რატომ აჭიანურებს კულტურის სამინისტრო ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას?

მაკა მოსიაშვილი

ცნობილი ქართველი კინორეჟისორების, ელდარ და გიორგი შენგელაიების დედა და ნიკუშა შენგელაიას ბებია, ქართული კინოს მშვენება, ნატო ვაჩნაძე, თითქმის 80 წლის წინათ მშობლიურ კახეთზე დიდი სიყვარულით საუბრობდა:
„კახეთი მიყვარს, როგორც ამ ქვეყანაზე ყველაზე უძვირფასესი _ მშობელი დედა ან ღვიძლი შვილი. ეს სიყვარული უსაზღვროა, ამოუწურავი.
ეს არის მშობლიური მიწის, მისი ბუნებისა და ადამიანებისადმი სპეტაკი, კეთილშობილური სიყვარული.
საკმარისია, ოდნავ ფიქრებს თავი მივცე, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების სურნელოვან მცხუნვარებას. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას.
მაგონდება შემოდგომის კახეთიც, როცა დიდი მუშაობაა გაჩაღებული. განსაკუთრებით გვიხაროდა ხოლმე ბავშვებს შორ მანძილზე რთველში გამგზავრება. ალიონზე გოდრიანი ურმები გველოდებოდა.
შევგროვდებოდით და მთელი გზა სიცილ-კისკისითა და სიმღერით გავივლიდით. ვენახში მუშაობის დაწყებამდე უფროსებთან ერთად ნიორს, ყველს, ლობიოსა და შოთ პურს შევექცეოდით. მუშაობაში დღე შეუმჩნევლად გადიოდა.
ყველა სიმღერიდან, რაც კახეთში გამიგონია, განსაკუთრებით ერთი მიყვარდა, რომელიც ხატობაში მოვისმინე. ეს იყო „გრძელი კახური მრავალჟამიერი“. ამის შემდეგ ქართული ხალხური სიმღერებიდან ეს სიმღერა აღვიძებს ჩემში განსაკუთრებით ძლიერ გრძნობას.
თითქოს მთელი ალაზნის ველი მღეროდა და ეს სიმღერა შორს, მთების გადაღმა, კავკასიონის ქედს ესმოდა. აი, როგორია ხალხური სიმღერა, ასეთი სიმღერის ძალა უკვდავი და უძლეველია…“

1981 წლის 28 ივნისს მე-20 საუკუნის კინოვარსკვლავის სახელობის მუზეუმი კახეთში, გურჯაანში, მის საგვარეულო სახლში გაიხსნა. ცოტამ თუ იცის დღეს საქართველოში, რომ ნატო ვაჩნაძე კახელი სათავადაზნაურო გვარის წარმომადგენელი, ნატა ანდრონიკაშვილი იყო. მსახიობმა გვარი ვაჩნაძე პირველი ქორწინებიდან მიიღო რომელიც მოგვაინებით არ გამოიცვალა, ხოლო სახელი ნატა ნატოთი თავად იოსებ ჯუღაშვილმა, სტალინმა შეუცვალა, მოტივად კი უთხრა, რომ ნატო უფრო ქართულია და მე ნატოთი მოგმართავო.
ანდრონიკაშვილების ნასახლარი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, უკვე მრავალი წელია, რეაბილიტაციას მოითხოვს, ის მუნიციპალურ ბალანსზეა და მუზეუმსაც ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
სამწუხაროდ, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი დღითი დღე ნადგურდება. შეძლებს თუ არა ანდრონიკაშვილების მამულის სასახლე ამ ზამთართან გამკლავებას და სახის შენარჩუნებას, უცნობია. სავალალო მდგომარეობაშია ხის აივანიც, რომელიც უკვე ლპობას განიცდის. ამორტიზებულია ხის აივნის კიბეც, დაზიანებულია და განსაახლებელია აივნის რიკულებიც.
იმის გამო, რომ მუზეუმი წლების განმავლობაში არ თბება, ექსპონატები ნადგურდება და მათი სრული დაზიანების საფრთხე დღითი დღე იზრდება.
გათბობის გარეშე დარჩენილი შენობის კედლები შემოდგომიდან გაზაფხულამდე სველია და ფუჭდება, ექსპონანტებს კი ნესტი უფრო მარტივად აფუჭებს და ანადგურებს.
დამთვალიერებელთა რიცხვმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო.
ფაქტი კი იმდენად მწვავეა რომ სახლ-მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, რადგან მთავარი შენობის ხის კიბე და აივანი მეორე წელია სპეციალური, გამაფრთხილებელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ეს დამთვალიერებელს ანიშნებს, რომ კიბეზე ასვლა აკრძალულია.
დაზიანებული და საფრთხის შემცველია კიბის კრამიტით გადახურვაც.
მუზეუმში მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთების გარდა, დაცული და გამოფენილია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები და არქეოლოგიური ნიმუშები.
მე-19 საუკუნეში აგებულ შენობაში, რომელშიც მსახიობი იზრდებოდა, ოთხი ათეული წელია, მემორიალური სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.
სახლ-მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსდება, კაპიტალური რეაბილიტაცია კი 12 წლის წინათ ჩაუტარდა, თუმცა ამ ეტაპზე შენობის ნაწილი კვლავ რესტავრაციას საჭიროებს.
მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა. შენობის რესტავრაციის დასაწყებად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვაა საჭირო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია თითქმის წელიწადია ელოდება კულტურის სამინისტროსგან.
ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში.
მათი შენარჩუნება, როგორც ღირებულებისა და იდეის მატარებელი ობიექტისა, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს ქმნის.
სწორედ კულტურული ძეგლების მეშვეობით აღვიქვამთ კონკრეტული ქვეყნის სახეს, თუ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა იგი.
შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობა სამყაროსადმი სხვადასხვა ხალხის დამოკიდებულების გამომხტაველია.
ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო ჩვენი საარსებო არეალია, რომელიც თითოეულ პიროვნებას განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ მუხტს სძენს – ეს არის წარსულის შემოქმედებასთან კავშირის შეგრძნება.
მე-20 საუკუნემდე იმისთვის, რომ ძეგლი კულტურულ მემკვიდრეობად მიგვეჩნია, მას გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა, მათ შორის, ესთეტიკურობა.
თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ისტორიული და კულტურული ძეგლია ყველა ობიექტი, რომელიც ავთენტიკურია და დიდი ყურადღება არ ექცევა ვიზუალს.
ასე რომ, საზოგადოება ვალდებულია, თითოეულ მათგანს სათანადოდ მოუაროს, რათა რაც შეიძლება დიდხანს გადაეცეს ეს იდენტობის მატარებელი ობიექტები თაობიდან თაობას.
დაბოლოს, შეიძლება, ნატო ვაჩნაძის შვილშვილებს, შვილთაშვილებს არ ახსენდებოდეთ მათი დიდი წინაპრების საგვარეულო სასახლე. შეიძლება მათთვის დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს ანდრონიკაშვილების ნასახლარი, მაგრამ ჩვენთვის, რიგითი კახელებისთვის, ანდრონიკაანთ ნამამულარი, ნატოს სახლ-მუზეუმი, მეტად ფასეულია.