ლაშა ჩხარტიშვილი: „ნაციონალები და „ოცნება“ ერთმანეთისთვის ცოდვების ჩამოწერას აპირებენ“

შორენა მარსაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილი საყოველთაო შერიგების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ერთხმად აიტაცეს „ნაციონალებმა“. მათი თქმით, საქართველოს შერიგება სჭირდება. ლეიბორისტული პარტიის წევრი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, შერიგების ინიციატივამ დიდად არ მოხიბლა. მისი თქმით, ამის უკან გარიგების მაგვარი რაღაც უნდა იდგეს.

რატომ ეწინააღმდეგება საყოველთაო შერიგებას და რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ციხე მიხეილ სააკაშვილმა? მოქმედებენ თუ არა ერთად „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“? _ ამ თემების შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ მიხეილ სააკაშვილი საყოველთაო შერიგების ინიციატივით გამოვიდა. „ნაციონალებმა“ ეს ინიციატივა მოიწონეს, „ქართულმა ოცნებამ“ კი დაგმო. თქვენ ერთი ძალის მიმართაც კრიტიკულად ხართ განწყობილი და მეორისაც. საინტერესოა, რას ფიქრობთ საყოველთაო შერიგებაზე?

_ ჩემი პოზიცია არის მკვეთრად უარყოფითი, შერიგების იდეა უფრო გარიგებას მაგონებს. თუ რამე ანადგურებდა, კლავდა და ძარცვავდა ამ წლების მანძილზე ხალხს, ეს იყო დაუსჯელობის სინდრომი და არა ის, რომ რომელიმე ხელისუფალი წინამორბედთან მიმართებით იყო თანმიმდევრული.

მიხეილ სააკაშვილიც არ ყოფილა თანმიმდევრული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ ზოგი კანონიერად დაისაჯა, ზოგი _ უკანონოდ, ზოგიც გადამეტებულად დასაჯეს. დაუსჯელობის სინდრომი ანადგურებდა ამ ქვეყანაში ყველაფერს და არა ის, რომ არათანმიმდევრულები იყვნენ დამნაშავეების დასჯაში.

ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკური დევნა. ეს ორი რამე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანობის აღდგენასა და პოლიტიკურ დევნას ერთმანეთში შეგნებულად ურევს და რაღაც ჯოჯოხეთურ კოქტეილს ამზადებს. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არასდროს გვქონია სამართლიანი სასამართლო. ასეთი სასამართლოს შექმნის სურვილი არცერთ რეჟიმს არ გასჩენია. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის საფარქვეშ ან დასუჯელობა იყო, – ან პოლიტიკური დევნა.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი საყოველთაო შერიგება ვერ იქნება, _ შეუძლებელია, ყველას ყველაფერი შერჩეს. ბოლო 20 წლის მანძილზე ხელისუფლებებმა გაანადგურეს ქვეყანა და ადამიანები, ასეთი რამე მათ რატომ უნდა შერჩეთ? დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ოღონდ დამნაშავეები სამართლიანმა სასამართლომ უნდა გამოავლინოს და დასაჯოს.

ახლა სააკაშვილის საქმე ასეა: ის ივანიშვილს ეუბნება, შენ ჩემნაირი ანდა ჩემზე უარესი ხარო. ჩვენ თუ 7 ნოემბერი მოვაწყვეთ, თქვენს სინდისზეა 20 ივნისიო. ორივეს საკმარისზე მეტი ცოდვა აქვს ჩადენილი, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ერთმანეთს უნდა ჩამოაწერონ. სავარაუდოდ, საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.

_ რას გულისხმობთ, საყოველთაო შერიგება ერთმანეთისთვის ცოდვების ჩამოწერაა?

_ ამნისტიის საფარქვეშ შესაძლებელია ამის გაკეთება.

_ საყოველთაო შერიგება რომ მოხდეს და ამნისტია გამოცხადდეს, ამისთვის საჭიროა „ოცნების“ თანხმობა.

_ ამ ინიციატივით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. ივანიშვილი მის შეთავაზებას ჯერ არ თანხმდება.

