გია ხუხაშვილი: „ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ამზადებდა ტრაქტატი 2-ზე ხელის მოსაწერად“

გიგა გელხვიიძე

2022 წელი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ წელს ქვეყანა ყველაზე ახლოს მივიდა სასურველ მოცემულობამდე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, თუმცა ფატალური აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ მმართველი პარტიის ათწლიანი მოღვაწეობით უკმაყოფილო ევროპამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან თავი შეიკავა და სანაცვლოდ სამომავლო პერსპქეტივა მოგვცა, რომელიც იმ შემთხვევაში იქნება ქმედითუნარიანი, თუ ქვეყანა თორმეტპუნქტინი რეკომენდაციის სახით მიცემულ საშინაო დავალებას წარმატებით შეასრულებს და ხარვეზებს აღმოფხვრის, რაც საკმაოდ ბევრია: უკიდურესად რთული მედიაგარემო, პოლარიზებული პოლიტიკური მგომარეობა, მართული მართლმსაჯულება, ჩამოშლილი საარჩევნო სისტემა და რაც მთავარია, ფუნდამენტური შემაფერხებელი საკითხი _ ოლიგაქრია.

გარდა ამისა, 2021 წლის ბოლო პერიოდის შემდგომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი, ყველა ზემოხსენებულ საკითხთან შემხებლობაში მყოფი და გლობალური პრობლემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ მომდევნო წელსაც ქართული პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი იქნება, თუ ხელისუფლებამ გონივრულად არ იმოქმედა და საქართველო კრიზისული სიტუაციიდან არ გამოიყვანა.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ისედაც გაშიშვლებული მმართველი გუნდი კიდევ უფრო გააშიშვლა და ქართულ თუ უცხოურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს მათი რეალური სახე დაანახა.

2022 წელს მიმდინარე ქართული პოლიტიკური პროცესების შესაფასებლად და მომდევნო წლის სავარაუდო პროგნოზების გასაკეთებლად გაზეთი „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, რომ შევაჯამოთ, როგორი იყო 2022 წელი პოლიტიკურად?
_ ძალიან მძიმე იყო და შეიძლება ითქვას, მთელი ამ პრობლემების საფუძველი გახლდათ უკრაინაში დაწყებული ომი. ეს არის გლობალური ომი, გლობალური პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომლის შედეგებიც პირდაპირ და ირიბად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ყველა ნიშანი ამისა ნათელია. იბადება ახალი მსოფლიო წესრიგი. იბადება ძალიან მწვავე პროცესის შედეგად, დიდი მსხვერპლის ხარჯზე და ეს გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდა ძალიან რთული. ეს სერიოზულად აისახა ქართულ შიდა პოლიტიკაზე. აქ მოხდა ხელისუფლების ლუსტრირება, არასწორი პოლიტიკური პროგნოზისა და ანალიზის შედეგად ხელისუფლება დაადგა ყველა მიმართულებით დეგრადაციის გზას, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურში. ისინი აკეთებდნენ პროგნოზს, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად დაამთავრებდა ომს და, ფაქტობრივად, კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გაიარეს _ პრინციპული პოზიცია ამ ომში არ გამოხატეს და დღემდე არ გამოხატავენ; მათი პროპაგანდისტული ნარატივი შეიძლება უფრო მეტად პრორუსულად შეფასდეს, ვიდრე _ პროდასავლურად. ასეთ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. დისტანცია ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით კი არ შემცირდა, კიდევ უფრო გაიზარდა. ძალიან ბუნდოვანი გახდა და ხელიდან გავუშვით შანსი უკრაინის მხრიდან ინიცირებული ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციასთან დაკავშირებით. იმ პირობების შესრულებას, რაც ევროკავშირმა წაგვიყენა, დღემდე არ აპირებს ხელისუფლება. იმიტაციებს ვხედავთ და მეტს არაფერს. ამას დაემატა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ესკალაცია და დაპირისპირება საზოგადოებაში. სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გატარდა შიდა პოლიტიკურ ბატალიებში ფრონტის ხაზი და თითქოს სხვა პრობლემები აღარ არსებობს, ყველაფერი უკანა პლანზე გადავიდა. სამწუხაროდ, პოზიტივის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ყველა მიმართულებით ნეგატივი და დეგრადაცია გვაქვს.
_ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა რა დაგვანახა ოპოზიციური კუთხით? მმართველი გუნდის გარდა აქაც მოხდა გარკვეული სახის ლუსტრაცია, ხომ?
_ ამ ფაქტორმა დაგვანახა ოპოზიციის რეალური მდგომარეობა: ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არ უნდა, მეორე ნაწილს კი არ აქვს უნარი, რომ თუნდაც რამე სახის პრობლემა გადაწყვიტოს. ოპოზიციის სისუსტე, პირველ რიგში, მისი შემაშფოთებელი ტენდენციებია. ის კი არა, რომ საპროტესტო ელექტორატში საკუთარი ავტორიტეტი გაზარდონ, ნდობა მოიპოვონ, პირიქით, დისტანცია კიდევ უფრო იზრდება ხალხსა და ოპოზიციას შორის.
_ როგორ შეაფასებდით სააკაშვილის კადრებს, რაც სასამართლო პროცესზე ვნახეთ?
_ მხოლოდ ემპათია. კობახიძისგან განსხვავებით ძალიან დაზარალებული ვარ სააკაშვილისგან და გაბრაზებული, მაგრამ არ მინდა, რომ ამ ტრაგიკული გზით იაროს მანაც და მასთან ერთად ქვეყანამაც. უბრალოდ, მზად ვარ, დავეთანხმო მის გადარჩენას. რამაც შემაშფოთა, მისი ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. მე გავიზიარებდი იმ დასკვნას, რასაც აკეთებს ამერიკელი ექსპერტი დემენციასთან დაკავშირებით. დემენციით დაავადებული ადამიანი ოჯახშიც მყოლია და ვიცი, რა საშინელებაა. მასში დავინახე ეს სიმპტომები, რაც ძალიან სახიფათო განვითარებაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის ფიზიკურადაც გადარჩეს. მის რეაბილიტაციას, მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება და ეს ერთი წელი ამ ქვეყანას ხომ შეუძლია, გამოიყენოს? ეს ერთი წელი ხომ შეიძლება ვიფიქროთ მომავალზე და სულ სააკაშვილზე არ ვილაპარაკოთ?! საზოგადოებასაც დააწყნარებს და წინ წავიწევით, თუმცა საქმეც ის არის, რომ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა. ხელისუფლებას უნდა, რომ ისაუბროს მხოლოდ სააკაშვილზე, რადგან სხვა სახელმწიფოებრივ თემებზე პასუხები არ გააჩნია. ამ თემას არ თმობენ, არ ეთმობათ.
_ დღითი დღე მატულობს დასავლური კრიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ ასევე ვხედავთ, რა ხდება მსოფლიო პრესაში. მმართველი პარტია და არა მხოლოდ იგი რას უნდა ელოდოს ამ შემთხვევაში, რამდენად შეიძლება ჩამოშალოს დასავლეთის ამ დამოკიდებულებამ ის მყარი ფუნდამენტი, რაც აქვთ შექმნილი საქართველოში?
_ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რაც არ უნდა მწვავე და კრიტიკული დამოკიდებულება იყოს გარედან, ეს პირდაპირი სახით აისახება ქართულ შიდა პოლიტიკაზე. ეს ასე არ ხდება, დასავლეთი ისე არ მუშაობს, როგორც რუსეთი. როდესაც დაპირისპირება იწყება, მოახტება ტანკს და ძალისმიერად წყვეტს პრობლემებს და ასე ხდება უკრაინაში. დასავლეთი ასე ხომ არ მოქმედებს. კი ბატონო, ისინი კრიტიკულად უყურებენ რეალობას, მაგრამ ძალისმიერი მეთოდებით არ მოქმედებენ. შესაბამისად, შეუძლიათ თავისი აზრი გამოხატონ, დაეხმარონ კიდეც დემოკრატიულ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი შიგნით, ქვეყანაშია განსავითარებელი. თუ შიგნით საყრდენი არ აქვს ამ ყველაფერს, რომელსაც შეუძლია სერიოზული საკითხების ინიცირება, დასავლეთმა რა უნდა ქნას? ოპოზიციას კი ჰგონია, რომ დასავლეთი ვალდებულია, მათ ხონჩით მოართვას ძალაუფლება, მაგრამ ასე არაა. ასე არ მუშაობს დასავლური დემოკრატია. აქ თუ არ შეიქმნა მუხტი, რომ ცვლილებები დაიწყოს, ეს ცვლილებები არ დაიწყება.
_ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ საოცრად ხისტი განცხადებები ზელენსკის მიმართ, როცა იგი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ხელისუფლება არ ცხრებოდა ამერიკელებთან მიმართებითაც, იმ მყარი და ფუნდამენტური პარტნიორების მისამართით, რომლებიც ყოველთვის მხარში ედგნენ ჩვენს ქვეყანას. ამერიკის მხარდაჭერის ნაწილზე რომ ვისაუბროთ, მოგვიწევს თუ არა დავემშვიდობოთ დასავლელი პარტნიორების სიკეთეებს ჩვენ მიმართ?
_ თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, ასეც მოხდება. რაც ითქვა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ამ დღეებში, ეს არის წმინდა წყლის რუსული პროპაგანდისტული ნარატივი. ფანტაზიაც რომ არ ჰყოფნით, ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღეს სამყარო არის გაყოფილი ორად. ნებისმიერი ანტიდასავლური განცხადება ნიშნავს პრორუსულს. აქ არ არსებობს მესამე, ნეიტრალური არჩევანი. ძალიან ბრიყვი უნდა იყო ხელისუფალი, რომ ეს არ გესმოდეს. ევროსკეპტიკური, ანტიამერიკული განწყობები ავტომატურად ქმნის განცდას, რომ მიდიხარ რუსეთისკენ.
კობახიძის, მდინარაძის, პაპუაშვილისა თუ სხვების განცხადებები ეს არის რუსეთი. ვერ იპოვი სხვა ქვეყანას მსოფლიო რუკაზე, რომელსაც მოეწონებოდა კობახიძის განცხადება, სადაც მან პირდაპირ ზელენსკის დასდო ბრალი, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა თურმე მისი ორგანიზებულია. არ არსებობს ასეთი ქვეყანა, გარდა რუსეთისა. ფაქტობრივად, რა გამოდის? _ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მუშაობს პრორუსულ ნარატივზე. ისმის კითხვა და ერთადერთი კითხვა რჩება, _ ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ სიბრიყვით? ამ კითხვაზე პასუხი, ისტორიული თვალსაზრისით, არც არის აუცილებელი, რა მნიშვნელობა აქვს, მოტივი რა არის? _ შედეგი გახლავთ ნეგატიური და ამ დინებას რუსეთისკენ მივყავართ. ეს არის მოცემულობა და ეს არის შედეგი. ამას კობახიძე და მისი ბოსები წინასწარ დაგეგმილი სცენარით აკეთებენ, გაჯიუტებულები არიან, შეცდომის აღიარება არ უნდათ თუ ბოლომდე მიდიან ამ წუმპეში, რა მნიშვნელობა აქვს? _ ზარალდება ქართული სახელმწიფო.
_ ქართველებს დიდი მოთმინების უნარი აქვთ, თუმცა ყველანაირი გამოკითხვის შედეგი არის ის, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას უნდა ევროპული მომავალი დ დასავლეთი. იზრდება თუ არა იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს ძალიან დიდი არეულობა და წავიდეთ რევოლუციისკენ?
