კოტე კემულარია: „ბიძინას სააკაშვილის გაშვება უნდა!“
მართალია, მმართველი გუნდი თავს იმშვიდებს და საკუთარი მხარდამჭერების დამშვიდებასაც ცდილობს, მაგრამ ეს „ოცნების“ ირაციონალური შეხედულებაა, რადგან რეალობა, როგორც იტყვიან, რადიკალურად განსხვავებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჩვენს „ქოცებს“ ღიად და მოურიდებლად უთხრა, ტირანიის საფრთხეს ქმნითო…
„ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, _ თქვა დიპლომატმა და დასძინა, დასანანი იქნება, თუ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას არ შეასრულებს და საარჩევნო ბარიერს არ დაწევსო.
ერთი სიტყვით, იმ დროს, როცა მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესების განხილვითაა დაკავებული, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ტირანიაზე მიგვანიშნებს. ჩვენს სამეზობლოშიც მნიშვნელოვანი ამბები ხდება და შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ თამაშებს მიღმა დარჩეს.
ეს სცენარი ვინმეს შესაძლოა, არარეალურად ეჩვენება, მაგრამ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კოტე კემულარია, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დეგნანის ტირანიის საფრთხეზე მინიშნება იგივე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ერთგვარი სიგნალი და იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის.
გარდა ამისა, კოტე კემულარია ექსდეპუტატ შოთა შალელაშვილის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ იმ საჯარო განცხადებასაც იხსენებს, სადაც ის ივანიშვილს სააკაშვილის გაშვებასა და პრემიერად გახარიას დაბრუნებას სთხოვს. ჩვენი გამოცემის რესპონდენტის აზრით, ყოფილი დეპუტატი ამ განცხადებას „ოცნების“ დამფუძნებელთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა.
„ბიძინა მიხვდა, რომ ამერიკელები გადაგდებას არ აპატიებენ, ამიტომ მიშას შესაძლო გაშვებაზე საუბრის დაწყებით მხოლოდ საზოგადოების კი არა, საკუთარი გუნდის განწყობასაც ტესტავს“, _ აცხადებს კემულარია.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კოტე კემულარიასთან:
_ სასამართლო პროცესებს მიხეილ სააკაშვილი ფარსს უწოდებს. ბატონო კოტე, თქვენი, როგორც იურისტის აზრით, მესამე პრეზიდენტის პიჯაკებისა და სხვა მსგავსი კომიკური ბრალდებებით გასამართლება მართლაც ფარსია?
_ ამ სასამართლო პროცესებს სამართალთან ნათესაური კავშირიც კი არ აქვს.
_ საინტერესო შედარებაა…
_ ეს საქმე აპოლიტიკური არასოდეს ყოფილა. მეტიც: ეს ყოფილ პრეზიდენტზე ბიძინა ივანიშვლის შურისძიებაა. საერთოდ, ბიძინას ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია და ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა.
_ დამისაბუთეთ, „ქოცებს“ მიშასი რატომ ეშინიათ?
_ აგერ, 9 წელია, ენმ ხელისუფლებაში აღარ არის, თან ამ 9 წელიწადში გინებისა და პოლარიზაციის მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სააკაშვილის მხარდამჭერთა რიცხვი მაინც სოლიდური და სტაბილურია, ანუ „ოცნების“ დაპირება, ენმ-ს გავანადგურებ და დავამთავრებო, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, სააკაშვილის ეშინიათ, ანუ შიში არ განეიტრალებულა და ახლა სახელმწიფოს ფობია აქვს, რომ მესამე პრეზიდენტი როგორმე სასამართლო წესით გაანეიტრალოს. ეს საქმე პოლიტიკური სწორედ ამიტომაა.
_ ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორის განცხადებაც შიშით აიხსენება?
_ რომელი განცხადება?
