„არგუმენტის გარეშე ევროპა არ ჩაგვკეტავს“

თამუნა მჭედლიშვილი

10 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც. პუტინის განკარგულებისთანავე ავიაკომპანია Gეორგიან Aირწაყს-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა: „ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს, ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს“, _ აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის აღშფოთებებსა და შეფასებებს არ დაუგვიანია საქართველოს მთავრობის მიმართ.
რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა. თანხმობა კი ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა: „დამწუხრებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ეს არის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, რომ არ შედგეს არცერთი პირდაპირი ფრენა რუსეთში და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ფრენა. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა, როცა საქმე შეეხება ბრუტალურ, აგრესიულ ომს უკრაინაში. სწორია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომლითაც ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ იგი დათანხმდა, აღედგინა ფრენები რუსეთთან“, – თქვა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.
პრემიერ-მინისტრი: „მგონი, პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია“;
ირაკლი კობახიძე: „რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მივესალმებით“;
გია ვოლსკი: „ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა“.
უკრაინის მთავრობის კომენტარი კი გამოირჩეოდა კატეგორიულობით: „დასანქცირების მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში. კომპანია უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

ამბავი გაგრძელდა ასე

რუსულმა ავიაკომპანია Aზიმუტჰ-მა და Gეორგიან Aირწაყს-მა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება 19 მაისიდან დაიწყეს. თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელი, თAV Aირპორტს-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი, ერჰან უსტუნდაგი ამბობდა, რომ ორივე ავიაკომპანიიის მხრიდან თბილისის აეროპორტს რუსეთიდან ფრენების შესახებ შეტყობინება უკვე მიღებული ჰქონდა.
Aზიმუტჰ-ი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავდა. „მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღსადგენად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. საქართველოსა და რუსეთში ფრენების დაწყების დარჩენილი ფორმალობების დასრულებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. Gეორგიან Aირწაყს-ი თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს“, _ აცხადებდა თამაზ გაიაშვილი.

ამბავი რუსულ მედიაში

„რუსული ავიაკომპანია Aზიმუტჰ-ი შუპერჯეტ-ის თვითმფრინავით იფრენს, რადგან ის ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომელიც უცხოეთის აეროპორტებში მომსახურებას კრძალავს. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, Aზიმუტჰ-ს მოსკოვი-თბილისის ხაზზე კვირაში შვიდი ფრენისთვის დროებითი ნებართვა აქვს. მსგავსი თვითმფრინავი ჰყავს ავიაკომპანია ღედ ჭინგს-საც, რომელმაც საქართველოში ფრენისთვის ნებართვა უკვე მოითხოვა. თბილისის მიმართულებით ფრენები საინტერესო და პერსპექტიულია, არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის გამო, არამედ საქმიანი ურთიერთქმედებისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც“.
საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი, სულ მცირე, რვა რუსულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა. ესენი არის: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „აზიმუტი“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი კი „რედ ვინგზმა“ გამოთქვა. ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეისების შესრულება სურდათ: მოსკოვი-თბილისი; ყაზანი-თბილისი; სამარა-თბილისი; მოსკოვი-თბილისის რეისის კვირაში 21-ჯერ შესრულება სურდა „რედ ვინგზს“, შვიდ-შვიდჯერ – „აზიმუტსა“ და „სევერნი ვეტერს“.

ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი, განცხადებას აკეთებს: „თუ პირდაპირი ფრენები აღდგება, საქართველოში ავიაკომპანიები შესაძლოა, დასანქცირდნენ. საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამჯობინებს, რომ პუტინმა საქართველოს ოკუპირებული 20%-დან რუსული ჯარები გაიყვანოს, ვიდრე ფრენები აღადგინოს ან სავიზო რეჟიმი შეცვალოს“.

