მიხეილ სააკაშვილის საგა – გზა პრეზიდენტობიდან პოლიტპატიმრობამდე

ელისო კილაძე

2007 წლის 7 ნოემბერს, მიტინგის სასტიკი დარბევის მერე, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, წლების შემდეგ ქართულ ციხეში თანაპარტიელებისგან და ჩინოვნიკებისგან მიტოვებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გელბახიანს, იურიდიული სამსახურის უფროს შალვა ხაჭაპურიძესა და შენ მოგიწევდათო, უბრალოდ, დავცინებდი.
არადა, მოგვიწია…

ერთი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. ყველა, ვინც მას წამოსვლამდე ხვდებოდა, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ნოსტალგია სტანჯავდა და ხშირად ახსენებდა ზვიად გამსახურდიას. მან იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ, ციხეში ჩასვამდნენ, მზად იყო თავგანწირვისთვის, მაგრამ არ იცოდა, რომ მის ირგვლივ აღმოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას უღალატებდნენ და მარტო დატოვებდნენ „ოცნების“ რეჟიმის პირისპირ.
ხელისუფლებაში ყოფნისას მიშა მართავდა საკუთარ გარემოცვას, რომელიც მუდმივად იბრძოდა საკუთარი გავლენებისთვის. გუნდის შიგნით ძალოვან უწყებებს შორის ომმა საბოლოოდ ჩამოშალა სააკაშვილის ხელისუფლება. ციხის კადრებიც მერაბიშვილისა და ახალაიას დაპირისპირების შედეგია. ბედუკაძის უშუალო კურატორი ამირან მესხელი იყო და სწორედ მან გაიყვანა ის ქვეყნიდან. მესხელი აღარავის ახსოვს, ის მშვიდად ცხოვრობს ესპანეთში საკუთარ ვილაზე, საქართველოდან წაღებული მილიონებით. დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა, რატომ დაიჭირა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილი, თუმცა შურისძიების მიუხედავად, ის არ შეხებია მერაბიშვილის ოჯახსა და ფინანსებს, თაკო სალაყაია მშვიდად ცხოვრობდა ქვეყანაში და ასევე მშვიდად დააბინავა ქვეყნის გარეთ მერაბიშვილის კაპიტალი (ბოლო ცნობებით, ახლა სალაყაია ჰოლანდიაში ცხოვრობს შვილთან ერთად).
ბრძოლა მიშას შექმნილ პარტიაში ახლაც გრძელდება.
გრძელდება არა მიშას გადასარჩენად, არამედ პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა, რაც საბოლოოდ მისი ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. რუსთავის ციხიდან _ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საავადმყოფოდან _ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა „ვივამედში“, სადაც მისი სიცოცხლე იმაზე მეტად დაუცველია, ვიდრე _ ციხეში.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესის მერე კიდევ უფრო დამძიმდა. პროცესის ჩატარება არანაირ სამართლებრივ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც ვადები ირღვეოდა და არც სააკაშვილის გამოკითხვა იყო მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად, კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, გასცა ცნობა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია და მას პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია, მაშინ როცა მას სიცხე, წნევა და სისუსტე ჰქონდა. პალატაში პროკურორისა და მოსამართლის შესვლას მისი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება მოყვა და ამ დრომდე ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ვერ იღებს საკვებს. ნინო ნადირაძე კი სოციალურ ქსელში, ჩემი ჩათვლით, ყველა იმ ადამიანის გაშავებით არის დაკავებული, რომელიც სააკაშვილის უფლებებს იცავს.
ვინ არის ნინო ნადირაძე?
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, _ არც არავინ.
კლინიკის დამფუძნებელია რუსეთის მოქალაქე ალი აჯი ოღლი ტანრივერდიევი, დირექტორი _ თეიმურ მახმედოვი.
მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ტიტული პრეზიდენტი მას დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.
