ლია მუხაშავრია: „სააკაშვილის მოწოდებები საკნიდანაც პოულობს სათანადო გამოხმაურებას“
ნენე ინჯგია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული შერიგების მორიგ პროცესს იწყებს. პირველი ეტაპიდან მხოლოდ სამახსოვრო ფოტოები დარჩა პრეზიდენტსა და მათ შორის, რომლებიც შერიგების თემის განსახილველად სტუმრობდნენ ათონელის რეზიდენციას.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქალ პოლიტიკოსებთან გამართავს შეხვედრას.
გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ზურაბიშვილმა შერიგების პროცესი: მან 16 დეკემბერს, საახალწლო მიღებაზე, განაცხადა: „მაქვს ამბიცია, დავეხმარო ქვეყანას, რათა დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“.
28 დეკემბერს კი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა, სადაც თქვა, რომ მას არ გააჩნია ბერკეტი დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად.
რეალურად, რას ემსახურება პრეზიდენტის მიერ წამოწყებული შერიგების პროცესი? აქვს თუ არა რესურსი ქალბატონ სალომეს და რა პოლიტიკური მოცემულობაა ქვეყანაში?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:
_ ქალბატონო ლია, თქვენ „ქრონიკა+“-სთან ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, გააუქმა შეწყალების ინატიტუტი და მისი გულწრფელობა ეროვნული შერიგების ნაწილში სანდო არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი შერიგების საკითხის კვლავ გააქტიურებას იწყებს. ამჯერად გვაქვს თუ არა საფუძველი, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეგვეპაროს?
_ თავის დროზე, პრეზიდენტის ამ წინადადებასა და ინიციატივას არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება, არც პოლიტიკურ წრეებში და არც _ საზოგადოებაში. საზოგადოებაში არ არის ის დაკვეთა, რომ პოლიტიკოსებმა შერიგების პროცესი უნდა განახორციელონ. ვფიქრობ, უფრო სხვა დაკვეთაა პოლიტიკოსების მიმართ. მეორე მხრივ კი პოლიტიკოსები არაფერს აკეთებენ, რათა ამ ინიციატივას განხორციელება ეწეროს, განსაკუთრებით არაფერს აკეთებს მმართველი პარტია, ამიტომ არა მგონია, რომ ახლა ეს საკითხი გააქტიურდეს და რამე შედეგი მოგვიტანოს. მით უფრო, რომ უფრო სხვა პრიორიტეტები დგას დღის წესრიგში, როგორიც არის ოპოზიციის ერთიანობის. დიდი ცვლილებებია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. მსოფლიოში ძალიან მძიმე და საშიში მოვლენები ვითარდება. ასეთ ფონზე, არა მგონია, პრეზიდენტმა შერიგებაზე ზრუნვა შეძლოს.
_ შესაძლოა, პრეზიდენტს ამის გულწრფელი სურვილი ჰქონდეს, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის ამ საკითხში და შეძლებს თუ არა, მმართველი გუნდის გავლენის მიღმა მიიღოს გადაწყვეტილება?
_ პირველ რიგში, ის არ არის დამოუკიდებელი და არ გააჩნია საკმარისი საკონსტიტუციო, ფაქტობრივი ბერკეტები, რომლითაც გაატარებს საკუთარ ინიციატივას. რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს ეს ინიციატივა, პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ქმედითი ბერკეტი, უნდა ჰქონდეს ან კანონისმიერი უფლებამოსილება, ან _ პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხარეს, ამ თვალსაზრისით, ვერც ერთს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე შემჩნეულია იმაში, რომ ის, ძირითადად, მმართველი პარტიის პოლიტიკას მისდევს და ახორციელებს. ამიტომაც ეს ვითარება კიდევ უფრო ასუსტებს მის ინიციატივას და ამ კურსს რომ განხორციელება არ უწერია, კარგად ჩანს.
_ თქვენ დასაწყისში თქვით, რომ საზოგადოების ნება არ არსებობს ეროვნული შერიგების საკითხზე. რამ განაპირობა, რომ ჩვენი საზოგადოება ეროვნული თანხმობისთვის არ არის მზად?
