უკრაინაში პოლიტიკურმა პარტიებმა ,,Свобода“ და ,,УДАР“ -მა საპარლამენტო კოალიცია დატოვეს. როგორც УНИАН-ი იუწყება , პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული განცხადება უმაღლესი რადას სხდომაზე გააკეთეს. როგორც პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, ინიციატივას პოლიტიკური პარტია,, Батькивщина“-ს წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ნაციონალური პარტიის ლიდერის ოლეგ ტიაგნიბოკის განცხადებით, პარტიამ კოალიცია იმის გამო დატოვა, რომ პრეზიდენტმა უმაღლესი რადას დათხოვნა მარტივად შეძლოს, რადგან პარლამენტი სადაც კრემლის აგენტების ზიან, უბრალოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაში არ ჯდება. მისი თქმით ,,უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაშინ ჩატარდება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს“. პარტია ,,УДАР“-ის თავმჯდომარე ვიტალი კოვალჩუკი აცხადებს, რომ კოალიციის დაშლა, პრეზიდენტს უფლებას მისცემს, პარლამენტი დაითხოვოს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. რაც შეეხება რადას სპიკერის ალექსანდრე ტურჩინოვის პოზიციას, ის უკმაყოფილებას ვერ მალავს და კოლეგების საქციელს ღალატს უწოდებს. ,,დეპუტატებს ჯერ სახელისუფლებო ცვლილებებისათვის უნდა ეყარათ კენჭი, ქვეყნის ბიუჯეტში ცვლილებებია შესატანი, ასევე ახალი საგადასახადო კოდექსი განხილვის პროცესშია და ამ ყველაფრის შემდეგ შეეძლოთ განცხადებების გაკეთებაც. ეს უბრალოდ ღალატია და სახელისუფლებო კანონების უგულველყოფა“ - განაცხადა ტურჩინოვმა.