ლაშა ხუსკივაძე: „სააკაშვილის პატიმრობის ყოველი დღე ანგრევს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“
ნენე ინჯგია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში დღის წესრიგს ქმნიდა, _ ამაზე თითქმის ყველა თანხმდებოდა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი. სააკაშვილის პატიმრობიდან მეხუთე თვე იწურება და ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ მისი პატიმრობის საკითხი ყოველდღიურად უკანა პლანზე იწევს, _ მისი განთავისუფლების მოთხოვნა სულ უფრო იშვიათად გვესმის, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია მუდმივად აქციების დაანონსების რეჟიმშია.
ამის პარალელურად კი, 14 თებერვალს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, მათ შორის, კანდიდატს მხარი დაუჭირა ენმ-მ.
მოიხსნა თუ არა სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან? რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“? როგორ ხსნიან ისინი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ხუსკივაძე:
_ ლაშა, უკვე მეხუთე თვეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ამ დროის მანძილზე მუდმივად აანონსებთ მასობრივ პროტესტს, თუმცა ანონსი ანონსად რჩება. სააკაშვილის თავისუფლების საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, დღევანდელი მოცემულობით, მეორეხარისხოვან თემად იქცა?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს პრობლემაა. ხშირად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: სააკაშვილის პატიმრობის ყოველი დღე ანგრევს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის საქართველოს დასავლურ მომავალს. არ შეიძლება, საქართველო იყოს პრეზიდენტების მკვლელი ქვეყანა, ჩვენ ეს მწარე გამოცდილება გვაქვს და იგივე შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ.
რაც შეეხება სააკაშვილის განთავისუფლების დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხს, რეალურად ეს ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზების გამო, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარდა _ ის აწამეს, წაართვეს მკურნალობის უფლება, შეუზღუდეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, არ აძლევენ სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალებას, მედიკოსთა ჯგუფს არ აძლევენ მისი ჯანმრთელობის შემოწმების უფლებას და ა. შ.
ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე. ამ ციფრის ფალსიფიცირება „ქართულ ოცნებასთან“ შერწყმულმა ცესკომაც კი ვერ მოახერხა და როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანები შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის ასეთ ყოფას?! არა! არა და არა! მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ამის უარყოფას ვერავინ შეძლებს. შესაბამისად, წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი, რომელიც არის დატყვევებული და იბრძვის თავგანწირვით, ვინმემ მოხსნას დღის წესრიგიდან. მიშა დღეს პრობლემა არის რუსი ოლიგარქისთვის და ამას ადასტურებს ის ფაქტებიც, თუ როგორ ექცევიან მას ციხეში.
_ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნის ირგვლივ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ ვერ შეძლო სათანადო მუხტის შექმნა, რით აიხსნება?
_ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საპროტესტო მუხტი მინელებულია, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები პათოსს, რომ საპროტესტო მუხტი არ არსებობს. ჩვენ გვახსოვს 14 ოქტომბერი, როდესაც მიშას მხარდასაჭერად 100 000 ადამიანზე მეტი გამოვიდა ქუჩაში და ამ ხალხმა ხმამაღლა თქვა შემდეგი სიტყვები: თავისუფლება მიშას! მსგავსი მასშტაბის აქცია უახლოეს წარსულში ოპოზიციას არასოდეს გაუმართავს. ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ მიშას მხარდასაჭერად, ისინი სწორად აფასებენ რეალობას და ხედავენ, რომ მიშა დაპატიმრებული კი არ არის, არამედ მიშა დატყვევებულია მტერი სახელმწიფოს დაკვეთით. რატომ? იმიტომ, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, არ ჩააბარა საქართველო და თქვა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო თავად გადაწყვეტს, რა სურს და ჩვენ არაფერს ვკითხავთ რუსეთს, მით უმეტეს, ოკუპანტ რუსეთს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მიშა საქართველოში არ ჩამოსულა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ჩამოვიდა ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩამოვიდა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დასაბრუნებლად იბრძოლოს იმ ხალხთან ერთად, რომელმაც ის ორჯერ აირჩია პრეზიდენტად.
_ ჯაფარიძე, ნათელაშვილი, ხოშტარიას მანდატის გაუქმების პროცესის პარალელურად, გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ტიპის მოთხოვნები თქვენსავე ამომრჩეველში უნდობლობას იწვევს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ენმ ხან ბოიკოტის რეჟიმშია, ხანაც უბრუნდება პარლამენტს? როგორია თქვენი მოსაზრება?
_ პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა სამივე პოლიტიკოსს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხის არჩევანი არაფრად მიაჩნია და მისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური მიზნები. თავი რომ დავანებოთ ყველანაირ მიზანშეწონილობას, საერთაშორისო პარტნიორების აზრსაც კი, ელემენტარულია, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს კობახიძე-მდინარაძე და ეს მაფიოზური კლანი პარლამენტიდან ვერ უნდა აძევებდეს. ეს, პირველ რიგში, იმ რამდენიმე ათასი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რომელმაც ხმა მისცა ჯაფარიძე-ნათელაშვილ-ხოშტარიას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: გეთანხმებით, ეს ნამდვილად დამაბნეველია და მეტიც, _ არათანმიმდევრულადაც შეიძლება მიიჩნეოდეს, რომ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს მოქმედება. სამწუხაროდ, ეს რეალობა დგას ქვეყანაში და სწორედ ისაა შესაცვლელი.
_ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა. კანდიდატს მხარი დაუჭირა ენმ-მ. თქვენთვის მისაღები იყო პარტიის ეს გადაწყვეტილება?