_ რადგან ეროვნულ თანხმობაში საზოგადოება მოიაზრებს შერიგებას პერსონალურად სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მისი წარსული მმართველობის პერიოდთან, იმ დანაშაულთან, რომელიც ჩადენილია და რომლის გამოც პასუხისმგებლობა არ დამდგარა სრულად. ამიტომ საზოგადოებას არ აქვს ეს განწყობა და არც სურს, მით უფრო, ჩვენი ელექტორატი ძალიან შორის დგას ისეთი ცნებების მიმართ, როგორც არის შერიგება, გულმოწყალება, პატიება, კაცთმოყვარეობა, რაც ძალიან გულს მტკენს, მაგრამ ამაში არის გარკვეული სიმართლის მარცვალი. თუკი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ დამნაშავეებს და ეს დანაშაულის უსასრულო მოჯადოებული წრე არასდროს გაირღვევა და გაგრძელდება ათწლეულების მანძილზე, იმის იმედიც დაიკარგება, რომ ოდესმე შევძლებთ, რომ ვიღაცას პასუხი მოვთხოვოთ. და თუ დამნაშავე აღიარებს დანაშაულს, გარკვეულწილად ითხოვს პატიებას, მერე უკვე შეიძლება შერიგებაზე საუბარი. მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. ის ბოდიში, რომელიც, თავის დროზე, ვიღაცებმა გააჟღერეს, ცალყბა ბოდიში იყო, არ იყო მთლიანად სარწმუნო, რომ ადამიანს ეფიქრა, მართლა განიცდისო. პირიქით, ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება რევანშისთვის, რომელიც აღაშფოთებს საზოგადოებას _ ხელისუფლების ცვლილებებს უკეთესობა არ მოაქვს, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მართლმსაჯულების თვალსაზრისით და თუკი ჩვენ არ გვექნება მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სწორად და გამართულად ფუნქციონირებს, ვერასდროს მოვთხოვთ პასუხს დანაშაულისთვის ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს. ე. ი. ყველანი საშინელ მორევში ვართ ჩათრეულნი, რომელიც ქვესკნელისა და ფსკერისკენ მიგვაქანებს. მგონი, ასეთი განწყობაა საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გამოსავალი არის ახალი ძალის, ახალი თაობის მოსვლა და იგი განსხვავებული უნდა იყოს „ქართული ოცნებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს იქნება სუფთა ადამიანების კრებული, რომელთაც მართლა უყვართ ქვეყანა, მართლა ადარდებთ ხალხის ბედი და არა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სკამებისთვის და საკუთარი პოლიტიკური კარიერისთვის ზრუნავენ. ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ მეჩვენება, რომ ხრწნისა და სიმყრალის ატმოსფეროა, ისეთ პროცესშია შესული პოლიტიკური მდგომარეობა.
_ აქვე გავიხსენებ ზურაბიშვილის სიტყვებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ: „არა და არასდროს“. დღევანდელი გადასახედიდან ეს სიტყვები ისევ მოქმედია?
_ მან ისე კატეგორიულად განაცხადა, თან არა ერთხელ, არამედ ორჯერ. ალბათ, პრეზიდენტი საკუთარ სიტყვებს უკან არ წაიღებს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს გაცილებით უმტკივნეულო საშუალება მმართველი პარტიისთვის, პრეზიდენტისთვის და მთლიანად ამ ქვეყნისთვის, რომ სააკაშვილის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდეს. ვგულისხმობ ქვეყნიდან მის გაყვანას, თუნდაც, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას მდგომარეობა ვერ არის კარგი. ასე არავინ გაითხვრება ტალახში. არადა, სააკაშვილის პრობლემა დიდი თავის ტკივილია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის და ეს უნდა განეიტრალდეს.
_ თქვენი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სააკაშვილი თავის ტკივილია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომა სწორედ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს თემა ხდება აქტუალური და ამის ფონზე რეალური პრობლემები უკანა პლანზე გადადის. რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „ოცნებისთვის“ სააკაშვილი თავის ტკივილია?
_ თავის ტკივილია იმ თვალსაზრისით, რომ ექსპრეზიდენტის მოწოდებები ციხის საკნიდანაც პოულობს სათანადო გამოხმაურებას, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების რიგებში, ამიტომ დესტაბილიზაციის ფაქტორი მისი აქ ფიზიკურად ყოფნით, გარკვეულწილად, არსებობს. არეულ გარემოში ისედაც ვცხოვრობთ, რაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან საშიში ვითარებაა და დამატებითი ფაქტორი სააკაშვილის სახით, რა თქმა უნდა, დიდი თავის ტკივილია. გარდა ამისა, ყველაზე ცუდი, რაც ამ თავის ტკივილს ახლავს, არის ის, რომ სააკაშვილი განუჭვრეტელია, პრაქტიკულად, შეუძლებელია წინასწარ ვინმემ მოიფიქროს, რა მოწოდებით ან რა კურსით გამოვა ის. ამას ვხედავთ ამ დღეებში: იგი ხან პოლიტიკურ პროგრამაზე მუშაობს და პოლიტიკის გაჯანსაღებაზე ფიქრობს, მოუწოდებს ხალხს, რომ აქციები დაიწყონ და ა. შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ყოფნა საპატიმროში, მისი ყველა გადაყვანა, მონახულება ან მონახულებაზე უარი ხდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტი და ხანდახან ამაზეც არის გამოხმაურებები, ბუნებრივია, ეს არის თავის ტკივილი.
