ლია მუხაშავრია: „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ჯანმრთელობას კარტივით ათამაშებს“

ნენე ინჯგია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ აქტუალურია. მისი ოჯახის, კონსილიუმისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ის საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას უცხოეთში, თუმცა ხელისუფლებაში არ სჯერათ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. გასულ კვირას სააკაშვილის მხარდამჭერი რამდენიმე აქცია გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას ითხოვდნენ.

ამის პარალელურად კი პრემიერმა ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა.

პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე, 5 მაისს სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია: „ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და აგრძელებს რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. პრემიერის განმარტებით, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

პრემიერის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, _ თქვა მან.

რაზე მიანიშნებს პრემიერის შეცვლილი რიტორიკა? რეალურად არის თუ არა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ? რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისთვის, რომ მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლია, ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია. ის, რასაც თვალს ვადევნებთ, ერთი მხრივ, მესამე პრეზიდენტის ოჯახის, კონსილიუმისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ის უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მეორე მხრივ კი მმართველი გუნდის პოზიცია, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა, რაზე მეტყველებს?

_ სააკაშვილის ჯანმრთელობა „ქართულ ოცნებას“ ძალიანაც აწუხებს _ რამე რომ დაემართოს, რასაც არც მე და არც არავინ ისურვებს, ეს იქნებოდა უზარმაზარი სკანდალი და ძალიან ცუდი „ქართული ოცნებისთვის“, ანუ მას როგორც პარტიას და ხელისუფლებას ძირს გამოუთხრიდა, მაგრამ, იმავდროულად, „ქართული ოცნება“ ვერ ამბობს უარს ცინიზმსა და რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურ დამოკიდებულებაზე სააკაშვილის პერსონის მიმართ. სააკაშვილის ჯანმრთელობას კარტივით ათამაშებს „ქართული ოცნება“, რომ მთელი საზოგადოებისა და მედიის ყურადღება იყოს კონცენტრირებული ამაზე და ეს იყოს დღის წესრიგის მთავარი თემა, მაშინ, როცა სხვა უამრავი საკითხია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ყველაზე მეტად სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება აწუხებს „ქართულ ოცნებას“, მის ოჯახის წევრებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უახლოეს თანაპარტიელებსა და მეგობრებზე უფრო მეტადაც კი აწუხებს „ოცნებას“, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა სასიკვდილო განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, სააკაშვილს რომ რამე რეალურად დაემუქროს. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი საკუთარი პრაქტიკა, როდესაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრების საქმეზე მივმართავდი ევროსასამართლოს და ჩვენ იძულებულს ვხდიდით თავად ბაჩო ახალაიას, შეესრულებინა ის მოთხოვნები, რასაც ევროსასამართლო ადგენდა. ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დიდი რაოდენობის პატიმრები იყვნენ საქართველოში და ყველას კვება კანონით და წესით სამჯერადად იყო განსაზღვრული, ხოლო ჩემს პატიმარ კვებავდნენ ოთხჯერ და დიეტური საკვებით, ანუ არსებობს მექანიზმები ძალიან ქმედითი და ძალიან რეალური, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ასევე სააკაშვილის ადვოკატებს მის დასაცავად, თუკი ამას მოისურვებენ… მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაური და, შეიძლება ითქვას, ბლეფიც, რომელიც ორივე მხარეს აწყობს და რომელსაც ორივე მხარე შესანიშნავად იყენებს.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის პოლიტიკური ბლეფი, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს, ამ პოლიტიკური თამაშის ფონზე და ამასობაში, მართლაც რომ დადგეს სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და შეუქცევადი პროცესი განვითარდეს, ამის რისკს რამდენად ხედავთ?

