29 დეკემბერს შესაძლოა, სააკაშვილი გაათავისუფლონ

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე, ჯერ კიდევ, სასამართლოს კედლებშია და ყოველი მომდევნო პროცესი, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც შემაჯამებელი და საბოლოო, ახალ პროცესს წარმოშობს. ასე წელავს დროში „ქართული ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და შესაძლოა, ახალ გათენებულ დღეს ლეტალური შედეგი დადგეს.

რა შანსები აქვს სააკაშვილს და როგორ უნდა წარიმართოს პროცესები? როგორია ევროპული სასამართლოს გამოცდილება პატიმარ პრეზიდენტებთან მიმართებით? როგორ იქცევიან ცივილიზებული ქვეყნები მაშინ, როდესაც მათ რამეზე ბრალი უმტკიცდებათ?
ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ადვოკატ ვალერი გელბახიანს ესაუბრება:

_ ბატონო ვალერი, პირველ რიგში, შეგვიფასეთ სასამართლო პროცესი, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართა.
_ ეს იყო მორიგი სხდომა და ამგვარი კიდევ რამდენიმე შედგება. ჯერჯერობით იყო მხოლოდ შუამდგომლობების დაყენების ეტაპი. პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ, ასევე იყო ბატონი შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობები, რომლებიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემდგომში უკვე გადავიდნენ დღის წესრიგზე, რომელიც შედგებოდა ექსპერტების დაკითხვისგან და იმ გარემოებების განხილვისგან, რომელმაც ხელი შეუწყო სააკაშვილის დაავადების დინამიკურ განვითარებას. პრინციპში, ამ სასამართლოს პირველმა ციკლმა გარკვეული შედეგები გამოიღო და ბატონო გოლდსმიტი გამოიკითხა მოწამვლის ნიადაგზე განვითარებული გართულებების თაობაზე, ასევე სულიერ და ფსიქოლოგოურ ჩამოშლასთან, დემენციურ მოვლენებსა და ა. შ. შესახებ. აქ მთავარი იყო, რომ მას დაედასტურებინა სამედიცინო კვლევის ის ნაწილი, რომელშიც თავად მონაწილეობს; რომ დასკვნის ავთენტიკურობა დაედასტურებინა მის ავტორს; რომ ინფორმაციის სანდოობა სახეზე ყოფილიყო და ამას იურიდიულ ენაზე რელევანტურობა ჰქვია. ეს იყო დადასტურებული.
_ რამდენად სწორი იყო ის შუამდგომლობები, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა წამოაყენა?
_ არ იყო სფუძვლიანი ეს მოთხოვნები. წინა დღით ვიყავი „ფორმულაზე“ გადაცემა „თარგამაძის ფორმულაში“, სადაც იგივე შეკითხვა დამისვეს. ეტყობა, იცოდნენ ან მოლოდინი ჰქონდათ. თარგამაძე მეკითხებოდა, _ რომ დააყენოს შუამდგომლობა პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რა მოხდება? _ რაზედაც გავეცი პასუხი, რომელიც შემდგომ ხაჭაპურიძის მოსაზრებაშიც იყო განვითარებული, რომ მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება, მას ეძლევა დრო და ეს ლოგიკური დრო მას მიეცა. მანამდე კი გადაცემული იყო მასალები, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო, ნებისმიერი სახის ექსპერტიზა დაენიშნა. ეს არ გააკეთა და გაუშვა კანონით მინიჭებული უფლების ვადა და შემდგომში დააყენა შუამდგომლობა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა, რაც თავად სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა, რადგანაც მას ამის კონსტიტუციური უფლება არ გააჩნია. მეორე: პენიტენციურ სისტემასა და იუსტიციის სამინისტროს კანონი აღარ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მათ დამატებითი ექსპერტიზები დაენიშნათ. ვინაიდან ვადები გაშვებულია და ეს საერთო ვადები მოქმედებს ყველას მიმართ, როგორც წესი, სასამართლო გამონაკლისს ვერ დაუშვებდა და კანონს ვერ დაარღვევდა. სწორედ ამიტომ ვთქვი წინა დღით, რომ თუ პენიტენციური სამსახური მსგავსს შუამდგომლობას დააყენებდა, არასაკმარისი დასაბუთების გამო სასამართლოს ის არ უნდა გაეთვალისწინებინა, რადგანაც არ არსებობს ისეთი კანონი და რეგულაცია, რომელიც იძლევა ამის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში თითქმის ყველაფერი გაწერილია, სასჯელის აღსრულების გადავადების საკითხი ცალკე პროცედურა არ არის, იგი იხილება ზოგადი წესით, ამიტომ ახალი ნორმატიული ბაზა რომ იყოს, თუნდაც მინისტრის ბრძანება არსებობდეს, პენიტენციურს კიდევ შეეძლო რამე, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობდა და სასამართლო ახალს ვერ გამოიგონებს.
_ შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა უკრაინულად, რის გამოც მან შენიშვნა დაიმსახურა მოსამართლე არევაძის მხრიდან?
_ რა თქმა უნდა, ის არის უკრაინის მოქალაქე და მას კანონი აძლევს სახელმწიფო ენის გამოყენების საშუალებას, _ რომელიც მას სურს, იმ ენაზე იქნას მისი საუბარი ტირაჟირებული. შესაბამისად, მან გამოიყენა თავისი უფლება და ისაუბრა უკრაინულად, სასამართლო კი ვალდებული იყო, მოეყვანა თარჯიმანი. რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა, მას სურდა მისი ქვეყნისთვის მიემართა ამ ენაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის მიიჩნევს, საქართველოში კანონმდებლობა არ არსებობს, ფიქრობს, რომ ის არის მსხვერპლი ხელისუფლების შურისძიების და ასეთ ხელისუფლებასთან ქართულ ენაზე საუბარი არ შედის მის ინტერესებში, არ მიიჩნევს ღირსეულად, რამე სახის განცხადებები გააკეთოს „ქართული ოცნებისთვის“.
_ იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც მისცა ექიმმა გოლდსმიტმა სასამართლოს და იმ დიაგნოზების ფონზე, რომლებსაც ამავე ექიმის განმარტებები ამყარებდა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ დამატებითი სხდომების გარეშე მომხდარიყო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება?
_ ამის შესაძლებლობა ნამდვილად იყო, გარდა იმისა, რომ იქ არის სხვა კვლევებიც. დაახლოებით სამი, ოთხი ტომია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის, რომელიც ამყარებს პოზიციას სააკაშვილის დემენციისა და მოწამვლის თაობაზე, მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს კანონი: თუ დადასტურდება სასამართლოს სხოდმაზე ის მტკიცებულება, რომელიც ითხოვს დაუყოვნებლივ სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებას, მაშინ აუცილებლად უნდა განიხილონ ეს საკითხი. ასევე საკმარისი არ არის მხოლოდ დიაგნოზის დადასტურება. გარდა ამისა, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამო უნდა იყოს სასჯელის მოხდასთან, ამიტომ ექსპერტმა ეს გარემოება და მისი ავადმყოფის დიაგნოსტიკური მგომარეობა უნდა შეუსაბამოს ერთმანეთს და თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის ასეთ მდგომარეობაში, მას აქვს კიდევ იმის საშუალება, რომ მოიხადოს სასჯელის გარკვეული ვადა. გოლდსმიტმა ეს გარემოებები დაადასტურა და ამიტომაც იყო შესაძლებელი, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს იქვე გამოეტანა. მან თქვა, რომ არა მარტო დემენციაა, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მაშინვე უნდა განთავისუფლდეს სასჯელისგან, არამედ გოლდსმიტმა თქვა, რომ შეუთავსებელია, შუსაბამოა ასეთი ტიპის ავადმყოფი იხდიდეს სასჯელს იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც საქართველოშია. სწორედ ეს გამოიკვლიეს და დადასტურდა, ამიტომ სასამართლოს აღარაფერი დარჩა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმსჯელოს. იქ მორე საკითხიც არის _ გადავადება, თუმცა ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ იმ დღეს სასამართლოს დრო არ ეყო და მოინდომა, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება ჰქონოდა ამ საქმეში. მაგრამ თუ ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობის საკითხს, რომ ეს მტკიცებულებები არის სრულიად საკმარისი მის გასათავისუფლებლად, მაშინ სასამართლო ვალდებულია, გავიდეს სათათბიროში და გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ ან აკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ან _ არა.
_ ანუ, რეალურად, სრულიად შესაძლებელია, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 29 დეკემბერს არის ჩანიშნული, მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს?