_ თქვენი თქმით, სააკაშვილს ციხეშიც კი აქვს პოლიტიკური რესურსი?
_ რა თქმა უნდა, ამას ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილს რესურსი აქვს. ეს რესურსი პოზიტიურია თუ ნეგატიური, ამაზე ახლა არ ვსაუბრობთ, მაგრამ მგონია, რომ ეს რესურსი მას აქვს და ის ამას იყენებს, ამიტომ ეს ბუნებრივია გავლენას ახდენს ყველაფერზე, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვხედავთ, რომ ისევ სააკაშვილია პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს და იყენებდეს ამ გარემოებას თავის სასარგებლოდ, მაგრამ ვერ ახერხებს. შიგადაშიგ „ნაციონალური მოძრაობაც“ ქმნის პრობლემებს. „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქტუალურია სააკაშვილის საკითხი.
_ 19 იანვარს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა, _ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისეთი ინსტიტუტის, როგორიც სახალხო დამცველია, რეკომენდაციები არ სრულდება პატიმარ პრეზიდენტთან მიმართებით? თან საქმე ეხება მის ჯანმრთელობას.
_ როცა აღვნიშნე, რომ ხრწნის პროცესია და ცუდი პერიოდი გვაქვს, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. თუ სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ სრულდება, ესეც ამ სცენარის ნაწილია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ვითარება უკიდურესად გაამწვავოს იმისთვის კი არა, რომ უკეთესი მომავალი დადგეს ან უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას, არამედ ეს არის იმ ხრწნის აშკარა დამახასიათებელი, როდესაც ხელისუფლება უკვე არავის და აღარაფერს უწევს ანგარიშს, გარდა საკუთარი ვიწრო, პოლიტიკური და ძალიან მერკანტილური მიზნებისა. ეს არ მიკვირს და არც ის მიკვირს, რომ საერთაშორისო გამოხმაურებებზე რეაქციები არის საკმაოდ ნეიტრალური და არაადეკვატური.
_ თქვენ აღნიშნეთ, ისეთ მოცემულობაში ვართ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც კი აუქმებს ხელისუფლება, _ რატომ დგამენ ამდენად სარისკო ნაბიჯებს? ვერ აცნობიერებენ სათანადოდ, ეს რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მათთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ქვეყნის მმართველობის სათავეშია?
_ სწორედ ეს მაფიქრებს ყველაზე ძალიან. ის, რომ უკრაინაში ასეთი დაძაბულობაა, ეტყობა, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ახლა არავის ეცლება, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველას თავისი გასჭირვებიაო. ეგებ, როგორც რუსეთი ფიქრობს და ცდილობს, რაც გაუვა, გაუვიდეს, დაახლოებით ასეთივე ტენდენცია აქვს ახლა ჩვენს ხელისუფლებას, თორემ სხვანაირად ვერაფრით აიხსნება ასეთი არაგონივრული ქცევა და უგუნური გადაწყვეტილებები. თანაც მგონია, მმართველი პარტია იმდენად არის ფორმიდან ამოვარდნილი, უკვე იმდენად არის ბოლო ეტაპზე გასული, რომ ახლა მათთვის ყველაფერი სულერთია. ისინი ახლა დღეებს ითვლიან გულში და რამდენი დღითაც მეტად დარჩებიან ხელისუფლებაში, მით უკეთესი. ამიტომ ყველაფერი სულერთია. ხრწნის პროცესს როცა ვახსენებ, ეს პირველ რიგში ეხება ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს, რომლებმაც მართლაც გადალახეს ყველა ზღვარი და მათი გადაწყვეტილებები ყველაზე კარგად მოწმობს ამას.
_ უკრაინას მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს, _ თუ ხელისუფლება ამ კუთხით უყურებს, რომ სააკაშვილისთვის აღარ სცალია და ამიტომ ბედავენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ საერთაშორისო გამოხმაურებებს რაც შეეხება, თუ გქონდათ მოლოდინი, რომ სააკაშვილთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოება უფრო მკაფიოდ გამოხატავდა პოზიციას და არსებულზე მეტად იქნებოდა პროცესში ჩართული?
