ნატო ჩხეიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ვიდრე მისი ფაქტორი იარსებებს, ის ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება“
ირინა მაკარიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებებს „ქართულ ოცნებაში“ ცინიკურად პასუხობენ, რომ ეს განცხადებები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის, _ რა გამოსავალი არსებობს შექმნილი მდგომარეობიდან და შეძლებს თუ არა ქვეყანა, თავი გაართვას მის წინაშე არსებულ გამოწვევებს?
ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე „ქრონიკა+“ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძეს ესაუბრა:
_ მართალია, არც მაიკლ მაკფოლის, არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, არც ევროპარლამენტარების განცხადებები საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის ამ ხელისუფლებისთვის. არ იტყუებიან, როდესაც ამას ამბობენ, მართლაც ასეა, რადგან საინტერესო რომ ყოფილიყო, რაღაც ნაბიჯს გადადგამდგენ და რაღაცას შეცვლიდნენ. რჩებიან იმავე აზრზე, რაზეც ადრე იყვნენ, მაგრამ ამ აზრის შეცვლა მათ მაინც მოუწევთ.
_ ქალბატონო ნატო, როგორ ფიქრობთ, გარეშე ზეწოლა უნდა გაიზარდოს კიდევ? ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს საპროტესტო მუხტის გაძლიერება, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებისთვის ეს მნიშვნელოვანი გახდეს?
_ როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერ ახდენს ის უამრავი გამოხმაურება, რაც ამ საკითხის მიმართ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი პერსონის გამოხმაურებაა. განა, მეტი რაღა უნდა იყოს? მართლაც, მაინცდამაინც ბაიდენმა უნდა გააკეთოს განცხადება? ის განცხადებები, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აკეთებს, რომ შეშფოთებულები არიან, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის? ამის შემდეგ ძნელია განსაზღვრო, რამ შეიძლება იმოქმედეოს ხელისუფლებაზე. შესაძლოა, საერთოდ არაფერმა იმოქმედოს. როგორც ისინი ამბობენ, პენსიონერი გენერლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიცოცხლის ფატალურად დასრულების შემთხვევაში საერთოდ განადგურდება საქართველოს იმიჯი, მათ არ აინტერესებთ. ალბათ, ფიქრობენ, თუნდაც ასეც რომ მოხდეს, მერე რა… ბევრი რამ მომხდარა ამ ქვეყანაზე, ბევრი ვინმე აღარ ყოფილა, ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურებიც კი, მაგრამ ქვეყანა მაინც აგრძელებს ცხოვრებას. შესაძლოა, მართლაც არ მიაჩნიათ ეს არაფრად. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ადარებენ, რომ პირველი პრეზიდენტი ტრაგიკულად გარდაიცვალა, შესაძლოა, ფიქრობენ, _ გარდაიცვალა და მერე რა? ესეც საკითხავია, გარდაიცვალა თუ მოკლეს, თუკი არა, ნამდვილად ძალადობრივი სიკვდილი იყო გამსახურდიას მიმართ, მაგრამ ამის გამო პასუხი არავის უგია… შესაბამისად, ფიქრობენ, რომ არც მათ მოეკითხებათ. ამდენად, რაზე შეიძლება ჰქონდეთ რეაქცია და როდის რა მოხდება მათ გონებაში, ეს ძნელი სათქმელია. ერთადერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარდაქმნა შეიძლება გამოიწვიოს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის დასასრულისკენ წასვლამ და უკრაინის გამარჯვებისკენ სვლის კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩენამ. შესაძლოა, ამის შემდეგ რაღაც ცვლილება მოხდეს მათ გადაწყვეტილებაში.
_ ხშირად საყვედურობენ ოპოზიციას და მის ყველაზე მრავალრიცხოვან პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ არის საკმარისი წნეხი ხელისუფლებაზე. რას ფიქრობთ, შიდა წნეხის გაზრდა მოიტანს შედეგს?
_ აქტივობა ნამდვილად არის, განა რა უნდა იყოს მეტი? მთელი ქვეყანა ვერ გამოვა და პარლამენტის წინ ვერ დადგება. საკმაოდ ძლიერი აქციები იყო და ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება. როდესაც ევროპისა და აშშ-ის დამოკიდებულება ისეთია, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამაზე ადეკვატურად არ რეაგირებს, აჩვენებს, რომ მისთვის არც ამას აქვს მნიშვნელობა, ძნელია განსაზღვრო, აბა, რას აქვს მისთვის მნიშვნელობა?
ის, რაც კეთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვერ ვხედავ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდეს და ვინმე რამეს აკლებს. ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა იყოს?
_ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მუმლაძის ჯგუფის მიერ იმართებოდა სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით უწყვეტი აქციები. ხომ არ იქნებოდა უფრო ეფექტიანუ, რომ იქ მყოფ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობაც“ შეერთდებოდა?
_ არ აქვს მნიშვნელობა, ცალ-ცალკე მართავენ მცირე ჯგუფები აქციებს, თუ მაინცდამაინც ერთად გამართავენ და ყველა ეს ჯგუფი ერთმანეთს შეუერთდება. ასეთ შედარებას გავაკეთებ, _ პარტიზანული მოძრაობა ომის დროს არის მცირერიცხოვანი, მაგრამ არის ხშირი და მოულოდნელი დარტყმები. აქედან გამომდინარე, როდის რა უფრო ეფექტიანია, ამას შედეგი გვაჩვენებს. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა გამართოს აქცია. ვფიქრობ, ყველამ უნდა იმოქმედოს თავისებურად და საერთო ჯამში, შესაძლოა, ამან უფრო გამოიღოს შედეგი.
