ექსკლუზიური ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე მხატვართან

გიორგი საკარული

ფრანგები მას „აბსტრაქციის მეფეს“ უწოდებენ. მისი ნამუშევრები გამოიფინა ამერიკაში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, მონაკოში, რუსეთსა და საფრანგეთში. მისი ნამუშევრები ივანა ტრამპის, ჯოან კოლინზის, ალიშერ უსმანოვის კერძო კოლექციებშია.

სტილის მეტრებმა _ Elle-მ, Harper’s Bazaar-მა,InStyle-მა თავისი პრიალა გვერდები მიუძღვნეს მის შემოქმედებას, Le Figaro-ს მთავარმა რედაქტორმა, ბერტრან სენტ ვინსენტმა კი გამოაქვეყნა სტატია „ყველაზე დახვეწილი და ინტელექტუალური აბსტრაქცია მსოფლიოში“.

2014 წელს მხატვარი გახდა სანდრო ბოტიჩელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც ყოველწლიურად ანიჭებენ ფლორენციაში თანამედროვეობის გამოჩენილ ხელოვანებს. 2013 და 2014 წლებში ალექსანდრე ბერიძე მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებთა ლონდონის აუქციონებში: Phillips de Pury, „Under the Influence“.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ალექსანდრე ბერიძესთან, რომელმაც საქართველო ზუსტად 21 წლის წინათ დატოვა და მაშინ ვერ წარმოედგინა, თუ მას მსოფლიო აღიარებდა. ემიგრაციაში წასულმა მხატვარმა რთული და გრძელი გზა გაიარა, თუმცა ბოლოს ყველაფერი დაუფასდა და მისი ნიჭი ნამდვილმა ხელოვანებმა აღიარეს.

ალექსანდრე ბერიძე:

_ თითქოს ფერწერისთვის ცხოვრების დაკავშირებას ჩემი სული ითხოვდა, ეს საქმიანობა ჩემში ზის, ჩემთვის ეს არ არის პროფესია, ეს არის ის, რაც ბავშვობიდან ვიცოდი უნდა მეკეთებინა, _ ფერწერა ჩემთვის პროფესიაზე მეტია.

_ ბავშვობა ახსენეთ: სად გაატარეთ იგი და რა მოგონებები გაკავშირებთ ამ წლებთან?

_ მე სანკტ-პეტერბურგში დავიბადე. მამით ქართველი ვარ, დედა ნახევრად რუსია, ნახევრად _ ფრანგი. 11 წლის ასაკში ჩამოვედი საქართველოში, როცა ქვეყანაში არეულობა იყო. ქართული არ ვიცოდი, ენის სწავლა საქართველოში მომიწია, სადაც 15 წელი ვიცხოვრე. ჩემმა ქვეყანამ ბევრი რამ მასწავლა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები აქ გავატარე, პიროვნებად სწორედ საქართველოში ჩამოვყალიბდი. როგორი უნდა იყოს ღირსეული კაცი, ეს სწორედ საქართველოში ვისწავლე. ბავშვობაში პროფესიონალურ დონეზე დავდიოდი ცურვაზე, ეს დიდ დროს მოითხოვდა. ხშირად ვიცვლიდი სკოლას, ასევე მიწევდა სხვადასხვა ქალაქში სიარული შეკრებებზე. როგორც სპორტსმენი, ისე ვცხოვრობდი, ამიტომ დიდ დროს ვერ ვატარებდი ჩემს თანატოლებთან ერთად. შესაბამისად, მონატრება ჩემი ამხანაგების მიმართ საქართველოში ყოფნის პერიოდში არ მქონია. განსაკუთრებული მოგონებები სანკტ-პეტერბურგთან არ მახსოვს, ამიტომ ემოციები არ მქონია, როცა 9 წლის შემდეგ პირველად ჩავედი იმ ქალაქში, სადაც დავიბადე და ბავშვობის 11 წელი გავატარე. ჩემი ცხოვრება სწორედ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდა ამ მხრივ საინტერესო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც მომიწია საქართველოს დატოვება, რადგან ქვეყანაში უპერსპექტივობის განცდა იყო. 21 წლის წინათ გადავწყვიტე საფრანგეთში წასვლა, ფრანგული არ ვიცოდი და საფრანგეთში მომიწია ენის სწავლა. გარდა ამისა, ცხოვრების სტილი იქ განსხვავებულია და ამისთვის შეგუება დამჭირდა. ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან დავიწყე. გულწრფელად ვამბობ, ძალიან ძნელი იყო, რადგან საქართველოში დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობდი, ისინი მაქსიმალურ ყურადღებას მაქცევდნენ, არაფერი მაკლდა. საფრანგეთში კი სრულიად მარტო აღმოვჩნდი, არავინ მეხმარებოდა, არავის იმედი მქონდა. სანამ საფრანგეთში წავიდოდი, მოსკოვში გავიცანი ორი სარეკლამო აგენტი, რომლებსაც ჩემი ნახატები ძალიან მოეწონათ. მითხრეს, _ საფრანგეთში რომ იქნები, გამოგვიარეო. მართლაც, როცა საფრანგეთში ჩავედი, მათთან სააგენტოში მივედი და მუშაობა დავიწყე. საჭირო საბუთები არ მქონდა, ამიტომ არალეგალურად მომიწია მუშაობა, ხელფასიც შესაბამისი იყო.