_ სანქციები რუსებს წინმსწრებად არ დაუწესეს და ელოდებიან, როდის შეიჭრება უკრაინაში. საერთოდ, მსოფლიო პანდემიამ, ეტყობა, ზოგადად ძალიან დაასუსტა ადამიანები და კაცობრიობა. ეს გამუდმებული სტრესი, როგორც ჩანს, ძალიან მოქმედებს ყველაზე. ის სიკვდილის აჩრდილები, რომლებიც ახლა თითქოს ყველას მხარზე აზის, ადამიანებს გამბედაობასა და თავგანწირვას უსუსტებს, თორემ საერთაშორისო ასპარეზსა და ქვეყნის შიგნით უფრო მკვეთრი ნაბიჯები რომ არის საჭირო, ამას ყველანი ვხედავთ, ვინც ჯერ კიდევ შეინარჩუნა საღი აზრი. ეს მკვეთრი ნაბიჯები არ იდგმება და ყველა არის რაღაც ცუდის მოლოდინში. არაფერი კარგი არ მოხდება გარკვეული ძალისხმევის გარეშე, ისევე როგორც ჩვენ ქვეყანაში. ოპოზიციასაც არ აქვს მკვეთრი ნაბიჯების გეგმა და არც სურვილი გამოხატული. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, აკეთებს იმას, რაც გაუვა. ეს არის, ალბათ, საერთო მდგომარეობის გამოხატულება, რომელშიც ბოლო ორი წელზე მეტია, ვცხოვრობთ ამ პანდემიის პირობებში. არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ რაღაც კატასტროფების მოლოდინში ვართ, მაგრამ აშკარად ქვეცნობიერი კატასტროფის მოლოდინია თითქოს და ამიტომაც ადამიანები მაინცდამაინც თავგამოდებით არ მოქმედებენ და რაღაცას ელოდებიან გარინდებული მდგომარეობით. ეს ძალიან სახიფათოდ მეჩვენება. სხვანაირად ვერ ავხსნი: თითქოს რაღაც ცუდი ამბავი უნდა მოხდეს და სანამ არ მომხდარა, ყველანი გაჩერებულები არიან, მათ შორის, ისინი, რომლებსაც პირდაპირ ეხება ეს და ვინც მოვალეა, იყოს აქტიური და სათანადო სიმაღლეზე.
_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ, როცა საუბრობთ, რომ ყველა რაღაც ცუდის მოლოდინშია, პოლიტიკურ მოვლენას გულისხმობთ?
_ გადაჭარბებულად თუ არ ვიტყვი, მგონი, ყველანი მესამე მსოფლიო ომის კართან ვდგავართ, რადგან რუსეთ-უკრაინის შეჯახება თუ აქტიურად დაიწყო, ეს მართლაც გულისხმობს მსოფლიო ომს და მსოფლიოს ამ პროცესში ჩათრევას. მაშინ, როდესაც არ ვიცით, რომელს გამოვეკიდოთ _ სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას ამ პანდემიის პირობებში, თუ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ამ პანდემიას ავტომატურად მოჰყვა თუ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის? პრაქტიკულად, პოლიტიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის გამოხატული. ის, რომ ადამიანები „გაიყინნენ“, ვერ მოძრაობენ და თითქოს ყველაფერი გადადის ე. წ. ონლაინ ურთიერთობებზე, სამყაროს ახალი ეტაპის დასაწყისს გულისხმობს. სანამ იქ გადავალთ, რაღაც შემაკავებელი პერიოდია, როდესაც ყველანი კარგად უნდა დავფიქრდეთ, მოვემზადოთ და მანამდე რაღაც მკვეთრი მოძრაობები და ქმედებები არ განვახორციელოთ. თითქოს ასეთი განწყობაა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც. უგუნურებით, არ მგონია, სხვაზე ნაკლები ვიყოთ, თუ უფრო მეტად არ გამოვირჩევით და მეჩვენება, რომ ძალიან ცოტას აწუხებს ქვეყნის ბედი. ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ეს იმდენად თვალსაჩინოა და ისეთი უფსკრულია ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რომ არ ვიცი, რა ამოავსებს ამ უფსკრულს. ეს შერიგების იდეაც ამიტომ არის ასეთი უცხო და მიუღებელი, ილუზორული და შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცუდი და პესიმისტური სურათი დავხატე, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ძალიან დიდ პატივს ვცემ დიმიტრი უზნაძეს და ყველაფერი მგონია, მაინც განწყობის თეორიის პრიზმაში უნდა გავატაროთ. ახლა გადარჩენის ეტაპია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი სამყაროსთვის. უკეთესის წინ მოგვიწევს ცოტა დავიძაბოთ, გვეტკინოს, დავიტანჯოთ კიდეც, რომ რაღაც ახლისთვის ღიები და მიმღებლები გავხდეთ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ბნელი, უგუნური, ძალადობრივი ახლა მოჭარბებულია და პირიქით, თითქოს სიკეთესა და კეთილშობილებას ნაკლები სივრცე ეთმობა, თუმცა არის იმედი, რომ ყველაფერი შეიცვლება. მთავარია, ადამიანებმა მოვინდომოთ და გაგვიჩნდეს ამის სურვილი. ამ სამყაროში ყველაფერი ციკლურია, შავი პერიოდი გაივლის და შემდეგ მოვა თეთრი ეტაპი, ცუდს მოსდევს კარგი: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, _ ახლა მტრობის ეტაპზე ვცხოვრობთ და სიყვარულის ეტაპი მალე უნდა მოვიდეს.