ლაშა ხუსკივაძე: „მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა ივანიშვილს სახეში უნდა მიახიოს საპარლამენტო მანდატები“
ნენე ინჯგია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ პატიმარია. გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ ანგარიშში სწორედ სააკაშვილის პატიმრობაზე იყო საუბარი. კერძოდ, ანგარიშში მოყვანილია სახალხო დამცველის ოფისის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია მიხეილ სააკაშვილის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლება. „სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ, ვიდეომსასალის გავრცელებით, სადაც ჩანს, თუ როგორ ათავსებენ მიხეილ სააკაშვილს N18 სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში, დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“, – წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უწყებისთვის გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები არ მიუწოდებია, თუმცა ის საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. „სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეუზღუდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, რაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან სააკაშვილს დაკავების შემდეგ და პატიმრობის განმავლობაში სამჯერ არ მიეცა სასამართლოში გამოსვლის საშუალება“, – წერია ანგარიშში. დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებითაც არის მოყვანილი ცნობები და აღნიშნულია, რომ 19 ნოემბერს ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. „გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი აქტუალობას კარგავს და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემის ირგვლივ სულ უფრო ნაკლებად აქტიურობს.
რით ხსნიან პარტიაში მათი ლიდერის პატიმრობის შესახებ პასიურობას და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ?
ამ თემის გარშემო „ქრონიკა+“ ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს:
_ ლაშა, რატომ კარგავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემა აქტუალობას ენმ-ში და რატომ არ აქტიურობთ ამ მიმართულებით?
_ სრულებით ვერ დაგეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აქტუალურობა აკლია. წარმოუდგენელია, მიშას პატიმრობა აქტუალურობას კარგავდეს იმ პარტიაში, რომელიც სწორედ მან შექმნა და სწორედ მის გარშემოა გაერთიანებული ენმ-ს წევრთა სრული უმრავლესობა. მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ ქართულ პოლიტიკაში არის ფაქტორი და ეს 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებმაც დაადასტურა. შეგახსენებთ: სწორედ მიხეილ სააკაშვილის თავგანწირული ქმედებით ოპოზიციამ 2022 წლის არჩევნები მოიგო. მეორე საკითხია, თუ რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ ამომრჩეველთა ნების დაცვა, თუმცა არჩევნები, მიუხედავად ტოტალური მანიპულაციებისა, ოპოზიციამ რომ მოიგო, ეს ცხადზე უცხადესია. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის რომელიმე ცალკე აღებული პარტიული ფუნქციონერი, მსგავში დაეჭვება რაციონალურ აზროვნებას მოკლებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ხალხი, რომელიც, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პარტიის მხარდამჭერები არიან და ერთგულად ემსახურებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეალებს. ამ ადამიანებმა განვლილი წლების მანძილზე ღირებულებების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცეს. საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ნდობას უცხადებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს. სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი თუ მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ცვლილებების მოტანა შეუძლია, მიშას დღევანდელი ყოფა აქტუალურიბას არ დაკარგავს.
_ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა: „გვეყო პარლამენტარობის თამაში“, _ თქვენ როგორ გაიგეთ სააკაშვილის ეს სიტყვები და ამ მოცემულობაში ფიქრობთ თუ არა, რომ ენმ უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, თუ ბოიკოტი უფრო ეფექტიანი იქნება?
_ ამ საკითხზე ჩემი პირადი აზრი მაქვს და ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა ივანიშვილს სახეში უნდა მიახიოს საპარლამენტო მანდატები და დატოვოს პარლამენტი. „ქართული ოცნება“ დაარსების დღიდანვე ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და არ შეიძლება, პროდასავლურმა ოპოზიციამ მას რამე სახით ლეგიტიმაცია მისცეს. ალბათ მკითხავთ, თუ რატომ არ მქონდა წინა წლებში მსგავსი აზრი?! ამაზე მკითხველთან ბოდიშის მოხდით სრულიად პოლიტიკური პასუხი უნდა გაგცეთ: წინა წლებში არ იყო ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს: თუ წინა წლებში კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ პროდასავლური ძალა ეგონათ, დღეს ასეთები აღარ არსებობენ, რაც უკრაინის მოვლენებმა და ჩვენმა დამოკიდებულებამ უკრაინის მიმართ ცხადი გახადა. ამ მოცემულობის გამოუყენებლობა ოპოზიციური სპექტრის მიერ დიდი შეცდომა მგონია და თუ დროულად არ ვიმოქმედებთ, ამას საზოგადოება არ გვაპატიებს. დღეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა და თავგანწირული ბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორიტარული რეჟიმების დამარცხება მხოლოდ თავგანწირული ბრძოლით არის შესაძლებელი.