_ 29-ში სასამართლომ უნდა გამოიტანოს კონკრეტული გადაწყვეტილება: ან დააკმაყოფილოს ეს შუამდგომლობა, ან არ დააკმაყოფილოს, თუმცა მას მოუწევს ამ ყველაფრის დასაბუთება, მაგრამ ვერ დაასაბუთებს, რადგანაც მას არ გააჩნია არანაირი სახის დამატებითი მტკიცებულებები, უნდა იყოს ალტერნატიული დასკვნა, რომელიც არ არსებობს, ამიტომ ის ვერ იტყვის უარს საკუთარი შეხედულების საფუძველზე.
_ თუ არ დაკმაყოფილდება, რა ხდება ამ შემთხვევაში, საით მიდის პროცესები?
_ ამის შემდგომ არის კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც შეეხება უკვე სასჯელის გადავადების საკითხს და იმაზეც თუ უარი თქვა, მერე ერთი არის ახალი გარემოების განაჩენის გადასინჯვა. სააპელაციო სასამართლოს უნდა მიმართოს ადვოკატმა და მსჯავრდებულმა, რომ ვინაიდან სასჯელის დანიშვნიდან დღემდე შეიცვალა გარემოებები, მათ შორის არსებობს საერთაშორისო რეზოლუციები, მიმართვები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, საზოგადოებრივი მოთხოვნა, მაღალი აქტივობა, საერთაშორისო პოზიციების გათვალისწინება. ესაა სრულიად ახალი გარემოება, გადაიხედოს სასჯელი, რომ შინაპატიმრობა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად. ამ მოთხოვნით შევა ახალი პროცედურა; და მესამე, რომელიც არის ამ მეორე პროცედურის პარალელური, ვიცით, რომ ევროპის ინსტიტუტები ქმნიან ჰააგის ტიპის ახალ სასამართლოს ევროპული სახელმწიფოებისთვის. ამიტომ უკრაინა, როგორც წევრი სახელმწიფო, უფლებამოსილია დააყენოს, გნებავთ, ჰააგის სასამართლოში, გნებავთ, ახალ სასამართლოში, გნებავთ, სტრასბურგში საკითხი, რომ ვინაიდან მისი მოქალაქის არაადამიანური მოპყრობა და წამება ხორციელდება და ადგილი აქვს პოლიტიკურ დანაშაულს, დაიწყოს იმ ხელმძღვანელ პირთა მიმართ ჰააგაში გამოძიება, რომლებმაც სააკაშვილი ამ ვითარებასა და პირობებში ჩააგდეს. ამის უფლება უკრაინას სრულად აქვს.
_ „ვივამედის“ კადრები, რომლებიც პენიტენციურმა გაავრცელა, იყო თუ არა კანონდარღვევა და საკმარისია თუ არა ეს იმისთვის, პენიტენციურის წარმომადგენლებმა და იუსტიციის მინისტრმა პასუხი აგონ ამ ყველაფერზე?
_ რა თქმა უნდა, აქ ერთი კი არა, რამდენიმე კანონია დარღვეული. დარღვეულია საერთაშორისო პაქტი პოლიტიკური და სოციალური უფლებების შესახებ. მეათე მუხლია დარღვეული, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეთხუთმეტე მუხლი, პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვა და გაუხმაურებლობა, ანუ ხელშეუხებლობის გარანტიები, დარღვეულია საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და პირდაპირ გეტყვით, სისხლის სამართლის ადმინისტრაციულ კოდექსებში არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. არის დანაშაულის შემადგენლობა, ეს არ არის მორალური დანაშაული, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, რაზედაც სხვები ეძლევიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ხომ ამბობენ, რომ სააკაშვილია დამნაშავე? აი, ბატონო, დამნაშავეა იუსტიციის მინისტრიც და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც.
_ „ვივამედს“ თუ შეიძლება ჰქონდეს კადრებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზია და თუ შეიძლება დადგეს ამ კლინიკაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?
_ „ვივამედი“ ცალკე თემაა. ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ. თუ ეს დადასტურდება შემდგომი კვლევებით, რომ ის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ვითომ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და რომელმაც გამოიწვია გაუარესება, მაშინ პირდაპირ დაისმება პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს არ არის დაზუსტებული.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი ტიპის საქმეებზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?
