„ნახევრად ვეტო, ნახევრად ქალიშვილობა და ნახევრად ფეხმძიმობა არ გამოდის“, _ შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებზე

გიგა გელხვიიძე

ვადამდელი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირება, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის შემოდინება ქვეყანაში, „ოცნებიდან“ წასული ოთხეული, საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა, _ ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც დღესდღეობით ქვეყანაში ყველაზე აქტუალური და მწვავე განხილვის საგანია.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ამ და სხვა საკითხებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. როგორია მისი ხედვები და რას ელის იგი მიმდინარე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პროცესებისგან? ნათელაშვილის ხედვები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სკეპტიკურია, რადგანაც მისი გადმოსახედიდან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პარლამენტში წარმოდგენილი ქართული ოპოზიციური სპექტრი არასწორი ტაქტიკით მოქმედებს და თავიანთი განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ქრონიკა+“ ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს:

_ ბატონო შალვა, ოპოზიციის მიერ საშემოდგომოდ დაანონსებული აქციების, დაუმორჩილებლობისა და სხვა მსგავსი დაპირებების მიუხედავად, კვლავ ისმის ტრაფარეტული განცხადებები. რა სჭირს ოპოზიციას?
_ ისინი პარლამენტში რომ შევიდნენ, იმ დღიდან მათი მიზანი გახდა იმ პრივილეგიების ათვისება, რასაც იძლევა სადეპუტატო სტატუსი პიროვნებისთვისა და პარტიის შემოსავლებისთვის და სხვა. მატერიალურზე გაიცვალა ქვეყნის ინტერესები მაშინ, როდესაც ხელისუფლება უკვე ემხობოდა და ჩვენ გვექნებოდა ახალი პარლამენტი, ხოლო დღევანდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს შევხვდებოდით მომზადებული და არა ასე კარებგახსნილი ყველა მხრიდან, როცა ვისაც უნდა, ის შემოვა და მერე ისინი ჩაგვიტარებენ რეფერენდუმებს გამოყოფასა და ა. შ. რასაც შევპირდი ხალხს, შევასრულე _ სანქციის კარამდე მივიყვანე ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ეს არის ლეიბორისტული პარტიის ათწლიანი ბრძოლის შედეგი. რომ არა ეს ბრძოლა, ვერანაირი უკრაინის ომი მას სანქციებამდე ვერ მიიყვანდა, რადგანაც ნაყიდი ჰყავდა ლობისტები ამერიკაშიც და ევროპაშიც. ჩვენ ჩავყარეთ ის საძირკველი, რომ იმ ჯგუფებმა ვეღარ შეძლეს მისი დაცვა, რადგანაც ჩვენ ეს ფონი შევქმენით.
_ NDI-ს გამოკითხვებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, საკმაოდ მძიმე სურათი დაიხატა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის, როგორია თქვენი შეფასებები?
_ NDI არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ორგანიზაცია, 1999 წლიდან ის იყიდებოდა შევარდნაძეზე, სააკაშვილზე და ახლა უკვე ივანიშვილზე. მათ ყოველთვის სძულდათ ოპოზიცია და უნდოდათ, რომ ხელისუფლებასთან ყოფილიყვნენ ახლოს, ისინი იდგნენ სათავეში ყველა არჩევნების გაყალბებასთან და მათი ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით არჩევნების ოფიციალური შედეგი იდებოდა. საერთო ჯამში, ამ ორგანიზაციებმა აღნიშნული ფორმატით აქ მუშაობა უნდა დაამთავრონ, ვინაიდან ამერიკას ყველაზე დიდ მტრობას უწევს NDI და IღI.
_ თუმცა ფაქტია, რომ ამ კვლევების მიხედვით არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა არც ერთ ფლანგს, ვგულისხმობ როგორც ოპოზიციურს, ასევე სახელისუფლებოს. რისი ბრალია ხალხის ასეთი დამოკიდებულება მათდამი?
_ NDI-ს, ამ შემთხვევაში, ვერაფერში გავყვებით. NDI-მ გვითხრას, რომელია ამერიკაში სახარბიელო მდგომარეობაში, დემოკრატიული თუ ლიბერალური პარტია? ნოემბერში აქვთ არჩევნები და ჭამენ ერთმანეთს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი მთავარი საზრუნავი იყო ის, რომ ხელისუფლების არსებობა 2024 წლამდე დაეკანონებინათ და საზოგადოება დაეჯერებინათ იმაში, რომ აზრი არ აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რადგან, ავია თუ კარგია, მაინც ხელისუფლებას აქვს უკეთესი რეიტინგი. დაანებონ თავი ვირეშმაკობას.
