ნაზი ფუტკარაძე: „ქართულ ოცნებას“ ბათუმს არ დავუთმობთ“
შორენა მარსაგიშვილი
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნაზი ფუტკარაძე, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდა, როცა მას „ქართული ოცნების“ ზონდერები თავს დაესხნენ. ფუტკარაძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს ტერიტორიიდან და არ მისცეს კითხვის დასმის უფლებაც კი. კითხვა ასეთი იყო, _ რატომ მოუკლეს ძმა, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო?!
რისი შეეშინდა ირაკლი კობახიძეს? რა ეტაპზეა ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიება? ვინ მოითხოვა საკრებულოს წევრების გადაბირება? _ ამის შესახებ ნაზი ფუტკარაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ქალბატონო ნაზი, რატომ აპირებდით ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას?
_ ძალიან მძიმე დღე მქონდა. ის, რაც 19 თებერვალს ბათუმში მოხდა, ცუდი რამის მანიშნებელია. ეს საშინელებაა არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის და პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ ამ სტილით თუ აპირებს ქვეყნის მართვის გაგრძელებას, ძალიან ცუდად წავა საქმე. როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ირაკლი კობახიძე აპირებდა ჩამოსვლას, გადავწყვიტე, მას შევხვედროდი და მეკითხა, რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ჩემი ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პასუხი უშუალოდ ირაკლი კობახიძისგან მიმეღო.
_ რატომ იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ირაკლი კობახიძისგან პასუხის მიღება? რადგან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა?
_ თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მოსახლეობის 60%-მა ოპოზიციას დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობაში ვიყავით ოპოზიცია. ჩვენი საკრებულო სულ 35 კაცისგან შედგება. 19 კაცი გვყავდა ჩვენ და 16 _ „ქართულ ოცნებას“. მერე გახარიას პარტიის წევრი გადაიბირეს და ჩვიდმეტნი დავრჩით. ჩვენ მაინც უპირატესობაში ვიყავით. ასე იყო მანამ, სანამ ჩემს ძმას სიცოცხლე არ მოუსწრაფეს.
არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა ტელევიზიით და პირდაპირი ეთერით განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საკრებულოს წევრებზე და გავხდებით უმრავლესობაო. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება იყო იმ ზეწოლის სათავე, რაც ოპოზიციის წევრებსა და კონკრეტულად ჩემს ძმაზე განხორციელდა.
ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძე ბათუმში ჩამოვიდა და პირადად გასცა ბრძანება, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. მან მამა-შვილ რიჟვაძეებს დაავალა, რომ რამე გაეკეთებინათ. მამა-შვილ რიჟვაძეებს ჰყავთ ჯალათები, რომლებიც შეასრულებდნენ დავალებას. ჩემს ძმასთან მოლაპარაკებებს ახორციელებდა ორი პიროვნება. მათი ვინაობა ყველასთვის ცნობილია. იმხელა ზეწოლა იყო, რომ კაცი სიკვდილამდე მიიყვანეს.
ამის შესახებ ვაპირებდი ირაკლი კობახიძისთვის კითხვების დასმას. მაინტერესებდა, რატომ არ მიმდინარეობს ობიექტური გამოძიება? გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ყველაფერი ნათლად ჩანს. ეს ამბავი ჩემმა ძმამ სიკვდილამდე გამოიძია. ძალიან ბევრი მტკიცებულება დატოვა, მაგრამ ეს საქმე გაჩერებულია და თაროზე დევს. ის ორი პიროვნება, რომელიც ჩემს ძმასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დაკავებული უნდა იყოს, ქრთამის შეთავაზების გამო მაინც. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათ ნუგზართან მიტანილი აქვთ 100.000 დოლარი.
_ რატომ არ აკავებენ? ქრთამის შეთავაზებაც დანაშაულია.
_ დანაშაულია, მაგრამ ხელს ვერ ჰკიდებენ. ესენი რომ დააკავონ, ალაპარაკდებიან და იტყვიან, ვისი დავალებით მივიდნენ ჩემს ძმასთან. თავისი ჯიბიდან რომ არ ჰქონდათ ამოღებული ეს 100.000 დოლარი, აშკარაა. რა თავისი ჯიბიდან, ამ 100.000 დოლარიდან 20.000 დოლარს იქით სთხოვდნენ ჩემს ძმას. ნუგზარმა უთხრა, 100.000-ს კიდევ რამდენიმე ნულიც რომ დაამატოთ, მაინც არ მოვკიდებ ხელს, ჩემს კაცობას არ გავყიდი, მინდა, ჩემს ქალაქში თავაწეულმა ვიაროო.
_ ელოდით, რომ ირაკლი კობახიძესთან თქვენი შეხვედრის სურვილს ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა? ქალს ფიზიკურად რომ უსწორდებიან, ეს ძალიან ცუდია.