_ თქვენ აქტიურად იყავით ჩართული საპროტესტო აქციებში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდით, რატომ დაიკარგა საპროტესტო მუხტი?
_ არ ვიქნები გულწრფელი, თუ თავს მოვიკატუნებ და ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ არის. დიახ, ამ მიმართულებით არის პრობლემები, არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორებიც და არსებობენ ხელის შემშლელი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ წარმატების მიღწევის სხვა გზებიც არსებობს. რა თქმა უნდა, კოლეგიალურობის პრინციპს არ დავარღვევ და აღნიშნული ფაქტორებისა და პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მით უმეტეს, რომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩემმა თითქმის 11-წლიანმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლით, ისეთივე თავგანწირული ბრძოლით, როგორის მაგალითიც მოგვცა მიხეილ სააკაშვილმა. არავის ეგონოს, რომ რამეს შევეგუეთ, რომ მოცემულობა ფაქტად მივიღეთ და სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს პირველი რიგის მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნები (სამართლიანი მართლმსაჯულება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, გამართული საარჩევნო სისტემა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა), რომლის მისაღწევადაც ვაპირებთ ბრძოლას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსულტაციები და მათი დასრულებისთანავე ჩვენს სამოქმედო გეგმას ყველა გაიგებს.
_ 12 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში, რომელიც საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ კრიტიკულია. როგორ შეაფასებთ ამ ანგარიშს და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არის განგაშის სიგნალი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საერთოდ ქართული სახელმწიფოსთვის. ეს იყო დიპლომატიური სიგნალი და ამის უგულებელყოფა ძვირად დაუჯდება ქართულ სახელმწიფოს. ანგარიშში მკაფიოდ ეწერა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური მარცხია, არამედ ისტორიული სირცხვილი. გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა ძვირად დაუჯდება საქართველოს და სანამ ეს ცუდი დღე არ დამდგარა, მანამდე უნდა ვიმოქმედოთ.
_ რადას თავმჯდომარის მოწვევაზე, თავდაპირველად, პაპუაშვილმა ავადმყოფობა დაასახელა ვერწასვლის მიზეზად, საბოლოოდ კი „ოცნებამ“ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ენმ-მ არ მოისურვა უკრაინაში მმართველ გუნდთან ერთად ვიზიტი, _ იზიარებთ პარტიის ამ გადაწყვეტილებას და რით ხსნით მას?
_ ერთობ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო საკუთარი თავი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ და ამაზე ბევრი საუბარი არასერიოზული მგონია. რაც შეეხება მიწვევას, კითხვას შემდეგნაირად დავსვამდი, _ რატომ დასჭირდა ომში მყოფ ქვეყანას რუსეთის აგრესია გამოვლილი ქვეყნის წარმომადგენლების მიწვევა?! ეს ხომ უკვე დიაგნოზია?! ეს ხომ უკვე დამოკიდებულებასა და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს?! სწორი იქნებოდა ის, რომ მიწვევას კი არ უნდა დავლოდებოდით, იქ უნდა ვყოფილიყავით და სადაც ხმა მიგვიწვდებოდა, ჩვენ უნდა მიგვეწვია ყველა უკრაინაში _ ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი და ასე იქნებოდა სწორი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებას, დიახ, „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ძალიან სწორი და მისასალმებელი გადაწყვეტილება და სრულიად სოლიდარული ვარ ენმ-ის საპარლამენტო გუნდის ამ გადაწყვეტილების. და საერთოდ, რატომ უნდა მისცე ლეგიტიმაცია ვიზიტს, რომლის წევრებიც ვერასოდეს იტყვიან, რომ რუსეთი სამხედრო დამნაშავეა? ვერასოდეს იტყვიან, რომ რუსებმა ბუჩაში გენოციდი მოაწყვეს? ვერასოდეს იტყვიან, რომ რუსეთი არის მოძალადე და პუტინი არის მკვლელი?! გეკითხებით, რატომ უნდა იყოს ვინმე ამ ადამიანების გვერდით?!
_ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარმოდგენილი. რას უპასუხებთ კობახიძეს?
_ არასერიოზულია ეს ყველაფერი, ზედმეტად არასერიოზული. ეს არის მესიჯბოქსი, რომელიც მშიშარა ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და მე ზედმეტად ცუდი წარმოდგენის უნდა ვიყო ჩემს მოქალაქეებზე, ამ არასერიოზულ საკითხს სერიოზული პასუხი რომ გავცე. ხუმრობით კი გიპასუხებთ ქართული ანდაზით, _ ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო!