მათემატიკა მასპინძლობისთვის

კარგი ამბავი: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა კვიპროსმა საბერძნეთს 1:0 მოუგო ერთა ლიგის ჩ ჯგუფში. ეს რას ნიშნავს? რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ ფლეი-ოფს 2024 წლის მარტში, დიდი ალბათობით, შინ ჩაატარებს. და დიდი შანსია, ფინალიც შინ მოუწიოს.
ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი შესარჩევიდან (რომელიც 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება) საქართველო ვერ გავა.
4 ნაკრები რჩება ჩ ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე. 4 პირველადგილოსანი… და ნახევარფინალში ასე დაწყვილდებიან ჯგუფებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. პირველი მეოთხეს შეხვდება, მეორე _ მესამეს (1/4, 2/3) და შეგახსენებთ, ეს სტადია და ფინალიც იქნება ერთმატჩიანი.
თუ ჩვეულებრივი შესარჩევიდან ვერც თურქეთი გავა, ვერც საბერძნეთი, ვერც საქართველო და ვერც ყაზახეთი, დღევანდელი მონაცემებით, 2024 წლის მარტში ასეთი ნახევარფინალები იქნება:
თურქეთი-საბერძნეთი
საქართველო-ყაზახეთი
სიტუაცია ამ დროისთვის:
თურქეთი (13 ქულა, ბურთები +14) / დარჩა ფარერებთან გასვლა
საქართველო (13 ქულა, ბურთები + 12) / დარჩა გიბრალტართან გასვლა
ყაზახეთი (13 ქულა, ბურთები +5) / დარჩა აზერბაიჯანთან გასვლა
საბერძნეთი (12 ქულა, ბურთები +6) / დარჩა ჩრდ.ირლანდიასთან შინ
ერთი ტური. საქართველომ მთავარია, მოიგოს და ვისურვებდით, რომ ყაზახეთმაც გაიმარჯვოს, რათა საბერძნეთს გაუსწროს. მაინც სჯობს ყაზახეთთან ნახევარფინალი, ვიდრე _ საბერძნეთთან.
თუმცა შესაძლოა, საქართველომ ისეთი ანგარიშით მოიგოს, რომ თურქებს გადაასწროს და პირველზე გავიდეს საერთოდ. მოკლედ, მათემატიკაა…

მაესტრო ცრემლით

როჯერ ფედერერმა კარიერა მარცხით დაასრულა, მაგრამ ჩოგბურთიდან გამარჯვებული წავიდა. 41 წლის შვეიცარიელმა თქვა და შეასრულა – ფედერერმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ „ლეივერის თასის“ დასრულების შემდეგ კარიერას დაამთავრდებდა. ჰოდა, დაამთავრა. ლონდონის საგამოფენო ტურნირზე ფედერერმა ბოლო მატჩი წყვილებში ესპანელ რაფა ნადალთან ერთად ჩაატარა, მაგრამ საჩოგბურთო ლეგენდების წყვილმა ვერაფერი გააწყო ამერიკელებთან – ფრენსის ტიაფოსთან და ჯეკი სოკთან და 6:4, 6:7, 9:11 დამარცხდა.
„შესანიშნავი დღე იყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბედნიერი ვარ. აქ ძალიან კარგი იყო, მივიღე სიამოვნება, როდესაც კიდევ ერთხელ გავედი კორტზე, მაგრამ ეს ბოლო გახლდათ. სტრესი თითქმის არ მიგრძვნია, რადგან გვერდით კოლეგები, ოჯახი და მეგობრები მედგნენ. ერთადერთი, რასაც ვუფრთხოდი, ტრავმა იყო, არ მინდოდა დღეს რამე მტკენოდა. მატჩი კი შესანიშნავი გამოდგა, რაფას გვერდით ვიდექი, ასეთი ლეგენდის გვერდით დგომა კი… ეს იდეალური თავგადასავალი იყო. სიამოვნებით გავიმეორებდი კიდევ ერთხელ“, – განაცხადა 41 წლის ფედერერმა.
„როჯერს თან გაჰყვა ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ის წუთები, როდესაც გვერდით ან ჩემ წინ იდგა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში“, – ეს კი რაფა ნადალის სიტყვებია. ფედერერს კარიერის მანძილზე ერთეულთა თანრიგში მოგებული 20 „დიდი მუზარადი“ აქვს. აქედან რეკორდული 8 უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (ამდენივე აქვთ როი ემერსონსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს), 5-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა და ერთხელ „როლან გაროსი“.
როჯერ ფედერერმა მონაწილეობა მიიღო რეკორდულ – დიდი სლემის 30 ფინალში, მათ შორის ზედიზედ 10 ფინალში 2005 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით.
შვეიცარიელს 28 მასტერსი და ასევე რეკორდული 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული. ჯამურად ფედერერმა კარიერაში AთP-ის 101 ტურნირი მოიგო.
AთP-ის ჩოგბურთელთა რეიტინგში ყველაზე დიდხანს – 310 კვირის განმავლობაში _ იკავებდა პირველ ადგილს. მათ შორის ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში, რაც ასევე რეკორდია.
2018 წლის თებერვალში, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიელი დაუბრუნდა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილს და 36 წლის ასაკში გახდა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი.
ოლიმპიურ თამაშებზე ფედერერს ერთეულებში ვერცხლის მედალი და წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი აქვს. სანაკრებო დონეზე, შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, მოიგო „დევისის თასი“, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. ფედერერს შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ორი „ჰოპმანის თასიც“ აქვს მოგებული.

