„ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძის დედა მართავს
შორენა მარსაგიშვილი
„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ შიდა დაპირისპირებებია. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის წინამორბედის წინამორბედის წინამორბედმა რუს კომუნისტ გავრილოვს სპიკერის სკამი დაუთმო, საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი ჩაშალა. ამით საქართველომ ღიად შეაქცია ზურგი დასავლეთს. ამაზე ის დუმულიც კარგად მეტყველებს, რასაც ოფიციალური თბილისი უკრაინასთან მიმართებით ამჟღავნებს _ მთელი მსოფლიო უკრაინას უჭერს მხარს, „ქართული ოცნება“ კი დუმს. არადა, უკრაინა ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული უკრაინელი მებრძოლების სახელები გმირთა მემორიალზეც კი გვაქვს ამოტვიფრული.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ოპოზიციასაც დააგვიანდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოძმე უკრაინელებისთვის მხოლოდ 22 იანვარს მოიცალა. სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადების გაკეთებაც არ ისურვეს. რუსეთუმეებმა რაღაც ფრონტი შექმნეს და საქართველოს ნეიტრალიტეტი მოითხოვეს.
უკრაინას ვინ ჩივის, როცა „ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც კი არ გმობს. ამ მხრივ არც ოპოზიია არ იწუხებს დიდად თავს. გასულ კვირას რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში ახალი ადგილების მონიშვნა დაიწყეს და ვიდრე ისინი გამყოფი ხაზის გასავლებად ემზადებოდნენ, გორის მერი ნიუ-იორკში იყო წამოწოლილი.
სანატორიუმ „ქართლში“ დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოებას გაახსენა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ დევნილები და მათ პრობლემებს მოგვარება სჭირდება. ხელისუფლებამ ეს ტრაგედიაც ფეხებზე დაიკიდა. სახელისუფლებო მედია და ტროლ-ბოტები ზურაბ ქირიას გაშავებას შეუდგნენ. ზურაბ ქირიამ მხოლოდ იმიტომ მოიკლა თავი, რომ ხელისუფლებას დევნილების მიმართ ყურადღება გამოეჩინა. სანამ კორპუსის სახურავიდან გადმოხტებოდა, დევნილებს უთხრა, იქნებ, თქვენ მაინც გეშველოთო.
კობახიძის მმართველობის ერთი წელი
გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ერთი წელი აღნიშნა. ის პარტიის თავმჯდომარედ 2021 წლის 16 იანვარს ბიძინა ივანიშვილის კურთხევით აირჩიეს. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში „ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყო ყველზე ნაყოფიერი წელი მმართველი პარტიისთვის.
კობახიძეს მიაჩნია, რომ ის თავის მოვალეობას კარგად ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას უთვლის საკუთარ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და „ნაციონალური მოძრაობა“ სუსტდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ პრობლემებია, ამას „ოცნების“ სხვა წევრებიც აღიარებენ და იქვე იმასაც ამბობენ, რომ, კობახიძის წყალობით, „ქართულ ოცნებაში“ ინტრიგები არ წყდება. პარტიას ამავე ადამიანის გამოისობით ინტრიგები არც აქამდე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კობახიძე პარტიის თავმჯდომარე გახდა, ინტრიგებმაც იმატა და შიდა დაპირისპირებამაც.
როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, კობახიძე ოფიციალური მაბეზღარაა და ივანიშვილთან მიაქვს ჭორები. კობახიძე რომ ენატანიაა, ამას ოფიციალურად ადასტურებს გედევან ფოფხაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო; „ქართული ოცნების“ კულუარებში აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში _ არასწორი. ჭორებით კობახიძეს დედა ამარაგებს, რომელიც ასევე „ქართულ ოცნებაშია“ დასაქმებული. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე დედის გავლენის ქვეშაა, დედის ენაზე დადის და პარტიაში აკეთებს იმას, რაც დედამისს უნდა. ე. ი. მმართველ პარტიას არა ივანიშვილი, არამედ კობახიძის დედა, თამარ ზაალიშვილი მართავს, რომელსაც შევარდნაძის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. იმ დროს იკავებდა ზაალიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს, როცა პენსიები და ხელფასები თვეობით და წლობით იყინებოდა.