_ ჯერ არ თანხმდებაო, ამბობთ. გგონიათ, რომ დათანხმდება?

_ არ გამოვრიცხავ, კაციშვილმა არ იცის, რა გარიგებაა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის.

_ ფიქრობთ, რომ მათ შორის რაღაც გარიგება არსებობს?

_ რა არის აქ გასაკვირი? სააკაშვილმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ყველას ყველაფერი შერჩეს. იმას, რასაც „ნაციონალები“ გვთავაზობენ, არის ხელისუფალთა საყოველთაო დაუსჯელობის ამნისტია. ქვეყანა ნადგურდება, უამრავი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა! ეს ყველაფერი რატომ უნდა შერჩეთ ვიღაცებს?! ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს რომელიმე რეჟიმი დაუსჯელი?! „ქოცებმა“ და „ნაცებმა“ შეიძლება ადგილები გაცვალონ.

_ ადგილების გაცვლაში რას გულისხმობთ, „ნაციონალებს“ დაუთმობს „ოცნება“ ძალაუფლებას?

_ სავსებით მოსალოდნელია. არსებულ სიტუაციაში მესამე ძალის გამოჩენა, რომელიც „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს, არარეალურია. ხალხისა და ბიუჯეტის მძარცველები ისედაც არ ისჯებოდნენ და ახლა მათ დაუსჯელობას უკვე აკანონებენ საყოველთაო ამნისტიით. ამას ვერაფრით დავეთანხმებით. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა ის ბიზნესმენებიც უნდა დაისაჯონ, რომლებმაც ქვეყნის ძარცვის ხარჯზე იშოვეს მილიონები და მილიარდები. პირველ რიგში, ვანო ჩხარტიშვილი უნდა დაისაჯოს.

_ ვანო ჩხარტიშვილს სააკაშვილმა არ მოჰკიდა ხელი თავის დროზე და ივანიშვილი რატომ დასჯის?

_ სააკაშვილი, შევარდნაძეს რომ განუდგა, მწვავედ აკრიტიკებდა ვანო ჩხარტიშვილს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კარგად გამონახა მასთან საერთო ენა. ოლიგარქი ჩხარტიშვილი თავის მაჟორიტარებთან ერთად გადაიბირა და საკუთარ სამსახურში ჩაიყენა. ხან იყოფდა რაღაცებს მასთან, ხან _ ვერა.

ბოლო 30 წელია, არ მთავრდება ამ ქვეყნის ნგრევა, მსხვილი ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხალხსა და ბიუჯეტს ძარცვავენ. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, თურმე, ფსევდოჰუმანისტური აქტი უნდა მივიღოთ. მე ნამდვილად ვერ ვიქნები კმაყოფილი იმით, თუ ხვალ ივანიშვილი და სააკაშვილი შერიგდებიან და მორიგდებიან.

_ მათი შერიგება ქვეყანას თუ წაადგება, მაშინაც არ იქნებით ამის მომხრე?

_ ამ ქვეყანას მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა წაადგება. ამათი მორიგება-გარიგება კარგს არაფერს მოუტანს არც ქვეყანას და არც ხალხს. შერიგების შემთხვევაში ეს ორნი ერთად გააგრძელებენ სახელმწიფოს ნგრევას.

_ ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლებას ითხოვს. თქვენი პოზიცია როგორია?

_ მე ვერც ამ მოთხოვნას გავიზიარებ, სააკაშვილის განთავისუფლებას ერთადერთ შემთხვევაში დავუჭერ მხარს.

_ რა არის ეს ერთადერთი შემთხვევა?

_ სასჯელის გადავადება. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა, ის შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. შეწყალების მომხრე არ ვარ და არც ვიქნები. ასეთივე პოზიცია მაქვს ივანიშვილთან მიმართებითაც.