ბომონტი მოდის

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება.
„ის, რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის, – პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა, პიტერ ჰორნიმ, რომელიც ბილ ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია საქართველოს, – „ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიასა და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს, მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“, – დასძინა მან.
26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც, თანამშრომლობის საკითხების სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც.

გაღმა ტოპ 10

NBA-ს 2022-2023 წლების სეზონი 18 ოქტომბერს აიღებს სტარტს. რეგულარული გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე EშPN-ის ექსპერტებმა დაასახელეს ლიგის ტოპ 10 უძლიერესი მოთამაშე.
სიას ლიდერობს „მილუოკის“ ბერძენი კალათბურთელი, იანის ანტეტენკუმპო, მეორე ადგილზეა ლიგის მოქმედი MVP – ნიკოლა იოკიჩი, მესამე ადგილს იკავებს ლუკა დონჩიჩი.
საინტერესო ფაქტია, რომ EშPN-ის ვერსიით შედგენილ რეიტინგში ტოპ 3 ევროპელი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული.
NBA-ს ტოპ 10 კალათბურთელი (EშPN-ის ვერსია)

  1. იანის ანტეტენკუმპო (საბერძნეთი)
  2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
  3. ლუკა დონჩიჩი (დალასი)
  4. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
  5. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)
  6. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
  7. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
  8. კევინ დურანტი (ბრუკლინი)
  9. ჯა მორანტი (მემფისი)
  10. დევინ ბუკერი (ფინიქსი)

საინტერესოა ის ფაქტი, რომ NBA-ს 2016-2017 წლების სეზონის MVP და „ლეიკერსის“ ვარსკვლავი რასელ ვესტბრუკი რეიტინგში 65-ე პოზიციას იკავებს, ჩამორჩება რა ისეთ გამთამაშებლებს, როგორებიც არიან ტაირიზ ჰალიბარტონი (59), ჯორდან პული (55) და ტაირიზ მაქსი (44).
„ბრუკლინის“ სკანდალური გამთამაშებელი კაირი ირვინგი ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ტოპ 30-შიც ვერ მოხვდა – იგი 33-ე საფეხურზე იმყოფება.

ახალი წესები

NBA-ს 2022-23 წლების სეზონი 18 ოქტომბერს აიღებს სტარტს, მანამდე კი ლიგის ხელმძღვანელებმა და კალათბურთელთა პროფკავშირებმა ახალი კანონი მიიღეს: ახალგაზრდა მოთამაშეებს NBA-ში თამაში 18 წლის ასაკიდან შეეძლებათ.
ძველი წესებით, ახალგაზრდა კალათბურთელს 19 წლის ასაკამდე არ ჰქონდა უფლება, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ეასპარეზა, ამჯერად კი ასაკი ერთი წლით დაბლა დაიწია.
ახალი კანონის მიღების შედეგად, ნიჭიერ კალათბურთელებს საშუალება ექნებათ, სკოლის დასრულების შემდეგ პირდაპირ NBA-ში წამოვიდნენ სათამაშოდ და სტუდენტურ საკალათბურთო კარიერაზე უარი თქვან.
ახალი წესი 2023-24 წლების სეზონიდან ამუშავდება.
NBA-სა და კალათბურთელთა პროფკავშირები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლიდან ფსიქოლოგიური ტრავმა ფიზიკურ ტრავმას გაუტოლდება. (თუ სპორტსმენს შეაწუხებს ფსიქოლოგიური პრობლემები, იგი ტრავმირებულთა სიაში იქნება გადაყვანილი და სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება, მანამდე თამაშის უფლება არ მიეცემა).
ტოპ 10 კალათბურთელი, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ სათამაშოდ პირდაპირ NBA-ში წავიდა:

  1. რაშიდ ლუისი
  2. ტაისონ ჩენდლერი
  3. ჯერმაინ ონილი
  4. ამარე სტაუდემაიერი
  5. ტრეისი მაკგრეიდი
  6. დუვაიტ ჰოვარდი
  7. მოზეს მელოუნი
  8. კევინ გარნეტი
  9. კობი ბრაიანტი
  10. ლებრონ ჯეიმსი

ევროპას არ გავზრდით!

უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 32 გუნდამდე გაზრდას არ დათანხმდება, _ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული ტელემაუწყებლების პოზიციაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 32-გუნდიან ტურნირს არავითარი კომერციული ღირებულება არ ექნება და გაიზრდება არაფრისმომცემი მატჩების რაოდენობა.
უეფას ასევე სურდა, ტურნირი ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაცვლად, პლეი ოფის სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ მაუწყებლებმა არც ამ წინადადებას დაუჭრეს მხარი.

გასვლა-გადასვლის მატჩი

საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო და ერთა ჩ ლიგის მეოთხე ჯგუფში ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. საქართველო B ლიგაში აღზევდა.
ხვიჩა კვარაცხელია არ იყო „ნაპოლის“ ხვიჩა, თუმცა პირველი ავტოგოლიც მის ჩაწოდებას მოყვა და მეორე ხომ თავად გაიტანა, ბუდუ ზივზივაძის ნაღვაწის შემდეგ. ერთი შესანიშნავი ხვიჩურიც დაარტყა და ბურთი სანტიმეტრებში ასცდა კარს.
თამაშის ბოლოს ლუჩანო სპალეტის სიტყვები გაგვახსენა, როცა თავის ნახევარზე ორჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს შეტევის საშუალება მისცა.
გიორგი მამარდაშვილმა ასაღები აიღო. ერთხელ სტეფან სპიროვსკის მზაკვრული დარტყმა მოიგერია პირველ ტაიმში; შემდეგ ენის ბარდის სახიფათო საჯარიმო.
ცხადია, მისალოცი ამბავია. ყოჩაღ, ჩვენს ბიჭებს! ამ შესარჩევში მხოლოდ ერთხელ დაკარგეს ქულები ბულგარელებთან, დანარჩენი ოთხი მატჩი კი მოიგეს.
მაგრამ ერთი რამ გვაშფოთებს: პირველ ნომრად თამაში რომ გვიჭირს, ეს ამჯერადაც დამტკიცდა. მოწინააღმდეგემ თავიდანვე აგრესიული ტაქტიკა აირჩია, მაღალი პრესინგი შემოგვთავაზა და პირველი 20-25 წუთი აშკარად გვაჯობა. თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.
ნახევარი საათის თავზე კი ჩვენები ცოტა ფერზე მოვიდნენ და ამას გოლიც მოყვა. ჯერ გიორგი აბურჯანიამ დაარტყა შორიდან და „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
კუთხურს საჯარიმოს მარჯვენა ფრთაზე „კვარას“ აქტიურობა მოჰყვა. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი „აბერდინის“ ნახევარმცველ მიოვსკის მოხვდა და კარში შევარდა. ანგარიში გაიხსნა.
შესვენების შემდეგ სისწრაფეებმა და, შესაბამისად, შეცდომებმაც იმატა. ჩვენი მეორე გოლიც სტუმართა მცველის უყურადღებობას მოჰყვა. ზივზივაძემ ცენტრში აართვა მეტოქეს ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და მარჯვნივ ჩამორბენილ კვარაცხელიას დაუგორა, ხვიჩამაც ვარდნაში შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.
ბურთის ფლობა 59% გახლდათ 41%-ზე, სტუმართა სასარგებლოდ.

გიორგი მამარდაშვილი _ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი

1993-94 წლების სეზონის შემდეგ მეორედ, საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდა.
გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, 2021-22 წლების სეზონის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელსაც პრიზი გადასცა ილია ბაბუნაშვილმა. დაჯილდოება „სტამბაში“ შედგა. დამსწრეთა შორის იყვნენ: თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები, გულშემატკივრები, ბიზნესმენები და ცხადია, ჟურნალისტები…
„სარბიელმა“ 75 სპორტული ჟურნალისტი გამოკითხა, რომლის შედეგების მიხედვით მამარდაშვილი 163 ქულით პირველი იყო. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ 10 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ხვიჩა კვარაცხელიას (153), ხოლო მესამეობა თურქული „ჰატაის“ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს (52) ერგო.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი. ალბათ უფრო იმის დამსახურებაა, რომ სხვებზე ადრე მოვხვდი ტოპ-ლიგაში. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზს იმსახურებენ და მომავალში მიიღებენ. ახლა ის დამრჩენია, რომ მიღწეულზე არ დავკმაყოფილდე და სხვა პრიზები მოვიგო. მადლობა „სარბიელს“, მადლობა ჟურნალისტებს ასეთი დაფასებისთვის“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიების შემდეგ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა.
სეზონის დებიუტანტად „სარბიელმა“ გიორგი წიტაიშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ: „სარბიელი“ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას 1992-1993 წლების სეზონიდან ატარებს. პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძე გახლდათ, ხოლო ყველაზე მეტჯერ ჩვენი პრიზი კახა კალაძეს ერგო, ის 4-გზის გამარჯვებულია. 1995 წელს კი საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე აკაკი დევაძე დასახელდა.