ლამზირა ხაჭაპურიძე: „2023 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე იყო 2020, 2021 და 2022 წლები“
თამარ სანაძე
დაბადების თარიღს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში და თითოეული ადამიანი გენეალოგიური მოვალეობის გარეშე ვერ იქნება ბედნიერი.
რატომ არ არიან ადამიანები ბედნიერები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ და კომფორტულად ვიცხოვროთ? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ი ესაუბრა ფსიქოლოგს, გენეტიკისა და გენეალოგიის სპეციალისტს, ნუმეროლოგს, ასტროლოგს, ეზოთერიკოს ლამზირა ხაჭაპურიძეს:
_ ქალბატონო ლამზირა, რა გავლენა აქვს დაბადების თარიღს ადამიანის ცხოვრებაში და რას ნიშნავს ასტროლოგიური რუკა?
_ დაბადების თარიღი, დაბადების წუთი, დაბადების წამი, ეს არის ჩვენი ზეციური მონაცემები, რომელიც შევისუნთქეთ, როცა დავიბადეთ და ვიტირეთ. რომ დავიბადეთ, ხომ ვიტირეთ? დაბადებისას ჩვენი ამქვეყნად მოვლინება ხდება ტირილით. ბავშვი იბადება და ტირის იმიტომ, რომ გამოაგდეს იმ ედემიდან და მთელი ცხოვრება შემდეგში ადამიანი ეძებს იმ ედემს, საიდანაც მას წამოსვლა მოუწია. ადამიანის დაბადების წელი, თვე და რიცხვი ის მიმართულება და ღერძია, რომელშიც ყველაფერია ჩადებული. ჩვენ ჩვენს საგვარეულოში დავიბადეთ. გვაქვს 12 თვე, 12 მოციქული, 12 ზოდიაქო. დაბადების თარიღი განაპირობებს იმას, რა პროგრამა არის კონკრეტულ საგვარეულოში, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რა დაავალა მას საგვარეულომ, რით უნდა დავუბრუნოთ მას მადლიერება, რომ სიცოცხლე გვაჩუქა. ეს ჩადებულია დაბადების თვეში.
ასტროლოგიური მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ პლანეტების, ვარსკვლავების მოქმედებას ჩვენს უკვე ფიზიკურ სხეულზე. ჩვენ ვართ ყველანი დედამიწელები და დედამიწის მატრიცაში ვცხოვრობთ დაბადების თარიღებიდან. თაფლის ფიჭა წარმოვიდგინოთ _ ასე ვბრუნავთ ამ კოდიდან კოდამდე. ზეციური დავალება, რომელზედაც ვისაუბრეთ, ყველა ჩვენგანს აქვს და ეს უხილავია. ჩვენ ყველამ ვიცით ღმერთის უხილავი ძალა, თუმცა არც ერთი ჩვენგანი არ შეხვედრია არც ღმერთს და არც რამე სახის ძალა უნახავს თვალით. ეს ყველაფერი უნდა ვიგრძნოთ, სხვანაირად არ შეიძლება.
ასტროლოგიური რუკა ისეთი ინსტრუმენტია, რომლითაც ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გაცნობას. იქ არის ღერძები, კონვერტები, რუკაში მნიშვნელოვანი ქმედებები მიმდინარეობს, ეს არის სცენა, სადაც თამაშდება ადამიანის ბედი.
ჩვენი ასტროლოგიური რუკა არის ირმის ნახტომი. პრაქტიკულად, ადამიანი დედამიწაზე ცხოვრებას იწყებს იმ ზეციური მონაცემებიდან და მისი ცხოვრებაც მიმდინარეობს ამ ზეციური მონაცემებით, ეს არის ცხოვრების ციკლი, ცხოვრების განვითარება, იქ არის ჩაქსოვილი მისი ყველა ნაბიჯი. ყველა ადამიანს საკუთარი მისია აქვს. ღმერთმა ესეც გამოთვალა და განსაზღვრულია ყველაფერი, გამოთვლილია ადამიანის მისია, მისი გადაადგილება, განვითარება. ეს წერტილები, რასაც გეოლოკაციებს ვეძახით, გამოთვლილია. ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანის გადაადგილებები განსაზღვრულია: რატომ უნდა მოხდეს, როდის უნდა მოხდეს, ვის უნდა შეხვდეს მეორე ისეთ ადამიანს, ვისაც მსგავსი ამოცანა აქვს, რომ ერთმანეთს დაეხმარონ. აი, ასე მიმდინარეობს პირადად ჩემთვის ასტროლოგიური აზროვნება. პლანეტარულად დალაგებას ვუწოდებ, როცა ვხედავ ადამიანს, რომელიც ჩემ წინაშეა და მარტო მე კი არ ვარ ამ დროს, მისი და ჩემი პლანეტარული მონაცემები შედიან ერთდროულად რაღაც ურთიერთობებში, რომელიც ქმნის რაღაც მესამე ენერგიას, _ ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, რომ რაღაც მესამე მოხდეს, ტრანსფორმაცია დაიწყოს.
