ლია მუხაშავრია: „ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა“
ნენე ინჯგია
„არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ“, – NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ასე მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს. კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, ბოლო კვლევით, 34% ეთანხმება, 59% არ ეთანხმება და 7% ამბობს, რომ არ იცის. ამასთან, მოსაზრებას, რომ „პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, 23% ეთანხმება, 67% არ ეთანხმება, 9% ამბობს, რომ არ იცის, 1% კი უარს ამბობს პასუხზე. კვლევის თანახმადვე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
რამ განაპირობა მოსახლეობის გაზრდილი უკმაყოფილება და უნდობლობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით? როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ ნდობის აღსადგენად? რამდენად რეალურია ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:
_ ქალბატონო ლია, გასულ კვირას NDI-მ (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც წესი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილი კვლევებს არ ენდობა. პირველ რიგში, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნული ორგანიზაციის კვლევების მიმართ?
_ ეს კვლევები, რაღაც ალბათობას, რომ ყველაფერი ზუსტად არ არის გადმოცემული, ყოველთვის ატარებს და ეს ალბათობა მუდამ ობიექტურად არსებობს, მაგრამ კვლევების შედეგები გვიქმნის მაინც მეტ-ნაკლებად ნათელ წარმოდგენასა და სურათს, როგორია საზოგადოებრივი აზრი და განწყობა. თანაც თუ ეს ემთხვევა და ობიექტურადაც ასე ჩანს. ბუნებრივია, სანდოდ გამოიყურება ეს კვლევები და მისი შედეგები.
_ NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. როგორ შეაფასებთ კვლევის ამ ნაწილს და რა განაპირობებს მოსახლეობის ასეთ განწყობას?
_ ის, რომ საქართველოში საზოგადოება არ უნდა იყოს კმაყოფილი არც მმართველი პარტიით და არც პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციური პოლიტიკოსებით, ეს ობიექტურად რომ ასეა, ამას კვლევაც არ სჭირდება, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება არის თან მზარდი და თან საკმაოდ დიდი. ეს კვლევები ყოველთვის უნდა იყოს მანიშნებელი, საგანგაშო სიგნალის მიმცემი პოლიტიკოსებისთვის… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში არც მედიის დამოკიდებულებები, არც საზოგადოებრივი აზრის კვლევები მაინცდამაინც საყურადღებოდ არ გამოიყურება პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ თუ ვინმე სერიოზულად უდგება პოლიტიკას და პროფესიონალ პოლიტიკოსად მიიჩნევს თავს, მას აუცილებლად მოუწევს მათი გათვალისწინება, თუკი უნდა, რომ დარჩეს პოლიტიკაში. ამდენად, მგონია, ეს არის არსებული მდგომარეობის ობიექტური სურათი და ჭკვიანი, გონიერი პოლიტიკოსების ხელში შეიძლება იყოს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომ მათ გადასინჯონ საკუთარი პოზიციები, ქმედებები და უფრო სერიოზულად იფიქრონ, რა გააკეთონ, რათა თავი მოაწონონ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.
_ კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 14%-ით გაიზარდა იმ ელექტორატის რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. რით აიხსნება საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილება?
_ ადამიანები მოლოდინისგან დაიღალნენ. ის, რომ სახელისუფლებო პარტია 10 წლის მანძილზე ნიჰილიზმს ნერგავს, ამან, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო, ანუ ამომრჩეველთა დიდ ნაწილში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივი, საარჩევნო და პოლიტიკური შესაძლებლობები, საშუალებები და მექანიზმები, რომლებიც მათ ხელთ არსებობს, არ მუშაობს, უძლურია, შედეგი არ მოაქვს, რაც განაპირობებს ოპოზიციის მიმართაც ასეთ დამოკიდებულებას. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწყობს, რადგან მას შეუძლია კვლავ სცადოს არჩევნების შედეგების გაყალბება და ეს გაუვა, რადგან საზოგადოება ამის გამო არ აღშფოთდება, _ ის ვერ ხედავს, რომ ეს მექანიზმები ქმედითია. აბა, დიდ ბრიტანეთში ან დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხდეს ასეთი რამ! _ მეორე დღესვე მედიაც ისეთ მკვეთრ შეფასებებს გააკეთებს და საზოგადოებაც ისე რადიკალური ფორმით გამოვა საპროტესტო აქციაზე, რომ ვიღაცები იძულებულები გახდებიან, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობებიდან.
