რატომ აირჩია ხელისუფლებამ კუზანოვების ოჯახის წევრი ყველაზე დიდი კლინიკის სამართავად, რომლის დამფუძნებელიც ციხეში ჩასვა?
თამარ როსტიაშვილი
იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ როგორ აღმოჩნდა კლინიკა „ლანცეტი“ (დღევანდელი „ვივამედი“) ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად კონტროლირებადი კლანის წარმომადგენლის ხელში, არც ისე წონადი იმიჯით, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პრეისტორია. კერძოდ, რა მოვლენები უძღოდა წინ „ლანცეტის“ დამფუძნებელ ფარმან ჯეირანლის თავდაპირველად დაჭერას, შემდეგ კი ციხეში ჩასმას და მის ადგილას ივა კუზანოვის რძლის მოყვანას?
დღეს არა მარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, არამედ ბევრი პატიმრისა და პაციენტის ბედი ამ გაურკვეველი დანიშნულების კონგლომერატის ხელშია. ნამდვილი მეპატრონე კი, რომელმაც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სამედიცინო ბიზნესში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა (30 000 000 _ ოცდაათი მილიონი დოლარის ოდენობით) დღეს სასჯელს იხდის ორჯერადად.
„პატივცემულო საქართველოს პრეზიდენტო! წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დისკომფორტისთვის, რასაც მიიღებთ ხელნაწერი წერილის წაკითხვით. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ვიმყოფები ციხეში. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, კერძოდ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, უმაღლესი სამედიცინო განათლებია მივიღე ქ. ბაქოში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 12 წელი ვმუშაობდი ქ. მოსკოვში ი. მ. სეჩნოვის სახ. მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში. 32 წლის ასაკში გავხდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (პროფესორი). 1993 წელს დავინიშნე აზერბაიჯანის ჯანმრთლობის დაცვის მინისტრის მოადგილედ მეცნიერების დარგში, შემდეგ ვხელმძღვანელობდი მ. თოფჩიბაშიევის სახ. ქირურგიის ინსტიტუტს და ამავდროულად გახლდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი.
ერთ-ერთი კერძო პირველი კლინიკა აზერბაიჯანში გავხსენი მე, სახელწოდებით „ლანცეტი“. მთელი ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში მსურდა, ჩემს სამშობლოში, საქართველოში გამეხსნა ულტრათანამედროვე რეგიონული მნიშვნელობის მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა. 2014 წელს ჩემი სანუკვარი მიზნის განხორციელება შევძელი 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) დოლარის მოცულობის ინვესტიციის ჩადებით და დავაფუძნე კლინიკა „ლანცეტი“. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია საქართველოში სამედიცინო სფეროში დღემდე არ განხორციელებულა. დღისთვის კლინიკა „ლანცეტი“ წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც პასუხობს ნატო-ს სტანდარტებს. საქართველოში ნატო-ს მიერ განხორციელებული წვრთნები არის დაკავშირებული კლინიკა „ლანცეტთან“, ეს უკანასკნელი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ ობიექტს. ახლო მომავალში იგეგმება ქართულ-ინგლისური სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსება. მე 7 წელია, რაც ვარ საქართველოს მოქალაქე და ასევე ვმონაწილეობდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2017 წლის 21 მაისიდან ვარ დაკავებული ჩემთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი ბრალდებებით, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს.
პატივცემულო პრეზიდენტო! ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქრო, ჩემი დაკავება დაკავშირებულია პოლიტიკურ დაკვეთასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციურად განწყობილი წევრები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევაზე სამკურნალოდ მიმართავენ ჩვენს კლინიკა „ლანცეტს“. ზემოთ აღნიშნული ფაქტებით ირღვევა საქართველოში კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზე, ამავდროულად, უარყოფითად მოქმედებს ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაცის საკითხზე.