ის ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რეფორმატორი. რეფორმები მტკივნეული პროცესია, მათ შორის, ეხება პრივილეგირებულ ფენას და ე. წ. ინტელიგენციას. მიშამ დაანგრია სტერეოტიპები, ის მიდიოდა წინ და ქვეყანა მიჰყავდა ცივილიზაციისკენ, ებრძოდა მტრებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, საკუთარ გარემოცვაშიც. როცა პირველად ვნახე კიევში, დიდხანს ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ მის შეცდომებზეც, მოვუყევი ამბები, რომლებიც არ იცოდა, მისმენდა ყურადღებით საათებისა და დღეების განმავლობაში, ბოლოს მითხრა, _ უკან მოხედვისა და გარჩევების დრო არ მქონდა, ჩემს მეგობრებს ხელისუფლებიდან ვაიძულებდი, რომ არ ჩამომრჩენოდნენ და დამწეოდნენო.
ის შეიძლება გიყვარდეს ან გძულდეს, შეიძლება იყო მისი მომხრე ან მოწინააღმდეგე, განიხილავდე როგორც მეგობარსა და პოლიტიკურ მტერს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს, მშვიდად იჯდე და უყურებდე, როგორ კვდება ციხეში პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია.
კლინიკა „ვივამედის“ ფოიეში სულ რამდენიმე ადამიანი იჯდა მიშას საგულშემატკივროდ, აქ იყო ეკა ხერხეულიძე, რომელიც მისი პირადი მეგობარია, დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია, რომელიც გენერლის ღირსებით ბოლომდე დგას მესამე პრეზიდენტის გვერდით, გიორგი ჩალაძე, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობა არ გამოუყენებია პირადი კეთილდღეობისთვის, მეტიც თანამდებობაზე იყო და წავიდა. სად იყვნენ სხვები?
ადამიანები, რომელებმაც მიშას დროს მიიღეს თანამდებობები, მიიღეს პრივილეგიები, იშოვეს ფული, დადიოდნენ მასთან ერთად სამოგზაუროდ, მათ შორის, ის ჟურნალისტებიც, რომელთა ხარჯებიც ე. წ. პიჯაკების საქმეში ფიგურირებს და ახლა ყურმოჭრილად ემსახურებიან საოცნებო ხელისუფლებას, სად იყვნენ ის დეპუტატები, რომლებიც მიშას რეიტინგის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში? სად არის ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა?
და მიშას კიდევ იმედი ჰქონდა, ჩემი ქართველი ხალხი დამიხსნის ციხიდანო.
სინამდვილეში, მისი ქართველი ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის, იმაზე ფიქრობს, თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოს, ოჯახი როგორ არჩინოს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს, შვილები სკოლაში როგორ გაუშვას, ზამთარში გაზი და შუქი ექნება თუ არა ან მექსიკის გავლით საქართველოს დატოვებაზე ფიქრობს; ცდილობს, ქვეყნიდან წავიდეს და ამ ჭაობში არ ჩაიხრჩოს… ერთი მუჭა აღზევებულ მდაბიოთა კასტა კი ქვეყნის ბიუჯეტს ხრავს, ფულს აგროვებს და ფეხებზე კიდია წარსულიც და მომავალიც.
მგონი, პირველად, ემოციამ გამისწრო, მაგრამ ადამიანურად ძალიან ძნელი საყურებელია, როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, როგორ წევს ის უმწეო მდგომარეობაში კლინიკის პალატაში, უტარდება გაურკვეველი მკურნალობა და დახმარების გარეშე ვერც კი გადაადგილდება. ამ დროს კი ხალხის ნაწილი უბრალოდ დუმს, მეორე ნაწილი გახარებულია, მესამე ნაწილი არად დაგიდევს და დანარჩენი ამბობს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს.
ექსპერტების დასკვნა ათ დღეში იქნება მზად, მერე ორი კვალიფიციური ადვოკატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე და…
მას ან გაუშვებენ, ან ციხეში მოკლავენ.
სხვა გზა არ არსებობს.
სწორი იყო თუ არა მიშა, როცა უარი თქვა ქართულ პოლიტიკაზე?
დღეს ქართული პოლიტიკა, კლასიკური გაგებით, არ არსებეობს, არსებობს მხოლოდ გაშლილი დახლი და ვაჭრობა.
ჰოდა, ამ ვაჭრობაში ადამიანური თანაგრძნობის, პატივისცემის, თანადგომისა და გადარჩენის ადგილი, უბრალოდ, არ არის.
ახლა მთავარია, მიშა ფიზიკურად გადარჩეს!