_ დღევანდელი მოცემულობით არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვოს? ჩვენ ვხედავთ, რომ პერიოდულად ოპოზიციურ სპექტრში ამაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამენ.
_ თავისთავად ის ფაქტი, რომ რაღაცას მოითხოვ და მერე გადაიფიქრებ, რეპუტაციას არ გმატებს, _ არც შენ წრეში და არც საზოგადოების თვალში. პრინციპულობა მეტ-ნაკლებად ამით ირყევა. მეორე მხრივ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რეალურად ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას კი არ გულისხმობს, არამედ უფრო მეტად საკუთარი თავის რადიკალურად წარმოჩენას, რომ გაიზომოს, რამდენად დაგიჭერს მხარს საზოგადოება ამაზე. როცა ოპოზიციაში ხედავენ, რომ მხარდაჭერა არ აქვს ამ ლოზუნგსა და მოწოდებას, მერე უკან იხევენ და ესეც იწვევს პოლიტიკოსების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ახლა, როდესაც ჩვენს რეგიონში სამყაროს ყველაზე დიდი საომარი მდგომარეობაა, აქტიური ომია რუსეთ-უკრაინას შორის, აგერ ჩვენს სამეზობლოში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმაც კვლავ იფეთქა, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ქვეყნის შიგნით რაც შეიძლება მეტი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ეს არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენზე არ გადმოვიდეს ომის არანაირი ტალღა, არამედ იმისთვისაც, რომ გონიერი სახელმწიფო მოღვაწეების ხელში ამან შეიძლება ქვეყანას ძალიან დიდი სტაბილურობა და ფინანსური, მატერიალური, ეკონომიკური წარმატებაც კი მოუტანოს. მაგრამ წარმატებაზე ფიქრი ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან უადგილოა. ახლა ჩვენ რომ არჩევნების პერიოდში ვიყოთ, რომელიც შეიძლება ორ საფეხურად განვითარდეს, მერე ამას მოჰყვება უკმაყოფილება, გარდა ამისა, გავითვალისწინოთ რეალობა, _ შეიძლება ვადამდელი არჩევნების პირობებში უარესი პარლამენტი მივიღოთ, ვიდრე დღეს გვყავს. დღეს, რაც გვყავს ვაია, მაგრამ შეიძლება ორჯერ უფრო უი იყოს ის, რომელსაც მივიღებთ და საერთოდ კატასტროფა მოხდეს. ახლა მთავრობა ძალიან არასასურველია და არ არის მოსაწონი, მაგრამ შეიძლება უარესი მივიღოთ. ამის გათვალისწინებით და კიდევ იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ღარიბ ქვეყანას, რომელსაც ამდენი გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს, კიდევ ზედმეტი ფული არ უნდა დავახარჯინოთ იმ არჩევნებზე, რომელიც არ გიცვლის რეალობას და არ არის საიმედო, არ არის სარწმუნო მისი შედეგები, ამიტომ ჯობს თავი დავანებოთ. არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, რატომ არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება ახლა უპრიანი? გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა შესასრულებელი, _ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. სწორედ იმ ხელისუფლებას, რომელიც 10 წელია, ამ ქვეყანას ამიწებს, უნდა ვაიძულოთ და მოვთხოვოთ, რომ პირობები შეასრულოს, რადგან ეს ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახალ მთავრობას ასეთი დაჟინებით ამას ვერ მოსთხოვ. ის გეტყვის, რომ ახლა სხვა ამოცანები მაქვს და ამისთვის არ მცალია, ეს არ მიკისრიაო, _ ასეთ უსინდისობას არ იკადრებენ თუ ნამუსი გააჩერებთ?! ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 10 წელი ხელისუფლება ვისაც ეპყრა ხელთ ერთპიროვნულად, იმას მოვთხოვოთ ამ ვალდებულების შესრულება და თუ ეს შედეგი ვერ ვიხილეთ, როდესაც დადგება არჩევნების დრო, მაშინ საზოგადოებისთვის უფრო მეტად იქნება ნათელი და ცხადი, რომ რადიკალურ და ნამდვილ ცვლილებებს უნდა დაუჭიროს მხარი და აღარ გააჭაჭანოს ის ხელისუფლება, რომელმაც ასეთი ისტორიული გადაწყვეტილება ხელიდან გამოგვცალა ყველას ერთად.