_ პროტესტის ხარისხი საქართველოში ისედაც მაღალია, მაგრამ საქმე ის არის, რომ პროტესტს აქვს ორი ფაზა: პირველია სამზარეულოს ფაზა, ეს პროცესი ჩაგუბებულია სამზარეულოსა და სახლებში, ბინებში, მეგობრების შეხვედრებზე განიხილება. მეორე ფაზაა, როცა ეს პროცესები ერთიანდება, მაგრამ ასეთ გაერთიანებას სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ დაქუცმაცებული, დანაწევრებული პროტესტის კაპიტალიზაციას მოახდენს და გაუძღვება წინ. ოპოზიცია ამ ლიდერის გენერირებას ვერ ახერხებს. ლიდერის გარეშე პროცესი სამზარეულოდან ვერ გამოდის. ხომ უნდა იყოს ვიღაც, ვინ გაგვაერთიანებს? ეს ლიდერი არ არის და ამით ძალიან ოსტატურად სარგებლობს ხელისუფლება.
_ არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ოპოზიციური გაერთიანება შედგეს?
_ ოპოზიციური გაერთიანება არ არის პრობლემა, ამ შეცდომაში ვართ… ოპოზიცია რომ გაერთიანდება, რას ნიშნავს? ნდობა მათ მიმართ არ არის არც ცალკე, არც ერთიანად. ახალზეც არაა საუბარი, ძველიც შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხს ხომ უნდა დაელაპარაკო? ხალხს არ ელაპარაკებიან, ხალხში არ გადიან და ხალხს არ უნდა, ტელევიზორებში ისხდნენ ეს ადამიანები, არამედ სურს, თვალებში უყუროს. ხალხს უნდა, რომ მათთან გავიდნენ ისინი, თვალებში ჩახედონ, დაელაპარაკონ, რომ ხელისუფლებაში ჩემი მოსვლის პერიოდში შენი პრობლემები უკეთესად გადაწყდება, ამას ელოდება ხალხი. ესენი ხალხს არ ელაპარაკებიან, მარტო ტელევიზორებიდან მოძღვრავენ. ეზარებათ ხალხთან საუბარი და, შესაბამისად, ხალხს მათი ნდობა არ გააჩნია. რა მნიშვნელობა აქვს, ერთპროცენტიანი პარტიები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე? იცვლება რამე? დემოკრატია არის ხალხის არჩევანი. ხალხის ნდობა თუ არ დაიბრუნეს, არაფერი გამოვა? მათ არც ცალ-ცალკე ენდობა ხალხი და არც ერთად. ხალხს უნდა ელაპარაკონ. ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი მათ ერთად თუ ცალ-ცალკე ყოფნას.
_ და თუ ისე წავა საქმე, რომ რაღაც კუთხით მომწიფდება პროტესტი და ვინმე გამოჩნდება, რომელიც მართვის სადავეებს აიღებს ხელში, რამდენად გაუძლებს ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას?
_ რევოლუციას აქვს ფორმები, საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს რევოლუცია სისხლსა და იარაღს არ უკავშირდება, შეიძლება მშვიდობიანად მოხდეს. პლინტუსს ქვემოთ ვართ. „გაუძლებს“ ისე ვლაპარაკობთ, თითქოს კიდევ რამე დასაკარგი გვქონდეს. გაუძლებს, თუკი ჯანსაღი პროცესი იქნება და კონსტიტუციის ფარგლებში აქვს ხალხს უფლება რევოლუციისა, როცა არ ასრულებს ხელისუფლება მათ დაკვეთას. ხალხს აქვს უფლება, იძულების მეთოდები გამოიყენოს ხელისუფლების მიმართ, როცა ის ხალხის დავალებას არ ასრულებს. თუკი ხელისუფლება გაჯიუტდა და ხალხის დავალებას არ ასრულებს, მაშინ ხალხს აქვს უფლება, ასეთი ხელისუფლება იძულებით გაუშვას სახლში. გაუძლებს? იმას, რაც დღეს ხდება, გაუძლებს? მაშინ რა ვქნათ, დავსხდეთ და ველოდოთ? დემოკრატიული ძვრების შედეგად შესაძლებელია რევოლუციური პროცესების განვითარება და ეს რევოლუცია ნუ წარმოგვიდგენია რაღაც საშინელებად. რევოლუციაში ახალი ენერგიაც შეიძლება დაიბადოს და ახალი მომავლისკენ გზა გაიხსნას.