ამ ორი ბელადის მომხრეებს მინდა ვუთხრა, რომ თუ სააკაშვილი არ დაისჯება და სრულად იქნება შეწყალებული, არც ივანიშვილი აგებს პასუხს თავის დანაშაულებზე. „ნაციონალები“ ივანიშვილის დასჯას რომ არ აპირებენ, ამას არც მალავენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე ღიად ლაპარაკობენ. რას ნიშნავს, ყველას ყველაფერი შერჩეს? თუ არავინ არ უნდა დაისაჯოს, რატომ მოაწყვეს „ნაციონალებმა“ „ვარდების რევოლუცია“?

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას არ შეეგუებიან. საბედნიეროდ, ამ კამპანიას არ აჰყოლიან და არც მომავალში აჰყვებიან. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა საყოველთაო შერიგების იდეას გვახვევენ თავს. ის, რისი გაკეთებაც სურთ, სულაც არ არის შერიგება.

_ ისე, ეს შერიგება „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდნენ და მერე უცბად კოჰაბიტაცია გამოაცხადეს.

_ კი ბატონო, კოჰაბიტაციაც გვახსოვს და „ვარდების რევოლუციის“ შედეგების განახევრების ამბავიც არ დაგვვიწყებია.

_ „ვარდების რევოლუციის“ შედეგების განახევრებაში რას გულისხმობთ?

_ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რევოლუცია არჩევნების გაყალბების გამო მოაწყო, შემდეგ გაყალბებული არჩევნები დააკანონა.

_ დაკანონებაში იმას გულისხმობთ, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები რომ ცნო?

_ სწორედ ამას ვგულისხმობ. სააკაშვილმა ჩხარტიშვილი და მისნაირები აღიარა მაჟორიტარებად.

_ ეს მაჟორიტარები ოლიგარქები არიან, რამდენიმე მათგანი ახლაც მაჟორიტარია.

_ დამატებით ფულს შოულობენ პარლამენტში ყოფნით და მაგათ ვინ მოიშორებს? ეს მაჟორიტარები ყველა ხელისუფლებას ერგებიან. ყველა ხელისუფალი მათი დახმარებით იგებს არჩევნებს. ამიტომაც არ გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ზემოთ მოგახსენეთ, წარმოუდგენელია საყოველთაო ამნისტია. ახლა საქართველოს სჭირდება სამართლიანობის აღდგენა. ქვეყანას მხოლოდ ეს დააწყნარებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულება.

სააკაშვილის შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი კოლეგიის ჩამოყალიბება. ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება და „ნაცებსა“ და „ქოცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები აქვთ პარლამენტში. არის მეორე გამოსავალიც, _ რიგგარეშე არჩევნების გზით არჩეული ახალი პარლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს. ეს რომ გაკეთდეს, პარლამენტში არცერთ პარტიას არ უნდა ჰყავდეს უმრავლესობა.

„ნაცებს“ ან „ქოცებს“ ერთი კაცით მეტი მაინც თუ ეყოლებათ პარლამენტში, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას ისევ არ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. სამწუხაროა, რომ საქართველოში არასდროს გვქონია სამართლიანი სასამართლო.

საყოველთაო პროტესტის მიღება თუ მართლა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ ის უნდა მოითხოვდეს სამართლიან სასამართლოს და არა მიშას უპირობო განთავისუფლებას. რაც მთავარია, უნდა იბრძოდნენ იმისთვის, რამაც შეიძლება ეს ქვეყანა გააერთიანოს.

ამ ქვეყანაში გამაერთიანებელი ერთი რამ შეიძლება იყოს: ეს გახლავთ ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ საერთოდ არ იქნებოდა საარჩევნო ბარიერი.

ეს საკითხები თუ არ მოგვარდა, ჩვენ ისევ მივიღებთ რომელიმე ბელადის საფარქვეშ მყოფ საპარლამენტო უმრავლესობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ არ გვეყოლება სამართლიანი სასამართლო, არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას? „ქოცები“ და „ნაცები“ ერთმანეთს ენაცვლებიან. ივანიშვილმა შემადგენლობაც კი არ გამოცვალა. „ქოცების“ შემადგენლობას რომ გადახედო, ნახავ, რომ მათი 80% ყოფილი „ნაციონალია“. „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ დრიოინდელი ჯალათებით და ზონდერებით არის დაკომპლექტებული.