_ ბატონო შალვა, კვლევებს რომ გვერდი ავუაროთ და უბრალოდ სოციალურ ქსელებს გადავხედოთ, თითქმის ყველა ერთხმად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თქვენი შეფასებით, რა ხდება დღეს და საით მიექანება საქართველო?
_ არსად მიექანება, რადგანაც სადმე რომ მიექანები, ე. ი. არსებობ. არსად აღარ მივექანებით, არანაირი ქვეყანა არ არსებობს, დღეს ჩვენ უბრალოდ გვქვია ქვეყანა. ასე მეც შემიძლია ავდგე და ნაპოლეონი დავირქვა ან პინოჩეტი და ფრანკო. სანამ ქვეყანა გვქვია და სახელი გვაქვს, ეგებ სახელმწიფოებრიობა გადავირჩინოთ და მოვაშთოთ ივანიშვილის რეჟიმი. ამაზე ლეიბორისტული პარტია რასაც შეგპირდათ, ბოლომდე მიიყვანა და ახლა იმედია, საქართველოს პარლამენტში შესული ოპოზიცია საერთო მიმართვას არ დაწერს რუსეთსა და ვაშინგტონში, რომ მაინც დემოკრატიაა, მაინც შესანარჩუნებელია გარკვეული მიღწეული შედეგები და ნუ გაწირავთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციებისთვის. იმედია, ამას არ იზამენ. ახლა ელისაშვილი რომ ამას იზამს, „გირჩი“, გახარია და ინჯია, ვიცი. იმედია, დანარჩენი ამას არ იზამს.
_ საპარლამენტო ოპოზიციის ამგვარი მუშაობის ფონზე რა გეგმები აქვს სამომავლოდ ლეიბორისტულ პარტიას?
_ ნიჩაბი გვაქვს გამზადებული, რომ მიწა მივაყაროთ პოლიტიკურ სამარეში ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის ჩვენი გეგმა.
_ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მინდა გკითხოთ, _ ბოლო პერიოდში ვხედავდით საკმაოდ დაძაბულ ვითარებას აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის, თუმცა საბოლოოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაინც წავიდა გარკვეული სახის დათმობაზე, თუნდაც ელჩის დანიშვნის საკითხთან მიმართებით. რა ხდება ამ ორ ფლანგს შორის?
_ ერთი ბანდაა სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“. ის ახლაც ივანიშვილის გამოგზავნილ ფულებზე ზის, იმ ფულით ჭამს პურს, იმ ფულით დაგრიალებს და აცხოვრებს მის მილიარდერ შვილებს. არ დაიჯეროთ, _ ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო. ერთი ჯგუფია გაყალბებით, უზურპაციით მოსული და ეს საერთო პასუხისმგებლობა მათ ყოველთვის აერთიანებს. ტექნიკური უთანხმოება და ეს გადაძახილ-გადმოძახილი ყველა ოჯახში ხდება, ამან არ მოგვატყუოს.
_ პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს საკითხს რომ შევეხოთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია, როგორია თქვენი პოზიცია ამ კანონთან და, ზოგადად, პრეზიდენტის აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით? ესეც კონკრეტული საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო?
_ პრეზიდენტს ვეტო უნდა დაედო იმ კანონებისთვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ქვეყნის ჩამოშლისთვის და განადგურებისთვის; ვეტო უნდა დაედო იმ კანონისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით მიიღო პარლამენტმა და რომლითაც ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველად მოხდა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიას ართმევენ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების ყოლის უფლებას; ვეტო უნდა დედო იმ კანონისთვის, რომლითაც ლეიბორისტულ პარტიას დაფინანსება წაართვეს; პრეზიდენტს ვეტო უნდა დაედო იმ კანონზე, რომლითაც პარტიას სარეკლამო დრო წაართვეს. ასე ნახევრად ვეტო, ნახევრად ქალიშვილობა და ნახევრად ფეხმძიმობა არ გამოდის.
_ რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე მაინტერესებს თქვენი შეხედულება _ იკვეთება თუ არა რამე სახის საფრთხეები ამ მხრივ? რუსულ არხებზე აქტიურად ტირაჟირებენ რუსეთის მოქალაქეები, რომ დენაციფიკაციის გზაზე საქართველო იქნება შემდეგი და რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენონ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები.