_ პრეზიდენტი არსად გაუსამართლებიათ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვეულებრივი პატიმრების, ჩემი პრაქტიკა რაც მაქვს, დაუკმაყოფილებლობა არ მახსოვს. ყველა საკითხი დაკმაყოფილებულია. არც იუსტიციის სამინისტროს და არც პენიტენციურს არ სურს, რომ პატიმარი მოუკვდეს. ამის სტატისტიკაც არსებობს: 2015-2017 წლებამდე, სანამ ამ პრაქტიკის დანერგვა დაიწყებოდა, მანამდე კვდებოდნენ პატიმრები საკანში. ამაზე იყო განგაში, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ხელისუფლებას წნეხში ატარებდნენ, _ რატომ კვდება პატიმარი ციხეშიო?! ამიტომ დაადგნენ ამ გზას. როცა დაინახავენ, რომ პატიმარს ისეთი დაავადება აქვს, რომელიც საეჭვოა, მაშინვე აყენებენ საკითხს სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების ან გადავადების თაობაზე. თუ ნახავთ სტატისტიკას, 2017 წლიდან ციხეში აღარ კვდებიან პატიმრები. ეს სტატისტიკა აჩვენებს ნულს. რაც შეეხება პრეზიდენტებს, ჩვენ ვეცადეთ, რაღაც ჩამონათვალი მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის სტატისტიკის სახით, რა ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა ხდება ევროპულ იურისდიქციაში. ყველაზე დიდი ცოდვა სამყაროში თუ ვინმეს აქვს ჩადენილი მეოცე საუკუნეში, ეს იყო ჰიტლერი და პინოჩეტი. პინოჩეტიზე არაერთმა ქვეყანამ აღძრა საქმე და ძებნა გამოცხადდა მასზე, ის იყო ინგლისის ტერიტორიაზე თავშესაფრის უფლებით. ვინაიდან როგორც ჩილეს სახელმწიფომ, ასევე ესპანეთმა მოითხოვეს, რომ გადაცემულიყო ძებნილი დამნაშავე პინოჩეტი მათზე, ამიტომ ინგლისმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გადასცა ესპანეთს. მაგრამ მას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დაუდგინდა დემენცია, რის გამოც განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. საერთოდ განთავისუფლდა. ასეთი პირსისხლიანი ადამიანი, რომელსაც ბრალად ედებოდა 30 000-ზე მეტი სტუდენტის სიცოცხლის მოსპობა, ისიც კი დემენციის გამო სასამართლომ გაათავისუფლა. დანარჩენია ბერლუსკონის მაგალითი. მაქვს ამის მასალებიც, სადაც ეს ყველაფერი დაწვრილებით წერია.
_ ჯერჯერობით საქართველოში ვერანაირი შედეგი ვერ დადგა, ვისაუბრეთ ახალ სასამართლო მოდელზეც. ამ მოცემულობაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს თუ შეუძლია, სტრასბურგში დაჩქარებული წესით რომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება?
_ შეიძლება. მეტსაც გეტყვით: ეს რესურსი ჯერ გამოყენებული არ არის. როგორც სტრასბურგს, ასევე ჰააგის სასამართლოსაც შეუძლია ასეთი რამ, რომ თუ ევროპის მინისტრთა კომიტეტი ან გაეროს საბჭო ან ევროპის პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ან გამოძიება ან საქმის განხილვა, მათი რეზოლუცია არის საფუძველი, რომ ურიგოდ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო განხილვები. ასეთი რეზოლუციები ევროპას ძალიან ბევრი აქვს მიღებული.
_ რა მოლოდინები გაქვთ ამ პროცესებთან დაკავშირებით?
_ იმდენი მექანიზმია ჩასართავი სამართლებრივად, რომ ვერც ერთი მყარი ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამას. რკინაც კი გადნება, იმდენად დიდია სამართლებრივი მექანიზმების წნეხი. თუ საქმის წარმოებას ჰააგა ან სტრასბურგი დაიწყებს, რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? მოსკოვში გაიქცევა? ყველა ვარიანტში აღსასრულებლად გადმოეცემა საქართველოს და ვინც არ დაიჭერს, მას დაიჭერენ. აქ სხვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერზე იგნორირება გააკეთოს, ასე არ არის. ერთი უარი შეიძლება ვიღაცამ გაატაროს, მაგრამ დანარჩენი უარი იქნება სამართლებრივი რეაგირების საგანი. ძალიან ბევრი ევროპული ლიდერი მოხვდა ჰააგის ტრიბუნალზე.