_ თქვენ ისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება მოყვეს ვადამდელ არჩევნებს, ასევე ხაზი გაუსვით ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ პირობებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ბევრად უფრო რისკის შემცველი არ არის? სასწორის ერთ პინაზე დევს ის რისკები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ და რაც ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება, ხოლო მეორე მხარეს არის მომავალი ორი წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ მმართველობით გამოწვეული რისკები. „ქართული ოცნება“ არც რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უერთდება. თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა, ბევრად უარესი პარლამენტი მივიღოთ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ საუბედუროდ, ჩვენ არჩევანს ყოველთვის ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის, ახლაც ზუსტად იგივე არჩევანის გაკეთება გვიწევს. იმის გათვალისწინებით და სამომავლო პერსპექტივით, რომ შეიძლება უარესი მივიღოთ და ჩვენი უახლესი გამოცდილება სწორედ ასეთ შედეგს გვიწინასწარმეტყველებს და თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ არჩევნების პერიოდში მთავრობა, პრაქტიკულად, არაფრის გამკეთებელი არ არის, მას პრაქტიკულად მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა. ასეთ ვითარებაში ის ადამიანები, რომლებიც სტაბილურად სხედან სკამებზე და საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ, წარმოგიდგენიათ, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში როგორ იქნებიან?! თუ ახლა არიან პრორუსულები, მერე შეეცდებიან, აშკარად, დაუფარავად პრორუსული პოლიტიკა მოასწრონ და გაატარონ, რაც შეიძლება კატასტროფის მომტანი იყოს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ამიტომ ისევ ჯობს, ეს ცუდი ვაიძულოთ გააკეთოს ის, რაც ჩვენთვის უკეთესია, ვიდრე დაველოდოთ, ვინ მოვა, რომელსაც არ ექნება ასეთი პასუხისმგებლობა და არც არაფერი ისე გასაფრთხილებელი, როგორც ამათ, რადგან სკამების შენარჩუნება უნდათ. რაც არ უნდა ანგარებითი მიზნები ამოძრავებდეთ, თუნდაც ამიტომ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის უფრო მეტად ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ რომ თავი შეირცხვინა და მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოუტანა ქვეყანას, ამაზე ლაპარაკის გაგრძლებაც კი არ ღირს. თანაც საარჩევნო პროცესი არ იწყება და არ მთავრდება ერთ თვეში _ ეს არის რამდენიმეთვიანი პროცესი, რამდენიმე მილიონიანი ხარჯით, რომელსაც უკეთესობა არა და არ მოაქვს. ამიტომ არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ღიად გამოდის და თავის პოზიციებს გვეუბნება ჩვენც და თავის გადასახადის გადამხდელებსაც. ეს არის ნიშანი იმისთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ შემდგომ ვადიანი არჩევნებისთვის და იმ დროს მაინც გავაკეთოთ სწორი არჩევანი და არც დიდმა ფულმა და არც მცირედმა დაპირებებმა ხალხი არ მოატყუოს. ჯობს, მოვემზადოთ უკეთესი მომავლისთვის და მოვითმინოთ ახლა ის უმსგავსობა, რომელიც გვაქვს, იმ იმედით, რომ ამას შევცვლით. დღეს საზოგადოება დაბნეულია და საარჩევნო კამპანიის მანიპულაციები და გაჭირვების გამოყენება საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსასყიდად ძალიან რეალისტურია, თან გავითვალისწინოთ როგორც საგარეო უსაფრთხოების, ისე შიდა დაპირისპირებებისა და ესკალაციის საფრთხეები, ასევე პოლარიზაცია, რომელიც უკიდურესია და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვამჯობინოთ ცუდი მთავრობა, მაგრამ მოვთხოვთ ის, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა და რომლის მოთხოვნის უფლება ამათთვის მეტი გვაქვს, ვიდრე იმ ახლისთვის, რომელიც არ ვიცით, როგორი იქნება.