ირაკლი კობახიძის დახლართულ ინტრიგებს შეეწირა გასული წლის ბოლოს კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობა. გასულ წელსვე იმავე ირაკლი კობახიძემ დააკარგვინა არჩილ თალაკვაძეს სპიკერის სავარძელი. თალაკვაძე რიგით დეპუტატად დარჩა, კახა კუჭავა კი პარლამენტში ყოფნაზე უარს ამბობს. მან უკვე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. მის საკითხს თებერვალში, საგაზაფხული სესიაზე განიხილავენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კობახიძემ კუჭავას უმადურობის გამო გაუფუჭა საქმე ბიძინა ივანიშვილთან. შარშან აპრილში, როდესაც არჩილ თალაკვაძის გადადგომა გადაწყდა, კობახიძემ გაუწია რეკომენდაცია კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობაზე. მას თავისიანად მიიჩნევდა და ეგონა, რომ პარლამენტის სპიკერი მის პოლიტიკას გაატარებდა.
„ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე დაჯგუფება არსებობს. ყველაზე მცირერიცხოვანი კლანი ირაკლი კობახიძეს აქვს, მაგრამ ყველაზე მეტი გავლენებით, რადგანაც ივანიშვილს, რატომღაც, მისი სჯერა. ერთი პერიოდი მათ შორისაც დაიძაბა ურთიერთობა, მაგრამ რაღაც დონეზე დალაგდნენ და კობახიძემაც დაიწყო ენების მიტანა. კუჭავას რაც შეეხება, მან არ მოისურვა, კობახიძის მარიონეტი ყოფილიყო და შეეცადა, დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა. როგორც „ქრონიკა+“-ს უთხრეს, მან პარლამენტში თავისი გუნდის შექმნაც დაიწყო. ეს პარტიის თავმჯდომარემ გაიგო, ივანიშვილს ჭორები მიუტანა და კუჭავაც ჩამოალაბორანტეს.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქმა კახა კუჭავას ახალი სამსახური გამოუნახა. მას, შესაძლოა, ანაკლიის პროექტი ჩააბარონ და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ე. ი. „ოცნების“ თავმჯდომარეს ისევ შეუსუსტდა პოზიციები „უზენაესის“ კარზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ და ბარემ აქვე რამდენიმე სიტყვა ვთქვათ მის სიძეზე, რომელმაც გასულ კვირას უზრდელობითა და ცინიკურობით გამოიჩინა თავი. ირაკლი კობახიძის სიძე აფხაზეთის მთავრობის წევრი დავით ფაცაციაა. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მოსალაპარაკებლად ხელისუფლებამ ის გააგზავნა. იმის მაგივრად, რომ ნორმალურად დალაპარაკებოდა დევნილებს, ისინი გამოლანძღა, დაემუქრა და სულ უზრდელები ეძახა. მისი წამოსვლიდან რამდენიმე საათში მოიკლა თავი ზურაბ ქირიამ.
დევნილები და სამოქალაქო აქტივისტები დავით ფაცაციას გადადგომას ითხოვენ. ფაცაცია გადადგომას არ აპირებს და დევნილებს იქით უყენებს პრეტენზიას. ამტკიცებს, რომ ყველა მათგანს რამდენიმე ბინა აქვს. ეტყობა, თავისი სიმამრი და ცოლისმა ჰგონია დევნილები.
დევნილები ამ საქმის ასე დატოვებას არ აპირებენ და ამ კვირაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ითხოვენ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძოება.
„ქართლის“ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, _ რისთვის გვჭირდება აფხაზეთის მთავრობა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებისთვის არაფერს აკეთებს? 17-მილიონიანი დაფინანსება, ძირითადად, ჩინოვნიკების დაფინანსებას ხმარდება. ახლა ეს სტრუქტურა კობახიძის სიძის დასასაქმებლადაც გამოიყენეს.