მე გახლავართ შპს „ლანცეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენს დაქვემდებარებაში შემოდის: კლინიკა „ლანცეტი“, სასტუმრო, ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, სამრეცხაო, საკვები ობიექტი. რაც შეეხება სამედიცინო კლინიკას, მას ცალკე ჰყავს გენერალური დირექტორი, ფინანსური დირექტორი, მთავარი ექიმი, იურიდიული სამსახური, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამედიცინო კლინიკა „ლანცეტის“ გამართულ მუშაობაზე. მათთან ერთად კლინიკაში დასაქმებულია 600 თანამშრომელი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკას ნდობას უცხადებს და სამედიცინო დახმარებას ღებულობს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თავს მივიჩნევ უკანონო პატრიმრად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამშრომლებიც უდანაშაულოები არიან“.
ეს გახლავთ ამონარიდი ფარმან ჯეირანლის საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილიდან. იგი პირველად დააკავეს 2017 წელს ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე. ამას წინ უძღოდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2016 წელს პროკურატურისთვის გაგზავნილი მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად მოქალაქეები გარდაიცვალნენ. საქმე ჩაეშვა წარმოებაში და კლინიკის 50%-იანი წილის მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დააკავეს.
სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ 2014 წელს გაიხსნა. ცენტრში სრულდებოდა ურთულესი ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თორაკო-აბდომინური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია და სხვ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორი ოპერაციის გამო დამნაშავედ ცნო ჯეირანლი და მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოზე ჯეირანლიმ ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკური დაკვეთით დააკავეს.
ამ ფრაზისთვის: „პოლიტიკური დაკვეთა“ _ იმ დროს ყურადღება არავის მიუქცევია! ფრაზას „პოლიტიკური დაკვეთა“ დღეს ყველა იმეორებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.
დავუბრუნდეთ „ლანცეტს“, დღევანდელ „ვივამედს“ _ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ორივე პაციენტი გარდაიცვალა. ამის გამო სამართალდამცველებმა კლინიკის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. თუ გგონიათ, რომ ჯეირანლის დაკავების მიზეზი პაციენტთა გარდაცვალება გახლავთ, ღრმად ცდებით! დაკავებულს ედავებოდნენ არა პაციენტების სიკვდილს, არამედ იმას, რომ კლინიკას ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ლიცენზია არ გააჩნდა, შესაბამისად, ოპერაციები იყო უკანონო. თავის მხრივ, ფარმან ჯეირანლის განცხადებით, „ლანცეტს“ ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ყველა ლიცენზია ჰქონდა, ოპერაციებზე კი სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი იყო პასუხისმგებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეირანლი ლიცენზიას „აფრიალებდა“, ხოლო სასამართლოს ადვოკატებმა ყველა დამამტკიცებელი საბუთი წარადგინეს, მას 6 წელი მიუსაჯეს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ცნობილმა აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და დღეს ემიგრაციაში იმყოფება, დაშგინ აღალარლიმ, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებლის დაკავებამდე აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან მის გადაცემას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში მისი ბინადრობის უფლებას ვადა გაუვიდა, საქართველოს მთავრობა მართლაც გეგმავდა აზერბაიჯანისთვის ოპოზიციონერის გადაცემას. მაგრამ ჯეირანლის დაკავებისა და აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, აზერბაიჯანელი აქტივისტისთვის ბინადრობის უფლების ვადა გაეხანგრძლივებინა.
ჯეირანლის სისხლის სამართლებრივი დევნა 2017 წელს დაიწყო, ხოლო დამნაშავედ ცნობილ იქნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2018 წლის 8 თებერვალს.
პროკურატურის მიერ მოძიებული ფაქტებით, ჯეირანლიმ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი. ამ უკანასკნელს საქართველოში საექიმო საქმიანობისთვის არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი. ამის შემდეგ დაიწყო სარეკლამო კამპანია და მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, თითქოსდა „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები თურქეთიდან. ტრანსპლანტაციის საბჭომ კლინიკას უარი უთხრა ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შპს „ლანცეტისთვის“ უარის თქმის მიუხედავად, 2016 წლის 3 და 8 მარტს, ორივე პაციენტს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. 5-დღიანი შუალედით, ორგანოების შეუთავსებლობის მიზეზით (რაც საკმაოდ დიდი პროცენტით ხდება მედიცინაში ტრანსპლანტირების დროს), ორივე პაციენტი გარდაიცვალა.