_ „ნაციონალებიც“ ამბობენ, რომ „ოცნებაში“ უფრო მრავლად არიან მამალი „ნაცები“, ვიდრე _ მათთან.

_ კი ბატონო. თავის წარსულსაც აღარ მალავენ. უბრალოდ, იცვლება პირველი პირი, დანარჩენი რჩება ხელისუფლებაში და სხვა პარტიის სახელს ირქმევს. ახლა ერთმანეთისთვის დანაშაულების ჩამოწერას აპირებენ. რატომ უნდა შერჩეს „ნაციონალებს“ გირგვლიანის სისხლი, ხოლო „ოცნებას“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა? შურისძიების მომხრე არასდროს ვიქნები და ეს სულ სხვა რამეა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია და ეს ქვეყანას სჭირდება. სამართლიანობა თუ არ იქნება, ადამიანებს ისევ დახოცავენ. „ოცნებას“ წინა ხელისუფლების ჯალათები კანონის სრული სიმკაცრით რომ დაესაჯა, მაჩალიკაშვილსა და სხვა ახალგაზრდების მოკვლას ვეღარ გაბედავდნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შემსრულებლებზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა: ეს ქალი შემსრულებლების კლასიკური მაგალითია _ ის წინა ხელისუფლების ჯალათი გამომძიებელი იყო. ჩოლოიანი სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა. „ოცნებას“ ის უნდა მოეშორებინა, მაგრამ სხვა ჯალათებთან ერთად დატოვეს. მან კი რა ქნა? _ კონკრეტული ადამიანი შეიწირა. მას ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ლუკა სირაძეზე ვსაუბრობ.

ამ უკანონობას და დაუსჯელობას ბოლო თუ არ მოვუღეთ, მაშინ ქუდი უნდა დავიხუროთ და ყველანი წავიდეთ ამ ქვეყნიდან. მერე უნდა, ერთად მართონ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და სააკაშვილმა და უნდა _ რიგრიგობით.

ჩვენი მოსახლეობა არა მგონია, შეეგუოს ამას და მჯერა, რომ მოხერხდება ბრძოლა მთავარისთვის. მთავარი კი არის ის, რომ რამენაირად მივაღწიოთ ამ რეჟიმის დასრულებას, ოღონდ ხარისხიანი ცვლილებით და არა მსგავსი სისტემით ჩანაცვლებით. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ახლა მთავარი მოთხოვნა და არა ვინმეს ციხიდან გამოყვანა.

_ ოპოზიციის დიდი ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საერთოდ აღარ საუბრობს.

_ ამ თემამ, რატომღაც, მეორე პლანზე გადაინაცვლა, არადა, ესაა მთავარი. ეს კარგად უნდა შეიგნონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „ნაციონალები“ იმასაც უნდა შეეგუონ, რომ მათი ლიდერი სააკაშვილი ვერასდროს იქნება ამ ქვეყანაში გამაერთიანებელი ფიგურა.  გამაერთიანებელი ფიგურა ვეღარც ბიძინა ივანიშვილი იქნება.

_ რატომ გგონიათ, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ იყვნენ ერის გამაერთიანებელი ფიგურები?

_ იმიტომ, რომ ხალხმა კარგად დაინახა მათი ნამდვილი სახე. ყველა ხვდება: არის იმის რისკი, რომ არცერთი მათგანი არ შეცვლის არსებულ მახინჯ სისტემას. მიშა გამაერთიანებელი ფიგურა რომ ვერ იქნება, იმაზე ის საპროტესტო განწყობაც მეტყველებს, რომელიც დღეს არის.

_ ხალხი იმიტომ არ გამოდის, რომ კორონის ეშინია.

_ ესეც მიზეზია, მაგრამ არა უმთავრესი. პასიურობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური სკლეროზით არ ვართ დაავადებულები. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, რომ დამნაშავეებს ცოდვები ჩამოეწეროთ.