„ქრონიკა+“ „აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელს, ექსპერტ გიორგი კოდუას დაუკავშირდა და ამ საჩოთირო ამბის შესაფასებლად რამდენიმე კითხვა დაუსვა:

_ ბატონო გიორგი, როგორ გზას გადის ავიაკომპანია ფრენის ლიცენზიის, სიხშირეების განსასაზღვრად და მოსაპოვებლად?
_ გააჩნია, თუ სად აპირებენ ფრენებს ავიაკომპანიები. არსებობენ ღია ცის ქვეყნები, ევროპის „ოფენ სქაი“… პრიმიტიულად ხდება საფეხურების გავლა, თუ ეს ეხება ღია ცის ქვეყნებს. მაშინ მათ არ სჭირდებათ რეგულაციები. ევროპა ამბობს, რომ თუ უსაფრთხოება არის დაცული და თუ სტანდარტები არის საერთაშორისო ნორმების შესაბამისი, მაშინ აეროპორტთან შეთანხმება და სლოტის აღება იქნება საჭირო. თუ გახსნილი ცის სტანდანდარტი გვაქვს და გვინდა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ფრენა განვახორციელოთ, უნდა დავუკავშირდეთ მხოლოდ აეროპორტს, ავიღოთ და დავადასტუროთ სლოტი და შემდეგ ვიწყებთ გაყიდვებსა და, შესაბამისად, ფრენებს.
მეორე შემთხვევაში, თუ ვართ რეგულაციების ქვეშ და პარიტეტის დანიშვნებიდან გამომდინარე, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი და აზიის რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც აქვთ დამატებითი რეგულაციები შემუშავებული, უნდა იყოს გაფორმებული სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება _ ორივე ქვეყანაში რატიფიცირებული სიხშირეების დადასტურება. მოკლედ გეტყვით, _ ოთხი ბეჭედია საჭირო. ერთი, რაზედაც ვისაუბრე, მეორე _ ავიაკომპანიებს შორის, მესამე _ აეროპორტებს შორის სლოტების აღება და მეოთხე _ დეპარტამენტში ფორმა „ეარის“ დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებიდან მზაობის დადასტურება ორივე მხრიდან. ანუ ნავიგაციის ბეჭედი ორივე მხრიდან _ ცა რომ გახსნილია, აეროპორტის სლოტის დადება, მესამე _ საავიაციო დეპარტამენტისგან დადასტურება და განრიგების დამტკიცება და მეოთხე _ ორივე ავიაკომპანიის გადაზიდვების დანიშნულების დასტური. ამის შემდეგ ხდება რეისების ჩანიშვნა და განხორციელება.
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია თამაზ გაიაშვილის თვითმფრინავების ტექნიკური ბაზა? არის თუ არა Gეორგიან Aირწაყს-ი უსაფრთხო და აკმაყოფილებს თუ არა იგი საერთაშორისო ნორმებს?
_ თამაზ გაიაშვილის თვითმფრინავები სანქციის ქვეშ არ არის მოყოლილი, მაგრამ მან რომ მოინდომოს თავისი „ბოინგის“ ევროპულ ქვეყანაში გარემონტება, უკან თვითმფრინავს აღარ გამოატანენ. „ბოინგებს“ ორ წელიწადში ერთხელ უწევთ გარემონტება. ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად შეექმნება.
სხვათა შორის, მე და გაიაშვილმა ემბარგო ერთად ვიწვნიეთ 2006 წელს. ემბარგო აღდგა 2008 წელს, მაგრამ სამ თვეში ომი დაიწყო. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. მესამეჯერ… თქვენ მომცემთ გარანტიას, ხვალ რა მოხდება? ვერ მომცემთ. როდის და როგორი განცხადებების გაკეთება მოუწევს სიმონიანს ან პუტინს ხვალ, ჩვენ არ ვიცით წინასწარ. კიდევ არ დაგვკეტონ და შარში არ გაგვხვიონ… არასტაბილური გარემოა, ფრთხილი, საშიში ბაზარია. რამდენადაც კარგია, იმდენად ცუდია.