_ ამ მომენტისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, რეალურად, არ არის, იმიტომ, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა საფრთხე რომ იყოს, მაშინ ეს პოლიტიკური ბლეფი ვერ გათამაშდებოდა და მას იძულებით მაინც ჩაუტარებდნენ იმ მკურნალობას, რაც აუცილებელია საშიშ მდგომარეობაში ყოფნიდან გამოსაყვანად. კონკრეტული ქეისი მქონდა, როდესაც პატიმარს პირადი ოჯახური ტრაგედიის გამო მართლაც განუვითარდა ნერვული, ფსიქიკური აშლილობა, რომ მისი ორგანიზმი ვერანაირ საკვებს ვერ იღებდა, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, რომელმაც დაიკლო წონის ნახევარი, ნახევარზე მეტიც კი. მაშინ დიდი ბრძოლით მოვიპოვე უფლება, რომ იქ შემეყვანა სპეციალისტების მთელი ჯგუფი, გამოვიკვლიეთ პატიმარი და დადგინდა, რომ ეს არ იყო სასიკვდილო დიაგნოზი, არამედ ეს იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ეს ადამიანი არც გაუთავისუფლებიათ პირობით ვადამდე, უბრალოდ გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაბამისი დამამშვიდებელი მედიკამენტები მისცეს და მისი მდგომარეობა ნორმალური გახდა, მაგრამ მართლაც კატასტროფული იყო მისი ჯანმრთელობა, ოღონდ ეს იყო გამოწვეული სწორედ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო. ანუ ამ ფსიქიკურმა მდგომარეობამ გავლენა მოახდინა ფიზიკურ მდგომაფრეობაზეც. მეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სწორედ სამედიცინო პროფესიის ექსპერტებისგან, რადგან იურისტი ვარ და ბუნებრივია, არ შემიძლია შევაფასო პატიმრის მდგომარეობა. სრულიად დასაშვებია, რომ დეპრესიის, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე პატიმარი და, მათ შორის, სააკაშვილი ვერ იღებდეს საკმარისი რაოდენობის ცილებს ან სხვა ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკეთებლად, მაგრამ თუკი მას შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებენ, მაშინ მისი მდგომარეობა არ დამძიმდება. ვფიქრობ, რომ მდგომარეობა არ არის ისეთი დამძიმებული, რომ ვიყოთ შეშფოთებული. მძიმე რომ ყოფილიყო მდგომარეობა, პენიტენციური დაწესებულება ყველანაირად შეეცდებოდა და შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებდა. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ბლეფი, თუმცა თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში, 1 თვე ან მეტი, შესაძლოა მართლაც დამძიმდეს… მაგრამ დღეისთვის, ამ მომენტისთვის, როცა ეს პოლიტიკური კარტის თამაში მიდის, არ ვფიქრობ, რომ მისი მდგომარეობა არის მართლაც ძალიან სახიფათო და დიდი რისკის შემცველი სიცოცხლისთვის.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ადვოკატებს აქვთ მექანიზმები, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ მართლაც მძიმეა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად რა ტიპის სამართლებრივი გზები არსებობს?

_ მისმა ადვოკატებმა (ძალიან კვალიფიციური მთელი გუნდია), შეუძლიათ მიმართონ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით 39-ე წესის საფუძველზე ევროსასამართლოს, გაუგზავნონ მისი სამედიცინო დოკუმენტაცია და ექიმებისა და საკუთარი განმარტება, თუ რას ნიშნავს ეს დიაგნოზები, ეს სამედიცინო დასკვნები და ევროსასამართლოც ასევე ადეკვატურად, 24 საათში, შეიძლება უფრო სწრაფადაც მიიღებს გადაწყვეტილებას და მას გადაიყვანენ ან სამოქალაქო საავადმყოფოში, ან ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რაღაც შეიცვლება მის მდგომარეობაში. ეს ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რადგან ერთხელ ხომ გამოიყენეს ეს ღონისძიება, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ალბათ იციან ექიმებისგან, რომ ეს დასკვნები არ არის საკმარისი. სიმართლე გითხრათ, თავის დროზე მეც მივმართავდი პროფესიონალებს და მათგან არა მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციას ვითხოვდი, არამედ განმარტებასაც, რომელიც ჯერ ჩემთვის იქნებოდა გასაგები და რამდენად საყურადღებოა მდგომარეობა და შემდეგ ამ განმარტებას ვუგზავნიდი ევროსასამართლოს, _ იქაც იურისტები სხედან და მათაც შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი განმარტებით უნდა მიიღონ. ადამიანურად, ძალიან მაწუხებს სააკაშვილის მდგომარეობა და კარგად მესმის, რამდენად ცუდად გრძნობს ის ახლა თავს. მართლა არავის ვუსურვებ ასეთ ყოფას, მათ შორის, არც იმას, ვისაც აქვს ძალიან მძიმე დანაშაული და ჩემი ღრმა რწმენით, მას გაცილებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე ის, რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის და ძალიან არასასიამოვნოა, რომ ეს თემა _ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა _ ასეთი ანგაჟირებული გახდა. მაწუხებს ეს, მას პირადად ვიცნობ, ამერიკაში ერთად ვსწავლობდით და პირველად იქ შევხვდი მას, მაგრამ სიმართლე არის სიმართლე და ვერ ვიტყვი იმას, რაც სიმართლე არ არის. ვერ ვიტყვი თეთრზე, რომ შავია, თუმცა მთელი გულით მინდა, რომ გამოჯანმრთელდეს და მისი ფიზიკურ-ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი ასეთი ფართო განსჯის საგანი არ იყოს, ეს არასდროს არის სასიამოვნო.