„ნაციონალებს“ ვურჩევ, თუ ხალხის მხარდაჭერა სურთ, მაშინ მოითხოვონ სამართლიანი სასამართლო და არა მიშას უპირობო განთავისუფლება. უპირობო განთავისუფლების მოთხოვნით გამართული ნებისმიერი აქცია მიუღებელია. ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ჩვენ არც სააკაშვილის დანაშაულები დაგვვიწყებია და არც _ ივანიშვილის.

იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვითხოვოთ. სააკაშვილთან მიმართებით კი უნდა მოითხოვონ სამართლიანი სასამართლო. მე მისთვის სასჯელის გადავადების წინააღმდეგ არ წავალ, მაგრამ უპირობო განთავისუფლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამნისტიას, რომელიც ყველა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეეხოს: თურმე, ბოლო 20 წლის მანძილზე ჩადენილი დანაშაულები ყველას უნდა შერჩეს. რატომ უნდა შერჩეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დანაშაულები, ვინმემ ამიხსნას? მაშინ, რა დააშავა ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელმაც შიმშილის გამო მაღაზიაში მოიპარა ან ქრთამის სახით 100 ლარი აიღო? ე. ი. ყველა უნდა გავათტავისუფლოთ პატიმრობიდან.

ასეთი ამნისტია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეს ამ ქვეყნის საბოლოო დანგრევას გამოიწვევს. სადაც კანონი და სასჯელი არ არსებობს, იქ სახელმწიფოზე ლაპარაკი ზედმეტია. წინსვლა და კეთილდღეობა ხომ საერთოდ აღარ არის სახსენებელი. შემამსუბუქებელი გარემოებების გამოყენების წინააღმდეგ ნამდვილად არ წავალ, მაგრამ მძიმე დანაშაულებებთან მიმართებით ადამიანების დაუსჯელად დატოვება მიუღებელია. ამას არც ჩვენი საზოგადოება მიიღებს. ამნისტიას თავი დაანებონ „ნაციონალებმა“ და სამართლიანი სასამართლო მოითხოვონ. ერთმანეთისთვის დანაშაულების ჩამოწერა არ მოსულა. ერთმანეთში რომც მორიგდნენ, ჩვენი საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

_ დარწმუნებული ხართ, რომ არ დაუშვებს? ჩვენმა საზოგადოებამ ისეთები დაუშვა და გაატარა, რომ ამასაც გადაყლაპავს.

_ იმედს დავიტოვებ, ხალხი არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს არ მისცემს იმის უფლებას, რომ სკლეროზიანებად მიგვიჩნიონ. ისინი ჩვენი ქვეყნის ნგრევის ხარჯზე ერთმანეთში ვერ უნდა მორიგდნენ. ამ გარიგებას ჩვენ უნდა შევუშალოთ ხელი. ხალხისთვის მისაღებია ვადამდელი და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციამ ეს მოთხოვნა უნდა დააყენოს და არა _ შერიგება.  კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებს დატოვებს.

_ კარგი იქნებაო, ამბობთ და არ ტოვებენ ამ პარლამენტს და რა გინდა, რომ ქნა?

_ საქართველოს ბედი თუ ადარდებთ, უნდა დატოვონ პარლამენტი და საკრებულოები. ივანიშვილთან სავაჭროდ თუ არიან იქ შესულები, მაშინ რას წამოვლენ?! ამას ხალხი მათ ნამდვილად არ აპატიებს.

_ რას არ აპატიებს _ ვაჭრობას, თუ პარლამენტს რომ არ ტოვებენ?

_ ერთსაც და მეორესაც. დღეს ხალხის პასიურობა თვალში საცემია. იმისთვის, რომ პროტესტი დაიწყოს, საჭიროა ხალხის ორგანიზება. საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ მათი პრობლემები ცალკეა, ძველი და ახალი რეჟიმები კი ერთმანეთთან გარიგება-მორიგებაში არიან.