყურებით ვართ გართული, ჩვენი პოლიტ-(ბნ)ელიტა _ „ბურატინოს“ თამაშით, ვიღაც კვდება სიცილით და ეს მაშინ, როცა მართლა ღირსეული პოლიტიკოსები, მაგალითად, დალია გრიბაუსკაიტე უკრაინაში ჩადის და ბალტიურ სიურპრიზს უკეთებს მეომარ უკრაინელებს _ ლიტვა ყველანაირად დაეხმარება უკრაინას, მათ შორის, შეიარაღებითაც... იგივეს აცხადებს მაკკეინიც, რომ აშშ აუცილებლად დაეხმარება უკრაინას იარაღით. მოკლედ, არავინ უსმენს ამ ჩვენს ღარიბაშვილს, რომელიც გაიძახის, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომის ექსკალაციის რისკს შეიცავს. დიახ, ეს ბრძანა, ბრძანა „ფაინენშალ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, დასავლეთის ნაბიჯებს საკამათო უწოდა. ისე უწოდა საკამათო, გეგონება, ვინმე იყოს დასვლელი ლიდერებიდან მასთან კამათით დაკავებული. აქეთ „ფაინენშალ ტაიმსში“ ღარიბაშვილი გაიძახის, არ მიაწოდოთ იარაღი უკრაინასო და იქით უსუფაშვილი გაიძახის Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში, _ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ხელისუფლების სრული იზოლირება მთლად სწორი არ იქნებოდაო. პროცედურული დემოკრატიის პატრიარქი ამას ამბობს მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებისგან მიჯირყვნილი რუსეთის ოთხ ოლქში საკვებ პროდუქტებზე ტალონები შემოიღეს. ჩვენი ხელისუფლება დასავლური მედიის ტრიბუნებს იმისთვის კი არ იყენებს, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, რომ რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა და ოკუპირებულ აფხაზეთს ყლაპავს, არამედ იმისთვის, რომ როგორმე კოლაფსში ჩავარდნილ რუსეთს და ძაღლთაპირ პუტინს შეაშველონ ხელი. მათი ბრძენთაბრძენი მინისტრი, შადიმან ზაქარეიშვილი კი რუსეთსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მათი ხელისუფლების დიდ წარმატებად მიიჩნევს და მეტიც, არც რკინიგზის აღდგენაში ხედავს პრობლემას... ამ ხელისუფლებას როგორ უნდა აუკრძალო მოსმენა? გვისმინეთ 2 კი არა, 20 გასაღებით, გვისმინეთ დღისით და გვისმინეთ ღამით, ეგება, რამე შევიდეს მაგ ყურებში!
და მაინც რისთვის მოაწყვეს ეს „ბურატინო“? იმისთვის ხომ არა, რომ როგორც დამშეულ ცხვრებს ავიწყებენ შიმშილს გუდაში ჩასმული მჩხავანა კატით, ისე ჩვენ დაგვავიწყონ კვლავ ასპარეზზე დაბრუნებული საკრალური „მეცხრე ბლოკი“ და რაც მთავარია, ლარის გაუფასურება? სადღაც წერდნენ კიდეც, ლარი გააუპატიურესო. ეს გაუპატიურება აღარაა, ამას გაბოზება ჰქვია! და ქეთი ჩხეიძის გმირის არ იყოს, _ („ჩემი ცოლის დაქალებიდან“) ბოზი აკლდა ახლა ჩვენს გაჭირვებას?
კარს უშუქო, დამშეული ზამთარი მოგვდგომია და ჩვენ ამ „ბურატინოზე“ ვაყოლებთ დარდს. მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი 2012-ში გაიქცა და „ოცნებას“ მისცა ხმა, _ ხიზილალაზე გადავალო... ხიზილალა კი არა, შარშან ხამსაც ენატრებოდა უკვე.
ახლა? _ „გრეჩიხაც“ სანატრელი უხდება _ ლარით გაძვირდა, წიწიბურა ეძახე შენ... არადა, აფრთხილებდნენ, ეუბნებოდნენ, რასაც მოიტანდა „ოცნება“... მაგრამ მას ღრმად სჯეროდა, რომ ბენზინიდან ლარი მიშას ჯიბეში მიდიოდა, რომ ყველა დედალსა დაკლულსა, მიშა აგლეჯდა ცალ ბარკალს... არადა, აფრთხილებდნენ და ახლა ბიულეტენზე ვერავინ დაუწერდა, რომ „41-ის შემოხაზვა მავნებელია თქვენი მომავლისთვის“...
მარტო მას? აგერ, ლილოში დასაქმებულებმა დუქნები დაკეტეს, დროშები დაიჭირეს და „ოცნების“ მიტინგებს შეუერთდნენ. და ახლა რა ელით? სადაცაა, აეროპორტის გზაზე აშენებული „კარფური“ ყლაპს უზამს მათ და უმუშევარს დატოვებს. არადა, რა უნდოდათ? კარგ ფულსაც ღუნავდნენ, გადასახადებსაც იხდიდნენ და მსუყედაც იყვნენ. ახლა? უყურონ „ბურატინოს“ და თავი შეიქციონ პროცედურული დემოკრატიით. ეს როცა შუქი ექნებათ, როცა არა, პრეზიდენტს ებარებოდნენ ქსოვაში, ქსოვონ ლამპის შუქზე და გაიხსენონ ბიძინას ტკბილი ზღაპრები გაიაფებულ პროდუქტებზე, განახევრებულ გადასახადებსა და სულაც _ უფასო ფულზე!
ახალი წლიდან სიგარეტი ძვირდება. არ გინდიოდათ პაპიროზი? „რუჩკა“ მოწიეთ, „რუჩკა“! რომელი? აი, არჩევნებზე რომ გამოცხადდით, ის „რუჩკა“...
არადა, აგერ, ახლაც ტრიალებს ინტერნეტით ივანიშვილის 2 წლის წინანდელი ინტერვიუ სათაურით: „ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე“. რა უნდა უპასუხო, ახლა, 2 წლის შემდეგ? ქართლში ეტყოდნენ, _ მაგ სიმართლით ხვრიპე სტაფილოო... ისე, ამ უშუქობაში კი ვინიცობაა გაადასახადებიც განახევრდეს. განახევრდება, აბა, რა იქნება, თუ ნახევარზე შუქი არ გვექნება? რა უჭირს, თუ არ გვექნება? კახი მირცხულავასავით არხეინად კი არ გააგრძელებს ხვრინვას, წამოხტება და მოკლესახელოებიანი „მაიკით“ გაიჭრება ველად _ საშველად ჩვენდა. მთავარია, ისე არ დაგვიდგეს საქმე, რომ ტრუსისამარა არ მოუწიოს გარბენები, როგორც იღებდა ხოლმე რეკლამებში...
მოკლედ, გართობად ჩვენდა მარგველაშვილმა ვეტო დაადო კანონს. როგორც ხაჩიძემ დაწერა, კი არ დაადო _ წაუსვა... მარგველაშვილი ამ თავის ვეტოებით ვე(გე)ტონევროზს კი დამართებს ივანიშვილსა და ღარიბაშვილს, მაგრამ... უკვე გვიანია. ის ვეღარ მოიგებს საზოგადოების გულს... რატომ?
ბენდუქიძე აღმოჩნდა ტესტი მარგველაშვილისთვის, როცა ის განათლების მინისტრი იყო. ისევ ბენდუქიძე, ამჯერად უკვე გარდაცვლილი, აღმოჩნდა ტესტი მარგველაშვილისთვის ახლა, როცა ის პრეზიდენტია.
იყო „ოცნების“ პრეზიდენტი, ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ქვეყნის, თითქოს იწყებდა კიდეც სვლას აქეთ და ბაც! _ ის დარჩა „ქოცების“ პრეზიდენტად.
არადა, რა მარტივი რამ იყო საჭირო _ მისვლა. თუ რამის თქმის ერცხვინებოდა, შეეძლო მდუმარედ მდგარიყო.
ახლა კიდე, გინდა ვეტო იქნიოს და გინდა თოხი. რა ამის პასუხია და ეს საგანელიძე ამ ბოლო დროს აღმოჩენებითაა დაკავებული. თოხით იმდენი თხარა, ინგლისის კონსტიტუციასაც კი მიაკვლია! დიახ, დიახ, გამოხტა და გვითხრა, „სად წერია ინგლისის კონსტიტუციაში, დასავლეთისკენ სწრაფვა როგორც დაკანონებული“? აფსუს, ეს რა განძი არქეოლოგი დაკარგა დავით გამყრელიძემ? მარტო საქართველოს მასშტაბის კი არა, საერთაშორისო მასშტაბის _ ინგლისს კონსტიტუცია უპოვა.
კაციც ეგა ყოფილა და თოხიც მაგას სჭირებია ხელთა თანა! აბა, წულუკიანია, თოხს არ ეკარება, ხელი თოხისთვის კი არა, ალასანიასთვის ჩაუჭიდია. როგორც კი ირაკლის 5 თანამშრომელი დააკავეს, მეო, ხელი ჩავკიდე, როგორც საკუთარ ძმას და მეგობარსო და მე ეს ხელი არ გამიშვიაო 4 ნოემბრის 6 საათამდეო, როცა ბრიფინგი ჩაატარა ჩემთვის მოულოდნელი მესიჯებითო, „ეს ხელი მე ამ ბრიფინგის დროს გავუშვი“, _ დასძინა მან. ანუ? ალასანია ხელიდან წასულა, თეას კიდე ვაკანსია აქვს, სთხოვეთ და ჩაგჭიდებთ ხელს _ უკუეთუ ბრიფინგამდე.
რეზო შატაკიშვილი