_ ჰილარი კლინტონმა დაადასტუროს, რომ „რედბული“, რომელშიც ათ ლარამდეა გადახდილი, საქართველოში სტუმრობისას ნამდვილად დალიაო… სხვათა შორის, ქვითარი, რომელიც ბრალდების მხარემ ნივთმტკიცებად წარმოადგინა, სულ 87 ლარზეა გამოწერილი…
_ ეს დეტალებია…
საერთოდ, სახელმწიფოს ძლიერი პროკურატურა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან უინტელექტო და დაბალი რანგის პროკურორები გვყავს. წარმოდიგინეთ, სააკაშვილის მბრალმდებლად ჩვეულებრივ, ანუ რიგით პროკუროს არ გაუშვებდნენ და თუ პროკურატურის ელიტას ასეთი პროკურორები წარმოადგენენ, ეს ამ ინსტიტუტის, რომელსაც განათლებული და ინტელექტუალური ადამიანების ტრადიცია აქვს, ძალიან დიდი სირცხვილია!
_ სირცხვილიც გასაგებია და უინტელექტობაც, მაგრამ, ვფიქრობ, 87-ლარიანი ქვითრის ნივთმტკიცებად წარმოდგენას უფრო პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ანუ ეს რაღაცნაირად რუსული სპეცსამსახურების სცენარს ჰგავს, მთელი მსოფლიოს თვალში ქართული სახელმწიფო კომიკურად რომ გამოჩნდეს, აი, პრეზიდენტს „კაპიკებისთვის“ ასამართლებენო…
_ რუსული გავლენა რომ არის, ამაზე პირველად არ ვლაპარაკობთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ.
_ რას გულისხმობთ?
_ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად, ვერდიქტი გამოიტანა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ტირანიის რისკი უწოდა.
_ დიახ, მაგრამ „ოცნებამ“ დეგნანს უმალ უპასუხა, _ რა ტირანია, ნახეთ, მარტო პარლამენტში რამდენი პარტიააო…
_ „ოცნებამ“ პასუხი სხვანაირად გასცა.
_ „სხვანაირად“, ანუ როგორ?
_ კობახიძემ თქვა, კონსტიტუციონალსტი ვარ და ვიცი, ტირანია როდის არის, დეგნანმა კი არ იცისო.
საერთოდ, ერთპიროვნული მმართველობა მაშინაა, როცა უმრავლესობა ერთპარტიულია. სამხარაძემ თქვა, აშშ-შიც ერთპარტიული მმართველობაა და იქ ტირანია არ არისო.
_ სამხარაძე რას იტყვის, ამას, მგონი, დიდი მნიშვნელობა არ უნდა მოვანიჭოთ…
_ სამხარაძე პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისეთივე ასოცირებული პროფესორია, როგორც, მაგალითად, პაპუაშვილი. კობახიძე კი, საერთოდ, ორმაგი მაგისტრია.
დეგანანი, როგორც ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ახმოვანებს და ისე ერთ სიტყვასაც არ იტყვის, თუ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არ იცის, მაგრამ „ოცნება“ ამასაც ვერ ხვდება. სამხარაძემ ისიც არ იცის, რომ აშშ-ში კონგრესი ერთპარტიული კი არა, ორპარტიულია, თან ამ ორი პარტიის გარდა სხვა პარტიებიც არსებობენ. როცა უმრავლესობაში 90 ადამიანია, რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში ოპოზიციონერი ელისაშვილი იქნება თუ სამადაშვილი?
_ ე. ი., კელი დეგნანის ზემოხსენებული განცხადება „ოცნების“ განაჩენია?
_ ელჩის განცხადება აშშ-ის ოფიციალური განცხადებაა, მაგრამ ხომ ხვდებით, „ოცნებას“ რაც სჭირს?
_ რა სჭირს, კოტე ბატონო?
_ იმას მივაქციოთ ყურადღება, რაც სომხეთში ხდება _ მშვიდობა დამყარდა, რადგან მთელი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცა.
_ დიახ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ამას „ოცნებასთან“ რა კავშირი აქვს?
_ ამასობაში, პაკისტანმა, თურქეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ახალ მაგისტრალს, გაზსადენსა და რკინიგზას, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ გაზის მიწოდება ჩვენი გვერდის ავლით მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა. აშშ-მ კი საქართველო ტირანიად გამოაცხადა.
