ია კიწმარიშვილის მიერ დაწუნებული მოდელი ალექსანდრ მაკქუინმა მიიწვია

გიორგი საკარული

90-იანი წლების მიწურული იყო პერიოდი, როდესაც ქართულ პოდიუმზე არაერთი უმშვენიერესი მოდელი გამოჩნდა. ბევრი მათგანი დღემდე სამოდელო სფეროშია, თუმცა არიან სახეები, რომლებიც წარსულიდან გვახსოვს, მაგრამ წლებია, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და პოდიუმზე აღარ გამოჩენილან.

იყო დრო, როდესაც მოდელობა ბევრ სტერეოტიპთან ასოცირდებოდა, მოდელი ბიჭი კი მთლად გადაჭარბება იყო, თუმცა სწორედ ამ დროს საქართველოში არსებობდა რამდენიმე სამოდელო სააგენტო და ჯერ კიდევ საკმაოდ ბნელ პერიოდში ქართველმა ხალხმა ახალი სახე, ლაშა ჯაფარიძე გაიცნო.
მის სახელთან ასოცირდება არაერთი ცნობილი ჩვენება, ფოტოსესია თუ სამოდელო კასტინგი. როგორც თავად ამბობს, დიდად არ ხიბლავს ის ფაქტი, რომ ბევრი ცნობდეს, კმაყოფილდება მინიმალურით, თუმცა ეს მინიმალური ასოცირებული უნდა იყოს ხელოვნებასთან და არა რომელიმე რიგით გადაღებასთან.

სად არის და რას საქმიანობს 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, მოთხოვნადი და ცნობილი მოდელი დღეს? რა გზა განვლო და რა სირთულეებთან შეჭიდება მოუხდა წლების მანძილზე? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალებს მოდელი ლაშა ჯაფარიძე „ქრონიკა+“-თან იხსენებს.

1998 წელი _ პირველი კასტინგი

_ სწორედ 1998 წლიდან იწყება მოდის სფეროში კასტინგები. მახსოვს, ია კიწმარიშვილთან ვიყავი მისული კასტინგზე და დამიწუნა. მისმა უარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. 16 წლის ვიყავი, როდესაც მაღაზიაში შემხვდა პირველი ბილბორდის გოგონა საქართველოში, ეკა არჩვაძე და მირჩია, სამოდელო სააგენტოში მივსულიყავი. ვერც გავიაზრე, რას მეუბნებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ გართობის კარგი საშუალება იყო. ასე მოვხვდი ქალბატონ ნატალი სამადაშვილთან (სამოდელო სააგნეტო „ნატალის“ მფლობელი). პირველი კასტინგი ჩემს დაბადების დღეზე გავიარე და მოვხვდი კიდეც სამოდელო სფეროში. ის დრო ტკბილად მახსენდება. მართალია, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, სხვა ბიჭებიც ყოფილიყვნენ პოდიუმზე.
ასე დაიწყო ჩემი კარიერა სამოდელო სფეროში. კარს იქით რომ შევდიოდი, ვხვდებოდი, რომ სამოთხეში ვიყავი, არანაირი პრობლემები. მთავარია, ამ კარამდე მიაღწიო, მე კი ზუსტად ის კარი შევაღე, რომელიც გზას გამიხსნიდა წარმატებისკენ. ეს იყო ის დიდი ოჯახი, სადაც საუკეთესო გამოცდილება მივიღე და კარგი ადამიანები შევიძინე.
ისევე როგორც მაშინდელი თაობის ყველა მოდელის, ჩემი პირველი ჩვენებაც მაკა ასათიანს უკავშირდება. ამ ქალბატონს ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი, ზუსტად აღმოეჩინა საინტერესო ადამიანები და კრეატიული შოუები დაედგა. იმ პერიოდში მაკამ მთელი ბარნოვის ქუჩა გადაკეტა, სადაც ჩვენება იმართებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ერთი წელი იყო, რაც უკვე ამ სფეროში ვიყავი და უკვე მეგონა, ძალიან კარგი ამბავი ხდებოდა _ იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ბევრ ადამიანს დავეხმარე ჩემი ამ პატარა გამოცდილებით. დღესაც მხვდება სრულიად უცხო ხალხი, ჩემი ფოტოები აქვთ და როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდი სტიმული მივეცი. მეუბნებოდნენ, ბირჟაზე რომ არ დადგნენ და ცუდი არ გააკეთეს, ჩემი მაგალითი ჰქონდათ.

