მეგი გოცირიძე: „ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს ვერ გადაურჩება“

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ღალატისთვის პასუხს აგებს. მისი თქმით, დასავლეთი ირაკლი ღარიბაშვილს პუტინის მხარდაჭერას არ აპატიებს. გოცირიძეს ღარიბაშვილის სანქციები არ ადარდებს, მას მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა აწუხებს. ის ფიქრობს, რომ სააკაშვილმა არასწორი დრო შეარჩია შიმშილობის დასაწყებად.

რა შეცდომები დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა? როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ მის განთავისუფლებას? რისთვის უნდა ვუთხრათ მადლობა „ოცნებას“? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მეგი გოცირიძე ესაუბრება:

_ ქალბატონო მეგი, დღეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მთავარი თემაა. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ და შიმშილობამ უკანა პლანზე გადაიწია. მას თითქმის აღარ ახსენებენ. რა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს?

_ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დასაწყებად ძალიან ცუდი დრო შეარჩია. რა დროს შიმშილობაა, მიშა? შენ უნდა იყო ჯანმრთელი! შენ სჭირდები საქართველოსა და უკრაინას! მე არ ვიცი, რატომ დაუშვა ასეთი შეცდომა მიშამ. ახლა შიმშილობის დაწყება არაფრით არ შეიძლებოდა.

_ მიშამ ხომ არ იცოდა, რომ მის შიმშილობას დაემთხვეოდა უკრაინაში ომის დაწყება?

_ უკრაინაში საომარი მოქმედებები რომ დაიწყებოდა, ეს ნათლად ჩანდა. მიშა იმ დონის ლიდერია, რომ შეუძლებელია, ეს არ შეემჩია. მან იცოდა, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ამას ყველა გრძნობდა. ამის მიუხედავად, მაინც დაიწყო პროტესტის ნიშნად შიმშილობა. მართლა არ ვიცი, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ჩემს პრეზიდენტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწყო ეს შიმშილობა. პირველი შიმშილობის დროს ძალიან სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა, ეს სატანები კი მასთან ექიმებსაც არ უშვებენ. კაცი პრეზიდენტი იყო და თავზე კომპიუტერული ტომოგრამა არ გადაუღეს. ეს არის წარმოუდგენელი რამე! მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რა უნდა ველაპარაკო?! _ ესენი არიან სადისტები. არ მესმის, რატომ ვიტანთ ამდენს? ამის ატანა, უბრალოდ, წარმოუდგენელია!

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ჩვეულებრივი გენოციდი მოუწყო. მე მას ვეძახი ხიხო მაჰმად-ხანს. მისი ოცნება იყო, ხალხს მხარი დაეჭირა იმ ძალისთვის, რომელიც ნორმად აქცევდა შურისძიებას. „ნაციონალებზე“ შურისძიებას ვგულისხმობ. ეს ადამიანი ეგოიზმით, შურითა და ბოღმით საზრდოობს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ განვითარებულიყო. ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანებს უკეთესის ძიებაში უარესი მიეღოთ, უკეთესი შესძულებოდათ და უარესი მოცემულობად ჩაეთვალათ. ამიტომაა, რომ ხალხი 5 კილო კარტოფილად ყიდის თავის საარჩევნო ხმას. ამის ყურება უკვე აუტანელია.

_ „ნაციონალურმა მოძრაიობამ“ 5 მარტს აქცია დააანონსა. ისევ აპირებთ ამ აქციის გამართვას, თუ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შეცვალეთ გადაწყვეტილება?

_ რამდენადაც ვიცი, ეს აქცია გაიმართება. ჯერ არაფერი არაა შეცვლილი, მერე თუ რამე შეიცვლება, არ ვიცი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად. „ოცნება“ არის ის მძიმე ნარკოტიკი, რომელიც მანამდე გმარხავს, სანამ მოკვდები. ეს თუ არ გააცნობიერა ქართველმა ხალხმა, არ ვიცი, როგორ წავა ამ ქვეყნის საქმე.

5 მარტს ჩვენ კი დავიწყებთ აქციებს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერაც გვჭირდება. მთავარია, ხალხი შემოგვიერთდეს, თორემ ჩვენ პროტესტი დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს. არ მესმის, როგორ გვიბედავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი სახელით უწვება ოკუპანტს?!

_ რას ნიშნავს, ოკუპანტს უწვება?

_ ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადებები ოკუპანტთან დაწოლაა.  გესმით, ეს რა ხდება?! ხიხო მახმად-ხანის მონა გამოდის და ჩვენი სახელით აბარებს ქვეყანას ოკუპანტს.

_ ოკუპანტებისთვის ჯერ არ ჩაუბარებიათ ქვეყანა.

_ ამაზე მეტი ჩაბარება რაღა გიინდათ? თან დროსაც ხომ გააჩნია, როდის ჩაბარდები მტერს. ესენი მაშინ ჩაბარდნენ ოკუპანტებს, მთელმა მსოფლიომ იზოლაციაში რომ მოაქცია.

_ თუმცა „ქართულ ოცნებას“ თუ ვკითხავთ, თქვენ გინდათ საქართველოს ოკუპანტისთვის ჩაბარება.

_ მაგაზე სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო? დიდი იმედი მაქვს, სერიოზულად არ მისვამთ ამ კითხვას.

_ სერიოზულად გისვამთ კითხვას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ ამას და თქვენი აზრი მაინტერესებს.

_ ძალიან გთხოვთ, ამათ სისულელეებზე ნუ მალაპარაკებ. ისედაც ცუდად ვარ უკრაინაში მიმდინარე ომისა და მიშას შიმშილობის გამო. ძალიან მძიმე ვითარებაა. ამ ფონზე „ქოცებზე“ ყურადღების გამახვილება მათთვის დიდი პატივია. მადამ პიურე საერთოდ გადაირია და ლამის მუხლები გადაიტყვა უკრაინაზე ლოცვით.

_ მადამ პიურე ვინ არის?

_ ფრანგი პენსიონერი სალომე ზურაბიშვილი _ ეგ 5 კილო კარტოფილად არჩეული ძალად პრეზიდენტი რა ნამუსით იღებს უკრაინაზე ხმას?! რა ნამუსით ამბობს, უკრაინას ვგულშემატკივრობო?!

_ თუ გულშემატკივრობს, არ თქვას?

_ საქმეც ის არის, რომ არ გულშემატკივრობს. მაგან უკრაინას როგორ უნდა უგულშემატკივროს, როცა ანწუხელიძესა და ჩვენს სხვა მებრძოლებს უჩივლა. უჩივლა იმის გამო, რომ ისინი საქართველოს იცავდნენ. მადამ პიურეს თუ მართლა გული შესტკივა საქართველოსა და უკრაინაზე, მაშინ მოაწეროს ხელი განკარგულებას, რომლითაც ისტორიაში შევა.

_ რომელ განკარგულებას უნდა მოაწეროს ხელი?

_ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. კალამი მის ხელშია და მოაწეროს ხელი შეწყალებას.

_ შეწყალებაზე ამბობს: არა და არასოდესო.

_ არ აპირებს მიშას შეწყალებას, თუმცა რას ველოდები ამ მოღალატისგან, ქალმა ანწუხელიძეს უჩივლა. ეს პუტინის მონა!

_ „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვის გამოც გოდებდა.

_ მოსთქვამდა და იყო ერთ ამბავში. ახლაც რომ ჰკითხოთ, იგივეს იტყვის, ქართულმა მხარემ მოაწყო პროვოკაციაო. შეუძლია ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ გაიძახის, არა და არასოდესო. რა დაუშავა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს? იქნებ, თქვენმა მკითხველმა იცის რამე და თუ რამე იცის, ხმა მომაწვდინოს. მიშას ერთადერთი დანაშული ის არის, რომ პუტინს გაუწია წინააღმდეგობა. აი, ამას ვერ პატიობს სალომე ზურაბიშვილი. და როგორ დავიჯერო, რომ ამ ქალს უკრაინა სტკივა?

ერთი რამეც უნდა ვთქვა: მიშას სიცოცხლე არის საფრთხეში, ზურაბიშვილს შეუძლია ამ ადამიანის გადარჩენა, მაგრამ არ აკეთებს. ამის შემდეგ მას როგორ უნდა დავუჯერო, რომ უკრაინა სტკივა? ეგ არის პუტინის მონა. მიშა ისტორიაშიც შესულია და ამ ბრძოლასაც გაუძლებს. მიშა იყო ერთადერთი, ვინც პუტინს შუბლით შეასკდა და ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა. ჩვენ მისი მადლიერები უნდა ვიყოთ.

ჩვენი დიდი შეცდომა ის იყო, რომ მმართველობის ცხრა წლის მანძილზე ეს ჩასარეცხები არ ჩავრეცხეთ. ჩვენ რომ ისინი ჩაგვერეცხა, დღეს გათახსირებული და შლეგი პუტინისთვის წერილის მიწერას ვერ გაბედავდნენ. ეს იცით, რატომ ხდება? ბაყაყი მხოლოდ ჭაობში იკიდებს ფეხს.

_ გინდათ თქვათ, რომ ჭაობის შექმნას თქვენ შეუწყვეთ ხელი?

_ ასე გამოდის. ჩვენ ისინი სათანადოდ ვერ ჩავრეცხეთ. აყიყინება ახლა მოახერხეს, იმიტომ რომ ახლა გაჩნდა რუსული ჭაობი.

_ წერილი ახსენეთ და ამაზეც ვისაუბროთ: პუტინისთვის მიწერილი წერილი ხალხმა არაფრად ჩააგდო. ეს, ალბათ, იმის ბრალი იყო, რომ უკრაინაში ომი დაიწყო და ამათთვის ვერავინ მოიცალა.

_ რა დროს ამათზე ლაპარაკია! _ უკრაინა ებრძვის გიჟ პუტინს! წლების წინ ამ წერილის ერთ-ერთ ხელისმომწერს ფეისბუქზე ცუდად შევეხე და მაშინ თქვენ დამიწერეთ, რომ ასე არ შეიძლება, კარგი მეგობრები იყავითო. მაშინ გითხარით, რომ ვინც ჩემს ქვეყანას ურტყამს, ის ჩემთვის არ არსებობს. ამ ადამიანის ხელმოწერაა პუტინისთვის გაგზავნილ წერილზე. წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ მოაწერა მარინა მოლოდინმა მაგ სამარცხვინო წერილზე ხელი. ძალიან სასაცილოა ეს წერილიც და მისი შინაარსიც. წერილზე ხელმომწერები ხომ ცალკე საღადაო თემაა.

_ რატომ არის საღადაო თემა?

_ ამ წერილის ხელმომწერები ყველა იყო „ობიექტივის“ მრევლი. ახლა მოაწერეს წერილს ხელი და გვარებს მიაწერეს, თითქოს რაღაც ორგანიზაციას წარმოადგენენ. სირცხვილია, ხალხო! მე მსგავსი სასაცილო არაფერი მინახავს.

_ ამ წერილზე ხალისობთ?

_ აბა, რას ვშვრები? ამ სისულელეზე რატომ უნდა მოვიშალოთ ნერვები? იმდენად უმნიშვნელოდ მივიჩნიე, რომ ფეისბუქზე პოსტიც კი არ დამიდევს.

_ სიმართლე გითხრათ, თქვენგან გამიკვირდა, წერილი და მისი ხელმომწერები რომ არ შეაჩვენეთ.

_ ეგღა მაკლდა, ამათზე დამეწერა ჩემს კედელზე. ეგღა მაკლდა, მოღალატე ვალერი კვარაცხელიასთვის დამედო პატივი. ვალერი კვარაცხელია თავის ცმაცუნა ულვაშებით რასაც წარმოადგენს, ყველამ ვიცით, ეგ რუსეთის მონა! მაგათზე დროს ნამდვილად არ დავხარჯავ. ერთი გემრიელად გავიცინე მაგ წერილზე და მორჩა! თქვენც იგივეს გირჩევთ.

_ როგორ გავიცინოთ, როცა ჩემი ქვეყნის მოქალაქეები დამპყრობელი ქვეყნის პრეზიდენტს წერილს უგზავნიან და თქვენო აღმატებულებაო, მიმართავენ?

_ დამიჯერეთ, არ ღირს ნერვიულობად. რაც შეეხება პუტინის აღმატებულ ხარისხში მოხსენიებას, არის ეს პუტინი მაგათთვის აღმატებულება და რა გააკეთონ? ჰყავდეთ ეს პუტინი და იყვნენ. მალე ჩაუქვესკნელდებათ და ვნახავ, რა წერილებსაც დაწერენ. პუტინისთვის გაგზავნილ წერილზე მეტად მე ის მადარდებს, რომ ვერავინ დაადგინა, დღეს საქართველოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს.

_ ისე, ამის დადგენა მართლა რა გახდა?

_ ეს ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თავი ვერ მოაბა. თავი რომ მოებათ, გვეცოდინებოდა, თუ რამდენი ადამიანია საარჩევნო სიაში და რამდენი მონაწილეობს არჩევნებში და ა. შ. ამით კარგად სარგებლობს ხელისუფლება და აყალბებს არჩევნებს.

_ ისევ 5 მარტს ჩანიშნულ აქციას დავუბრუნდეთ. როგორ გგონიათ, ხალხი გამოვა? უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა.

_ ამ აქციაზე მეც ვიყავი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, უკრაინისთვის მხარი დაგვეჭირა. ხალხს რაც შეეხება, ჩვენი საზოგადოება დადის აქციებზე. გახსოვთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა მარიხუანის ლეგალიზებაზე? ხალხის გამოსვლას რა აზრი აქვს, თუ ლიდერი არ იქნება. ლიდერი კი ბევრი არაა. ეს პრობლემა მარტო საქართველოს არ უდგას, მთელი მსოფლიო განიცდის მიხეილ სააკაშვილის დონის ლიდერების ნაკლებობას. ჩვენთან ასეთი ადამიანი ციხეში ჰყავთ.

უცბად წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ახლა გარეთ. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სასწაულ ამბებს დაატრიალებდა და ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვლებოდა.

_ რას დაატრიალებდა სააკაშვილი?

_ საქართველოს პრემიერი აღარ იქნებოდა ღარიბაშვილი. ან ორჯერ და სამჯერ რომ მოგვივიდა თელმიკოდან ქვითრები, ამას გაატარებდა მიშა? თავისუფალი რომ ყოფილიყო, ამ ქვითრებს სათითაოდ გადააყლაპებდა ამ საზიზღრებს.

_ ამ ქვითრებზე რატომ ხმა არ ამოიღო ხალხმაც და ოპოზიციამაც?

_ იმიტომ, რომ არ გვყავს ისეთი ლიდერი, რომელიც ამის გამო ხელისუფლებას სათანადოდ მოსთხოვდა პასუხს. ვიღაცებს ერიდებათ ამის თქმა. მაგრამ მე სიმართლის თქმის პრობლემა არ მაქვს _ საქართველოს დღეს არ ჰყავს ლიდერი. კაცი, რომელსაც ლიდერის ფუნქციის შესრულება შეუძლია, ციხეში ზის. მიშასნაირი ლიდერები მსოფლიოში სულ რამდენიმეა. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის უცნაურვარცხნილობიანი პრემიერი _ აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანით.

_ ვიღაცებმა დაწერეს, ბორის ჯონსონი ირაკლი კობახიძის სიბერეაო.

_ ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება? ის არის გაჩეჩილი, კობახიძეს კიდევ დაწყობილი აქვს დალალები და საერთოდ ვისზე მელაპარაკებთ? დღევანდელ მსოფლიოში ლიდერების დეფიციტია. მე მიშას ფანი კი არ ვარ, მე პატივს ვცემ მის ფასეულობებს. ეს ფასეულობები რომ გადააფასოს, ხვალ ჩემთვის მიშა აღარ იარსებებს.

უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. იმედი მაქვს, ეს ომი უკრაინი, ანუ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ საზიზღარი პუტინის წინააღმდეგ, ახლა რუსეთი იზოლაციაშია მოქცეული. ეს შლეგი და შეშლილი პუტინი! ეგ ხომ მეზიზღება, მაგრამ იმაზე უფრო ვმწარდები, რომ მაგ შეშლილს ვიტანთ.

_ მაგ შეშლილს ჩვენ რატომ ვიტანთ, ჩვენი პრეზიდენტი კი არ არის.

_ ეგ ოფიციალურად არ არის ჩვენი პრეზიდენტი, თორემ მთელი მთავრობა მაგას ემორჩილება. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ იმას, რაც ვლადიმირ პუტინს ესიამოვნება.

გამაგებინეთ, ხალხო, რატომ ვიტანთ ამდენს? რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ საიმისო, რომ ათი წელი ხელისუფლებაში იყოს? მე გეტყვით, რაც გააკეთა ქოცდუმამ, ანუ საქართველოს პარლამენტმა: პირველი, რაც გააკეთა, პრეზერვატივები გაათავისუფლა ბუსუსებისგან. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სულ ღერა-ღერა დააცალეს პრეზერვატივებს ბუსუსები. მერე ჩიხტიკოპის ტარებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ბერძენიშვილებმა და უსუფაშვილი-ხიდაშელის წყვილმა დიდის ამბით მოაწერეს ხელი. მერე იყო ლარის გაფერადება, რომელიც ცოტა ხანში კუპონად აქციეს. თელავში მეტრო გაიყვანეს. თელავის საკრებულომ დაამტკიცა, რომ მეტროსთვის უნდა მიეხედათ.