_ წახვიდე ემიგრაციაში, არ არის მარტივი, მით უმეტეს, სრულიად მარტო. რა გზა გაიარეთ მანამ, სანამ ასეთ აღიარებას მიიღებდით უცხო ქვეყანაში?

_ ცხოვრება ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. მართლაც რომ ჯადოსნური რაღაცები შეიძლება მოხდეს სრულიად მოულოდნელად. ყოველთვის მჯეროდა ამის. არსებობს ასეთი გამონათქვამი, ზღაპრების სჯერაო. დიახ, მე ყოველთვის მჯეროდა ზღაპრების და ხშირად მიხდებოდა ოცნებები. სააგენტოში მუშაობიდან 3 წლის შემდეგ ჩვენთან კონკრეტული პროექტით მოვიდა სამუშაოდ დიზაინერი ფილიპ სტარკი. იმ პერიოდში ის არ იყო ისეთი ვარსკვლავი, როგორიც დღეს არის, თუმცა უკვე ცნობილი გახლდათ. მისთვის 25-კაციანი გუნდი მუშაობდა, საკმაოდ ცნობილი დიზაინერი იყო. გავიცანით ერთმანეთი. შემომთავაზა, მასთან დამეწყო მუშაობა და დავთანხმდი. ეს დიდი ნაბიჯი იყო ჩემთვის, რადგან იქ გავიცანი მთელი პარიზი, შევხვდი საინტერესო ხალხს. სააგენტოში ვმუშაობდი, როგორც „შავი მუშა“ _ დღეში 16 საათს ვხატავდი. იმ დროს არ იყო ასე გამართული ტექნოლოგიები, ყველაფერს ხელით ვხატავდი, ამიტომ ბევრი მუშაობა მჭირდებოდა. ფილიპ სტარკთან მუშაობა კი ძალიან დიდი სკოლა იყო, მასთან ურთიერთობის პერიოდში გამოვედი ასპარეზზე, _ რეალურად, ცხოვრება დავიწყე.

2003 წელს უკვე სრულად მქონდა საჭირო საბუთები და ოფიციალურად შემეძლო მუშაობა. ეს საკითხიც ძალიან დამეხმარა, უფრო თავისუფლად და წყნარად ვგრძნობდი თავს. მუშაობის პარალელურად, როცა თავისუფალი დრო მქონდა, სულ ვხატავდი. რაც შეეხება თქვენ ნათქვამს, რომ აბსტრაქციის მეფე მიწოდეს ფრანგებმა, რაც უფრო ბევრ და ხმაურიან გამოფენას აკეთებ, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ხვდები. ჩემი პირველი დიდი და ძალიან ხმაურიანი გამოფენა პარიზში 2011 წელს გაიმართა. 2013 წელს იმ მხატვრების რეიტინგი გააკეთეს, რომლებიც მომავალში ვარსკვლავები იქნებოდნენ და რომლებისთვისაც ყურადღება უნდა მიექციათ, ამ რეიტინგის ათეულში მოვხვდი. 2016 წელს კი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა სტატია, რომლის სათაური იყო, რომ მე ვარ აბსტრაქციის მეფე. ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ამ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გარდა ამისა, ბევრი სხვა სტატიაც დაიწერა, სადაც ასევე სათაურში მომიხსენიებდნენ „აბსტრაქციის მეფედ“. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს.

_ უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წელს თქვენ გახდით ბოტიჩელის პრემიის ლაურეატი. მოგვიყევით ამ დიდი მიღწევის შესახებ…

_ ეს სპეციფიკური პრემიაა. ამ პრემიას აძლევენ არა იმიტომ, რომ კონკრეტული ნახატი დახატე ან გამოფენა მოაწყვე, არამედ ისინი წლების განმავლობაში აკვირდებიან შენს კარიერას და იმ შემთხვევაში გაძლევენ პრემიას, თუ ვითარდები და წარმატებული ხდები.

_ 21 წელია, რაც საქართველოდან წახვედით. ამ დროის მანძილზე როგორ შეინარჩუნეთ მშობლიური ენის ცოდნა ამ დონეზე? საფრანგეთში გაქვთ ქართველებთან ხშირი კონტაქტი?

