მარიამ ჯიშკარიანი: „ჩვენი რეკომენდაცია იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა“
„სააკაშვილის რეაბილიტაცია სტაციონარში 2-3 თვე უნდა გაგრძელდეს“
ნენე ინჯგია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 20 ნოემბერს გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის.
როგორც „ქრონიკა+“-სთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ცენტრი „ემპათია“ მესამე დასკვნაზე მუშაობს, რომელიც უმოკლეს ვადაში იქნება მზად.
როგორ მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის კურსი და რა იქნება ცენტრ „ემპათიის“ მთავარი რეკომენდაციები?
ამ თემის შესახებ „ქრონიკა+“ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა:
_ ქალბატონო მარიამ, როგორია ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად რომ გვითხრათ?
_ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იგი საჭიროებს მულტიპროფილურ მკურნალობასა და კვლავ რეაბილიტაციას, როგორც კვებითი აღდგენითი თერაპიის მიმართულებით, ასევე ნევროლოგიური სიმპტომატიკის მხრივ, ასევე საჭიროებს წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით გარკვეულ მულტიდისციპლინურ რეაბილიტაციას.
_ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში და არის თუ არა იქ შესაბამისი პირობები?
_ გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რა თქმა უნდა, პაციენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით (ვინაიდან იცით, რომ მე-18 დაწესებულებაში იგი კვლავ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ასევე მიმდინარეობდა არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება), წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ჩვენი მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მულტიპროფილურ მკურნალობას და შემდგომში რეაბილიტაციას, რაც, მინიმუმ, 2-3 თვე უნდა გაგრძელდეს სტაციონარულ პირობებში, შემდგომ კი ორი წლის განმავლობაში ამბულატორიულად. ასეთი დაწესებულება საქართველოში არ გვეგულება, ვინაიდან უნდა იყოს აღჭურვილი არა მხოლოდ მულტიპროფილური ჯგუფით, რომელიც რესიდინგის, ანუ აღდგენითი კვებითი თერაპიის გამოცდილებით მუშაობს; ასევე უნდა მიმდინარეობდეს ვერნიკეს ენცეფალოპათიის მიმართულებით მკურნალობა და რეაბილიტაცია; ასევე წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მულტიპროფილური რეაბილიტაცია. შემდგომში აუცილებელია ფიზიოთერაპია და სამკურნალო ფიზიკური რეაბილიტაციის ღონისძიებები. ვიმეორებ, ასეთი მულტიპროფილური რეაბილიტაციის ცენტრი, სტაციონარული პირობებით, საქართველოში არ არის, შესაბამისად, საზღვარგარეთ ამდაგვარი რეაბილიტაციის ცენტრი უნდა შეირჩეს და ბატონი მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ, _ ეს არის ჩვენი რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროსთვის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის; ასევე არ მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ციხეთა სისტემა იყოს ადეკვატური ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის, ვინაიდან ამ სისტემაში იგი დაექვემდებარა წამებასა და არასათანადო მოპყრობას, არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და კიდევ სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
_ ამ საკითხის შესახებ თუ გქონდათ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან?
_ ჩვენ მოვამზადეთ ორი დასკვნა, რომელიც ადვოკატებს გადავეცით. ერთი ეხება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მეორე კი კვებითი აღდგენითი თერაპიის აუცილებლობას. ამის შემდეგ ბატონი მიხეილ სააკაშვიი გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. რაც შეეხება მესამე დასკვნას, რომელიც იქნება დამატება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დასკვნაზე, ვინაიდან ჩვენ გვიან მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პაციენტის მდგომარეობა ადგილზე შეგვემოწმებინა, ეს დასკვნა ახლა მზადდება უმოკლეს ვადაში. შემდგომში იგი ადვოკატების მეშვეობით გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და მათ შორის იუსტიციის სამინისტროსაც შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ამ დასკვნას.
_ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ რა ტიპის ზეგავლენა მოახდინა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?
_ ექსპერტიზა გრძელდება და შემდგომშიც ვაპირებთ, მონიტორინგი განვახორციელოთ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჯერჯერობით რაც იკვეთება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რა ზიანიც მიადგა, ეს არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც ასევე გახლავთ ხანგრძლივი შიმშილობის შედეგი, ხოლო შიმშილის გახანგრძლივება გამოიწვია სწორედ წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ, ვინაიდან ის ძალით გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც ასევე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და არ იყო პირობები შიმშილობის შესაწყვეტად. თქვენ იცით, რომ მან განაცხადა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მოვიდა დროებითი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, სადაც მოწოდება იყო ბატონი მიხეილ სააკაშვილისადმი, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. იგი თანახმა გახლდათ ამაზე, თუმცა ე. წ. ციხის საავადმყოფოში პირობები არ იყო, შესაბამისად, იგი არ გადაიყვანეს დროულად ამ საავადმყოფოდან, რამაც გაახანგრძლივა და გაამკაცრა საპროტესტო შიმშილობა. სწორედ ამან მიგვიყვანა ისეთ მძიმე შედეგებამდე, როგორიც არის ვერნიკეს ენცეფალოპათია, რამაც შესაძლებელია, სამომავლოდ ხანგრძლივი დროით დატოვოს გარკვეული კვალი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
_ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ „ქვეყანაში ფსიქიატრიის ანომალიურ სტიგმატიზაციასთან გვაქვს საქმე და ხშირ შემთხვევაში არასწორ მკურნალობასთან“. რას გულისხმობთ?