_ აქვს თუ არა ოპოზიციას რესურსი იმისა, რომ 2024 წლის ვადიანი არჩევნებისთვის, რომელამდეც 2 წელია დარჩენილი, აღიდგინოს საზოგადოების ნდობა? ფაქტია, რომ ოპოზიციას ეს ნდობა დაკარგული აქვს და ამას კვლევებიც ადასტურებს. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციურმა სპექტრმა იმისთვის, რომ 2024 წლამდე ელექტორატის დიდმა ნაწილმა დაუჭიროს მხარი?
_ ეს საკმარისად კარგი დრო არის. ოპოზიცია გონივრულად უნდა მიუდგეს თავის ამოცანებს და ჩამოყალიბდეს, რა უნდა მას. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ პოლიტიკოსები ძალიან მოკლევადიან დაპირებებს გვაძლევენ ხოლმე საარჩევნოდ, თანაც გეოგრაფიულად და პოლიტიკური ჰორიზონტის თვალსაზრისით ეს არის ძალიან ვიწრო ხედვა. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც 10 და მეტი წლით წინ იყურებიან, ხედავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებს, ობიექტურად აანალიზებენ მათ და იმის მიხედვით გვეუბნებიან, რა უნდა გაკეთდეს. ასეთი პროგრამებისა და ხედვების ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის კომენტარებზე კომენტარებით და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით არიან უფრო მეტად დაკავებულები, ვიდრე იმით, რაც საზოგადოებას დაანახვებს ახალ ჰორიზონტს. ძალიან მიხარია და მომწონს, რომ ახალგაზრდობა ჩნდება პოლიტიკურ სივრცეში და ახალი სიცოცხლით ავსებს მას, მაგრამ ახალგაზრდებს ჯერ კიდევ იმდენი შესაძლებლობები და თავისუფლება არ გააჩნიათ. ისინი თავს უფრო მეტად მოიაზრებენ არსებული პოლიტიკური პარტიების ნაწილად. მინდა, მოვუწოდო ყველას, მართლაც, დროა დავიჯეროთ ეს და ახალ თაობას ეს განსაკუთრებით კარგად ესმის. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კონსტიტუცია იწყება სიტყვებით: „ხელისუფლების წყარო არის ხალხი“, _ თქვენი თაობა საუკეთესო თაობაა, კომუნისტური პერიოდის გამოცდილება არ გბოჭავთ, შემდეგ ამ გარდამავალი პერიოდის უბედურებები არ გაქვთ ჩაკირული და კომპლექსებად აღმოცენებული. მინდა, ამ ახალ თაობას მოვუწოდო, მით უფრო, ჩვენთან საარჩევნო ასაკობრივი ბარიერები ძალიან დაბალია, რომ უფრო აქტიურად გამოვდინენ და სრულიად ახალი სახეები მოვიდნენ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ყველა დაღლილი და გაბეზრებულია არსებული სახეების ხილვით და ახალ ადამიანებს დაუჭერენ მხარს, ოღონდ მათ არ უნდა შეეშინდეთ და არ უნდა იყვნენ ცრუ ავტორიტეტებისგან მორიდებით მდგარნი. ამისთვის მომავალი ორი წელი კარგი დროა, რადგან ახალგაზრდებს უკვე აქვთ ნათელი წარმოდგენა, როგორი ქვეყანა სურთ. ყველაზე ძალიან მათი იმედი მაქვს. „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა სცადოს და ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, ამ თაობას ვერ წარმოუდგენია იცხოვროს რუსეთის იმპერიაში, ეს მათ წარმოდგენაში შეუძლებელია. მათი ეს წარმოდგენა უფრო მეტად გადამწყვეტია, ვიდრე ყველა თაობის ერთად აღებული _ შიში, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ და ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. ამიტომ მგონია, რომ ეს გარდატეხა უკვე მომხდარია საზოგადოებაში, უბრალოდ, ამას უნდა ფორმალურად პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა. ეს მომავალ ორ წელიწადში აუცილებლად გამოჩნდება, ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. _ თქვენ თქვით: „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა სცადოს და ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ევროკავშირის წევრობის გზაზე“, _ ჩვენ ვხედავთ, რომ 12 რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. რეალურად არის თუ არა მზაობა და რესურსი ხელისუფლების მხრიდან, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულოს?
_ ცალსახად ვიტყვი, _ არც მზაობა, არც რესურსი და არც მონდომება არ აქვს, მაგრამ ეს ბოლო განცხადებები, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ევროპელი პარტნიორების გარეშე ევროპა ვერ წარმოუდგენიათ, გულისმხობს იმას, რომ ისინი წავლენ იმგვარ დათმობებზე და ევროპულად „გვაიძულებენ“,ეს შევასრულოთ. ვადებსაც გაგვიგრძელებენ, უფრო მეტად შეეცდებიან დაგვეხმარონ ამ ვალდებულებების განხორციელებაში, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. თანაც დაელოდებიან, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილებას 2024 წელს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს ნამდვილად, მოტივირებულად, კვალიფიციურად გააკეთოს. იქ 12 პუნქტი წერია, მაგრამ მე რომ მკითხოთ, 120-ია გასაკეთებელი, ევროკავშირის წევრობას რომ მივაღწიოთ. 12-ის ქვეშ თითოეულს შეიძლება ასი პუნქტი ჩამოუწერო, თუ ღრმად გაიაზრებ და გაითვალისწინებ, თოთოეულის ქვეშ რა ამოცანები დგას. ვფიქრობ, შემწყნარებლური დამოკიდებულება იქნება, რადგან ახლა ჩვენ მსოფლიოს გარდაქმნას ვუყურებთ. არ მინდა, ასტროლოგიაში გადავიდე, მაგრამ მერწყულის ათასწლეულში შევდივართ, რომელიც არის ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის ახალი ეპოქა და ათასწლეული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იცვლება, რუსეთის დამარცხება ყველაზე კარგი მაგალითი იქნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების. თუ ეს პროცესი ასე განვითარდა, ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ამ ქვეყნის გარდაქმნა და შეცვლა, თავიდან ფეხებამდე, ძალიან მალეა შესაძლებელი. ევროპული პერსპექტივით ეს ძალიან მარტივი ამოცანაა. ეს ჩვენთვისაა რთული და მძიმე, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში, თორემ ევროპული პერსპექტივიდან ეს არის მათი ერთი საშუალო სიდიდის ქალაქი, ევროპაში ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ დიდი დედაქალაქები და ქალაქები აქვთ, იმ უზარმაზარ ქალაქებს მერია პატრონობს. ჩვენ მთავრობა, პარლამენტი და ყველა სახელმწიფო კონსტიტუციური ორგანო გვყავს და მაინც ვერ ვპატრონობთ ასეთ პატარა ქვეყანას. გარწმუნებთ, ევროპელების თვალში ამ ქვეყნის გაევროპელება ძალიან მარტივი ამოცანაა, მთავარია, მათი სურვილი და ნება. ეს სურვილი და ნება გამოკვეთილია. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.