_ ზურაბიშვილზე გკითხავთ. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ზურაბიშვილის პოპულისტური განცხადებები, თუმცა ვერ დავინახეთ ვერანაირი ქმედითუნარიანი ნაბიჯები…
_ ეს არის მისი სტილი. მან იპოვა თავისი ნიშა, როცა შეუძლია გაეპრანჭოს ვიღაცას, სწორი რაღაცები ილაპარაკოს, მაგრამ რეალურად არაფერი გააკეთოს. ეს უკვე ტრადიციაა. მე გამიკვირდება, მან რომ რაღაც გააკეთოს რეალურად.
_ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა მიმდინარე წელს ხელისუფლებამ, თუ შეგიძლიათ გამოკვეთოთ?
_ ყველაზე დიდი შეცდომა იყო იდიოტური, ბრიყვული პროგნოზი და ანალიზი. ხელისუფალი ამაყობს, რომ მაგარი ანალიზის უნარი აქვს _ როცა უკრაინაში ომი დაიწყო, გააანალიზეს, რომ ძალიან მალე რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებდა და ამის შემდეგ ჩვენ წაგვიყენებდა პირობებს, ქართულ საზოგადოებას ამზადებდა ტრაქტატი 2-ზე ხელის მოსაწერად. მან გააკეთა არასწორი პროგნოზი, რომ უკრაინა ძალიან მალე დამთავრდებოდა და ჩვენ მერე ძალიან მალე დავნებდებოდით რუსეთს. აი, ამისთვის ამზადებდა საზოგადოებას. ვიმეორებ: მისი პროგნოზი და ანალიზი იყო იდიოტური, ბრიყვული და შესაბამისად დაადგა ამ გზას. აღმოჩდა, რომ ასე არ არის და ვეღარ გამოდის ამ სპირალიდან. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც შეეცვალა და კორექტივები შეეტანა, ჯიუტობს იმიტომ, რომ მას ხომ მიაჩნია, რომ ღმერთია და ღმერთს როგორ შეიძლება, რამე შეეშალოს?! ამიტომ ბოლომდე მიდის ამ სულელური გზით, ქვეყანასაც პრობლემები ექმნება და პირად პრობლემებსაც იქმნიან. იდიოტიზმში ვცხოვრობთ.
_ როგორ ხედავთ 2023 წელს პოლიტიკურად?
_ სამწუხაროდ, არ მაქვს ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველი. ჯერჯერობით ხელისუფლება არ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ კორექტივები შეიტანოს თავის პოლიტიკაში. ასევე ოპოზიციაც არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ შეცვალოს თავისი პოლიტიკური სტრატეგია და დაიბრუნოს ხალხის ნდობა. აქედან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ ოპტიმისტურ პროგნოზს. თუმცა საქართველო ისეთი ქვეყანაა, შეიძლება უცებ მოხდეს ყველაფერი. მინდა, რომ რაღაც ცვლილებები დაიწყოს.
_ რას უსურვებთ პოლიტიკურ ელიტას საქართველოში?
_ ვუსურვებდი იმას, რომ პოლიტიკურ ელიტას ეფიქრა პოზიტიურ დღის წესრიგსა და მომავალზე. ხალხს აინტერესებს, რა იქნება მომავალში, რაზედაც მას არავინ ესაუბრება. მთელი პოლიტიკა აგებულია იმაზე, დილით სიცხე რამდენი აქვს მიხეილ სააკაშვილს და საღამოს წნევა რამდენი აქვს. ამის მეტი სხვა საკითხი არ არსებობს, მაშინ როცა ადამიანებს შიათ, წყურიათ და ათასი სხვა პრობლემა აქვთ. სააკაშვილის ბედი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ქვეყანას აწუხებს. პოლიტიკურ ელიტას ვუსურვებ, რომ მეტი იფიქროს ხალხზე, მეტი იაროს ხალხში და ნაკლებად ისხდეს ტელევიზორებში.