დავით ფაცაციამ მარტო დევნილების მიმართ უხეშობის გამო არ უნდა დატოვოს თანამდებობა. ნორმალური სახელმწიფო რომ ვიყოთ, ის საერთოდ არ უნდა გაეჭაჭანებინათ აფხაზეთის მთავრობაში. კაცი, რომელიც ოფიციალურად, საჯაროდ აქებს ოკუპანტ რუსეთს და ამ ქვეყნის მადლიერია, არ შეიძლება იმ ხალხის ბედს განაგებდეს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი საცხოვრებლიდან გამოყარეს.
სანამ ირაკლი კობახიძის სიძე გახდებოდა და მინისტრის სავარძელში ჩასვამდნენ, დავით ფაცაცია თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი იყო. 2016 წელს მან „თამაზ მეჭიაური _ ერთიანი საქართველოს“ სახელით სანზონაშიც იყარა კენჭი მაჟორიტარად. დეპუტატობის კანდიდატის რანგში 2016 წელს მან „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მადლიერი უნდა იყოს, რადგან რუსეთმა გადაგვარჩინაო. კიდევ ბევრს ლაპარაკობდა იმაზე, როგორი ერთმორწმუნეა რუსეთი და თურმე როგორ გვჭირდება ჩვენ ერთმანეთი.
დავით ფაცაციას გარდა დევნილები და ოპოზიცია სოზარ სუბარის დასჯასაც ითხოვენ. წლების წინათ ამ უკანასკნელს დევნილთა მინისტრის პოსტი ეკავა. ათეულობით დევნილი დღეს ბინის გარეშე რომ არის, ეს სწორედ მისი დამსახურებაა. სუბარმა გააუქმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კონკრეტულ კორპუსში დევნილები უნდა შესახლებულიყვნენ.
ამ კითხვებზე სუბარი პასუხების გაცემას გაურბის. სამაგიეროდ, ოპონენტების ლანძღვით არ იღლება. მათ შორის, ყოფილ თანაპარტიელებსაც ლანძღავს. განსაკუთრებულად გიორგი გახარიას ამკობს. ამ კაცს, ეტყობა, პრემიერობიდან გადამდგარების ლანძღვა სიამოვნებს ძალიან. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა, სოზარ სუბარი რესტორნებში მის პაროდიებს აკეთებდა.
ამ კვირაში დევნილები აქციებს იწყებენ. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა მის მიერ გაუქმებული ხელშეკრულების შესწავლაც იქნება. დევნილები დავით ფაცაციას გადადგომასაც მოითხოვენ. დაიხევს თუ არა ხელისუფლება უკან, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მწვავე და ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ჩატარდება.
სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში
მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს ციხიდან დაუბარა, რომ სოციალურ პრობლემებზე გაცილებით მეტი ილაპარაკონ. გასულ კვირას მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ და სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე ლოკაციაზე გამართეს საპროტესტო აქცია. ძირითადად, კომუნალური გადასახადების შემცირებაზე იყო საუბარი. ეს პრობლემა საქართველოში ყველას თანაბრად აწუხებს.
სოციალური მიმართულება, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გამწვავდება, ფასები კატასტროფულად იზრდება, პირველი თებერვლიდან მგზავრობის საფასურიც გაიზრდება, მოსალოდნელია პურის ფასის მატებაც. ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი.
ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ძალიან ეშინია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ამბები რაღაცით გადაფაროს. „ნაციონალები“ ასეთ დროს სამთავრობო კარუსელს ატრიალებდნენ ხოლმე. ასეთი რამის გაკეთებას „ქართული ოცნებაც“ აპირებს. მათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ რამდენიმე მინისტრის შეცვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული ცვლილებები იქნება ძალოვან სტრუქტურებში. სუსიდან სკანდალური მასალების გამოჟონვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზდა სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილზე. როგორ „ქრონიკა+“-ს სამთავრობო კულუარებში უთხრეს, მაშინვე აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა და ამ თემამ უკანა პლანზე გადაიწია.