_ პოლონეთში ვიზიტის დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა დაგმო რუსული აგრესია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, გვახსოვს პრემიერის განცხადება: „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, _ ამ პოზიციის რადიკალური ცვლილება რაზე მიანიშნებს?

_ არ ვარ სამხედრო საკითხებში ექსპერტი და ვერ ვერკვევი, გარდა იმისა, რომ აგვისტოს ომის საქმეებზე ვმუშაობდი და ვმუშაობ. ეს განცხადება უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, თავად საქართველოს ხელისუფლებაც დარწმუნდა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და სასტიკად დამარცხდება. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ადრე იტყოდნენ, „პლასტინკა“ გადააბრუნა და ღარიბაშვილის პირით ხელისუფლებამ თქვა ის, რაც ვარშავაში მოვისმინეთ. ახლა ჩვენი ხელისუფლება დარწმუნდა, რომ პოზიციას უნდა გადახედოს, რადგან სამყაროში ვითარება შეიცვალა. მართალია, ისინი გვიან მიხვდნენ, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება პოლონეთში რომ გააკეთა, სჯობდა, მანამდე საქართველოში გააკეთებინა. ამას ყოველდღე უნდა აკეთებდეს, რომ არავინ იყოს დაბნეული. ადამიანებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში ვხედავ, რომ აქვთ საშინელი შიშის გრძნობა, იგივე არ განმეორდეს საქართველოში, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის ძალიან ბუნებრივი და ნორმალური, ადამიანური დამოკიდებულება ომისადმი. საქართველოს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს გაცილებით ღია განცხადებებს, რომ ხალხს ეს შიში მოეხსნას, _ შიშის გამო ძალიან ბევრი ფიქრობს მხოლოდ გაქცევაზე, ძალიან ბევრი ვერ ან არ აქტიურობს იმიტომ, რომ რა აზრი აქვს, მაინც ომი დაიწყებაო. ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ძირს უთხრის მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და თუ რამე შესაძლებელია გაკეთდეს, იმას თუ ვერ აკეთებ, ეს ძალიან ცუდად დაგვეტყობა დღესაც და ხვალაც… ამიტომ ყველას გასაგებად და გასაგონად უნდა ითქვას და ეს უნდა თქვას პირველმა პირმა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს არის დროის ამბავი! უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, რაც უკვე რეალურად ხდება, მთლიანად ცვლის სურათს სამყაროში, მთლიანად ცვლის ჩვენს მდგომარეობას, როგორც სახელმწიფოსი, ამიტომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ დღეს, ეს გუშინაც უნდა დაგვეწყო, რომ გავხდეთ ნატოსა, ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ძალიან რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდა. ეს წევრობა და სტატუსი რომ მოვიპოვოთ, ამისთვის ბევრი შრომა გვჭირდება და ეს შრომა უნდა იყოს ძალიან აქტიურად გაჩაღებული ახლა, იმის ნაცვლად, რომ ომის შიშით ადამიანები იყვნენ სპაზმით შეპყრობილები, შიშით დათრგუნულები და განძრევას ვერ ბედავდნენ.

_ გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედოთ ღარიბაშვილის განცხადებას, ეს იძლევა იმის ვარაუდს, რომ პრემიერმა პოზიცია არა ერთჯერადად პოლონეთში შეიცვალა, არამედ მომავალშიც შეცვლილი ექნება და ღიად დააფიქსირებს და დაგმობს რუსულ აგრესიას?

_ პერსონალური საკითხია, პირადად ჩვენი პრემიერ-მინისტრი არ არის ისეთი მოქნილი პიროვნება, რომ პლასტინკის გადაბრუნება იოლად და მოხერხებულად შეძლოს. ალბათ, ეს აბრკოლებს ხელისუფლებას, თორემ, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დავინახავთ, რომ ისინი არა მხოლოდ დაგმობენ, არამედ კატასტროფულად შეაფასებენ რუსეთის აგრესიულ მოქმედებას და შესაბამისი რიტორიკაც გაჩაღდება. მართლაც, ძალიან დამძიმებული გვაქვს ყველას განწყობა და ამ ფონზე ძალიან ძნელია დაინახო ნათელი მომავალი, რომელიც რეალისტურია. თუკი ჩვენ გავხდებით ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამაში უნდა იყოს ხელისუფლების როლი, რადგან ძალიან ყურადღებით ვუსმენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე უკრაინაში ჩავიდნენ და საკუთარი თვალით ნახეს იქაური მდგომარეობა. უკრაინაში ბომბების ქვეშ მყოფი ადამიანები ოპტიმისტურად არიან განწყობილები, მხნედ არიან. საქართველოში კი, სადაც მშვიდობა გვაქვს, დათრგუნულები ვართ, ეს ძალიან განსხვავებული ადამიანური მდგომარეობაა. შეიძლება, ფიზიკური და მატერიალური ფასი დაგიჯდეს რაღაც, მაგრამ სულიერად თუ ხარ მყარად, ეს გაცილებით მნიშვნელოვანია. მინდა ყველას მოვუწოდო, მათ შორის, მედიასაც, _ ეს ნოტები უნდა გაჟღერდეს, რომ ჩვენც ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები ვიყოთ, რადგან ჩვენ არც ადამიანები გვეხოცება. რა თქმა უნდა, დიდება იმ ქართველ გმირებს, რომლებიც იქ იბრძვიან და ნათელი მათ ხსოვნას, ვინც დაიღუპა _ ეს არის უზარმაზარი დანაკარგი ჩვენთვის, მაგრამ ამ ადამიანების სისხლის ფასად ჩვენ მოვიპოვებთ იმას, რაზედაც უამრავი სისხლი გვაქვს დაღვრილი, მანამდე სულ ახალახან აგვისტოში და შემდეგ ყოველდღიურად ხდებოდა იგივე, როცა ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდნენ საზღვრისპირა რეგიონებში და ყოველდღიური შიშის ქვეშ ცხოვრობენ ადამიანები ამ სოფლებში. მე ეს ვიცი, პირადად ფეხით მაქვს შემოვლილი იქაურობა. ეს განწყობა მხნეობის, თავდადების, სიმამაცის, რაც სრულიად ბუნებრივია ქართველისთვის, უნიკალური თვისებაა ჩვენი, რომ ის მტერ-მოყვარეს ყოველთვის წელში გამართული, ლაღი, მხიარული, კეთილგანწყობილი ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რა ჭირვარამი არ უნდა ტრიალებდეს მის გულსა და ოჯახში, ეს მდგომარეობა უნდა აღვადგინოთ. დეპრესიულ განწყობას ჩემს თავსაც ვატყობ, მაგრამ წარმომიდგენია ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორებთან, ინტერნეტთან. მინდა ვისურვო, რომ ჩვენმა მედიამ, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს და არ შემიძლია გამოვხატო სიტყვებით, როგორი მადლიერი ვარ თქვენი თავდადებული შრომის, ეს ნოტები უნდა გააჟრეროს ძალიან ხმამაღლა, რომ ყველამ გაიგოს და ყველას გადაედოს მხნეობა, _ ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი, მათ შორის, არც მშვიდობას.