_ პირველი, რაც აუცილებლდ უნდა ითქვას, არის ის, რომ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბრძანდება გიორგი გახარია. ეს გახლავთ ფაქტი და როგორც არ უნდა ეცადოს ვინმე ამ ფაქტის გადაფარვას, ვერ შეძლებს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ რიგ ქალაქებში მოგვიწია გახარიას გუნდთან „თანამშრომლობა“, ეს ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ქალაქების მართვა ოპოზიციამ გადაიბარა, შესანიშნავია. ჩემთვის ადამიანურად ყველაზე მეტად ზუგდიდში მიღებული გადაწყვეტილებაა არასასიამოვნო, რადგან ვიცით, თუ რა პროცესები უძღოდა წინ ამ ყველაფერს, მით უფრო, რომ ბაჩანა შენგელია ჩემი პირადი მეგობარია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ეს დროებითი პროცესი არ არის, პირველი ვიქნები, ვინც ამ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებს.
ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ზნეობრივი პოლიტიკის კეთება, მაგრამ ამისთვის ასევე საჭიროა, არჩევანის წინ ამომრჩეველმაც მიიღოს გადაწყვეტილება მაღალზნეობრივი სტანდარტით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ არის იდეალური კონფიგურაცია, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენლისთვის გიწევს ხმის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, დეპუტატებს ცუდსა და უარესს შორის მოუწიათ არჩევნის გაკეთება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საკრებულოებში თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობა არის „ნაციონალური მოძრაობის“. თქვენ, ალბათ, თვალს ადევნებთ, თუ როგორი ენთუზიაზმით შეუდგა ოპოზიცია მუშაობას რუსთავსა და წალენჯიხაში. ვიმედოვნებ, ეს კომპრომისი გამართლებული იქნება და დიდ სამსახურს გაუწევს საერთო საქმეს, რასაც საქართველოს დაბრუნება ჰქვია.
_ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეაფასეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე არის ლუსტრაცია, თუ როგორ ატარებს „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ერთნაირ იდეოლოგიას. მათი თქმით, აღნიშნულ პარტიებთან ისინი იმ შემთხვევაში ითანამშრომლებენ, თუ საზოგადოების ინტერესი მაღალი იქნება. რას უპასუხებთ მმართველ გუნდს? გარდა ამისა, თქვენ აქტიურად აპროტესტებდით „გავრილოვის ღამეს“ და ითხოვდით გახარიას დასჯას. ახლა მის პარტიასთან თანამშრომლობა გიქმნით თუ არა უხერხულობას?
_ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე უკვე კომენტარის გაკეთებაც კი აღარ მსურს. ეს ადამიანები ასტრალში არიან გასულები და ავიწყდებათ მოქალაქეების საჭიროებები. ისინი თავისი პოლიტიკური გავლენის დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ: იტაცებენ და კლავენ ადამიანებს, ცდილობენ დეპუტატების მოსყიდვას, დაშინებას, დაშანტაჟებას და ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ პოლიტიკური გავლენა დაიბრუნონ მთელ საქართველოში, რათა შემდეგ უფრო მეტი ტყე, მეტი მიწა და უფრო დიდი ქონება მიიტაცონ. დიახ, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, მიშა არ იყოს თავისუფალი, რადგან მიშა საფრთხეა მათთვის. მიშა მათ ყველა დაუსაბუთებელ ქონებას უკან დააბრუნებინებს და ეს მათ კარგად იციან. მიშა არის ხალხის მოკავშირე და პირიქით. ამიტომ პარტიებს კი არ უნდა ვუყუროთ, უნდა შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ექსპრეზიდენტის თავისუფლებას მოიპოვებს.
_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ყოველდღიურად იძაბება, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოვლენებს აკვირდებიან. რაზე მიანიშნებს მათი ეს განცხადება და რატომ ვერ ბედავს მმართველი გუნდი, ხაზგასმით დაუჭიროს მხარი უკრაინას?
_ ღირსეულნი ჭირშიც და ლხინშიც მეგობრის გვერდით დგანან. უკრაინამ ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ მაშინ ჩამოვიდა საქართველოს მხარდასაჭერად, როდესაც რუსეთი ფართომასშტაბიან ომს აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ. მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, არც არავისზე მეტი და არც არავისზე ნაკლები რამით, ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალხს და მათ ვეტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა, ქართველი ხალხი მათ არასოდეს მიატოვებს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენ გამო გააკეთეს. უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობას ივანიშვილი საფრთხეს ვერ შეუქმნის. როდესაც უკრაინას გაუჭირდება, ჩვენ ვიქნებით მისი დაცვის ავანგარდში. ეს არა მხოლოდ აუცილებლობაა, არამედ ჩვენი, როგორც მეგობრის, ვალდებულებაა. არ ვაპირებ, ხელისუფლებას მოვთხოვო, რომ რაღაც გააკეთოს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის არაფრის გამკეთებელია? ამიტომ მე, შენ და ჩვენ ერთად უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი უკრაინას.
_ რას ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომელსაც ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტის თავისუფლების საკითხი ყველაზე მეტად ადარდებს და რეალურად რას გეგმავთ გაზაფხულზე?
_ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სააკაშვილის თავისუფლება ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის ნომერ პირველი რიგის ამოცანა. ჩვენი სიმრავლით, ჩვენი მწვავე პროტესტით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ორგანიზებულობა და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. მიშას ყველა მომხრეს უნდა ესმოდეს, რომ შეცდომების დაშვების დრო არ არის. არ უნდა ველოდოთ პოლიტიკური ლიდერებისგან გადაწყვეტილებას. ყველა ჩვენგანი არის ლიდერი და ყველა ჩვენგანის ვალია, ამ დიდ ბრძოლაში ავიღოთ პასუხისმგებლობა. უნდა მოვემზადოთ ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებისთვის, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გამოვა ქუჩაში და იტყვის: _ თავისუფლება მიშას!