რამდენიმე თვის წინ, მეტროპოლიტენით მგზავრობისას, მეტროს ვაგონში ერთ-ერთი უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და პროფესორი ხელგაწვდილი ვნახე და ჩემთვის ფრიად პატივსაცემი ადამიანის სიტყვები გამახსენდა: სწავლის აუცილებლობასა და განათლების პრიორიტეტულობაზე საუბარი ფუჭი და არაფრისმომცემია, სანამ უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებელი სიღატაკეში ღაფავს სულსო...
როგორ ცხოვრობენ წინა ხელისუფლების დროს გატარებული რეფორმების შედეგად უსამსახუროდ და უხელფასოდ დარჩენილი პროფესორ-მასწავლებლები ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან ორი წლის შემდეგ? რა გახდა სამართალმცოდნეობის დოქტორისა და პროფესორ დარია ონიანის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი და რატომ მიატოვა ხელისუფლებამ გასაჭირში ადამიანი, რომელმაც არჩევნებში მის გამარჯვებას ყველაზე ძვირფასი _ ჯანმრთელობა შესწირა?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პროფესორი და სამართალმცოდნეობის დოქტორი _ დარია ონიანი:
_ წლების მანძილზე უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებს სამართალმცოდნეობას ვასწავლიდი. სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმუშავია, მათ შორის, ერთში კათედრის გამგე ვიყავი და ექვთიმე თაყაიშვილის უნივერსიტეტის რექტორიც გახლდით. ყველაფერი 2012 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო, როცა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების გამო სამსახურიდან გამომიშვეს. თავის დროზე ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და „მრგვალი მაგიდის“ წევრი ვიყავი. შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის გამო კოლხურ კოშკში 21 დღე ვიშიმშილე და მშვიდად ვერ ვუყურებდი იმ უბედურებას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩემს ქვეყანაში დაატრიალა. პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე ვიფიქრე, იქნებ, რამე ეშველოს ამ ქვეყანას-მეთქი და მის გვერდით დავდექი. დავიწყე ხელმოწერების შეგროვება, მათ შორის, სტუდენტებშიც. იმ დროისთვის ბევრ ადგილას ვასწავლიდი და 1000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე. თანამოაზრეებმა მირჩიეს, _ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება პრობლემები შეგექმნასო და ასეც მოხდა. 2012 წლის თებერვალში სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, კათედრის გამგის თანამდებობიდან განთავისუფლებული ხართო. _ არა უშავს, საათებს წავიკითხავ-მეთქი და, _ სამწუხაროდ, საათებიც აღარ არისო.
_ ამ უმაღლესი სასწავლებლის სახელს არ გაგვიმხელთ?
_ არ მინდა იმ სასწავლებლის დასახელება, რომელშიც ასე მომექცნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობის დაკარგვად დამიჯდა. სამსახურიდან გამოშვება რომ „მახარეს“, იმავე ღამეს, ნერვული სტრესის ნიადაგზე, ცალი ფეხი გამიკავდა. მეორე თუ მესამე ღამეს ძალიან ცუდად გავხდი და რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თავის ქვემოთ მთლიანად მოვწყდი. რეანიმაციაში ხუთდღიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და სახლში დამაბრუნეს. იმის მერე ასე ვარ... თითქოს ნელ-ნელა ამოძრავდა თითები და ხელები, მაგრამ ლოგინიდან წამოდგომას ვერ ვახერხებ. წარმოიდგინეთ, წამლები და მკურნალობა თვეში, სულ მცირე, 700-800 ლარი მაინც მიჯდება და, ამ დროს, პენსია, სულ რაღაც, 150 ლარი მაქვს. საკუთარი ოჯახი და შვილები არ მყავს, ძმისშვილი მივლის. პარალიზებულ ადამიანს არავითარი შეღავათები არ მომცეს წამლების შეძენის, ან კომუნალური გადასახადების გადახდის დროს. იმის გამო, რომ სახლში ხატები და წიგნები მაქვს, თურმე, სოციალური დახმარებაც არ მეკუთვნის. 80 000 ქულით შემაფასეს ადამიანი, რომელსაც პენსიის მეტი შემოსავალი არ მაქვს. სოციალური დახმარება კი არა, ლოგინად ჩავარდნილმა ქალმა პირველი ჯგუფის ინვალიდობა დიდი ბრძოლით მოვიპოვე. სად არ ვწერე, დახმარება ვის არ ვთხოვე, მაგრამ ერთადერთი უწყება, რომელმაც ცოტა ყურადღება მომაქცია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროა. ერთხელ 200 ლარით დამაფინანსეს, მეორედ _ 400 ლარით.
