QronikaPlus
რატომ აჩუქა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკა ბესელიას ბრილიანტებიანი გულსაბნევი?!

რატომ აჩუქა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკა ბესელიას ბრილიანტებიანი გულსაბნევი?!

2014-11-30 17:06:42

„თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში წავიდნენ, მაგრამ პარლამენტში სახელისუფლებო თანამდებობები არ დაუტოვებიათ. საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას არც ირაკლი ალასანია აპირებდა, მანამ სანამ ის პრემიერმა არ გადააყენა. როგორც წესი, ოპოზიციაში წასული პარტია თანამდებობებს ტოვებს ხოლმე. თუ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეს არ იციან, საკუთარი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს მაინც ჰკითხონ. მაშინ, როცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1993 წელს ოპოზიციაში წავიდა, პარტიის ყველა წევრმა თანამდებობა დატოვა, მათ შორის, ირინა სარიშვილმა ვიცე-პრემიერის, ხოლო ირაკლი ქადაგიშვილმა _ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი. ეს მცირედი შესავალი მხოლოდ იმიტომ მოვიტანეთ, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში, როგორც ჩანს, ვიცე-სპიკერისა და სამი კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებას არ აპირებს, ერთიანი პოზიცია აბაშიძის გადაყენებასთან დაკავშირებით არც საპარლამენტო უმრავლესობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გადაყენებას მხარს არ დაუჭერენ „რესპუბლიკელები“. თუ ისინი თანამდებობაზე დარჩებიან, მაშინ პარლამენტს საკუთარი რეგლამენტის დარღვევა მოუწევს. რეგლამენტის თანახმად, სამი ვიცე-სპიკერის პოსტი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის და არა ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალას (ოპოზიციის ნიშა ამ პოზიციაზე შევსებულია და ვიცე-სპიკერის პოსტი გია ბარამიძეს ანდო „ნაციონალურმა“ პარტიამ). არ გადადგებიან და გადააყენებენ! კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ სავარძლებს მისტირიან, _ ასე ფიქრობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობა. სახელისუფლებო შტო კულუარებში აქტიურად განიხილავს ვიცე-სპიკერობის კანდიდატებს. პირველი ინფორმაციით, ამ პოსტზე უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი დასახელდა. მან ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, მაგრამ კომენტარში ცხადად იკითხებოდა, რომ ვოლსკი წინააღმდეგი სულაც არ არის, თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიჭერს. უმრავლესობის კულუარებში ვიცე-სპიკერის პოსტზე კიდევ უფრო აქტიურად განიხილება ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა. ზვიად კვაჭანტირაძე განსაკუთრებით აქტიური ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისას გახდა, იმდენად აქტიური, რომ სწორედ ამ დღეებში თქვა „ისტორიული“ ფრაზა: „უნდა შეეგუოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ივანიშვილის აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება“. ჩვენ კი დიდი ხანია, შეგუებული ვართ, რომ ივანიშვილის აზრი თქვენთვის გადამწყვეტია, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ამ წინადადების აზრს მე პირადად ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ან სულაც, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რაც ბოლო ერთი წელია, საქართველოში ხდება? ამავე დღეებში აშკარად ჩანდა ზვიად კვაჭანტირაძის სურვილი, რომ შემოთავაზების შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უარს არ იტყოდა, მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ ეს პოსტი გადადგომა-გადმოდგომით თამარ ბერუჩაშვილმა „დაიმსახურა“. სამაგიეროდ, ახლა ოზურგეთის მაჟორიტარი ახალ პოსტზე ოცნებობს. ვიცე-სპიკერის პოსტზე კვაჭანტირაძეს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ოზურგეთის მაჟორიტარის ბიოგრაფიას თუ ჩავხედავთ, გამოცდილებისა და განათლების თვალსაზრისით ის არცთუ ურიგოდ გამოიყურება. ზვიად კვაჭანტირაძემ ოზურგეთის #2 საშუალო სკოლა და 1990 წელს იაროსლავლის უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, 1993 წელს იყო პირველი ქართული PR კომპანიის „თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის“ (TPRC) თანადამფუძნებელი, 1994 წელს მოიპოვა კარლ დუისბერგის სტიპენდია და 1994-95 