„ქრონიკა+“-მა საქმის ახალი დეტალები გაარკვია
მიხეილ ხაჩიძე
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ოსი მებრძოლი, გიორგი გაგლოევი, მოსკოვი-ვლადიკავკაზის მატარებელში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, სპორტსმენი ბალიშით დაახრჩვეს. ცხედარი დონის როსტოვში მატარებლის გაჩერებაზე აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ის, რომ იგი აქტიურად ეძებდა მამიდას, რიმა გაგლოევას, რომელიც გასულ წელს ჩეჩნეთში გაუჩინარდა. გაგლოევების ოჯახი მიიჩნევს, რომ ქალი მოკლეს.
ცნობილია, რომ რიმა გაგლოევა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან გროზნოში 2022 წლის 6 თებერვალს ჩაფრინდა. ადგილიდან ძმისშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მალე სახლში იქნებოდა. ის მძღოლთან ერთად მანქანით ჩრდილოეთ ოსეთისკენ გაემგზავრა, მათ ავტომობილს ადგილობრივი ნომრის მქონე მანქანა დაედევნა.
შემდგომში ქალის ტრანსპორტი ინგუშეთში, ქალაქ სუნჟასთან ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს, თუმცა ქურდობის კვალი მაშინვე გამოირიცხა. საგამოძიებო სამსახურებს მანქანაში ძვირადღირებული ნივთები, ოქრო, საბანკო ბარათები და ფულიც კი დახვდათ.
გიორგი გაგლოევი თითქმის ერთი წელია, აქტიურად ეძებდა მამიდას, რომლის გაუჩინარებამ კავკასიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მან ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ფაქტის გამოძიებასა და დახმარებას ითხოვდა.
„ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ რიმა გაგლოევა მკითხავი იყო, მას გავლენიანი რუსი, ჩეჩენი თუ ოსი პოლიტიკოსები დახმარებით ხშირად მიმართავდნენ. ქალმა იცოდა უამრავი ინფორმაცია. არის ვარაუდი, რომ სწორედ ამ მიზნით გახდა მისი მოშორება აუცილებელი. შესაბამისად, ფაქტსაც უკვე ერთი წელია, არავინ იძიებს.
რიმა გაგლოევა წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართიდანაა. ის ყოველ ზაფხულს სოფელში ჩადიოდა და მამა-პაპის სახლს უვლიდა. აღსანიშნავია, რომ მისი დაფინანსებით აღდგა ღართის ისტორიული ტაძარი.
ამასთან, როგორც „ქრონიკა+“-ს ინფორმირებულმა წყარომ ვლადიკავკაზიდან განუცხადა, ქალი არაერთ საქველმოქმედო კამპანიაში იყო ჩართული, ის საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს პერმანენტულად ეხმარებოდა.
რიმა გაგლოევა ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. მან საქართველო 30 წლის წინათ დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთში ერთ-ერთ წარმატებულ ქალად მიიჩნეოდა. კარგად საუბრობდა ქართულად და საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. ის 2021 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში მცხოვრებ დებს, ვენერა და სირანა გაგლოშვილებსაც დაეხმარა _ ვლადიკავკაზიდან ფული და საჩუქრები გამოუგზავნა.