ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ მდგომარეობაშია“
გიგა გელხვიიძე
რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში და რა გეგმები აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაარსებულ პარტიას მისსავე სიცოცხლის გადასარჩენად?
ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძლავრი პროტესტი გამოიწვია რუსული კანონის მიღების მცდელობამ, თითქოს მეორე პლანზე გადავიდა მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
გაზეთი „ქრონიკა+“ აღნიშნულით დაინტერესდა და გადაწყვიტა, პარტიის ლიდერ ლევან ხაბეიშვილისგან შეეტყო, თუ რა გეგმები აქვს ენმ-ს:
_ ბატონო ლევან, რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“? იქნება თუ არა კვლავ აქციები და რა იგეგმება 9 აპრილს?
_ გუშინწინ იყო აქცია ზუგდიდში, ასევე აქცია იგეგმება ბათუმში, ქუთაისში, აპრილის დასაწყისში იქნება გორსა და თელავში, ხოლო 9 აპრილს ყველა შევიკრიბებით თბილისში და იქნება მასშტაბური აქცია.
ამჟამად სამეგრელოში ვარ და ყველა მუნიციპალიტეტში ვხვდებით ადამიანებს. ვესაუბრებით 12 პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე და ცხადია, ამ თორმეტ პუნქტში მოიაზრება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხიც. როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანა აცხადებს დემარშს „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც სტატუსი უნდა მოგვცენ და მხარი დაგვიჭირონ, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ სააკაშვილი იქნება ამ მდგომარეობაში (პრეზიდენტს კლავენ ციხეში), ეს ქვეყნები არ მოგვცემენ სტატუსს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება.
_ როგორ ფიქრობთ, შეასრულებს „ოცნება“ აღნიშნულ რეკომენდაციებს?
_ რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი და ილუზიები მაქვს, „ოცნება“ ამას გააკეთებს-მეთქი, ეს ასე არ არის, მაგრამ იგივე იყო „რუსულ კანონთან“ დაკავშირებითაც, თუმცა პროტესტის შემდეგ სამ წუთში დაღეჭეს, ფაქტობრივად, ეს კანონპროექტი, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ხელების გადაგრეხით მანამდე მაინც გაიტანეს თავისი, ხალხის პროტესტის შემდგომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. ასევე ხალხის პროტესტამდე იყო ოპოზიციის წინააღმდეგობა და ამისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით, ფაქტობრივად, ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა „ქართულ ოცნებასთან“ ამ კანონის მიღება-არმიღებაზე. ამ ბრძოლამ გამოიღო ის შედეგი, რომ საზოგადოება გაერთიანდა. იგივე უნდა იყოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც.
პრეზიდენტ სააკაშვილის თემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის პრიორიტეტი, მაგრამ არა მარტო ჩვენთვის არის ეს პრიორიტეტი, ის პრიორიტეტია ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის. ისტორიაში არავის ახსოვს, რომ ასეთი ტიპის მხარდამჭერი დემარში გამოეცხადებინოს ვინმეს, როგორც ეს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხზე იყო.
სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არც ის ახსოვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყოფილიყო მოხსენიებული კონკრეტული ადამიანი, როგორც პოლიტიკური დევნილი და ვენდეტის მსხვერპლი და ასე წერია სწორედ მიხეილ სააკაშვილზე, რომ ის არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი ვენდეტის მსხვერპლი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ არის მეორეხარისხოვანი და არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმ აქციებს, რომელიც გავმართეთ ზუგდიდში და გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებში, ექნება საინფორმაციო ხასიათი 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით.
_ რა დატვირთვა აქვს ამ აქციას?
_ 9 აპრილის აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. „რუსულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს თუ რამე ახევინებს უკან, არის სახალხო პროტესტი და ეს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება უნდა გამოვიყენოთ.
_ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო გზავნილებს?
_ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა საუბრობდეს, როგორც ერთი რიგითი ოპოზიციონერი. საუბრობს ისე, რომ თითქოს ხელისუფლების ოპოზიციაშია და თითქოს არანაირი ბერკეტები არ გააჩნია, სინამდვილეში კი მის ხელთ არის მთავარი ბერკეტი და ინსტრუმენტები. მას შეუძლია დეპოლარიზაციის პრობლემა ორი ხელმოწერით, გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალებით მოაგვაროს. მგონია, რომ რაღაც როლი აქვს მორგებული და თუ უნდა, რომ საზოგადოებამ ირწმუნოს მისი, რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ეს კონკრეტული ნაბიჯები არის თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის თავისუფლება და პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, ეს უნდა გააკეთოს.