წლებში ისწავლა კარლ დუისბერგის კოლეჯში (კიოლნი, გერმანია) სოციალური საბაზრო ეკონომიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა; 1996 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში, იყო ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში; 2000-2004 წლებში იყო ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის გენერალური მდივანი; 2004-2009 წლებში იყო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სტამბულში; 2012 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წევრი; 2012 წლის არჩევნებში ის ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ზვიად კვაჭანტირაძის ბიოგრაფიაზე იმიტომაც შევაჩერეთ ყურადღება, რომ ყველა ლოგიკით, ამ ოფიციალური ბიოგრაფიის პატრონს, საქართველოს პარლამენტში თუნდაც ვიცე-სპიკერის პოსტზე ვინმეს „ხელის წაკვრა“ (როგორც გურულები იტყოდნენ) არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ოზურგეთის მაჟორიტარმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ „ოცნების“ პარლამენტში მარტო ბიოგრაფიის ამარა ვერ იქნება, არადა, ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავებაც იმდენად უნდა, რომ მოკავშირეებსა და სიტყვის შემწევებს აქტიურად ეძებს. „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო, ანუ ის ჩიტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს, მორიგ სკანდალურ ინფორმაციას გვაწვდის: ზვიად კვაჭანტირაძემ დახმარებისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მიაკითხა. კოლეგამ კოლეგას ხელი გაუმართოს და სიტყვა შეაწიოს, ამაში სკანდალური რა არისო? _ იკითხავს ჩვენი მკითხველი და მართალიც იქნება. აქ ცოტა ხნით შევჩედეთ და ორიოდე აბზაცი პირადად ეკა ბესელიას დავუთმოთ. ჩვენ, ამჯერად, არც ფოთში გავრცელებულ ინფორმაციებზე შევჩერდებით, არც გიგი წერეთლისთვის „ახეულ“ მარილის ბიზნესზე, არც ვინმე წიწილაშვილის გადამზიდავ ფირმაზე და არც იმ ფაქტზე, რომ ფოთის პოლიციის უფროსი, გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას ახლო ნათესავია (ნეპოტიზმიც მოსულა, რა პრობლემაა?), არც ის გვაინტერესებს, გრიგოლეთში, პროკურორის აგარაკზე, საიდუმლო სერობების ჟამს, რა საკითხებს განიხილავენ ფოთის მაჟორიტარი და მისი ახლო გარემოცვა. ამჯერად „ქრონიკა+“-ისა და მისი ჩიტის ობიექტივში ეკა ბესელიას გარდერობში ბოლო დროს გაჩენილი ნივთი, ბრილიანტებით შემკული „ბროშკა“ მოხვდა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს დროშის ფორმა აქვს. ბოლო დროს, ეკა ბესელია აშკარად ნინო ბურჯანაძეს ბაძავს _ შარფები, მარგალიტები და ძვირფასი ბროშები პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძის ექსკლუზივია. გამართული ინგლისურიც, სხვათა შორის, რაშიც ბესელია ბურჯანაძეს ვერა და ვერ დაემსგავსა. მაგრამ რაც შეეხება ბრილიანტებიან საქართველოს დროშას, ის ეკა ბესელიას, არც მეტი არც ნაკლები, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ აჩუქა. კოლეგამ კოლეგას, დეპუტატმა დეპუტატს საჩუქარი გაუკეთა, არც ამაშია რამე განსაკუთრებით სკანდალური, მაგრამ... ეშმაკი დეტალებშია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ ეკა ბესელიას ბრილიანტებიანი „ბროშკა“ ვიცე-სპიკერის პოსტზე მისი კანდიდატურისთვის მხარის დაჭერის სანაცვლოდ აჩუქა. ოპაააა!!! ყველა ლოგიკით, ეს ქრთამია. ქრთამის აღებაც და მიცემაც  დანაშაულია.!!! კანონი ასევე არეგულირებს იმასაც, რომ თანამდებობის პირმა კანონით აკრძალული საჩუქარი არ უნდა მიიღოს. ფაქტი სახეზე და „ქრონიკის+“-ის ობიექტივშია, _ ბრილიანტებიანი `ბროშკა~ ეკა ბესელიას ვარდისფერ პიჯაკზე _ გაგეცინათ, არა? მეც გამეცინა. რა კანონი, რის დებულება?!. _ ეს საქართველოს ოცნების პარლამენტია! „ქრონიკა+“ პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა: _ ეკა ბესელიას საქართველოს დროშის „ბროშკა“ თქვენ აჩუქეთ? _ დიახ! _ თუ შეიძლება, მისი ღირებულება გაგვიმხილეთ? _ ეს არ არის ბრილიანტებით, „სვაროვსკის“ თვლებით არის მორთული... დაბადების დღეზე ვაჩუქე, ამას წინათ ჰქონდა დაბადების დღე! _ და რა ღირს? _ საშუალოდ რაც ღირს ამხელა ზომის „სვაროვსკის“ თვლები... _ დაახლოებით? _ დაახლოებით, ალბათ, სადღაც 250 ლარის ფარგლებში...  

                                                                                                                 ელისო კილაძე

 

გაზიარება