ლევან სამუშია: „ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე აბსურდის თეატრია“

ნენე ინჯგია

16 დეკემბერს „ფულის გათეთრების“ საქმეზე სასამართლო განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სხდომა 11 იანვარს გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რეპლიკისთვის მათ დრო სჭირდებათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ზვიად კორძაძის განმარტებით, პროკურატურა „თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს“.

პოლიტიკური მართლმსაჯულების პარალელურად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული შერიგებისთვის მზაობა გამოაცხადა და პოლიტიკურ პარტიებს რეზიდენციაში უმასპინძლა.

ბრძოლის რა გზას ირჩევს „ლელო“, რომლის ლიდერების წინააღმდეგაც არის აღნიშნული საქმე? ამ პირობებში აქვს თუ არა აზრი შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმას? რა მოლოდინი აქვთ ზემოთქმულ საქმეზე „ლელოში“?

„ქრონიკა+“ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, გასულ კვირას გამართულ სასამართლო პროცესებზე, რა გამოვლინდა, _ დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ ეს საქმე პოლიტიკურია?

_ ამ პროცესებზე არაფერი გამოსავლენი არ იყო. თავიდანვე ცნობილი გახლდათ, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში მიმიღია მონაწილეობა, როგორც ადვოკატს, წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ხელისუფლების პირობებში და მსგავსი სიბინძურე, რაც ამ საქმეში გვხვდება, იშვიათია. ადამიანებს ედავებიან არა ფულის გათეთრებას, არამედ თეთრი ფულის გაშავებას. წარმოუდგენელი რამ ხდება! საერთოდ, ბრალდება არ არსებობს. უბრალოდ არის ივანიშვილის სურვილი! შესაძლოა, ამას დავარქვათ „ივანიშვილის სურვილის საქმე“.

_ თქვენი თქმით, ეს საქმე პოლიტიკურია, პროკურორებმა სასამართლო სხდომაზე ითხოვეს, რომ 11 იანვრამდე გადაეწიათ სასამართლო პროცესი. ეს იმ პოლიტიკური პროცესით არის განპირობებული, რაც დღეს გვაქვს?

_ ეს რამ განაპირობა, არ ვიცი, პრაქტიკაში ასეთი რამ არ მახსენდება, რომ ამდენი ხნით გადაედოთ პროცესი. ჩვენი პარტიის ლიდერები და ბატონი წერეთელი ითხოვდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს პოლიტიკური სასამართლო და მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდოდათ. არავის არაფრის ეშინია. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვის. ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს, ჩვენ პოლიტიკურ პროცესზე გვაქვს საუბარი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჩემთვის უცნობია. უბრალოდ, მაქსიმალურად გააკეთეს ის, რომ ამ ყველაფრით ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერეს. პრაქტიკაში არ არსებობს, როცა ადამიანი მოწმე იყო და მის ჩვენებას ბრიფინგებს უძღვნიდნენ, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი გაჩერებულიყო. დღეს, წესით, ანაკლიის პორტი უნდა მუშაობდეს და საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში ძალიან დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეს. გახსოვთ, ალბათ, მაიკლ პომპეოს განცხადება, როდესაც იმდროინდელ პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდესო. ამის შემდეგ კი კარასინმა და ლავროვმა გააჟღერეს პოზიციები. თუ ვისი პოზიცია გაითვალისწინა და რა რუსული სცენარი გაათამაშა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ,  ამას კარგად ვხედავთ. ასევე გვახსოვს ჩვენი პარტიის ლიდერებისადმი გადაცემული მუქარის წერილი. ეს ყველაფერი ღია პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმასჯულების ნაწილია. ეს საქმე არის აბსურდის თეატრი, პოლიტიკური დაკვეთა.

_ ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში ბრძოლის რა გზას ირჩევთ?

_ ეს გზა არის რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. რეჟიმთან, რომელიც საქართველოს მომავალს ასამარებს. ამ შეურიგებელ ბრძოლაში იგულისხმება ყველა კანონიერი მეთოდით ბრძოლა. ამ უკანანო სასამართლო პროცესებზე ჩვენი პარტიის ლიდერები დადიან. სამართლებრივ შეფასებაზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ ყველაფერს მაქსიმალურად იყენებენ. ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა არის ესეც, რომ ყველაფერი თვალხილული იყოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ასეც არის. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ ამის შესახებ ზედმიწევნით იცის, მით უმეტეს, ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთი საერთაშორისო ექსპერტისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლის დასკვნები, მოწოდებები და განცხადებები მოგვისმენია. აქედან გამომდინარე, ეს არის ღია პოლიტიკური ბრძოლა, რომლითაც ასევე „ტვ პირველსაც“ ებრძვიან. ასევე ნიკა გვარამიას მიმართ როგორი პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული, ამას კარგად ხედავთ, ალბათ, ნიკასაც ერევა სათვალავი, თუ რამდენი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის მიმართ აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. არ დარჩენილა სფერო, სადაც ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება არ შევიდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობისა და ბრძოლის პირობებში ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. პირველ რიგში, საქართველო მიაღწევს გამარჯვებას.

_ თქვენ ახსენეთ საერთაშორისო ექსპერტების პოზიცია, ასევე ამ საქმეზე ცნობილია დასავლელი პარტნიორების პოზიცია, ეს რამდენად იმოქმედებს საბოლოო განაჩენზე?

_ რისკი ძალიან დიდი იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდა. ეს კარგად იციან მათ. ამ რისკში ვგულისხმობ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო და მოსალოდნელ მძაფრ პოზიციას.