_ ბატონო კოტე, მომიტევეთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკურ სურათს ხატავთ, თან თუ ქვეყანაში ტირანია რეალურადაა, იგივე აშშ-ი განცხადებებს რატომ არ სცდება და კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს? ამასობაში კი „ოცნების“ ქარავანი თავისი გზით მიდის…
_ ეს ქარავანი, სამწუხაროდ, მოსკოვისკენ კი არა, არსაით მიდის.
_ საიდან დაასკვენით, რომ „ოცნების“ ქარავანი არსაით მიდის?
_ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა.
_ მერე, ამას რა სჯობია?
_ გაზის გზა ირანზე გავლით გაცილებით მოკლეა, ვიდრე _ საქართველოზე გავლით. სხვათა შორის, სომხეთში რკინიგზაც არსებობს…
_ ე. ი., რაკიღა სომხეთ-აზერბაიჯანი დაზავდა, საქართველო, როგორც ენერგოტრანზიტი, აღარავის სჭირდება და იგივე დასავლეთს აქამდე მხოლოდ იმიტომ ვაინტერესებდით, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით?
_ დიახ, უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებოდით და ამის გარანტი აშშ იყო, რომელიც მთელ მსოფლიოს ეუბნებოდა, საქართველო უსაფრთხო ქვეყანააო.
_ ანუ აშშ-მ „დაგვიკიდა“?
_ კელი დეგნანის ოფიციალურ განცხადებას, საქართველოში ტირანიის რისკიაო, მხოლოდ ჩვენ არ ვკითხულობთ. ამას მსოფლიო ბანკიც წაიკითხავს და სავალუტო ფონდიც. ასევე ინვესტორებიც წაიკითხავენ.
_ მერე?
_ პაპუაშილები, სამხარაძეები და სხვები კი აშშ-ის ელჩს თავს ესხმიან…
ერთი სიტყვით, აზერბაიჯანის გაზი, სომხეთის გავლით, პირდაპირ თურქეთში წავა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველო კი არა, რუსეთიც მოისროლეს, ამიტომ რუსეთშიც პანიკაა.
დიახ, მსოფლიოში სულ სხვა რაღაცები ხდება და ჩვენ ყველაფრის მიღმა ვართ.
_ ბატონო კოტე, თუკი მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიდის და საქართველო, როგორც იტყვიან, ბორტს მიღმა რჩება, ამაზე განგაშს ოპოზიცია მაინც რატომ არ ტეხს? ე. ი., მხოლოდ მესამე პრეზიდენტზე საუბრით „ანტიქოცები“ შეცდომას უშვებენ?
_ ოპოზიცია შეცდომას იმითაც უშვებს, როცა პარლამენტში ზის და კობახიძესთან პოლემიკაშია ჩართული! იმის მაგივრად, რომ პარლამენტში ამ საკითხებს სვამდეს, ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, კობახიძე რას იტყვის და მერე, მაგალითად, სამადაშვილი ან სამნიძე რას უპასუხებენ. ეს ტრაგედიაა!
_ მაშასადამე, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესები „ოცნებას“ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად სჭირდება?
_ დიახ, ეს სანახაობაა.
_ ისე, ახლა გამახსენდა: ვიდრე ე. წ. პიჯაკებისა და სხვა საქმეების სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, ინტერვიუში მითხარით, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მოლაპარაკებები მიდისო, მაგრამ თქვენი ინფორმაცია, ვშშობ, არ გამართლდა…
_ გამართლდა.
_ როგორ?
_ ამ მოლაპარაკებაში ამერიკელები მონაწილეობდნენ, მაგრამ ივანიშვილმა ისინი „გადააგდო“ და სწორედ ამის შედეგია ტირანიის რისკზე განცხადება.
_ მაშინ ამბობდით, მოლაპარაკება ტექნიკური პრემიერის დანიშვნაზე მიდისო, ანუ „ოცნების“ დამფუძნებელმა ამერიკელებს უთხრა, ტექნიკურ პრემიერს დავნიშნავო და ეს დაპირება არ შეასრულა?
_ დიახ, მოლაპარაკების მთავარი საგანი კოალიციური მთავრობის შექმნა იყო, რაზედაც ივანიშვილი თავიდან დასთანხმდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, თავისი ერთპარტიული მმართველობა „ჩააბეტონა“ და კობახიძე პარლამენტში ოპოზიციას ამიტომაც დასცინის, _ 2022 წლის შემოდგომამდე აქ იჯექით და თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ არაო. „ოცნებამ“ 5%-იანი ბარიერიც დატოვა და… 2030 წლამდე იბატონებს, თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგოც ახლაა. აი, ამის პირდაპირი ვერდიქტია აშშ-ის ელჩის განცხადება, ტირანიის რისკიაო.
_ თქვენი აზრით, „ოცნება“ ცივილიზებულ მსოფლიოს ზურგს რატომ აქცევს, ტირანიის რისკზე რატომ მიდის და რუსულ თამაშს ღიად რატომ თამაშობს?
_ ამას აღარც რუსული თამაში ჰქვია და აღარც _ თურქმენული.
_ აბა, რა ჰქვია?
_ ამას თვითმკვლელობა და საქართველოს ჩაძირვა ჰქვია. აქ ჩვენს გზებზე ბალახი ამოვა, ჯანდაბაშიც საწულან „ოცნებაც“ და ყველა, ვინც უჭკუოა და ვინც საქართველოს ამ გზით წაიყვანს! აბრეშუმისა თუ სხვა გზა აქ აღარ გაივლის და, პრაქტიკულად, მშივრები ვიქნებით!
სიმართლე გითხრათ, ასეთი ხელისუფლების შენარჩუნების მრცხვენია, მაგრამ მშიერი ხალხი „ოცნებას“ ხელისუფლებასაც ჩამოაფხრეწს და ყველაფერს. მუდმივად სამოქალაქო ომის საფრთხის ქვეშ ვიქნებით. ბიძინას მთავრობამ 9 წლის განმავლობაში აი, ეს გააკეთა.
ესენი აშშ-ს ებრძვიან _ დაწყობილები ელჩს აბრალებენ, ტირანიის რისკი მისი პოზიციააო. არადა, ელჩი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, საკუთარ პოზიციას არასოდეს ამბობს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მეც ვიყავი, მაგრამ სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად თუნდაც ჩემი პოზიცია არასოდეს გამიხმოვანებია და ყველა ელჩი ასე იქცევა!
_ ბატონო კოტე, წეღან ხალხი ახსენეთ, წალეკავს „ოცნებასო“, მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით, ხალხი პასიურობს. რატომ?
_ როცა პოლიტიკოსები კვდებიან და უფსკრულისკენ მიდიან, ხალხი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, რასაც მშიერ კუჭს არქმევს. საერთოდ, საშინელებაა, როცა ხალხი შეტევაზე პოლიტიკოსების გარეშე გადადის.
_ „მშიერი კუჭის“ გაბრაზებას ჯერ ვერ ვხედავთ…
_ ვანო, ეს შეიძლება, უცებ არ მოხდეს.
ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყანაც გვიყვარს და შვილებიც.
_ დიახ, გვიყვარს, მერე?
_ რატომ უნდა მივდიოდეთ ამ გზით?
ხალხი შეტევაზე შეიძლება, ორ-სამ თვეში არ გადავიდეს, მაგრამ ფაქტია: მოსახლეობა მშიერია, თან, პრაქტიკულად, ტირანიული ხელისუფლება გვყავს.
_ ისე, „პიჯაკების საქმის“ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარების გეგმა წარმოადგინა, 10 მილიარდის ინვესტიციას შემოვიტან და „ლაზიკას“ ავაშენებო, ანუ ამ განცხადებით სააკაშვილმა იმას ხომ არ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი უფრო გამოცდილი და უფრო დიდი პოლიტიკოსია, ვიდრე მთელი ეს ხელისუფლება. მიშა ციხეში, ლამის, მთავრობის სხდომებს მართავს და სასამართლოზეც იგივე გააკეთა _ ყველა, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, იმაზეა „მიჭიჭინებული“, სააკაშვილი რას იტყვის.
