ლტოლვილთა თავშესაფარში გაიზარდა, ახლა მინისტრია – „ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის პირველ ფერადკანიან მინისტრთან

მიხეილ ხაჩიძე

ამინატა ტურე _ 30 წლის პოლიტიკოსი, რომელიც გასულ ზაფხულს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი გახდა, არის ინსტაგრამის, პოდკასტინგისა და გერმანიის პოლიტიკის პიონერი ვარსკვლავი. ის „მწვანეთა პარტიის“ მომავლის იმედია.

გერმანიის ისტორიაში პირველ ფერადკანიან ქალ მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. წლის ბოლოს მინისტრს გადატვირთული გრაფიკი და ბევრი საქმე აქვს. მიუხედავად ამისა, მან „ქრონიკა+“-ისთვის დრო მაინც გამონახა _ შლეზვიგ-ჰოლშტაინის მინისტრთან ინტერვიუ კილში ჩავწერეთ. ამინატა ტურემ გასული 2022 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გავამახვილეთ გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციაზეც.
თუმცა მანამდე მცირე ექსკურსი მინისტრის ბიოგრაფიაში: ამინატა ტურეს ბავშვობა ძალიან მძიმე და სირთულეებით აღსავსე იყო. მისი მშობლები გერმანიაში 1991 წელს მალის პუტჩის შემდეგ გაიქცნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ. ამინატა 1992 წელს ნოიმიუნსტერში დაიბადა. პირველი ხუთი წლის განმავლობაში იგი ოჯახთან ერთად ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მას საბავშვო ბაღში წასვლის უფლებაც კი არ ჰქონდა და თორმეტი წლის მანძილზე ოჯახს გერმანიის საემიგრაციო სამსახური პერმანენტულად დეპორტირებით ემუქრებოდა.
მისი თქმით, ეს არ იყო ადვილი ცხოვრება. დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ მას და მის სამ დას ჰქონოდათ კარგი ცხოვრება, მათ შორის, საუკეთესო სასკოლო განათლება. იხსენებს, რომ ხშირად განიცდიდა რასიზმს ავტობუსსა თუ ქუჩაში.
დედამ მას და მის და-ძმებს ასწავლა, ყოველთვის ცოტა მეტი გაეკეთებინათ და სხვებზე უკეთესები ყოფილიყვნენ. იგი მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მიიღო სახლში და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მიეცა.
სკოლის წლებს კი მინისტრი ასე იგონებს: „სკოლიდან ყოველდღე შეშინებული ვბრუნდებოდი სახლში, სულ გვქონდა შიში და მოლოდინი იმისა, რომ დაგვადეპორტებდნენ, გაგვყრიდნენ ქვეყანაში, რომელსაც არც კი ვიცნობდი, არ იყო ჩემი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაცია გამოვიარეთ“.
ოჯახის დეპორტაციის შიში მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა, რომ ამინატა პოლიტიკაში ჩართულიყო. 2012 წელს იგი შეუერთდა „მწვანეებს“. იმავე წელს მან დაიწყო პოლიტიკური და ფრანგული მეცნიერების შესწავლა. მრავალი წლის განმავლობაში ტურე მხარს უჭერდა ლტოლვილების უკეთესსა და სწრაფ ინტეგრაციას. ამან იგი არა მხოლოდ წაახალისა კარიერულად, არამედ ბევრი მტრობაც და ანონიმური მუქარაც მოუტანა.
თანამდებობის პერიოდში მინისტრს სურს, მეტი კამპანია თანასწორობისთვის და მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლა. ორივე საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ის პირველად აირჩიეს რეგიონულ პარლამენტში 2017 წელს.
2019 წელს ტურე აირჩიეს შლეზვიგ-ჰოლშტაინის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა მინისტრის პოსტი მისთვის კარიერული კულმინაცია გახდა.
ტურე საკუთარ თავს აფრო-გერმანელს უწოდებს _ მისი ფესვები აფრიკაშია, მაგრამ გერმანია მისი სახლია. „მე ყოველთვის მქონდა ორივე სამყარო ჩემში, მაგრამ გარკვეულ მომენტში აღარ მინდოდა არჩევანის გაკეთება ქვეყნებს შორის. ამიტომ ვიყენებ ტერმინს, რომელიც შექმნა გერმანიის შავკანიანი ქალების ფემინისტურმა მოძრაობამ: აფრო-გერმანელს“.