_ თქვენი თქმით, შეურიგებელი ბრძოლა რეჟიმთან _ ეს არის თქვენი გზა. ამ პირობებში, როცა ასეთი დაძაბული პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს, რამდენად სწორად მიიჩნევთ შერიგებაზე საუბარს? 16 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საახალწლო მიღება, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესრებოდნენ, რამდენად რეალისტურია?

_ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სჯობს, ამ ყველაფერს უფრო შეთანხმება დავარქვათ. შერიგება სხვა რამე არის. ქვეყანას სჭირდება შეთანხმება, თანხმობა, რომ იგი უფსკრულიდან ამოვიდეს. ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური, პანდემიური კრიზისია. თუ რაიმე კრიზისი არსებულა მსოფლიო პოლიტიკისა და ქვეყნების ისტორიაში, ყველანაირი კრიზისი ერთად არის ჩვენს ქვეყანაში თავმოყრილი. ამის ავტორი ვინც ბრძანდება, კარგად იცით, _ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. „ლელო“ პირველი იყო, ვინც მზაობა გამოთქვა თანხმობის, შეთანხმების ნაბიჯების გადადგმისკენ. ეს არის აუცილებელი. რაც შეეხება შანსს, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ამ შემთხვევაში დიდ ალბათობასა და 100%-იან შანსებზეა საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რომ ეს შეთანხმება შედგეს. შეთანხმება რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ სჭირდება, ქვეყანასა და ქვეყნის მომავალს. შეთანხმების გადათარგმნა ისე, რომ ეს შეთანხმება გულისხმობდეს მხოლოდ ამნისტიას და ამნისტიით იყოს განპირობებული, ამას ასე არ ვუყურებ, რადგან აქ სისტემა არის შესაცვლელი და ეს შეთანხმება ფახლავთ სისტემის ცვლილებაზე. თუნდაც, 20 ან 30 წლის განმავლობაში ამნისტია რომ განხორციელდეს, მერე ჩვენ რას ვაკეთებთ, _ თავიდან უნდა დავიწყოთ პოლიტიკური დევნილებისა და პატიმრების ათვლა?! იგივე სასამართლოთი ახალი პოლიტიკური პატიმრები უნდა გაჩნდეს. ეს ხომ თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. გარდა ამისა, ასევე თავიდან ბოლომდე შესაცვლელია საარჩევნო სისტემაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ გლობალურად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს, ერთხელ და სამუდამოდ, რომ დასრულდეს. სასამართლოს დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და საარჩევნო სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს, ასევე უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ქვეყანაში აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, თუ გვინდა, რომ საერთოდ რამე უკეთესობისკენ დაიძრას.

ბუნებრივია, რაც ჩამოვთვალე, ეს არ არის მარტივი და შეიძლება, ბევრს წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდეს, მაგრამ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. სად წავლენ ის მოსამართლეები, ისევ სასამართლოში დარჩებიან? _ ასეთ შემთხვევაში არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება. ან ის სისტემა თუ დარჩა, რითაც პოლიტიკური დევნა ხორციელდება და რაზედაც დგას რეჟიმი, თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია უცვლელი იქნება, ასეთ შემთხვევაშიც აზრს კარგავს შეთანხმება. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელია.

_ ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების გამოცდილება უკვე გაქვთ.  როგორც წესი, მმართველი გუნდი არასდროს ასრულებს შეთანხმებას. მაგალითისთვის, გაგახსენებთ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც „ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმებიდან გავიდა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ღირს კი მათთან მოლაპარაკება?

_ პირველ რიგში, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ამ შემთხვევაში სხვა ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი და ზურაბიშვილიც ჩართულია. შეიძლება, განსაკუთრებულ იმედებს არ ვამყარებდე, მაგრამ თუ რაღაც 1% იმედი არსებობს, ამ შემთხვევაში ღირს ცდა. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, მან ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ კუთხით, რომ თავიდან ბოლომდე ლუსტრირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. თუნდაც ის უმწვავესი განცხადებები, რაც, მაგალითად, 18 დეკემბერს ამერიკის ელჩმა გააკეთა, გამოწვეულია კონკრეტულად იმ დოკუმენტით და მისი არშესრულებით. იმ დოკუმენტზე ოპოზიციას ხელი რომ არ მოეწერა და არ ყოფილიყო მისის თანხმობა, ეს ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან დიდი ზიანის მომტანი და „ქართული ოცნება“ სათავისიოდ ისარგებლებდა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციაც ასეთი ვერ იქნებოდა, რადგან ეს დოკუმენტი მათ აძლევს ასეთი მკაფიო, მწვავე და მკაცრი განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მე და ჩემი პარტია, არამედ სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასე ფიქრობს, რომ შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმას აქვს აზრი. თუ დააკვირდებით, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ითრევს ფეხს.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს სხვა ტიპის მოლაპარაკებაა, რომ ამ შეთანხმებაში ჩართულია პრეზიდენტი ზურაბიშვილი. რამდენად გაქვთ მისი დამოუკიდებლობის იმედი, რომ ის რასაც აცხადებს, იმის შესაბამისად მოიქცევა და არ იმოქმედებს მმართველი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე?

_ მინდა ვისურვო და იმედი გამოვთქვა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ მოლაპარაკებებით რაღაც შედეგზე გავა. ეს სჭირდება ქვეყანას, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. აუცილებლად ღირს ცდა. ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც უყურებენ და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში სხვა სახის ჩართულობა იქნება მათი მხრიდან.