„მას შემდეგ, რაც პაციენტი გარდაიცვალა, მისმა ახლობლებმა პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. პროკურატურას გამოძიება მაშინვე არ დაუწყია. ის ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას დაელოდა. როცა სამინისტრო მოკვლევას ატარებდა, მე ამ პროცესში არ ჩამრთეს, რადგან კლინიკაში ადმინისტრაციული თანამდებობა არ მეკავა. სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ კლინიკამ არა სამედიცინო, არამედ ადმინისტრაციული შეცდომა დაუშვა. როგორც გაირკვა, ექიმს, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, ლიცენზიის ვადა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ამოეწურა. ამის გამო საავადმყოფო ადმინისტრაციული წესით 30 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შემდეგ საქმე დაიხურა. საქმის დახურვიდან 6 თვის შემდეგ კი ეს სტატია გამოქვეყნდა და პროკურატურამ ჩემ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ფარმან ჯეირანლიმ.
ჯეირანლის დაკავების შემდეგ „ლანცეტს“ ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზიაც ჩამოართვა, სახელიც გადაარქვა და ნინო კუზანოვა მოიყვანა დირექტორად.
რატომ კუზანოვა? რომელი სამედიცინო ავტორიტეტი, ბექგრაუნდი გამოარჩევდა ხსენებულ პერსონას? ადამიანი, რომელსაც აქამდე კუზანოვების ოჯახის რძლად იცნობდა ყველა!
აქ არაფრის მტკიცებას არ დავიწყებთ, მაგრამ საინტერესოა გადავხედოთ, რა ხდება დაახლოებით იმავე პერიოდში მეორე ფრონტზე _ კუზანოვების ბიზნესში!
2017 წელს გუგა კუზანოვი დიდ სკანდალში გაეხვია. მის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ 28 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ყველაფერი ანესთეზიოლოგს დაბრალდა, რომელიც დააკავეს კიდეც. ეს ანესთეზიოლოგი გახლდათ ქუთაისში ცნობილი ექიმი _ ავთანდილ მამაგეიშვილი. ეს უკანასკნელი სამაგალითოდ დააკავეს _ საოპერაციოში შეუვარდნენ და პაციენტის თვალწინ დაადეს ხელბორკილები.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრში ლიკა დოღონაძის დაღუპვის ფაქტზე. გოგონას ცხვირის ძგიდის პლასტიკური ოპერაცია უნდა გაკეთებოდა, თუმცა ყველაფერი ფატალურად დასრულდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალი წარუდგინეს ანესთეზიოლოგს, თუმცა ლიკა დოღონაძეს ოპერაციას უტარებდა პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი.
აი, რა მოხდა საოპერაციოში: ანესთეზიოლოგის ჩარევის შემდეგ პაციენტმა დაიძინა და იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რის მერეც საქმეში ჩაერთო გუგა კუზანოვი. მოსალოდნელი სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკურმა ქირურგმა პაციენტს „ადრენალინი“ შეუყვანა. მამაგეიშვილის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი არა უსაფრთხო ანესთეზიის პრინციპების დარღვევა, არამედ „ადრენალინით“ ზედოზირება გახდა. ადვოკატს მტკიცებულებად მოჰყავდა ის, რომ ადრენალინის ჰორმონი იწვევს სისხლის შედედების გაძლიერებას, სისხლძარღვთა სანათურების შევიწროებას და თვალის გუგის გაფართოებას. ხელოვნური ადრენალინის შემცველ პრეპარატებს სპეციალისტები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ჩვეულებრივ, იყენებენ მოქმედი ნივთიერების არაუმეტეს 0.1-0.25 მილიგრამს, რადგანაც დოზირების დარღვევამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ ადრენალინის ზედოზირების მქონე პირს სასწრაფოდ არ გაეწია დროული დახმარება, ის, დიდი ალბათობით, გარდაიცვლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციის გამო. ჰორმონი ახდენს ორგანიზმის მობილიზებას პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად, მაგრამ ნორმის ოდნავ გადამეტებაც კი შეიძლება იქცეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მთელი რიგი გადახრების მიზეზად.