_ ხშირი კონტაქტი, ამ ეტაპზე, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან არ მაქვს. ერთი პერიოდი ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა, რადგან მაშინ პარიზში ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ, პარიზი დიდი ქალაქია, გამოფენები იმართებოდა, ხშირად სტუმრობდნენ ჩემს გამოფენებს ქართველები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა ბევრჯერ მოსულა ჩემს გამოფენაზე. ჩვენ ვმეგობრობდით. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა, არანაირი კავშირი არ მაქვს ახლანდელ ელჩთან, მას არც ვიცნობ. 2011 წელს დიდი გამოფენა მქონდა პარიზში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გალერეაში. სწორედ მაშინ გავიცანი მამუკა კუდავა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ამავე გამოფენაზე იყო დაპატიჟებული ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი. მან ჩემი ორი ნახატი შეიძინა. საქარველოს იმდროინდელმა ელჩმა საკუთარი თვალით ნახა, რომ ჩემს გამოფენაზე მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები. ის მიხვდა, რომ კარგი მომავალი მელოდებოდა წინ, უფრო წარმატებული კარიერა. ყოველთვის მაქცევდა ყურადღებას.

_ ივანა ტრამპს თქვენი რომელი ნახატი მოეწონა?

_ ეს იყო აბსტრაქცია, რომელიც ძალიან ჰგავდა ნიუ-იორკს.

_ ამ ეტაპზე ახალ ნამუშევრებზე მუშაობთ?

_ რა თქმა უნდა, ყოველთვის ვმუშაობ და არასდროს ვჩერდები იმიტომ, რომ სანამ მაქვს შინაგანი მოთხოვნა, შევქმნა სურათები, ამას ყოველთვის ვაკეთებ, რადგან ვიცი, ერთ დღეს შეიძლება დადგეს წუთი, როცა არ მექნება არც სურვილი და ენერგია ჩემი ნახატების შესაქმნელად. ასეთი დღის დადგომის ძალიან მეშინია.

_ საფრანგეთის მოქალაქე ხართ?

_ ჯერჯერობით არ ვარ საფრანგეთის მოქალაქე, თუმცა საბუთები წესრიგშია და შესაბამისად, ცხოვრების უფლება მაქვს.

_ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული გზა გაიარეთ, მიგაჩნიათ, რომ იღბლიან ვარსკვლავზე ხართ დაბადებული და თქვენი ასეთი შთამბეჭდავი წარმატება ამან გამოიწვია?

_ შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ წარმატებისთვის ძალიან ბევრი მუშაობაა მაინც საჭირო. მარტივია იმის თქმა, რომ იღბლიან ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ამის მიღმა კი ურთულესი გზაა.

_ შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ამაყობდეს თქვენით, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში თქვენ შესახებ არ იციან.

_ სამწუხაროდ, ასე ხდება და არ მესმის, რატომ. ჩვენ აქ ვიბრძვით, ვშრომობთ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი საზღვრებს მიღმა გავიტანოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ცნობილი შვილები საზღვარგარეთ, რომლებიც იქნებიან ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, საქართველოს წარმომადგენლები და ასე უფრო მეტ ადამიანს გააცნობენ ჩვენს ქვეყანას. ხშირად ასეთი როლი ქართველ სპორტსმენებს აკისრიათ ხოლმე, რომლებიც წარმატებულები არიან ჭიდაობასა თუ სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიო მასშტაბით გააქვთ, მათი სახელები ყველამ ვიცით, მათ ყველა ვიცნობთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ჩვენს კულტურას და შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს მას. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს იმ პროფესიონალების შესახებ, რომლებიც საქართველოს გარეთ კულტურის სფეროში მოღვაწეობენ, შრომობენ და საქართველოს სახელი ღირსეულად გააქვთ ქვეყნის გარეთ.

_ გენატრებათ საქართველო? გეგმავთ ჩამოსვლას?

_ ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვცდილობ, ჩავიდე საქართველოში, მაგრამ ცხოვრება რთულია. ძალიან მინდა, საქართველოში დავგეგმო გამოფენა. ასეთ შემთხვევაში ხომ 100%-ით შევძლებ საქართველოში ჩამოსვლას. ველოდები, შესაძლოა, ერთ დღესაც საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოინდომოს და გამიკეთოს გამოფენა.

_ გქონდათ ამ თემის შესახებ კომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან?

_ სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა აქ ჩამოსული იყო დელეგაცია. ჩემ შესახებ კულტურის სამინისტროს ინფორმაცია აქვს.

_ გმადლობთ საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ.