ცხოვრება უფრო მძიმე დღეების მოლოდინში
გიგა გელხვიიძე
რამდენიმე დღის წინათ გაზეთ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გვთხოვა, მისი ამბავი გაგვესაჯაროებინა, რადგანაც, როგორც თავად გვითხრა, ერთადერთი იმედი, რომელიც დარჩა, ეს მედიაა.
ირინა ლორთქიფანიძე მარტოხელა დედაა, ის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამჟამად საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს (ქალაქს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგანაც მას ეშინია, რომ შესაძლოა ყოფილი მეუღლე ან მისი რომელიმე ახლობელი მასთან მივიდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს და ბავშვები შეუშინოს).
ქალბატონი ირინას მონაყოლით, ცხოვრება მას შემდეგ შეეცვალა, რაც ის ყოფილ მეუღლე ილია დევდარიძეს დაუკავშირა. ლორთქიფანიძის მონაყოლით, იმ დროისთვის მას კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა და ასევე ფლობდა უძრავ ქონებას, რომელიც ემიგრაციაში ყოფნით შეიძინა. საქართველოში დაბრუნებულმა შექმნა ოჯახი, საიდანაც დაიწყო მისი პრობლემები.
რა მდგომარეობაში უხდებოდა ცხოვრება ირინა ლორთქიფანიძეს და როგორ დააკარგვინა ყველაფერი მეუღლის მამიდაშვილმა და საკუთარმა ბიძამ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ მე ვარ ირინა ლორთქიფანიძე, ჩემი ყოფილი მეუღლე არის ილია დევდარიძე. ვარ იმერეთიდან, ქალაქ ვანიდან, ის არის კახეთიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანიდან. როდესაც ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნეს, მე უკვე ასაკი მქონდა, პატარა ბავშვი არ ვყოფილვარ, 39 წლის ვიყავი. ერთმანეთი გაგვაცნეს საერთო ნაცნობებმა, ილია 40 წლის იყო. ჩვენ ვიცოდით, რა თემაზე უნდა დავლაპარაკებოდით ერთმანეთს. 15 წლის მანძილზე ევროპაში ვცხოვრობდი, ვიყავი შეძლებული ადამიანი. მე არ ვყოფილვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ვინმეს ხელში უყურებს, ყოველთვის მქონდა ჩემი დამოუკიდებლობა. 24 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წავედი და დავბრუნდი 2010 წელს. ამ დრომდე დაოჯახებული არ ვყოფილვარ. დედასთან ერთად ვიყავი საბერძნეთში, იმ პერიოდში მხოლოდ საბერძნეთში შეგვეძლო წასვლა. ჩვენ კანონიერად წავედით და არა გადაპარვით. როდესაც ჩავთვალე, რომ ოჯახისა და ბავშვებისთვის ყველა საჭირო რესურსი მექნებოდა, მერე შევქმენი ოჯახი. თვითონ ეს პიროვნება იყო ძალიან ღარიბი. თუმცა ამ ნიშნით ნამდვილად არ ვასხვავებ ადამიანებს. ზოგს აქვს იმის საშუალება, რომ კარგად იყოს და თავისთვის აგროვებს ყველაფერს, მაგრამ როცა უკვე ოჯახს ქმნი, იქ ჩემია-შენია არ არსებობს.
კი ბატონო, მე მქონდა, მაგრამ იმასაც ხომ უნდა გაენძრია ხელი?! ვიფიქრე, რატომღაც, რომ ძლიერი პიროვნება მეყოლებოდა გვერდით და ვერც წარმოვიდგენდი, სადაც შევქმნიდით ოჯახს და სადაც შვილები გაჩნდებოდნენ, შემდგომში ეს ყველაფერი დაინგრეოდა.
_ რა მოხდა? რატომ დაანგრიეთ ოჯახი?
_ მოვლენები ასე განვითარდა: ამ პიროვნებასთან (მეუღლეს გულისხმობს) სულ მქონდა წალაპარაკება, რომ ემუშავა, მხოლოდ მე აღარ შემეძლო. მე კი ჩამოვიტანე ბევრი რამ, გვაქვს ერთი სახლი, მეორე სახლი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ მასაც უნდა ემუშავა, მხოლოდ სახლი არაფერი იყო. ყოველთვის უნდა გქონდეს რაღაც შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინო. შემეძინა ერთი გოგონა, მარიამი, შემდეგ უკვე მეორე შვილიც გაჩნდა. ამ დროის მანძილზე, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთადერთ რამეზე მქონდა მასთან კამათი, რომ სამსახური მოეძებნა. შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, რა მოილაპარაკეს, რა გააკეთეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და მისმა მამიდაშვილმა. მან იცოდა, რომ კაცს არ ვენდობოდი და მისი მამიდაშვილი გოგო, ჩემი ასაკის ქალი მოვიდა და მითხრა, _ მოდი, ირინა, ასეთი რაღაც გავაკეთოთ, ამ ასაკში ხომ არ გინდა, რომ ოჯახი დაგენგრეს, არც ჩემს მამიდაშვილს მინდა, რომ დაენგრეს ოჯახი და ფართებს გაყიდვინებთო.
_ როგორც მივხვდი, თქვენი მეუღლის ინიციატივა იყო ეს? რა ჰქვია მამიდაშვილს და რა უნდა გაგეკეთებინათ ამ შეძენილ ფართებში?
ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მოიყვანა მისი მამიდაშვილი, ლელა ფურცელაძე. ვისაუბრებ იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ამ ფართებში. მე ვარ თმის სტილისტი და მუშაობა უნდა დამეწყო. ფართი იმიტომ ვიყიდე, რომ ფართში არ გადავიხდიდი დამატებით თანხას. რატომ უნდა გადამეხადა ქირა, როცა შემეძლო, ჩემი მქონოდა? ფართი ვიყიდეთ, მაგრამ იმ მომენტისთვის იქ იყო მაღაზია. უკან არ დამიხევია, მაგრამ მაშინ მყავდა ორი პატარა და აქედან გამომდინარე, მართლა ვერ შევძლებდი, რომ ფიზიკურად მემუშავა. ამიტომ მაღაზია ავიღე და სანამ მე შევძლებდი სამუშაოდ გასვლას, იმუშავებდა მაღაზია. ორი მაღაზია ვიყიდე. თანხა, რომელიც გადაიხადეთ ფართების შესაძენად, პირადად თქვენი იყო, თუ საერთო?
_ თანხა ჩემი იყო! ჩემი თანხით ვიყიდე და ვენდე ჩემს ყოფილ მეუღლეს იმიტომ, რომ მისი მამიდაშვილი მას ვერ გაუბედავდა რაიმეს, თორემ მე ისე კარგად გაცნობილი არ მყავდა, რომ მას მივნდობოდი და ამიტომ ვენდე ჩემს ყოფილ მეუღლეს. ახლა კი ვარ თაღლითობის მსხვერპლი. ამის შემდეგ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ საქმეში ჩაერთო ჩემი ბიძა, ოთარ დვალიშვილი. მე მას დავეკითხე აზრი, რადგან ეს ძალიან საპასუხისმგებლო თემა იყო. ბიძამაც და მეუღლემაც თქვეს, რომ ეს კარგი ვარიანტია და ვენდოთ ლელას, ის მე ვერ მიღალატებსო. ეს დევიზი იყო მისგან, რომ ლელა მე ვერ მიღალატებსო, მეც იმიტომ დავთანხმდი. გარდა ამისა გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში, კარის მეზობელია ის, არა მხოლოდ მამიდაშვილია ჩემი ყოფილი მეუღლის, გვერდით ცხოვრობს, ერთი ღობე გვყოფს. მერე ეს თანხა დაიკარგა და დაიწყო ცოლ-ქმარს შორის დიდი შეტაკება. გადავწყვიტე, რომ უნდა მეჩივლა ლელასთვის თუმცა, ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ არ უნდა შემეტანა საჩივარი, ასევე ბიძაც ჩაერია და თქვა, რომ არ უნდა მეჩივლა.
_ რაც შეეხება თანხას: ეს თანხა ყველა ჩემი კი არ იყო, ორი მაღაზია რომ ვიყიდე, ერთი ფართის ფული იყო ჩემი, ხოლო მეორე ფართის ფული ჩემი დის, საზღვარგარეთაა ისიც. ჩემმა დამაც თქვა, რადგან შენ ყიდულობ, მეც მაყიდინე, რომ როდესაც ჩამოვალ, უზრუნველად ვიყო და არ მქონდეს იმის საშიშროება, თანხა საიდან უნდა შემომივიდესო. ორივე მრჩეველი და თავდები გაქრა, არ არსებობს. ამის შემდეგ, როცა დავიწყე დავა და ვთქვი, უნდა ვუჩივლო-მეთქი, ჩემი ბიძაც ჩაერია და ამბობდა, _ არ უჩივლო, ეს არ შეიძლებაო. იქ კიდევ მამიდაშვილი, _ არ გაწირო ციხისთვისო. შემდეგ ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აეღო საკუთარ თავზე ვინმეს, რომ ეს პიროვნება (მეუღლის მამიდაშვილი) ამ თანხას გადაიხდიდა.
_ სად იმყოფება ეს ქალბატონი ახლა და თუ გაქვთ ამ მოცემულობაში მასთან რაიმე სახის წვდომა?
_ ამ დავაში ვიყავით, როდესაც ჩემი თანხმობის გარეშე გააპარეს ეს ქალბატონი ქვეყნიდან. როდესაც ფართებს ვყიდულობდი, ამ ქალბატონს თანხის ნაწილი ხელზე მივეცი, ნაწილი გადავურიცხე. თანხის მიცემისა და გადარიცხვის ყველა მონაცემი მქონდა და შესაბამისად, შევიტანე საქმე სასამართლოში და ეს საქმე თაროზეა შემოდებული.
_ თუ არსებობდა მტკიცებულებები, საქმეს მსვლელობა რატომ არ მიეცა?
_ არათუ მსვლელობა არ მიეცა საქმეს, დაზარალებულის სტატუსიც კი არ მაქვს, რომ ვარ ლელა ფურცელაძისგან დაზარალებული. იმიტომ, რომ მას ჰყავს ძლიერი ხალხი და კარგად იცით, რომ კახელების კლანი მართავს საქართველოს და, საერთოდ, მისმა შვილმა დაამთავრა უნივერსიტეტი და იურისტად მუშაობს ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში.
_ თქვენს მეუღლეს თანაცხოვრების პერიოდში ხომ არ უძალადია თქვენზე?
_ სანამ განვქორწინდებოდი, ხელით შემეხო და მითხრა, რომ რას ჰქვია იჩივლე, მე ჩემს მამიდაშვილს ციხეში არ ჩავსვამო. მაშინ ვუთხარი, _ გამოდის, შენს შვილებზე წინ მამიდაშვილს აყენებ და რად მინდა ისეთი მამაკაცი გვერდით-მეთქი?! გადავწყვიტე გავშორებოდი, თუმცა მას ნამდვილად არ უნდოდა ჩემთან დაცილება ან რატომ ენდომებოდა? _ კარგი შემოსავალი ჰქონდა, საჭმელი არ აკლდა, სასმელი არ აკლდა ჩემი შრომით. როდესაც მას ვუთხარი, რომ შენც უნდა იშრომო-მეთქი ხელდახელ წამოვიდა. მე ხელით შეხებას არავის ვაპატიებდი და დავშორდი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოგპარავ შვილებსო. ამაზეც ვუჩივლე. როდესაც საჩივარი მქონდა შეტანილი, სასამართლო მოვიგე, ბავშვები რომ გამეყვანა დროებით მაინც ქვეყნიდან, რადგან უმცროსს მართლაც ვერ დავტოვებდი, ის ერთი წლის იყო, როცა მეუღლეს დავშორდი.
როცა მოვიპოვე უფლება, რომ ბავშვები წამეყვანა, ისევ იმ ქვეყანაში წავედი, სადაც ვცხოვრობდი (საბერძნეთი). იქ 15 წლის განმავლობაში ვიცხოვრე და ვიცოდი ამ ქვეყნის ყველაფერი, თავშესაფარიც მქონდა. ჩემი საბუთების აღდგენა მინდოდა, რომლებიც საქართველოში დაბრუნებამდე მქონდა იქ. როდესაც წამოვედი, ეს საბუთები გამიფუჭდა, უფრო სწორად კი ჩემმა ბიძამ, ოთარ დვალიშვილმა მომპარა, მაგრამ რომ გავარკვიე, თუ როგორ შემეძლო ჩემი საბუთების დაბრუნება, იმ პიროვნებასაც ჩასვამდნენ ციხეში, მეც მანამ, სანამ ეს სიტუაცია ბოლომდე არ გაირკვეოდა, დაჭერილები ვიქნებოდით.
ადვოკატი მეუბნებოდა, რომ გავმართლდებოდი, მაგრამ ორ ბავშვს ვერსად დავტოვებდი. თან ჩემი ყოფილი ქმარი ჩემს დას ემუქრებოდა, რომ ვიცი, სადაც არის შენი და იმას გავაკეთებ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლია ჩემი ბავშვებიო. მე სხვა ადვოკატსაც ვკითხე, მხოლოდ ჩემს დას და მის ადვოკატს არ დავეყრდენი და მანაც მითხრა, რომ არა მხოლოდ შენს თავს აყენებ ჩიხშის, შენს დასაც აგდებ იმავე სიტუაციაში, იმასაც დაიჭერენო, რადგან შენ დასთან ცხოვრობ და ხელს გიწყობსო.
პირდაპირ ამბობდა ადვოკატი, რომ შენმა დამ სახლიდან უნდა გაგაგდოს, რომ მას არ მოეთხოვოს პასუხიო. ჩემი და ორი ბავშვით სად გამაგდებდა? იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი საქართველოში.
_ შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები?
_ ვიფიქრე, რომ კარგი იქნება, ახლა მაინც დაიწყოს ალიმენტის გადახდა, რადგან ასეთი ძლიერი სურვილი აქვს შვილების ნახვის-მეთქი, მანამდე არც ნანახი ჰყავდა ბავშვები. ჩემი უმცროსი გოგო 8 წლის არის, მან საერთოდ არ იცის მამამისი, ვინ არის. ჩემს დისქმარს ეძახის მამას და უფროს გოგოს აღარც ახსოვს, იმიტომ რომ 5 წლის იყო, როდესაც დავშორდით. ამბობს, რომ აღარ მახსოვს, ერთი ისღა მახსოვს, რომ ჭაღარა იყოო.
_ რამდენადაც ვიცი, სხვის ბინაში ცხოვრობთ, თქვენი საკუთრება აღარ გაგაჩნიათ? როგორ გაგაქვთ თავი?
_ ახლა ძალიან გამიჭირდა, სხვას აქვს დაგირავებული ეს ბინა, სადაც მე ვიმყოფები, მაგრამ აგვისტოში დრო გადის და ამ ადამიანს თავისი თანხა სჭირდება. მე რომ ელემენტარულად დავიგირაო, იმის თანხაც არ მაქვს. როგორ გაგვაქვს თავი? _ დალაგებებზე ვმუშაობ და ასე ვარჩენ შვილებს. ხან უთო გამომიჩნდება, ხან სახლის დალაგება, ხან ბავშვის დატოვება უნდათ, მე არაფერს ვთაკილობ. მინდა, ჩემი შვილები ნორმალურად ვაცხოვრო, მაგრამ აგვისტოს შემდეგ ვიცი, რომ ჰაერში ვრჩები, ვერ შევძლებ, ბინის ქირა გადავიხადო და შვილებიც ვარჩინო.
_ რამდენადაც ვიცი, სასამართლო დავით ყოფილ მუღლეს თბილისში არსებული ქონება მოუგეთ, რა ბედი ეწია მას?
_ დიახ, რაც მოვიგე ჩემი მეუღლისგან, იყო თბილისის ზღვის მიწა. ნახევარი მივიღე და მე მეკუთვნოდა, რადგან ეს მიწა მაშინ იყო ნაყიდი, როცა მე მისი კანონიერი ცოლი ვიყავი და ნახევარი მოვიგე იმით, რომ მას ალიმენტი არ აქვს გადახდილი. მაგრამ ამ ადამიანმა, მე რომ არ ვისარგებლო, დაირქვა სოციალურად დაუცველი. იუსტიციის სამინისტრო მეუბნება, რომ თუ სოციალურად დაუცველია და თუ ამ სტატუსს არ მოიხსნის, არ გაქვთ უფლება, რომ აუქციონზე გაიტანოთ მიწაო.
მაშინ მთავრობამ რაღაცის შესაძლებლობა უნდა მომცეს, მამობის უფლება ჩამოართვას, მარტოხელა დედა ვარ, იუსტიციის სახლშიც ვიყავი მისული და მითხრეს, რომ ამ ბავშვებს მამა ჰყავს და მარტოხელა დედობის სტატუსს ვერ მოგანიჭებთო. მე მინდა, რომ მცნონ დაზარალებულად, რადგან თაღლითობის მსხვერპლი ვარ, გვერდით დგომა მჭირდება თქვენი, იმიტომ რომ თაღლითური გზით წამართვეს ჩემი ნაშრომი. ეს პიროვნება (ყოფილი მეუღლე) ცხოვრობს ორსართულიან ძვირფას სახლში, რომელიც, მე გავაკეთე. როდესაც ამ სახლში მივედი, იმერეთში რომ ორსართულიანი ბოსლები აქვთ, ის დამხვდა. ჭერიდან დაწყებული, იატაკით დამთავრებული, ყველაფერი გამოცვლილი აქვს და ამ პიროვნებას, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, როგორ მისცეს სოციალურად დაუცველის სტატუსი? და მე პიროვნებას, რომელსაც არაფერი გამაჩნია, არც ერთი სახლი, არც მეორე სახლი, არც ღამის გასათევი, ახლობლის დაგირავებულ ბინაში ვცხოვრობ, არაფრით მეხმარებიან, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო.
_ იმ სახლში, სადაც თქვენი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს, ვინ არიან ჩაწერილები ამჟამად?
_ ჩაწერილია მისი და და დედა. როდესაც მე ამ სახლს ვარემონტებდი, ჩემმა დედამთილმა მითხრა, ჩემი პირველი მემკვიდრე ილია არის და თამრიკო, ჩემი მეორე შვილი, გინდ იყოს და გინდ ამოვწეროთო. არასოდეს ჩამითვლია იმის საჭიროება, რომ ამოწერილიყო თამრიკო სახლიდან. ახლა მას კომლის უფროსობა მისცეს, რომ მე ვერაფერი წამოვიღო იმ სახლიდან, ჩემი გაკეთებული სახლიდან ვერაფერი მომაქვს. ჩემს შვილებს მარტო კვება ხომ არ ეყოფათ? ათოსნები, უნიჭიერესი ბავშვები არიან და ამის გამო მეხმარებიან და უფასოდ ასწავლიან სკოლაში. მინდა, რომ ჩემი შვილები ნორმალურად აღვზარდო. მინდა, რომ რაც გავაკეთე, დავიბრუნო, გთხოვთ, შემაძლებინეთ, რომ დავიბრუნო.
მინდა, რომ საქართველოს გავუზარდო ნორმალური პიროვნებები. ჩემი შვილები ჩამოყალიბებული ბავშვები არიან. ჩემი უფროსი შვილი უკვე მეხუთე კლასშია და მასწავლებლები ამბობენ, _ ამ ბავშვს მეთერთმეტეკლასელის ცოდნა აქვსო, მაგრამ ამას ხომ უნდა განვითარება. საჭმელი როგორ ვაჭამო ბავშვებს, ისიც საფიქრალი მაქვს.
ბავშვები ოთხის ნახევარზე ამთავრებენ სკოლას და ოთხის ნახევრამდე ისეთი სამსახური ვერ ვნახე, რომ ბავშვები მარტო აღარ დავტოვო. ერთი 8 წლის და მეორე 11 წლისაა და ამ ასაკის ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ. მყავს 83 წლის დედა ვანში, იმასაც ვერ ვეტყვი, რომ მოდი და ჩემს შვილებს მოუარე-მეთქი, ასაკშია.
აგვისტოდან ჰაერში ვრჩები. მინდა, დავიბრუნო ჩემი ნაშრომი.
_ სახლში, სადაც ცხოვრობდით და სადაც ამჟამად თქვენი მეუღლე არის ჩაწერილი, თქვენს შვილებსაც ხომ ეკუთვნით ის ქონება?
_ ვერაფერს ვახერხებ, დავკარგე ყველაფერი, ფართები, რომელიც უნდა მეყიდა თბილისში, ასევე მზითვები, რომლებიც წამოღებული არ მაქვს და რომ ვუთხარი სააღმსრულებლოს, არავინ წამყვა, რომ მზითვები წამომეღო.
გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ არსებობს ლელა ფურცელაძის ხელწერილი, მისივე ხელით ნაწერი, რომ მე ირინა ლორთქიფანიძეს გამოვართვი თანხა, რომ გვეყიდა ფართები სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, თუმცა, როგორც გითხარით, არც ერთი ფართი არ მაქვს. ერთი ფართი მაინც რომ მქონოდა, ასე არ ვიქნებოდი. მთავრობა კი დაზარალებულადაც არ მცნობს.
_ განქორწინების შემდგომ თუ ყოფილხართ შევიწროების ობიექტი თქვენი მეუღლის მხრიდან?
_ დიახ, სამჯერ მოგვვარდა, ძალიან შეშინდნენ ჩემი შვილებიც. მთავრობა არაფერზე ფიქრობს, არც ქალთა უფლებებზე, არც ბავშვების უფლებებზე. ორი კვირის წინ ვიღაცამ დაიძახა ჩემი სიძის სახელი, ძალიან ჰგავდა ჩემი მეუღლის ხმას, ბავშვები ძალიან შეშინდნენ, მგონი, მამა მივიდაო, აქაც მოგვაგნოო.
მასალის მომზადების პერიოდში ქალბატონი ირინა კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მასზე ამ დრომდე გრძელდება მუქარები და მისი მეუღლის მამიდაშვილისშვილი, გიორგი ჯავშანაშვილი, პროვოკატორსა და თაღლითს უწოდებს.