მიცნობს ის, ვინც ნიჭიერია…

_ განვითარება თანდათან მოდის: საქორწინო კაბაც ჩამიცვამს, კუბოშიც ჩავწოლილვარ, ლგბტქ თემატიკის გადაღებაშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რაც დღეს ხდება, ასე არა… ყველა ჩემი ნამუშევარი, ყველა ჩემი გადაღება ღრმა საკითხთან არის დაკავშირებული, იქ არიან ჩართული მხატვრები, ფოტოგრაფები, ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას ქმნიდნენ. ფოტო ყოველთვის ამბობდა სათქმელს და იმ ფოტოში ვიყავი ყოველთვის მე… შემდეგ წამოვიდნენ სხვა ტიპის ბიჭები… გადაღებისთვის იმ ადამიანებს ვარჩევდი, რომლებიც თავისით დგამდნენ ამ ნაბიჯს, ბიჭს რომ დედა მოიყვანდა ჩემამდე, მე ის არ ამყავდა…
დღემდე მაქვს ის თვისება, რომ არასოდეს ჩავიხედავ არც შენს საფულეში და არც იმით დავინტერესდები, სად ხარ ღამე, მე თუ ეს მაინტერესებს, ისედაც გავიგებ. სხვა მხრივ არავინ შემიწუხებია. მერე და მერე წამოვიდნენ რაღაცნაირი ადამიანები, ბოლო კასტინგზე რომ ვიყავი, ძალიან შემრცხვა, რადგან ერთადერთი ნატურალური ადამიანი ვიდექი და გვერდით ისე იტყუებოდნენ… „ელასტიკებში“, წარბი გაკეთებული, ცხვირი გაკეთებული, ტუჩი გაკეთებული… ცოტა ვერ მივხვდი, რადგანაც ჩემში რაც მოსწონდათ ყოველთვის, ეს იყო ბუნებრიობა. მსგავსს შემთხვევაში ვერ ვხედავ, რა ინტერესი აქვთ… იმის თქმა მინდა, მეც რომ ასე დამეწყო, აუცილებლად ჩამქოლავდნენ. დღემდე ისეთ გადაღებებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როცა გაიკითხავდნენ, ვინ ვიყავი და ეუბნებოდნენ, რომ ლაშაა, _ ა, ლაშაა? გადაუხადეს, ალბათ… ფული გადაუხადე და ეგ ყველაფერს იზამს…
ჩემზე არის დამოკიდებული ის ფაქტორი, რომ მე შენ არ გაგაღიზიანო. მე რომ ამას შევძლებ, შენ მერე მომეფერები და ყველგან იტყვი, _ მე მართლა ხელოვნება ვნახე. ტაშის მსახიობი და ჯამბაზი არასოდეს ვყოფილვარ, მქონია ზღვა შემოთავაზება, ახლაც არის, მაგრამ მე რაც მომწონს, ის ცოტაა… როდესაც ქუჩაში გავდივარ, არ მინდა, ყველა მცნობდეს. მე მიცნობს ის, ვინც ნიჭიერია, ვინც საქმის მოყვარულია და ვინც პროფესიონალია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, ჩემ შესახებ რამდენჯერმე დაბეჭდა ერთ-ერთმა გამოცემამ, რომ აეყოლიებინა მკითხველი და ეთქვა, თუ რას ჩავდივარ… ვერც ერთხელ ვერ მიაღწიეს ამას, პირიქით, ყველა ამბობდა, _ რა კარგი ნამუშევარია და როგორი ღრმა არისო.
_ თამამი ფოტოგადაღებები ახსენე და მათ შორის ცნობილია გადაღება საქორწინო კაბაში; ასევე აღნიშნე, რომ ფოტო ყოველთვის ამბობდა სათქმელს და ამ ფოტოში აუცილებლად იყავი შენ. ყველა ეს ფოტოსესია რამე პირადი პროტესტისა და სათქმელის გამომხატველი იყო, თუ რა დატვირთვას ატარებდა?
_ მარტო ჩემი თავი აქ არაფერ შუაშია, მე მიყვარს ეს ხელოვანები, რადგანაც მათ ჩემთან ერთად თქვეს სათქმელი და ამიტომაც ვერ ვსაუბრობ იმ კონკრეტულზე, რაც მკითხეთ. სულ მეშინია, რომ იდეას, ჩანაფიქრს უნებლიეთ შეურაცხყოფა არ მივაყენო.