_ აქვს თუ არა საქართველოს თავის აეროპორტში სანქცირებული კომპანიების „ბოინგისა“ და „ეარბუსის“ დაკავების ვალდებულება?
_ აქ ორი ამბავია: ერთი _ არგაშვების. მაგალითად, მე შემემთხვა პრეცედენტი, არარუსული კომპანიის თვითმფრინავს დასჭირდა „ჩეკინგი“. ბოინგი მოსკოვიდან ახორციელებდა რეისებს, მე მთხოვეს და მოვუძებნე ევროპული ქვეყანა ჩასაყვანად და შესაკეთებლად, მაგრამ მითხრეს, ამ თვითმფრინავის სლოტი მივიღეთო. თუ აღმოჩნდება, რომ რუსულ ზონაში დაფიქსირებული იყო ნავიგაცია, ანუ სარეგისტრაციო ნომრით ფრენა რუსეთში, თვითმფრინავს უკან ვეღარ გაგატანთო. მეორე _ თუ ჩვენ სანქცირებულ ბორტს საქართველოს აეროპორტიდან უკან გავატანთ, აუცილებლად შეგვექმნება პრობლემა.
_ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენით საერთაშორისო სივრცეში დასავლეთიდან?
_ საფრთხეები არსებობს თვითონ „აირზენასთან“ მიმართებით. თუ „ბოინგმა“ მისცა სანქციები, მაშინ უსაფრთხო იქნება საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა გაიაშვილის თვითმფრინავებით, ვიდრე მოსკოვიდან _ თბილისში! რადგან რუსეთს სუპერჯეტების საკუთარი ქარხნები აქვთ, სადაც გაარემონტებენ ტექნიკურად გაუმართავ თვითმფრინავს. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ უნდა გავარემონტოთ „ბოინგი“ საქართველოში, სად არის ქარხანა?
დიდი რისკებია იმ მხრივ, რომ „აირზენა“ სანქციების ქვეშ მოხვდეს. მეორე, ევროპიდან არ არის მწვავე რეაქცია ამ ეტაპზე სანქციების კუთხით, აშშ-დან უფრო ველოდები სიმკაცრეს. თუ საქართველო დაექვემდებარება სანქციების მკაცრ გაკონტროლებას, მაშინ არ იქნება საშიში, მაგრამ თუ პრეტენზიები იქნება, „გაგვეპარება“ და გამოგვიჭირეს, რომ სანქციებს თავს ვარიდებთ, მაშინ მიიღებენ შესაბამის ზომებს.
_ საზოგადოების მხრიდან დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა რუსეთთან ფრენების აღდგენის ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მიესალმება პუტინის გადაწყვეტილებას, სამაგიეროდ, არ უსმენს ხალხის ხმას და რეაქციებს… ალბათ, გახსოვთ ფრაზა ქართული ფილმიდან „შერეკილები“: „ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიან-მეთქი“. თქვენი პროგნოზი როგორი იქნება? გაფრინდნენ, მაგრამ დიდხანს იფრენენ?..
_ ჩვენი გადასაწყვეტია. ევროპა იტყვის, კი ბატონო, იფრინეთ რუსეთში, მაგრამ ვეღარ იფრენთ ევროპაში. მაინც გავფრინდებით რუსეთში და მაინც ვეღარ გავფრინდებით ევროპაში! ან ორივე ბაზარი რომ შევინარჩუნოთ… ვფიქრობ, თუ არჩევანის გაკეთების მომენტი დადგება და უარს ვიტყვით რუსეთში ფრენაზე, გადავრჩებით სანქციების შავ სიას, ევროპა თუ კატეგორიულ ნაბიჯს გადადგამს და დაკეტავს ცას სანქცირებულებისთვის, მაშინ მოგვიწევს სწორი არჩევანის გაკეთება. აქვე ვიტყვი, რომ არგუმენტის გარეშე ევროპა არ ჩაგვკეტავს. თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს _ გაიაშვილმა მოინდომა თურქობა. თურქეთი 80 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაა _ ვერ იქნები თურქი, მას უზარმაზარი ეკონომიკა აქვს და ნატოს წევრი ქვეყანაა, ბოლოს და ბოლოს. თურქეთი ევროპაზეც მუშაობს და რუსეთზეც. სწორედ ასე უნდა გაიაშვილს გააკეთოს საქართველოს მაგალითზე, მაგრამ ვამბობ, რომ ასე ვერ იქნება.