_ იმის იმედი არ მქონდა, რომ კობახიძე ჩემთან საუბარს მოისურვებდა. ამ დასკვნის გამოტანა იმ პროცესებიდან გამომდინარე შემიძლია, რაც ბათუმის საკრებულოში ხდება. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი პოლიციის უკან იმალება და არ გვხვდება. სადაც არჩილ ჩიქოვანი იმალება პოლიციის უკან, იქ კობახიძე რომ დამალულიყო, არ გამიკვირდებოდა. ყველაფრის მიუხედავად მეგონა, რომ პასუხს მაინც გამცემდა. სიმართლეს არ ველოდი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ, ტყუილი მაინც რამე თქვას-მეთქი. ვერც მპასუხობენ და ვერც გამოძიებას აძლევენ მიმართულებას.
_ თქვენი ინფორმაციით, რა ეტაპზეა გამოძიება?
_ მეუბნებიან, რომ გამოძიება მიდის. გამომძიებელი იტყვის იმას, რასაც ზემოდან დაავალებენ. მე მოადგილე ვნახე განყოფილებაში და პასუხს ვერ მცემდა კაცი. დღეისთვის გამოძიება გაჩერებულია და ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი.
_ 2 აპრილს ბათუმში ჩატარდება შუალედური არჩევნები, სადაც თქვენი ძმისშვილი მიიღებს მონაწილეობას. როგორ შეხვდით ამ გადაწყვეტილებას? ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მანამდე პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა.
_ ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა ამ ბიჭს მხრებზე. მან მძიმე ბრძოლაში გადაწყვიტა ჩართვა. თავად ვმონაწილეობდი არჩევნებში და კარგად ვიცი, რა ძნელია არჩევნების მოგება. ვიცი, რა სირთულეების გადალახვა მოუწევს ჩემს ძმისშვილს, მაგრამ მაინც მივესალმები მის გადაწყვეტილებას. იგი მამის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ამაში ყველანაირად დავეხმარები.
_ განწყობა როგორია შუალედური არჩევნების მიმართ?
_ ხალხს უნდა ცვლილებები. ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მჯერა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს.
_ ხელისუფლებისთვის ამ არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს და დათმობს?
_ ისინი ნებით არაფერს დათმობენ, ჩვენ უნდა დავათმობინოთ. ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ ერთი ხმით გადაწყდება, ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. 17 კაცი ოპოზიციას გვყავს და 17 _ მაგათ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შუალედურ არჩევნებზე დიდი ბრძოლა იქნება. „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, მაგრამ ხალხის ხმა იქნება გადამწყვეტი. ხალხის დიდი იმედი მაქვს და მჯერა, როგორც ჩემს ძმას დაუჭირეს მხარი, ასევე მის შვილს დაუჭერენ მხარს. სამწუხაროდ, ჩემმა ძმამ ბათუმელებს დანაპირები ვერ შეუსრულა, მაგრამ ეს მისი მიზეზით არ მომხდარა, მას სიცოცხლე წაართვეს. იმიტომ წაართვეს სიცოცხლე, რომ ბათუმელები არ გაყიდა. ამბობდა, ფულს როგორ ავიღებდი, ხალხმა სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ მომცა ხმაო. „ოცნება“ ხმებს ყიდულობს, ხალხს აშინებს, არჩევნებს აყალბებს. ახლაც ვიხილავთ ამ მეთოდებს, მაგრამ არა მგონია, რომ შეძლონ.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ შეძლებენ? ამ არჩევნების მოგება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.
_ იმიტომ, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა ამათი ნამდვილი სახე. ბათუმელები ხედავენ ცვლილებების აუცილებლობას, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კი ცვლილებები წარმოუდგენელია. ამიტომ გაკეთდება არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ და ხალხი ჩვენს კანდიდატს დაუჭერს მხარს. ოპოზიციონერის მხარდაჭერა იქნება პატივისცემა ჩემი ძმის მიმართ, რომელმაც ბათუმელებს არ უღალატა.
კობახიძესთან შეხვედრა არ მაცალეს, მაგრამ შევეცდები, აქედან დავუსვა კითხვები: ამიხსნას, რატომ არ წარმოებს გამოძიება? რატომ არ მიანიჭეს ჩემი ძმის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი? და რაც მთავარია ამიხსნან, რატომ მოკლეს ადამიანი?
_ თქვენს ძმაზე რატომ იყო განსაკუთრებული ზეწოლა?
_ იმიტომ, რომ პირველი სხდომა მას უნდა ჩაეტარებინა. ამას ვერ ეგუებოდა „ქართული ოცნება“. ეს არის სავარძლებს ჩაჭიდებული ხალხი და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არავის მოკვლას არ მოერიდება. ამათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია. ხალხის ერთობას დიდი ძალა აქვს და მე მჯერა, რომ ამ ერთობით გავიმარჯვებთ. „ქართულ ოცნებას“ ბათუმს არ დავუთმობთ.