მოკლედ, ერთი მსახიობის თეატრს ვუყურებთ _ სააკაშვილს არავინ ზღუდავს და სასამართლომაც უფლება მისცა, მთავრობის სხდომა ჩაეტარებინა.
_ ასეა თუ ისე, ფაქტია: „ოცნებისთვის“ სააკაშვილი სერიოზული თავის ტკივილია. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტი ციხეში ურჩევნია თუ მაშინ უფრო კომფორტულად იქნება, ქვეყნიდან რომ გაუშვას? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ომბუდსმენმა და სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა მინიშნებით თქვეს, უმჯობესია, შიმშილობის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი მიშამ მესამე ქვეყანაში გაიაროსო, ანუ იმის ალბათობა არსებობს, რომ ეს სცენარი რეალობად იქცეს?
_ რამდენიმე დღის წინ შოთა შალელაშვილის განცხადება გამოქვეყნდა. შალელაშვილმა, რომელსაც „ბიძინას დეპუტატს“ ეძახდნენ, ივანიშვილს საჯაროდ სრულიად მოულოდნელად ურჩია, სააკაშვილი გაუშვი, გახარია დააბრუნე და პარლამენტს სრულად პროპორციული კანონი, ანუ ის მიაღებინე, რასაც ხალხი ითხოვსო.
ისე, ხალხისა და ამერიკელების პოზიცია ზუსტად ერთნაირია.
შალელაშვილი ის კაცია, რომელიც პარლამენტში ბძინამ მოიყვანა. მერე, გასკდა, რომ ძალიან დიდ ფულს ათეთრებდნენ, მისი შვილიც დაჭერილი იყო.
მოკლედ, ამ კაცს პრობლემა არ აქვს, რომ ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს. საჯარო წერილი, თანაც ასეთი, სააკაშვილი გაუშვიო, შეიძლება, იმას ნიშნავს, რომ ბიძინა სიტუაციას სინჯავს.
_ საითკენ მიგყავთ საუბარი, ბატონო კოტე?
_ ბიძინა მიხვდა, რომ ამერიკელების გადაგდება მისთვის ძალიან მძიმე იქნება და შეიძლება, ახლა სააკაშვილის გაშვება უნდა. შალელაშვილის წერილით კი საზოგადოებისა და საკუთარი გუნდის აზრი მოსინჯა, თორემ ვერ დავიჯერებ, რომ შალელაშვილმა ყველაფერი ეს ბიძინას თავისით გაუბედა.
რაც შეეხება სააკაშვილს, იგი მხოლოდ გარეთ კი არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც უნდა იყოს ჩართული. სააკაშვილის რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც მაღალი დონის ურთიერთობები აქვს, პროცესის მიღმა არ უნდა დარჩეს და აქტიურად იყოს გამოყენებული.
_ მაშასადამე, ჩვენი ხსნა და შველა ისევ მიშას შეუძლია?
_ სააკაშვილი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, ოღონდ არსებობს ერთი დეტალი.
_ კერძოდ?
_ თუ აშშ-ს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად ვაღიარებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მრავალპარტიული მმართველობა აუცილებელია და ერთპარტიულობა, სააკაშვილი იქნება, კემულარია თუ ვინმე სხვა, 21-ე საუკუნეში ტირანიის რისკია.
_ და მაინც, სადაა გამოსავალი?
_ საკააშვილი ამბობს, თანამდებობა არ მინდაო. ამიტომ ის, როგორც ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი, უნდა გამოვიყენოთ.
_ „გამოყენებაში“ რას გულისხმობთ?
_ ევროპაშიც უნდა იაროს და აშშ-შიც.
_ რისთვის?
_ იცნობენ და როგორმე უნდა ჩავჯდეთ ერთიან, დიდ გეოპოლიტიკურ, აბსოლუტურად ახალ მექანიზმში, რომელიც ახლა მუშავდება. საქართველოს, როგორც ქვეყანას, თავისი ეკონომიკური ფუნქციაც უნდა ჰქონდეს და გეოპოლიტიკურიც.