_ ქალბატონო ტურე, თქვენ 2022 წლის ივნისიდან შლეზვიგ-ჰოლშტაინში მინისტრი ხართ. რა იყო აქამდე საუკეთესო და რა იყო ყველაზე ცუდი ეპიზოდი თქვენს კარიერაში?
_ განსაკუთრებულად ემოციური მომენტი იყო, როცა ფიცის დადების შემდეგ ჩემს ახალ გუნდთან ერთად პირველად მივედი სამინისტროში და შევხვდი თანამშრომლებს. ეს იყო უსაზღვრო სიხარულისა და დიდი პატივისცემის ნაზავი. ვიცოდი: მოვედით და ვიწყებთ! მომდევნო თვეებშიც ბევრი კარგი ისტორია იყო. საბედნიეროდ, ცუდი ნამდვილად არ ყოფილა.
_ ხელმძღვანელობთ სოციალური დაცვის, ახალგაზრდობის, ოჯახის, ხანდაზმულთა, ინტეგრაციისა და თანასწორობის სამინისტროს. ეს ძალიან მრავალფეროვანი თანამდებობაა. როგორ ახერხებთ განახორციელოთ ყველა ამ მიმართულებით მუშაობა?
_ ბევრი თემაა, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ: ეს ეხება ადამიანებსა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ საკითხებზე სამინისტროს ყველა რგოლი მუშაობს, შევიმუშავეთ შესაბამისი პოლიტიკაც, ამიტომ შეგნებულად შევცვალეთ სამინისტროს სტრუქტურა, რათა უფრო მეტი დატვირთვა მივცეთ კონკრეტულად სოციალურ საკითხებს. არის რთული სამუშაო პროცესები, თუმცა მთლიანობაში ყველაფერს ვუმკლავდებით და ვმუშაობთ მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
_ როგორი გავლენა აქვს თქვენს ბიოგრაფიას თქვენს პოლიტიკაზე? უკეთ რომ ვთქვათ, რა როლს თამაშობს ის თქვენს დღევანდელ საქმიანობაში?
_ ეს არის სტიმული და, ამავე დროს, დიდი მოტივაცია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მინდა დავეხმარო ადამიანებს, ჩამოვაყალიბო შესაბამისი პოლიტიკა და შევცვალო იგი. მხოლოდ ბიოგრაფიები არ ქმნიან პოლიტიკას. მე ყოველთვის პოლიტიკური პიროვნება ვიყავი, სიამოვნებით ვერთვებოდი მასში და ვიღებდი პასუხისმგებლობას. როცა ადამიანი, როგორც მე, პარტიის მთავარი კანდიდატია, პასუხისმგებელია ყველანაირ საკითხზე და იგი უნდა ისწრაფოდეს, რომ ჩამოაყალიბოს პოლიტიკა მთელი საზოგადოებისთვის, რომელიც მათ მოთხოვნებსა და ინტერესებს უპასუხებს.
_ ადრეული წლები ლტოლვილთა თავშესაფარში გაატარეთ და კარგად იცნობთ სიტუაციას: მინდა გკითხოთ, რამდენად ლიბერალურად მიიჩნევთ გერმანიის ლტოლვილთა პოლიტიკას და რის შეცვლას ისურვებდით?
_ გერმანიის თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკაში კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები სწორი მიმართულებით მეტი ჰუმანურობისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. ნამდვილ პარადიგმულ ცვლილებებს ბიძგი აკლია. ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გვყავს, ვისაც უნდა აქ ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ არ აქვთ უფლება. ჩვენ უარვყოფთ ინტეგრაციის ბევრ შესაძლებლობას. გერმანიას ჯერ კიდევ აქვს იმის პრობლემა, რომ საიმიგრაციო ქვეყანა ვართ. საუბარია ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაზე, ახალი კედლების აღმართვისა და პერსპექტივების თავიდან აცილების ნაცვლად.
_ მინდა გკითხოთ კონკრეტულ შემთხვევაზე, კერძოდ, ცოტა ხნის წინათ ინტერვიუ ჩავწერე გერმანიიდან დეპორტირებულ ქართველთან (ესმა ქათამაძე). მან ჯანმრთელობის მიზეზების გამო თავშესაფარი სთხოვა გერმანიას. თუმცა ერთ დღესაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციამ
დააკავა და მისი სწრაფი დეპორტირება მოხდა საქართველოში.
როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ასეთ შემთხვევებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არ არის მხოლოდ ერთეული. დღეს ეს მასობრივი პრობლემაა გერმანიაში?
_ თითოეული დეპორტაცია უნდა იყოს იურიდიულად გამართლებული და ჰუმანური. ყველა კომპეტენტურმა ორგანომ კანონიერად უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები და დაიცვან თავი უკანონო დეპორტაციისგან. მანამდე უნდა არსებობდეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი სიტუაცია, რომელიც ჩვენ, როგორც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ.
_ რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში?
_ მსურს ჩვენი კოალიციური შეთანხმების ყველა პუნქტის განხორციელება. ეს ამომრჩევლის დაკვეთაა. გარდა ამისა, ყოველთვის არის ახალი გამოწვევები, რომლებზედაც პოლიტიკოსებმა უნდა შეიმუშავონ გადაწყვეტილებები. მაგალითად, გერმანიაში ენერგეტიკული კრიზისი და სოციალური შეჭირვება გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში.
საკმარისი არ არის მხოლოდ გეგმის მიხედვით მუშაობა, არამედ ძალიან ყურადღებიანი უნდა ვიყოთ აქ და ახლა განვითარებული მოვლენების მიმართ. მოკლედ, ჩემთვის ეს თანამდებობა ნიშნავს, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინი უფრო სოციალურად წარმატებული გავხადო ყველა სფეროში, რაზედაც მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამინისტროში.
_ გავეცანი სხვადასხვა გერმანული მედიის ინტერვიუს თქვენთან. ხშირად გეკითხებიან, როგორ გრძნობთ თავს, როგორც გერმანიის პირველი შავკანიანი ქალი მინისტრი? მაგრამ მე მინდა ჩვენი ინტერვიუ დავასრულო შემდეგი კითხვით: როგორ გრძნობთ თავს მინისტრად?
_ ჩემთვის დიდი პატივია მინისტრობა. და ეს მართლაც საინტერესო, რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა. ყოველ დილას ვდგები ენერგიით სავსე და ჩემს თავში ვალაგებ იმ ყველაფერს, რასაც მე და ჩემი გასაოცარი თანამშრომლები უნდა გავუმკლავდეთ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე ძლიერი გრძნობაა იმის შეცნობა, რომ დავიწყე ფინანსური დახმარება საბავშვო ბაღის მშობლებისთვის; ასევე დეპორტაციის გაჩერება. ეს ძალიან კონკრეტულად ცვლის ყველაფერს. სხვათა შორის, ამას ტვირთად კი არ აღვიქვამ, არამედ პრივილეგიად, რომ შემიძლია რაღაცების ასე ჩამოყალიბება. ცხადია, ეს დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ ეს ამად ღირს.