_ რა ხდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“? როგორ მდგომარეობაშია მთავარი ოპოზიციური პარტია? აქტიურად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ე. წ. მთავარი ოპოზიციური ძალა დაიშალოს.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან კარგ ფორმაში და აი, ის რუსული პროპაგანდა, რომ პარტია დაიშლება, გაუგონარია… უკაცრავად, მაგრამ 50 000-მა ადამიანმა მიიღო ორი თვის წინათ არჩევნებში მონაწილეობა, იმდენმა, რამდენ ხმასაც პოლიტიკური პარტიები ვერ იღებენ არჩევნებში. აქტიურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ პარლამენტში, ამიტომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რასაც „პოსტ ტვ“ და „იმედი“ ავრცელებს.
ვინ წავიდა? ხატია დეკანოიძე რომ წავიდა, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, უნდოდა და წავიდა. უბრალოდ, ცუდია, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია არის ბრძოლის ველზე და ერთ-ერთი ლიდერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს მისი საქმეა.
რაც შეეხება კონკრეტული სხვა წარმომადგენლების განაწყენებას, უნდა შევეგუოთ იმას, რომ დემოკრატიული პროცესი იყო პარტიაში და ამომრჩეველმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
თქვენ საუბრობთ ადამიანების გადინებაზე და მე გეტყვით იმას, თუ რა შენაძენი აქვს პარტიას: ირაკლი ფავლენიშვილი, ახალგაზრდა ადამიანი შემოვიდა პარტიაში და ის არის პოლიტსაბჭოს წევრი, ენერგიული, განათლებული ახალგაზრდა, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს პარტიაში მის საჭიროებას და მის აუცილებლობას.
ვასილ ურუშაძე ტრანსპორტის მხრივ საქართველოში არის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი, რომლის მსგავსიც შესაძლოა მეორე არ მოგვეძებნებოდეს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ვასო ურუშაძე ასევე გახდა ანტიკორუფციული საბჭოს გენერალური მდივანი პარტიაში. ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა ლაშა ფარულავა. ძალიან მალე „ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას აიღებენ საზოგადოების წინაშე, არიან კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანები. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ პროცესებმა ძალიან ბევრი კარგი და მიზანსწრაფული ადამიანი გამოკვეთა პარტიაში: ოზურგეთის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილი, რომლის ბრწყინვალე გამოსვლა ყველამ იხილა ევროპარლამენტში, პოლიტიკურად ძალიან მძიმე სფიჩი ჰქონდა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენმ-ს სახე იყოს. გიგი გიგიტელაშვილმა თელავში 65% აიღო და „ქართულ ოცნებას“ მოუგო. ეს ადამიანი ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.
ჩვენ 26-ში გვაქვს ახალგაზრდულის ყრილობა, სადაც წარდგენილი იქნებიან კონკრეტული ახალგაზრდები და ისინი სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ, ა ასევე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდულის თავმჯდომარე. ეს არის დემოკრატიული პროცესები და ბუნებრივი განახლება, არა ხელოვნური. თქვენ ვინც ჩამოგითვალეთ ყველანი აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი საჯარო სივრცეში და ეს ადამიანები ძალიან დიდი შენაძენია პარტიისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ფორმაშია, ამის მტკიცებულებად შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს აქტივობებს.
_ ბატონო ლევან, ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი ე. წ. ხიდჩატეხილობის პრობლემა პოლიტიკურ პარტიებსა და იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს 7-8 მარტის აქციების სახით ე. წ. რუსული კანონის უკან გაწვევაში. ამ მხრივ თუ აპირებთ მუშაობას და ხომ არ გაქვთ გარკვეული სახის შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ ახალგაზრდებთან?
_ ახალგაზრდულ ყრილობაზე წარმოდგენილი იქნებიან სტუდენტები და საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურობდნენ, მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირი აქვთ და ჩვენ მათ პარტიაში შევთავაზებთ კონკრეტულ თანამდებობებს. ის მოგონილი პრობლემები, თითქოს ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემაა, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. წარმოიდგინეთ, ამ პროპაგანდის ფარგლებში მედიების მიმართ რას აკეთებს ხელისუფლება, ვხედავთ რა ხდება „მთავარის“, „ფორმულას“, „ტვ პირველის“, იგივე თქვენ წინააღმდეგ, როგორ კამპანიებს აგორებენ. მათთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფი ხართ, ამიტომ ამ რუსულმა პროპაგანდამ არ უნდა შეგაშინოთ. თუ ვინმესთან აქვთ ახალგაზრდებს ხიდჩატეხილობა, ესენი არიან პუტინისტები და პუტინის პარტია. ვერ იქნება ხიდჩატეხილობა, ამ ახალგაზრდებს ხიდჩატეხილობა მხოლოდ მოღალატეებთან აქვთ, ვერ უნდა გატეხონ ეს ერთობა და პროტესტი.