_ ხშირად დეპუტატებსაც მოუწოდებენ, რომ დატოვონ პარლამენტი და ამით საპროტესტო მუხტი გააძლიერონ, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
_ ამას ოპოზიციას ძირითადად მოუწოდებენ ის პარტიები, რომლებიც თავად არ არიან პარლამენტში ან კონკრეტული მოსაზრების გამო გავიდნენ პარლამენტიდან, მაგრამ, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ მათ აქტივობას, თორემ თუ ისინი აქტიურები იქნებიან პარლამენტს გარეთ, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მყოფი დეპუტატებიც, ჩემი ჩათვლით, ამ აქტივობას შეუერთდებიან. ყველა მხრიდან, ყველა ფრონტიდან მოქმედებები არის საჭირო და აუცილებელი. მაინცდამაინც ყველა ერთ მხარეს გადავიდეს და იქიდან იმოქმედოს, არ მიმაჩნია სწორად. ვინც პარლამენტს გარეთაა, მან უნდა იმოქმედოს პარლამენტს გარეთ და მე ვერ ვხედავ მათ მოქმედებას, მოქმედებას ვერ ვხედავ, თორემ ლაპარაკს _ კი. პარლამენტში მყოფთა მოქმედებას უფრო ვხედავ, თუნდაც ის აქტივობები, რაც არის ევროპარლამენტიდან, თუ სხვადასხვა მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს ჩვენი პარლამენტიდან და ფრაქციიდან მუშაობის შედეგია, თორემ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ იქნება პარლამენტში, მათი ხმა ევროსტრუქტურებამდე ასე მკაფიოდ ვეღარ მივა. ქუჩიდან ხმა იქამდე მაინცდამაინც კარგად ვერ მიაღწევს. ვფიქრობ, ორივე პლატფორმიდან საჭიროა აქტიური მოქმედება და არა მხოლოდ საუბარი.
_ ბოლო დღეებში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ როდესაც პოლიტიკოსებზე გამოაგდებენ ხოლმე ფარულ ჩანაწერებს, ცხადია, ეს არის დაგეგმილი მათი კომპრომეტირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძალიან უშლით ხელს ნიკა მელია და მასზე გამოაგდეს ჩანაწერი, თორემ, ალბათ, ჩანაწერები სხვებზეც არსებობს, მაგრამ ახლა მის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ასევე ხელს უშლით გიული ალასანია. ერთიც და მეორეც ძალიან აქტიურები არიან და ხელისშემშლელები იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ხელისუფლება აწარმოებს, ამიტომ მათი კომპრომეტირება გახდა საჭირო და ასეც იქცევიან. მაგრამ მაშინვე აშკარა ხდება ხოლმე მიზანი. ადრე თუ სამსჯელო იყო შინაარსი, ახლა შინაარსზე აღარავინ მსჯელობს ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაზე ეს გავლენას არ ახდენდეს და სწორედ ეს არის მიზანი. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ამ ჩანაწერის გამავრცელებლებმა თავის მიზანს მიაღწიონ.
_ რას იტყვით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით? იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ შესაძლოა, საქმე პარტიის დაყოფამდე მივიდეს?
_ არჩევნები იმის არჩევნებია, მით უმეტეს, დემოკრატიულ გარემოში, რომ უნდა გაიმარჯვოს რომელიღაც ერთმა კანდიდატმა. მე ისიც არ ვიცი, იქნება ეს სუფთა თუ გაყალბებული არჩევნები. ამაზე იქნება დამოკიდებული, დაიყოფა თუ გაძლიერდება პარტია. ვშიშობ, რომ მაინც გაიყოფა, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად მასშტაბური იქნება ეს. თუმცა პარტიიდან აქამდეც გამოყოფილან ჯგუფები და ისინი ახლა ოპოზიციაში არიან. შესაძლოა, ამ დაყოფამაც პარტია დიდად არ დააზარალოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იარსებებს, ეს პარტია ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება.
_ წელს ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან. როგორ შეძლებს ქვეყანა გაართვას თავი ამ სიტუაციას ისე, რომ არ დაკარგოს ევროპული მომავალი?
_ ძალიან რთული ვითარებაა, იმ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტიდან შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ 6, მეც მაქვს მიღებული მონაწილეობა ამ პროცესში და კარგად ვიცი ეს, მით უმეტეს, ამას ემატება სააკაშვილის საკითხი. აქედან გამომდინარე, ვშიშობ, დადებითად გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუ, რა თქმა უნდა, იმ დრომდე რამე არ შეიცვალა. ალბათ, ესეც დამოკიდებული იქნება უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზე. საერთოდაც, ბევრი რამეა მსოფლიოში ამ ომის შედეგებზე დამოკიდებული. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტერიტორიულადაც და იდეურად. შეიქმნება ახალი რეალობა და როგორი იქნება მასში ჩვენი ადგილი, ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მექანიკურად და თავისთავად არც იქ იქნება ჩვენი ადგილი. იმ დროისთვის ძალიან უნდა იაქტიუროს ხალხმაც, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.