ლილუაშვილის თემის გააქტიურება „ქრონიკა+“-ის რედაქტორ ელისო კილაძის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, რამზან კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერები, რომლებსაც ნიკა გვარამია უნდა მოეკლათ, სუსმა უსაფრთხოდ გაიყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.
გასულ კვირას ტელეკომპანია „ფორმულას“ მიხედვით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, სუსის უფროსად ისევ ვახტანგ გომელაური დააბრუნოს. გომელაურს სუსის უფროსის თანამდებობა 2019 წლამდე ეკავა. შს მინისტრის პოსტზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერად აკურთხა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუსის უფროსის პოსტზე ივანიშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის კანდიდატურასაც განიხილავდა. ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ ის უარს აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან წამოსვლაზე. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად მას ენდობა. როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ივანიშვილის დავალებით სწორედ მან გასცა სროლის ბრძანება. ამ ბრძანების გაცემას გახარია დღემდე თავად იბრალებს.
ივანიშვილისგან განსხვავებით, ანზორ ჩუბინიძეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრემიერმა ივანიშვილმა მას ჩააბარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან წავიდა, თანამდებობა ჩუბინიძემაც დატოვა. მას პრემიერ ღარიბაშვილთან მაშინ სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. მათ შორის სიტუაცია არც ახლაა ბოლომდე დალაგებული, მაგრამ ერთმანეთს აღარ ეხებიან.
ცვლილებებს ელოდებიან ეკონომიკურ გუნდშიც. პრემიერი ღარიბაშვილი დღემდე ამაოდ ცდილობს ნათია თურნავას შცვლას. ოლიგარქის კარზე საპატიო ადგილზე მყოფი ვანო ჩხარტიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ თურნავა ეკონომიკის მინისტრობიდან არ გაუშვან.
ირაკლი კობახიძის ფრთა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერი ღარიბაშვილიც დატოვებს თანამდებობას. ამ პოსტს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დაიკავებს. ირაკლი კობახიძე დიდი ხანია, ამ თანამდებობის დაკავებაზე ოცნებობს და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება.
გახარიას პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ კობახიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, აესრულებინა დიდი ხნის ნატვრა, თითქმის გადაწყვეტილი იყო პრემიერად მისი დანიშვნა, მაგრამ ივანიშვილმა ბოლო წამს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კობახიძემ თავისი ინტრიგებით ერთხელ უკვე გააშვებინა ოლიგარქს ღარიბაშვილი სახლში, მაგრამ მაშინ კახა კალაძესთან ერთად მოქმედებდა. ახლა მასსა და კალაძეს შორისაც დაძაბულია ურთიერთბა.
ირაკლი კობახიძის წყალობით, ივანიშვილი კალაძის მოკვეთას აპირებდა. ეს უკანასკნელი საქართველოდანაც კი გეგმავდა წასვლას, მაგრამ შემდეგ მოგვარდნენ. თნილისის მერი ერთი პერიოდი ძალიან აქტიური იყო, ბოლო ხანებში კი ისევ უკანა პლანზე გადაიწია _ იშვიათად ჩნდება და დიდად აღარ აქტიურობს. როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, მას ივანიშვილთან კიდევ დაეძაბა ურთიერთობა და ეს მარტო კობახიძის ბრალი არ არის. ამ მიმართულებით კარგად იმუშავა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელსაც კალაძესთან მძიმე დამოკიდებულება აქვს. ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, სუსში ტომებად დევს კალაძის კორუფციული სქემები.
განახლება თუ გავლენების გადანაწილება?
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდი განახლების დასაწყისის შესახებ გვამცნო. პარტიაში მართლა სერიოზული განახლების პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პარტია უფრო მობილური და ქმედითუნარიანი გახდეს.