_ ეგეთი მეტრო ხულოშიც იყო.

_ იქნებოდა, აბა, რა. ქუთაისში პორტი გახსნეს; ხაშურში აეროპორტის დაფინანსება გაიზარდა. ზუგდიდის საკრებულომ ნებართვა გასცა, მიცვალებულები მჯდომარე მდგომარეობაში დაეკრძალათ; ოზურგეთის საკრებულომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ღორის სპერმის ვალი გადაიხადა;

ფოთის საკრებულომ რა გააკეთა? ადამიანებს აუკრძალა ძაღლებთან და კატებთან სექსი. თელავის მერიამ რა ქნა? _ გერმანიიდან ხარის სპერმა გამოიწერა; ტყიბულის საკრებულომ ქათმებისთვის ფრთების დაჭრა აკრძალა.

_ ძალიან მეცინება, ამას რომ ყვებით, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა უწერიათ საკრებულოებს.

_ როდის იყო, მე ტყუილს ვამბობდი? წარმოიდგინეთ, რამდენი რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ გაკეთებული და ჩვენ არ ვიმჩნევთ. ტყუილად კი არ ამბობენ „ქოცები“, „ნაციონალებს“ კაცი ვერაფერს დაგანახებთო.

ამაზე კი ვიცინეთ, მაგრამ სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. ამ სისულელეებისთვის ბოდიშიც კი არ მოუხადეს საზოგადოებას. მიშა რომ გვყოლოდა, ამის გამო ყველა საკრებულოს კარი აჭედილი იქნებოდა.

_ მიშა მაგ დროს კიევში იყო.

_ კიევში იმიტომ იყო, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ნეტა, მიშა არ ჩამოსულიყო კიევიდან, თავისუფალი მაინც იქნებოდა. ჩვენ მას ვერაფერს ვშველით. მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

_ ფიქრობთ, რომ საქართველოში მისი დაბრუნება შეცდომა იყო?

_ შეცდომა არ ყოფილა, თავის აშენებულ ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო. შეცდომა ის იყო, თავი რომ დააჭერინა ამ მოღალატეებს. ერთი დღეც რომ გაეძლო და არჩევნების დღეს გამოჩენილიყო, „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად წავიდოდა. ახლა მიშა ციხეშია და „ქოცები“ თავის გიჟ პუტინიანად ბედნიერები არიან.

_ „ქოცები“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ბოლომდე მოხდა მოუწევს.

_ ეგენი ბევრ რამეს ამბობენ. მიშამ თავი დააჭერინა, თორემ შეიძლება, ახლაც არ ჰყოლოდათ დაკავებული. არადა, ახლა როგორი საჭიროა თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი. ის სჭირდება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. მიშა ახლა უკრაინაში რომ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბებს დაატრიალებდა. მსოფლიო ხომ ისედაც ფეხზე დგას და ეს მთლად საოცრებებს იზამდა.

_ „ქოცები“ და რუსები მაგას დააბრალებდნენ უკრაინაში ომის დაწყებას.

_ „ქოცებმა“ ეს ბრალი უკვე წაუყენეს. ზოგიერთი ქოცექსპერტი ამბობს, მიშამ იცოდა, რომ ეს ომი დაიწყებოდა და ამიტომ გამოიქცა უკრაინიდანო. აქამდე ამბობდნენ, ხელისუფლების დამხობა სურდაო. ამათ ჩამოყალიბებას ხომ არ დაადგა საშველი. მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი, „ქოცებს“ კი რა ეშველებათ, არ ვიცი.

_ უსაშველო რა უნდა დაემართოთ?

_ მამა მარჩენალი პუტინი რომ დაუმთავრდებათ, მერე ნახავთ, ეგ შლეგი რუსებს თუ გადაურჩა ცოცხალი, ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდება. სანამ მაგ გიჟს გაასამართლებენ, „ქოცები“ აგებენ პასუხს. ბიძინა ივანიშვილი ჩათვალეთ, რომ დამთავრებულია. პუტინთან დაკავშირებულ ყველა ოლიგარქს დაუყადაღებენ ქონებას. სანქციები არ ასცდება ირაკლი ღარიბაშვილსაც.

_ ღარიბაშვილს რატომ არ ასცდება სანქციები?

_ რუსეთის მხარდაჭერის გამო, უკრაინაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არის რუსეთის მხარდაჭერა. ეს კი ისჯება, ჰოდა, ღარიბაშვილი დაისჯება.