ლედი ტუკვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ექიმს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ბრალდებას მოწმედ ჰყავდა გუგა კუზანოვი. ანუ ამ უკანასკნელმა ყველაფერი გადააბრალა თავისსავე ანესთეზიოლოგს. ორი წლის განმავლობაში მამაგეიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მაინც 63 წლის კაცს 35-წლიანი გამოცდილებით ბრალი დასდეს. არადა, ამ ადამიანის პრაქტიკაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, არც ერთი საჩივარი. ამ ადამიანის ავტორიტეტი იმდენად დიდი გამოდგა, პაციენტების უზარმაზარ არმიას თუ არ ჩავთვლით, რომ პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ ანესთეზიოლოგისთვის, სასამართლომ ექიმს გირაო შეუფარდა. პროფესორ მამაგეიშვილს ბრალი შეიძლება არ წაყენებოდა, რომ არა გუგა კუზანოვის ჩვენება. კერძოდ, კუზანოვის ჩვენება იყო ერთ-ერთი, რომელიც ანესთეზიოლოგის ბრალეულობას ადასტურებდა იმიტომ, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად არაფერს ადასტურებდა და ბრალდება მას ვერ დაეყრდნობოდა. იქ ეწერა, რომ შეიძლება მომხდარიყო ასეც და შეიძლება ისეც. შესწავლილ იქნა ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, გამოთხოვილია პაციენტის ისტორია. როდესაც რინოპლასტიკის ოპერაცია დაიწყო, პაციენტი ანესთეზიოლოგმა გადაიყვანა მართვით სუნთქვაზე. აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო. ამის შემდეგ კუზანოვმა დაიწყო ოპერაცია და ცხვირის მიდამოში „ადრენალინის“ შეყვანისთანავე მომენტალურად დაიწყო წნევამ ცვალებადობა: ჯერ უკიდურესად მოიმატა, შემდეგ დაიკლო და გული გაჩერდა. ოპერაცია შეჩერდა. იქვე დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება, გულის მასაჟი და სხვა სახის გადაუდებელი ღონისძიებები, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადვოკატისვე განცხადებით, „ადრენალინი“ გამოყენებულ იქნა არასწორი განზავებით – 1X1000, მაშინ, როცა ყველანაირი სტანდარტით, რინოპლასტიკის ოპერაციის დროს, „ადრენალინის“ განზავების ნორმა არის 1X100 000, ან 1X200 000. რისკების თავიდან ასაცილებლად, ქირურგები ხშირად იყენებენ 300-ათასიან და 400-ათასიან განზავებასაც კი, ანუ თავს იზღვევენ, რომ ორგანიზმში ადრენალინის გადაჭარბებული დოზა არ მოხვდეს, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებით საშიში პრეპარატი. კუზანოვის შემთხვევაში განზავება მოხდა 1X1000, რაც, მაღალი ალბათობით, ზედოზირებას გამოიწვევდა _ ასეთი იყო დაცვის პოზიცია.
ცნობისთვის: ლიკა დოღონაძე ემიგრანტი იყო და საქართველოში ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა. მისი სიკვდილი ვერ გადაიტანა დედამ და ერთი წლის შემდეგ ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა.
გუგა კუზანოვი ამ საქმიდან სუფთად გამოიყვანეს, მის მეუღლეს კი, გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ხელისუფლებამ სამართავად კლინიკა გადასცა. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რა პირობით _ იგი ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კერძო კლინიკა უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელ ფარმან ჯეირანლის, რომელიც ციხიდან 2019 წლის 20 აგვისტოს უნდა გამოსულიყო, არ გამოუშვეს. პროკურატურამ არ დაიზარა საქმეში დამატებითი სისხლის სამართლებრივი ფაქტების მოძიება და და სასამართლომ დამატებით ოთხი წელი მიუსაჯა… ასევე თაღლითობის ბრალდებით.
პატიმარმა 20-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა და ერთადერთს ითხოვდა, რომ გართულებული გულის იშემიური დაავადებისა და არითმიის გამო სამაჯურიან შინა პატიმრობაში გადასულიყო. ხელისუფლებამ მისი არც ეს ოთხოვნა დააკმაყოფილა.