როცა საქორწინო კაბა ჩავიცვი, გურამ წიბახაშვილის პროექტი იყო: „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“. ამ ფოტოსესიაზე მუშაობდა ხუთი ფოტოგრაფი _ ყველა ინდივიდუალური და თავისებური; ძირითადი სამეფო კოზირი ეკავა გურამ წიბახაშვილს. თემა გახლდათ ასეთი: განვიცადოთ თუ კაბა მოვირგოთ? ზუსტად არ მახსოვს… გადაღების ადგილზე იყო დანგრეული ეკლესია და როდესაც ერთი კადრისთვის გადმოვხტი, ლურსმანს წამოვდე ფეხი, სისხლი მდის ერთ კადრში, ეს ცალკეა გადაღებული. შემდეგ ფოტოგრაფს ხუმრობით ვეუბნებოდი, _ აი, პირველი ღამეც შედგა და დედამთილთან პირნათელი ვიქნები-მეთქი. ამ კაბაზე შემდგომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო…
არასოდეს გადამიღია სრულიად შიშველი ფოტოები, რადგანაც მიმაჩნია, რომ რაღაც შენი უნდა დაიტოვო… ალბათ მოვა ის ასაკი, როდესაც ამას გავაკეთებ, თუმცა შესაბამის ფასად.
„პრადასა“ და „არმანის“ ჩვენებაზე უნდა მიმეღო მონაწილეობა, მეხუთე-მეშვიდე ავენიუზე უნდა მქონოდა ჩვენება და 2009 წელს ვიზა არ ჩამირტყეს. აქედან ზუსტად ერთი წელი არ იყო გასული, ალექსანდრ მაკქუინმა მიმიწვია ჩვენებაზე და იქაც ვიზა არ ჩამირტყეს. ეს არის ერთადერთი გემრიელი ლუკმა ცხოვრებაში, სადაც დავკარგე 6500 დოლარი. თუმცა საქმეში უფრო ღრმად რომ ჩავიხედე, მითხრეს, იქ ჩასვლით რეები მელოდებოდა… 6000 მოდელს შორის გავედი 25-ში და ამ 25-ში მე-11 ნომერი ვიყავი.
ორმოცი წლის ვხდები და ამ ასაკში ძველი თვითმფრინავებით მაქვს ნანახი მოსკოვი, სოჭი, ასევე ბელარუსის ქალაქები. იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება გულით ვამბობდე, ძალიან მინდა უცხოეთში წასვლა, მაგრამ არ მღირსებია… ერთადერთი იყო ამერიკა, საიდანაც მოვიდა შემოთავაზება და როგორც გითხარით, ერთხელაც და მეორეჯერაც წარუმატებლად დასრულდა. გასულ წელს იყო გერმანია და ბარსელონა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო მეტად მარტივია სადმე წასვლა, მანდაც არ გამომივიდა. გარკვეულწილად, ეს ჩემი ბრალიც არის, იმიტომ, რომ სულ სხვა რაღაც უნდათ ჩემგან…
კიდევ ვიტყვი იმას, რომ არასოდეს მივსულვარ მსახიობების კასტინტგში, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა ოთხი წელი იწვალეს, სპეციალური განათლება მიიღეს და ეს როლები არის მათი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უთქვამთ, _ კამერას ძალიან უყვარხარ, ხოლო ტექსტს რაც შეეხება, ჩვენ დაგეხმარებითო. მე კი ვამბობ, რომ როლი უნდა ითამაშოს მსახიობმა, ეს მათი საქმეა, ტექსტი ჩემი არ არის, ლექსიც არ მისწავლია არასდროს. ჩემს თავს ძლიან კრიტიკულად ვუყურებ და ვუკრძალავ მსახიობის ამპლუაში შესვლას, სულ მგონია, რომ ვიღაცას ვართმევ საქმეს და ეს ჩემი არ არის.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი

_ გასულ წელს ორ მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს. ერთში მქონდა მთავარი როლი, ხოლო მეორეში პარტნიორობას ვუწევ სოფო ჩიკვილაძეს. დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ჯერ არ გამოსულა. ერთ-ერთ როლზე მითხრეს, რომ უნდა ყოფილიყო კიდევ ცოლის როლის შემსრულებელი. თავად ვიცოდი, ვინც ითამაშებდა ამ როლს და მივიყვანე მოდელი სოფო ჩიკვილაძე, რომელიც ზემოთ ვახსენე. სოფო ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის, მან სტიმული მომცა, რომ მეთამაშა და გამომაფხიზლა.
_ ზუსტად ამჩნევ ადამიანებს?
_ როცა კონკრეტულ ადამიანზე ვაკეთებ აქცენტს, სულ მეუბნებიან, რა კარგი ხედვა გაქვსო. ეს შექება არ მაკვირვებს, რადგან წლების მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მიმუშავია და უკვე ვიცი, ვინ სად უკეთ გამოჩნდება. ეს წლების გამოცდილებაა. ყველა თეატრის სცენაზე ვარ გამოსული. ალბათ, ამაზე ბევრი მსახიობი ოცნებობს… ხუთი წლის მანძილზე „ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინგზე ვმუშაობდი ქალბატონ ეკა მჟავანაძესთან ერთად.
_ რომელ რეჟისორებს გამოარჩევ, რომლებთან მუშაობაც შენთვის კომფორტი იყო?..
_ გამოვარჩევ გიგა აგლაძეს, მან ძალიან დიდი ნაკვალევი დამიტოვა ცხოვრებაში, ასევე იყო ბასა ფოცხიშვილი და გიორგი ლიფონავა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა.
_ შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?
_ რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ვისთვის რა არის მიღწევა. ჩემთვის, როგორც მოდელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძირითადი გადაღებები, რომლის მეშვეობითაც ვხვდებოდი სხვადასხვა ბილბორდზე, ვაკეთებდი სხვადასხვა ბრენდის სათვალის რეკლამას, მიმიღია მონაწილეობა აბსოლუტურად ყველა სერიოზული და წარმატებული დიზაინერის ჩვენებაში, თუმცა არავის ვახსოვარ და სწორედ ეგ არის ჩემი პლუსი.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ზემოთაც ვთქვი, რომ ვახსოვარ პროფესიონალებს და იმათ, ვისაც ამ სფეროში სათქმელი ეთქმის.
_ წარმატებული ხარ როგორც პოდიუმზე, ასევე ფოტომოდელის კარიერაშიც. თუ გახსოვს პირველი გადაღება რეკლამისთვის?
_ თითებით დავიწყე „ალდაგიდან“ კინოფირზე (ე. წ. ხელის მოდელი). თითები დღემდე აქტუალურია და ისევ დაუბრუნდნენ მას.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე ტელეფონებით გადაღებები არასდროს მქონია… ასმილიმეტრიანით მიღებდნენ „მერიოტის“ მთავარ გადაღებაზე, ვასლო დაგამი ჰყავდათ მოწვეული, რომ დააჭერდა აპარატს, 15 წამი კიდევ არ უნდა მემოძრავა… საუკეთესო კამერებთან მაქვს ნამუშევარი… ბევრჯერ მოსულან და უთქვამთ, რომ პროფესიონალ კამერებთან ცოტას თუ უმუშავია, რომ კამერას ძალიან ვუყვარვარ…
_ ექსპერიმენტებში თუ მიგიღია მონაწილეობა?
_ მაგაშიც ძალიან მიმართლებს ხოლმე, თუ ვინმე ატარებს ექსპერიმენტს, ყოველთვის იქ ვარ… საქართველოში გადაღებულ „ტიკ-ტოკის“ პირველ რეკლამაში მე ვმონაწილეობ… გადაღება ლოკდაუნის დროს შედგა და სულ ვხუმრობდი, _ თბილისი ჩემთვის გადაიკეტა-მეთქი… საშვი დაუშვეს და ისე წამიყვანეს…
ასევე მახსოვს ერთ-ერთი პირველი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი _ 3D ფოტოგადაღება, თუმცა არც კი დაწერილა სადმე, რომ ჩემი პროექტი იყო. როდესაც ჟურნალს ათვალიერებ, სადაც ეს ფოტოსესიაა, მას შესაბამისი სათვალე მოჰყვება და იმ სივრცეში შედიხარ, სადაც გადაღება მიმდინარეობს. ზუსტად ორ წელიწადში მოგვბაძა „ვოგმა“ და იგივეს გადაღება დაიწყო…
_ სანაცნობო ან გავლენები თუ გამოგიყენებია იმისთვის, რომ რომელიმე გადაღებაზე მიგეღო მონაწილეობა?
_ ბევრი წყენა მაქვს ცხოვრებაში და ბევრი ცუდი რამ გადამიტანია, მაგრამ ეს ყველაფერი მავიწყდება, როდესაც გადაღება იწყება. არის მომენტები, როდესაც არაფერს გაპატიებენ, უდანაშაულოც რომ იყო. გურამ წიბახაშვილს ჰქონდა ასეთი გადაღება „გენეალოგია“. როცა ჩამოვუთვალე, ვისი შთამომავალი ვიყავი და ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები, გაგიჟდა, მითხრა, _ ხომ იცი, თბილისი მაგით ცოცხლობსო. თუმცა ამით არასდროს მისარგებლია, არ მინდა, ვერავისთან დავრეკავ და ვერ ვეტყვი, რომ გადამიღოს. ისე, სოციალურ ქსელში „ვოლზე“ შეიძლება დავუწერო ხელოვანს, რომ გადამიღოს მეც.
_ ადამიანებზე გწყდება გული?
_ რომ დამინახავენ, ყველას უხარია, ლაშა მოვიდაო, მაგრამ ამის უკან ძალიან დიდი ტკივილებია, რადგან ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მეც მათ გვერდით ვიდექი ორმოცდაათი თეთრით, გზის ფულიც არ მქონდა, მაგრამ ყველას „ვბანდი“, ვვარცხნიდი და ვაძლევდი ცხოვრების სტიმულს, რომ ყველაფერი კარგად იქნება…