_ როგორც ვიცი, საკანონმდებლო ორგანოშიც გყავთ ნაცნობ-მეგობრები. მათ თუ იციან თქვენი მდგომარეობის შესახებ?
_ არავის არაფერს არ ვაყვედრი, მაგრამ ლომის წილი მიმიძღვის დღევანდელი ხელისუფლებისა და, თუნდაც, ჩვენი დეპუტატის გამარჯვებაში. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას ვერ ვგრძნობ. ახლობლები, თანამშრომლები და მეზობლები რომ არ მყავდეს და ძმისშვილი არ მივლიდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა! ჩვენი დეპუტატია ზურაბ აბაშიძე, რომელსაც დახმარების თხოვნით დავუკავშირდი. 31 დეკემბერს თავისი თანაშემწე გამომიგზავნა. წაიღეს ჩემი ინვალიდობის საბუთები, დოქტორობისა და პროფესორობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ჩემი წიგნებისა და ნაშრომების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა. ჩემი მდგომარეობის შესახებ იცის ელისო ჩაფიძემაც, მაგრამ... გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. გერმანიასა და თურქეთში მკურნალობის საშუალება არ გამაჩნია და იქნებ, საქართველოში მაინც მომეცეს ამის საშუალება. სასწრაფოდ მესაჭიროება მკურნალობა ქართულ-გერმანული თერაპიის სახლში, სადაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელი მასაჟები და აბაზანები კეთდება, მაგრამ იქ მოსახვედრად 5000 ლარია საჭირო. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მივმართე და საყოველთაო დაზღვევაში გადამამისამართეს, რომელმაც დაფინანსებაზე უარი მითხრა. ვიცი, რომ დღეს ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ასე არ მიცხოვრია. ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტებს უფასოდ სწავლის საშუალებას ვაძლევდი და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო არავინ არასდროს გამირიცხავს. სანამ შევძელი, ასე ვიმუშავე. ყველა რესურსი რომ გამომელია, სტუდენტები სხვა სასწავლებელში გადავიყვანე და უნივერსიტეტი დავხურე. არ ვიცი, ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს გავძლებ, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ხელისუფლებიდან ვინმე მაინც მიიტანს გულთან ჩემს ამბავს და დამეხმარება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოში მცხოვრებ პოლონელ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი _ ქეთევან ტრიპოლსკი, რომელმაც რედაქციას ლოგინად ჩავარდნილი პროფესორის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა:
_ დარია ონიანს 1986 წლიდან ვიცნობ, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ, აქტიურ ადამიანს, რომელსაც არც ერთი საფრთხის წინაშე უკან არ დაუხევია. დარია ძალიან აქტიურობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის _ ხელმოწერებს აგროვებდა, მოსახლეობას ესაუბრებოდა. როგორც ვიცი, ახალ ხელისუფლებაში ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლოგინს მიეჯაჭვა, პარალიზებული ადამიანი არავის მოუნახულებია. სირცხვილია, როცა განათლების სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ცხრამილიონნახევრის ათვისებას ვერ ახერხებს და ამ დროს დამსახურებული ლექტორისა და პროფესორის მკურნალობა ფინანსების არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ვინც დარია ონიანს იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ადამიანი გაჭირვებულების გვერდით იდგა და რითიც შეეძლო, ეხმარებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტი იმიტომ დახურა, რომ გაჭირვებულ სტუდენტებს ფული ვერ მოსთხოვა, დღეს კი სამინისტროები მათთვის გამოყოფილი თანხების დახარჯვას ვერ ახერხებენ და ასეთი ადამიანი არავის ახსოვს. როგორც ვიცი, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში არსებობს კალათა გაჭირვებულთათვის, სადაც ვისაც რა შეუძლია, თუნდაც პროდუქტის სახით, იმას დებს და შემდეგ ეკლესია ღარიბებს უნაწილებს. აუცილებელია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომ უკიდურეს გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარება შევძლოთ, თორემ სულ უფრო და უფრო აუტანელი სანახავი ხდება, როგორ იქექებიან ჩვენი სახლების წინ მდებარე ბუნკერებში ადამიანები.
_ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებით და ახალი ეკონომიკური პროექტებით დარია ონიანის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება როგორ წარმოგიდგენიათ?
_ როცა გამოცდილება თუ კომპეტენცია არ გვყოფნის და საბიუჯეტო სახსრების ათვისებას ვერ ვახერხებთ, უცხო ქვეყნების გამოცდილება მაინც უნდა გავიზიაროთ. ქალბატონი დარიას მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, დახმარების მომლოდინე უამრავი ნიჭიერი ბავშვის არსებობის პირობებში, გაუგებარია, როგორ დარჩა განათლების სამინისტროს 9 მილიონ 500 000 ლარი აუთვისებელი?! ეს ფული უამრავი წარჩინებული სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებდა. თუ სამინისტროს ასეთი ბავშვების არსებობის შესახებ არაფერი სმენია, მე დავუსახელებ უნიჭიერეს და წარჩინებულ ბავშვებს, რომლებსაც ასპროცენტიანი გრანტი აქვთ მიღებული და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას საჭიროებენ. არ ვიცი, საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა არაკვალიფიციურობას უნდა დავაბრალო თუ მიზანმიმარეთულ ქმედებებს, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი მუშაობით შორს ვერ წავალთ. რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, ჩემი სურვილია, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ქართულ-პოლონური ურთიერთობები. ჩვენთვის პოლონეთის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყანამ 50 წლის მანძილზე ეკონომიკის სფეროში ძალიან დიდი რეფორმა განახორციელა. ორი წელია, ეკონომიკურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ვაპირებთ, სადაც გვინდა მოვიწვიოთ 11 ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროექტი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას. აუცილებელია მოხდეს საქართველოს შრომითი და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის დადგენა, რისი რეალური მონაცემებიც ამ დროისთვის არ არსებობს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი რესურსების საფუძველზე მოხდეს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც დარია ონიანსაც და მის მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს წაადგება. რა თქმა უნდა, აუცილებელია, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, საიდანაც მოწინავე სპეციალისტებს მოვიწვევთ. ყველა გზას უნდა მივმართოთ, რადგან არ შეიძლება გამუდმებით ბიუჯეტის სიმცირეზე წუწუნი, როცა დამსახურებული ადამიანები უმწეო მდგომარეობაში იმყოფებიან. დარია ონიანი დიდი რაოდენობით მედიკამენტს, კვალიფიციურ მკურნალიბას და ამ მკურნალობისთვის აუცილებელ პირობებს საჭიროებს და ერთადერთი ადამიანი, ვინც მას დაეხმარა და საწოლი უყიდა, პროფესორი გარი ჩაფიძეა. სამწუხაროდ, ქალბატონი დარიას თანამებრძოლები, რომლებიც დღეს პარლამენტარებად გვევლინებიან, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ბედით აღარ ინტერესდებიან.
ნელი თორდია