_ უკრაინაში ომი კარგა ხანს გაგრძელდება, შესაბამისად, გაგრძელდება ემიგრაცია და ჩვენს ქვეყანაში შემოსვლაც და, საბოლოო ჯამში, ქართველები გავხდებით ეროვნული უმცირესობა. სამწუხაროდ, ეს პერიოდი ახლოვდება. ეს ყველაფერი დამსახურებაა ოლიგარქიული რეჟიმისა, რომელმაც რუსეთთან არ დააწესა სანქციები და სავიზო რეჟიმი ათი წლის განმავლობაში. ნებისმიერ დროს შეეძლო, ეს გაეკეთებინა და ასევე მოეთხოვა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად. რუსი თუ შემოდის უვიზოდ, ჩვენ რატომ ვერ შევდივართ რუსეთში უვიზოდ? _ ეს მაინტერესებს. ან ეს უნდა გაეკეთებინა „ოცნების“ ხელისუფლებას, ან სავიზო რეჟიმი დაეწესებინა რუსეთთან, თუმცა არ გააკეთა, რადგან ივანიშვილი არის პუტინის მატრიოშკა.
_ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ გაჩერების უფლება ერთი წლის ვადით აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე, მაქსიმუმ მოკლე დროის განმავლობაში, რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს და რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად შემოსვლა ქვეყანაში?
_ არავითარი ფილოსოფია და დიდი სახელმწიფოებრივი სიბრძნე არ სჭირდება ამას. სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან, უნდა ვიცოდეთ, წინასწარ ვინ შემოდის ქვეყანაში, ამის შემდგომ უნდა ჩაერტყას პასპორტში ვიზა. თუ დავინახავთ, რომ პუტინი მოსდევს ტანკით ადამიანს მოსაკლავად, ამ შემთხვევაში მივიღებთ, აბა, რა იქნება. ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია, ცხინვალსა და ხურვალეთში ქართველების ოჯახები რომ დაარბია, ტელევიზორები და უნიტაზები რომ წაიღო სახლში, დღეს ეს ადამიანები შემოდიან ქვეყანაში თავშესაფრის მოსაპოვებლად.
_ მინდა გკითხოთ ე. წ. ოთხეულზე (დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი): ვინ არიან, თქვენი შეფასებით, ეს ადამიანები და რა პოლიტიკის გატარებას ცდილობენ ისინი?
_ ეს ოთხეული (დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი) არის ეშმაკის მსხვერპლი, ისინი ცოცხლებიც აღარ არიან რეალურად. ჰგონიათ, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ დაკარგული აქვთ სულიერება, პიროვნულობა, გაყიდულები არიან და სათამაშოებადაც კი არ შეიძლება მათი აღქმა, რადგანაც სათამაშოებს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, ისინი კი არიან ივანიშვილის ჩაპროგრამებული მოსიარულე გვამები.
_ ე. ი., თქვენი შეფასებით, ისინი არიან „ქართული ოცნების“ მოკავშირეები და არანაირი ცვლილება ამ მხრივ არ მომხდარა პარტიიდან მათი წასვლის შემდეგ?
_ ეს არის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური კავშირი. ანტიევროპულსა და ანტიამერიკულს, რაც ივანიშვილის თავში იხარშება, ახმოვანებს ეს ოთხეული და ამის შემდგომ უკვე ოფიციალურად ტაქტიკურ-სტრატეგიულად ახორციელებს ,,ქართული ოცნება“ და ეს არის რეალობა.
_ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და თავისი გუნდი ჩამოაყალიბა, იყო მოსაზრება, რომელიც დღემდე ნარჩუნდება გარკვეულწილად, რომ იგი არის ივანიშვილის პროექტი და რეალურად არ წარმოადგენს ოპოზიციას, უბრალოდ „ოცნებაზე“ განაწყენებული ელექტორატის მობილიზებისთვის არის საჭირო, რომელსაც საბოლოოდ კვლავ მმართველი გუნდის დასახმარებლად მიმართავს. ხომ არ გიჩნდებათ განცდა, რომ ესეც მსგავსი შემთხვევაა?
_ არა, გიორგი გახარიასა და გიორგი კვირიკაშვილს სხვა სიტუაცია აქვთ. მათ ძალიან დიდი თანხა წაიღეს და ახლა აშინებენ, რომ ჭკუით იყავით, თორემ გოგაშვილივით მოგივათო და ამიტომაც არიან დღეს ჩუმად.
_ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით სხვადასხვა სახის ბრალდებას. მაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორ აისახება ეს საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაზე? სადამდე მიიყვანს ეს ყოველივე ქვეყანას?
_ ელჩი კელი დეგნანი, გარკვეულწილად, მსხვერპლი გახდა და მე შევდივარ მის მდგომარეობაში, რადგან როდესაც ის დანიშნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, მას ჰქონდა დავალება, რომ გადაერჩინა რუსი ოლიგარქი და დასდგომოდა მას გვერდით, რადგანაც ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპის სიძე კუშნერს (ადამ კუშნერი), დავალება ჰქონდა ასეთი და მან პირდაპირ შეასრულა ეს დავალება. როცა უჭირდა და მისი დამხობის საკითხი წყდებოდა, უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები. მაშინ როდესაც ლეიბორისტული პარტიის ფანჩატური არსებობდა, წიხლისკვრით შეყარა ოპოზიციონერები პარლამენტში და გადაარჩინა ივანიშვილი. ახლა კი უკვე სხვა დავალება აქვს მიღებული ვაშინგტონიდან, რომ ეს ყოფილა პუტინის აგენტი, ამერიკის მტერი და მიაწექითო. ახლა რომ მიაწვნენ, ისინი აქეთ მოაწვნენ, _ ადრე ვიყავით კარგები და ახლა გავხდით ცუდებიო? ამან შექმნა ეს რთული სიტუაცია. ამიტომ უნდა დაეჯერებინათ ჩვენთვის ამერიკელ მეგობრებს, როდესაც ვეუბნებოდით, რომ „არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, არ გათეთრდების პუტინი, რაც უნდა ამართლო პოლიტიკითა.
_ ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ალბათ გაეცნობოდით. როგორ ფიქრობთ, ამ ფორმით შეირჩევა შესაბამისი კანდიდატურა, თუკი ხელისუფლების სასურველი პერსონა გამოჩნდება?
_ ომბუდსმენი სულ არ არის საჭირო, არის უმაღლესი სასამართლო, პროკურატურა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ სწორი სასამართლო რეფორმა, არის დეპუტატი, არის გამგებელი, არის მერი, არის პოლიცია და ესენი ყველანი გახლავთ სახალხო დამცველი. ეს სახალხო დამცველი მოათრიეს სკანდინავიური ინსტიტუტიდან. ამერიკის სახალხო დამცველი იცით, ვინ არის? _ არ არსებობს ასეთი თანამდებობა. თუ სასამართლო ხელისუფლება გყავს და მილიარდებს უხდი, ის არის სახალხო დამცველი, ყველა მოსამართლე. რისი გამკეთებელია სახალხო დამცველი, მითხარით, რისი გამკეთებელია, საერთოდ?! ეს ფული, რაც სახალხო დამცველის აპარატზე იხარჯება, მივცეთ სტუდენტებს, რომლებსაც უსახსრობის გამო ვერ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტი. არ მაინტერესებს ლომჯარია (ნინო ლომჯარია _ სახალხო დამცველი), ლომჯარიას მამა ივანიშვილის არქიტექტორია შეკვეთილში, მთელი ხეები რომ დაათხრევინა და როგორღა არის ახლა ლომჯარია მიშისტი და „ნაციონალი“? ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ამ საკითხზე დაიბნევა.
_ საუბრისას შევეხეთ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირების საკითხს. ამ მხრივ გვესმის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე განცხადებებიც და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქტიურობასაც ვხედავთ. ახლაც პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, უკრაინაში იმყოფება და აცხადებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის სიახლეები იქნება. რას ელით თქვენ ამ პროცესებისგან? _ ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდესო და ამისთვის კონკრეტული სახის მტკიცებულებებიც გაქვთ?
_ აღსანიშნავია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მხარემ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაზე ხელი არ მოგვიწერა, მაშინ როდესაც იქიდან გვეკითხებოდნენ, უნდათ ეს სხვა პარტიებსო? არცერთმა არ მოგვიწერა ხელი. ახლა, როცა საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ ფაქტობრივად დასანქცირებულია და ანგარიშები გაყინული აქვს, შვეიცარიის ბანკში დაკარგა მილიონები, ვეღარ აკეთებს ტრანზაქციებს, ანუ ადამიანი ფაქტობრივად სანქცირებულია, ახლა ახმაურდნენ არწივები და ორბები? ეს არ არის ცუდი, მათ ეს უნდა ჩაეთვალოთ რამენაირად, მაგრამ მაშინ რატომ არ მოგვიწერეს ხელი? ახლა უკვე სანქცირება დაწყებულია და ვიღაცას რაღაცის მიწერა თუ უნდა, ეს სხვა თემაა.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მათთან და ამ შემთხვევაშიც ყველაფრის საქმის კურსში ვარ.