გადაადგილებები განსაზღვრულია, მაგალითად, როდის, რომელ წელს, რა თემა და მოვლენა იქნება ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება. რა თემა იქნება მისთვის აქტუალური, რომ შემდეგში ამის გავლენით ის იყოს ბედნიერი. მიიღოს ის შედეგი, რაც მას სურს. ასტროლოგიურ რუკას შეიძლება პლანეტარული პასპორტიც კი ვუწოდოთ.
ადამიანმა უნდა შეისწავლოს მისი მონაცემები, რაც დაბადებიდან მისი კუთვნილებაა, რათა იყოს ბედნიერი და მაქსიმალურად რეალიზებული. ჩვენს ცხოვრებაში ყოველ დღეს საკუთარი ენერგეტიკული ველი აქვს. განსხვავებული მონაცემები აქვს ყოველ დღეს, ზეცა განსხვავებულია ყოველდღე. მნიშვნელოვანია მთვარის მოძრაობა.
მთვარის ფაზებს ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, მთვარე ემოციებია, ამიტომ ყოველი დღე არის განსაკუთრებულად ლამაზი და ამა თუ იმ დღეს მოვლენილი ადამიანები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ამოცანასაც ასრულებენ.
დღეები, დაბადების თარიღები მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. უდიდესი ღვთაებრივი ნება უნდა შესრულდეს, სწორედ ამიტომაა ეს დღეები, თარიღები განსაკუთრებული.
_ რა მნიშვნელობა აქვს ასტროლოგიურ რუკას ადამიანის ცხოვრებაში?
_ ჩვენ საკუთარ თავს უნდა მივცეთ უფლება, კარგად ვიყოთ. ხალხს უყვარს, როცა ვიღაცას უბედურს ხედავს. ეს შაბლონები უნდა დაინგრეს.
მშობლებიც ისე არიან შვილებზე ჩაჭიდებული, საკუთარი თავი არ ახსოვთ. ნუ ხართ, მშობლებო, შვილებზე ჩაჭიდებული, დაანებეთ მათ თავი და ისინი იპოვიან თავიანთ გზას.
მშობელი უნდა იყოს ბედნიერი, რათა შვილმაც იპოვოს ბედნიერება. საქართველოში ადამიანებმა მეტისმეტი იციან. ის, რაც ჩვენთან ხდება, არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუნდაც გლოვა და შავების ჩაცმა. ცოტა გავფერადდეთ, ეს რეალობა უნდა შევცვალოთ.
_ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, რომ ბედნიერები ვიყოთ?
_ ამას ხშირად მეკითხებიან. შინაგანად ვართ გაუგებრობაში, ასე განწყობილნი, სწორედ ამიტომ ვართ ცხოვრებაში, გარეთაც, ყველგან გაუგებრობაში. ეს ცოდნა დიდი ხანია, უკვე არსებობს, ამოტივტივებულია. მერწყულის ეპოქა დაწყებულია და დიდი ხანია, ადამიანები დაინტერესებული არიან იმით, რომ შეისწავლონ საკუთარი ფსიქიკა. სად ვიპოვოთ სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება, რას ვეძებთ, ვის ვეძებთ, სად ვეძებთ ბედნიერებას, როცა ეს შიგნით გვაქვს. საქმე ის არის, რომ ჩვენში ამ ყველაფრის პოვნას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ამიტომ პირადად ბევრი ვიშრომე სულიერად. ამ პროცესში თითქმის ყოველდღე მოგვიწევს გარდაცვალება და ხელახლა დაბადება. ცხოვრება უმშვენიერესია, ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევიყვაროთ, მოვიშველიოთ მედიტაციები, ფსიქოლოგია, ასტროლოგია. ახლა დედამიწაზე დიდი ცოდნაა, ყველა ნივთი თუ დეტალი საუბრობს. ბედნიერების პატარ-პატარა ღუზებს თუ შევნიშნავთ და დიდ ბედნიერებად ვაქცევთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება.
_ არსებობს სამყაროში რამე სახის მინიშნებები? უნდა დავაკვირდეთ ხოლმე კონკრეტულ მოვლენებსა და სიტუაციებს?
_ ყოველთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც სამყარო გვაჩვენებს. რას გვაჩვენებს სამყარო? რა უნდა ამით, რომ გვითხრას ღმერთმა? რისთვის მოხდა ეს? _ ამ კითხვების დასმა საჭიროა საკუთარ თავთან, რადგან ეს განვითარებას გვაძლევს და სწორედ აქ ვიღებთ პასუხებს.
_ თქვენ, როგორც ასტროლოგი, როგორ ფიქრობთ, მომავალი 2023 წელი უკეთესი იქნება წინა წელთან შედარებით?
_ 2023 წელი გვექნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 2020, 2021 და 2022 წლები. ვინც როგორ შრომობდა საკუთარ თავზე ფსიქოლოგიურად, შედეგიც ასეთი იქნება. ჩვენ ძალიან კარგ დროს ვცხოვრობთ, უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი და ერთმანეთი.