განახლების პროცესის პარალელურად, „ნაციონალებმა“ აქტიურად დაიწყეს საპროტესტო აქციები. ამით ისინი პარტიაში არსებული დაძაბულობის გადაფარვას ცდილობენ. როგორც ამბობენ, აქ სერიოზული ბრძოლა მიდის გავლენების გადასანაწილებლად. პარტიის ერთი ნაწილი თავგამოდებით ცდილობს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან ჩამოგდებას. ეს ხალხი ამტკიცებს, რომ ნიკა მელია არაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად. არადა, არც ამ ხალხს გაუკეთებია რამე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან რომ დაეხსნა.
სააკაშვილი დღეს რომ ციხეშია, ეს ამ ადამიანების დამსახურებაცაა. ისინი მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით მოუწოდებდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. ახლა ხმას არ იღებენ და სხვას აბრალებენ, მიშას დასახსნელად არაფერს აკეთებსო. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალებს“ სააკაშვილთან არ შეუთანხმებიათ, თუ ვინ რა თანამდებობებს დაიკავებდა პარტიაში. სამდივნოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ შესუსტდა პარტიაში ნიკა მელიას გავლენები.
გასული კვირა ნიკა მელიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წალენჯიხაში ოპოზიციონერი რომ არ აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარედ, ამასაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დააბრალებდნენ. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღემდე არ აურჩევიათ საკრებულოს თავმჯდომარეები. ამ საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს. ოპოზიციასაც და „ოცნებასაც“ გახარიას პარტიის მხარდაჭერა სჭირდება სასურველი კანდიდატების გასაყვანად.
გასული წლის დეკემბერში ნიკა მელიამ გიორგი გახარიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ „ნაციონალები“ მხარს დაუჭერდნენ პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატურას. ამის მიუხედავად, ყოფილმა პრემიერმა კიდევ რამდენჯერმე ჩაშალა საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევა, მაგრამ ნელ-ნელა დათმობაზე დაიწყო წასვლა.
გასულ კვირას წალენჯიხამ საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კორნელი სალია აირჩია. ამას ნამდვილი ისტერიკა მოყვა. „ქართული ოცნება“ „ნაციონალებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ქორწინებაზე ალაპარაკდა.
მათი პოზიცია და გამწარება გასაგებია. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წალენჯიხაში, რუსთავში, სენაკსა და ზუგდიდში ხელახალი არჩევნებისთვის ემზადებოდა. მათ საარჩევნო სიებიც კი ჰქონდათ შედგენილი. კანონმდებლობის თანხმად, თუ პირველ მარტამდე არ აირჩევენ საკრებულოების თავმჯდომარეებს, ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
ახლა ხელისუფლება სერიოზულ ზეწოლას განახორციელებს ზუგდიდელ, რუსთაველ და სენაკელ ოპოზიციონერებზე. მათ ან ხელისუფლების კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი, ან როგორმე პირველ მარტამდე ჩაშალონ სხდომები. მერე ხელახალი არჩევნები დაინიშნება. არჩევნების გაყალბება კი საქართველოში ყველა პარტიას კარგად გამოსდის.
თუ თავმჯდომარეების გარეშე დარჩენილ საკრებულოებში მოხერხდა ოპოზიციონერის თავმჯდომარედ არჩევა, ეს პარტიაში ნიკა მელიას პოზიციებს გაამყარებს. ეს მიმართულება მას ჰქონდა ჩაბარებული.
პირველი მარტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება კიდევ დაიძაბოს სიტუაცია. პირველ მარტს საპატიმროს დატოვებს ბაჩო ახალია, რომელსაც პარტიაში თავისი ხალხი ჰყავს. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური ახალაია. ვანო მერაბიშვილს რომ განმარტებებს მოსთხოვს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ახალაიას გარემოცვა დღემდე ამტკიცებს, რომ მერაბიშვილი ივანიშვილთან არის შეკრული და სწორედ მისი ხელშეწყობით გავიდა საქართველოდან ე. წ. ცოცხების კადრები, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზეზი გახდა.
წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება. „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ სერიოზული შიდა გარჩევებით არიან დაკავებულები. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სულ მალე „ნაციონალები“ დასრულდებიან.