_ საზოგადოებაში შეიქმნა მითქმა-მოთქმა, შესაძლებელია, სწორედ საზოგადოების დეზინფორმაციისთვის, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა ფსიქიატრები, ამაზე იყო გარკვეული ქილიკი. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული მძიმე შედეგები და, პრაქტიკულად, ხელი შეუშალოს მის სასამართლოში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ აღენიშნება. ჩვენ ვსაუბრობთ სტრესულ აშლილობაზე, რაც გახლავთ წამების, ანუ გლობალური ანომალიური მოვლენის შედეგი. კიდევ უფრო ზუსტად რომ განვმარტო: ეს არის ნორმალური ადამიანის ნორმალური რეაქცია არანორმალურ ცხოვრებისეულ პირობებზე, მოვლენაზე, როგორიც არის ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა, მიწისძვრა, გლობალური კატასტროფები, ომი და ა. შ. ამ ნაწილში საჭიროა სპეციალლისტების მულტიპროფილური ჯგუფის მხრიდან მკურნალობა-რეაბილიტაცია და სწორედ ამაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, ადამიანებს არ ესმით ადეკვატურად ასეთი საკითხები და ალბათ ჩვენი საზოგადოება საჭიროებს განათლებას ამ საკითხებში, ასევე ჩვენი იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები საჭიროებენ განათლებას, როდესაც უფლებების ასეთ დარღვევებთან გვაქვს საქმე _ იქნებ გაითვალისწინონ შემდგომში, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული არანორმალური მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება და ვთქვა, რომ ეს არის ნორმალური ადამიანის ნორმალური რეაქცია არანორმალურ ცხოვრებისეულ მოვლენაზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, თითქმის 100%-ში, წამების შედეგად შეიძლება ადამიანს განუვითარდეს ამგვარი რეაქცია. ვიმეორებ: ეს არის ნორმალური ადამიანის რეაქცია არანორმალურ მოვლენაზე.
_ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გაგრძელდა და არ გადაიყვანეს საზღვარგარეთ, რა მოცემულობა იქნება მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით?
_ საქართველოს პირობებში საკმაოდ რთულია მკურნალობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ კვირაში ორჯერ მაინც ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდეს და ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია. გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის მულტიპროფილური სტაციონარი, თუმცა იქ არ არსებობს ფიზიკური რეაბილიტაციის, მულტიპროფილური რეაბილიტაციის შესაძლებლობა, როგორიც გახლავთ ვერნიკეს სინდრომთან დაკავშირებული სირთულეები და მისი მკურნალობა-რეაბილიტაცია, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებული მკურნალობა და რეაბილიტაცია. იქ არის ასევე სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაცია, როგორც ვთქვი, 2-3 თვე რეაბილიტაციის სტაციონარულ ცენტრში, ასევე შემდგომში ორი წელი მაინც ამბულატორიული რეჟიმით. საერთოდ, გარდა ამ მოცემულობისა ჩვენ დასკვნაში იქნება ხაზგასმული, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა, სადაც განხორციელდა ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა, არ მიგვაჩნია უსაფრთხოდ მისი ჯანმრთელლობისა და სიცოცხლისთვის, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ ამდაგვარი მიდგომა უნდა გამოიყენონ, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია მისი ყოფნა, მით უფრო, რომ ის გახლავთ უკრაინის მოქალაქე. გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არასათანადო მოპყრობის მუხლით. ჩვენ მათ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს გამოძიება გადაკვალიფიცირდეს წამების მუხლზე, თუმცა რამდენად ეფექტიანია ჩვენი მოწოდება, ვერ გეტყვით _ არასათანადო მოპყრობაში მონაწილე ყველა პირი, ჯერჯერობით, თანამდებობას ისევ იკავებს. გვახსოვს არაერთი თანამდებობის პირის განცხადება, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის, რომელიც სრულიად არაადეკვატური იყო აღნიშნულ სიტუაციში. იუსტიციის სამინისტრო, პრაქტიკულად, წარმოადგენს მხარეს ამ საქმეში, ვინაიდან ასეთი განცხადებები წარმოადგინა. ყველა, ვინც ბატონი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მონაწილეობდა მის წამებასა და არასათანადო მოპყრობაში, თანამდებობაზე რჩება, ციხის თანამშრომელი იქნება ეს, დირექტორი თუ მისი მოადგილე და თვითონ იუსტიციის მინისტრი. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია, არ იყოს ეს სისტემა მიკერძოებული და წარმოადგენდეს უსაფრთხო გარემოს ჩვენი პაციენტისთვის.
_ მიხეილ სააკაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია მის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით?
_ ჩვენ ვამზადებთ ამ დაკვნას, რომელიც საქართელოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აუცილებლად გაეცნობა გამოსაკვლევ პირს, ჩვენი რეკომენდაციებით. გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თვითონ მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნდა გაითვალისწინონ ადვოკატებმა და მათაც გადავცემთ დასკვნას.