_ რას გულისხმობთ მჭიდრო კავშირებში? გაქვთ რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირების შესახებ? შეძლებს უკრაინული მხარე ამის გაკეთებას?
_ პოლიტიკური შემოდგომა ივანიშვილისთვის უკვე დადგა, ის სანქცირებული იქნება უახლოეს მომავალში.
_ აქტიურად მიდის მსჯელობა და ცხარე კამათი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას, ასევე იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად არის ქცეული, რა შანსები აქვს საქართველოს ევროპულ ოჯახში მოსახვედრად?
_ არავითარი, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ განთავისუფლდებიან, მედია არ იქნება თავისუფალი, არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო და ღირსეულად არ ჩატარდება არჩევნები, არ მოვიცილებთ ოლიგარქს, ჩვენ ევროპაში კი არა, აზიაშიც არ მიგვიღებენ. აბა, დამისახელეთ აზიის რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ოლიგარქი და ფულის ტომარა მართავს ან აფრიკის ჯუნგლებში რომელიმე ოლიგარქი მმართველი. სამარცხვინო მაჩანჩალა ქვეყნად ვიქეცით იმის გამო, რომ გვმართავს ფულის მუთაქა და ამას ვითმენთ. მერე კი ვტრაბახობთ, რომ 14 ანბანიდან ერთი ჩვენია, ღვინო ჩვენი მოგონილია და ა. შ.
_ ბატონო შალვა, თქვენ ხშირად გისაუბრიათ კოალიციურ ოპოზიციაზე და გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოახერხეთ მათი გაერთიანებაც კი გარკვეულ ეტაპზე. ბოლო პერიოდში აქტიურად ისმის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა პარლამენტში არსებულმა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კოალიცია შექმნას. როგორ ფიქრობთ, რამის მომცემი იქნება მსგავსი სახის გაერთიანება?
_ არ დაიჯეროთ, კარგით, რა! ესენი არიან აქცენტირებული იმაზე, რომ როგორმე ეს ხელისუფლება 2024 წლამდე მიიყვანონ. ოპოზიცია, რომელსაც ქვეყანა თავზე შემოენგრა, რომელიც არ იბრძვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ყველა გზით ცდილობს, გაწელოს პროცესები და ამ ხელისუფლების ვადა, ის ხელისუფლებაზე უარესია და მისი ადგილი პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს.
_ ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლებოდა ოპოზიციურ პარტიებს დაეტოვებინათ პარლამენტი _ ასეთ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც თითქმის ნახევარი ვადა გასულია მოქმედი პარლამენტისთვის, რისი მომცემი იქნება ეს ყოველივე?
_ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება და ბოიკოტი გამოიწვევს იმას, რომ თუ ახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ექვს თვეში, ჩატარდება ორ თვეში.
_ განვიხილოთ ეს ვერსიაც, რომ თუ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და არასწორი პოლიტიკისა, ძალთა ბალანსის მიხედვით ისინი მაინც იკავებენ ლიდერ პოზიციას ოპოზიციასთან შედარებით. რა შედეგის მომტანი იქნება ეს? საით წავა ხალხის ხმები? გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, შეცვალოს ქვეყნის მმართველი?
_ როდესაც ქვეყანაში არის დიქტატურა, ერთპარტიულობა, დევნა და ერთგვარ კონცლაგერად არის ქცეული ის, შეუძლებელია ან ოპოზიციის რეიტინგზე იმსჯელო, ან მრავალპარტიულ პარლამენტზე, ან პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ან არჩევნების შედეგებზე, სანამ ამათ არ მოვიცილებთ. როგორ გგონიათ, ჰიტლერი სანამ ცოცხალი იყო 1945 წლის აპრილამდეც კი, გერმანელები იფიქრებდნენ, რომ რაღაც არჩევნები იქნებოდა და სოციალ-დემოკრატიას აირჩევდნენ? ან სანამ პინოჩეტი იყო, რამე მსგავსს იფიქრებდნენ? ჯერ უნდა მოვიცილოთ ესენი და ამის შემდგომ დაიმსხვრევა სისტემა, რის მერეც მრავალი პარტია გავა პარლამენტში.