გია ხუხაშვილი – „50-ვე კაცი დარჩეს პარლამენტში, სანამ კენჭისყრა არ შედგება“

გიგა გელხვიიძე

რა ხდება ქართულ პოლიტიკაში? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოპოზიციასა და მედიაზე ქოლცენტრების გახმაურებულმა სკანდალმა? რა გაკვეთილი მიიღო მარტის აქციებიდან ხელისუფლებამ და როგორ აგრძელებს ის თავის პოლიტიკურ გზას? რამდენად მყარია ოპოზიცია დღეს და რა მდგომარეობაში ჰყავს საკუთარი თავი ჩაყენებული, რომლის იმედადაც არის ქართული საზოგადოება? რატომ არის აცდენილი პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან?

„ქრონიკა+“-მა საიუბილეო ნომრისთვის ჩაწერა ჩვენი გამოცემის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რესპონდენტი, გია ხუხაშვილი:

_ ბატონო გია, ბოლო დროის აქტუალური საკითხით, „BBჩ“-ს გამოძიებით და ქოლცენტრების თემით მინდა დავიწყოთ საუბარი, _ იმ შემთხვევაში, თუ დავით კეზერაშვილს აღნიშნულ საგამოძიებო სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდებები დაუმტკიცდება, რა ასახვას ჰპოვებს ეს 2024 წლის საარჩევნო პროცესებზე?
_ მე არ ვიცი, ვის აფინანსებს, როგორ აფინანსებს ან როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დაფინანსება. ერთია, კეზერაშვილი რას ამბობს და მეორე არის რეალობა. ვიცი, რომ იგი არ აფინანსებს „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“. ეს იმათი პრობლემაა, ვისაც აფინანსებს და მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. შეიძლება, ეს ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს არა მხოლოდ კეზერაშვილისთვის, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც აქ იყო დაკავებული ამ ბიზნესით, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც კი შეიძლება კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზი დაისვას, _ წარმოუდგენელია, ქვეყანაში მუშაობდეს მსგავსი ტიპის ქოლცენტრები ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე. უფრო მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ კეზერაშვილის კავშირი ამ სისტემასთან იყო მხოლოდ პლატფორმის შექმნის კუთხით და არა საკუთრივ ქოლცენტრების გახსნა. აქ ქოლცენტრებს ხსნიდნენ სხვა ადამიანები შესაბამისი კრიშის არსებობის შემთხვევაში და კეზერაშვილი ამბობს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია _ ექნება კიდევაც და უნდა ჰქონდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს მოზიდული თანხები ერთ ანგარიშზე აკუმულირდება და იქიდან ნაწილდება სხვა სუბიექტებზე. შესაბამისად, თუ ვივარაუდებთ, რომ კეზერაშვილს ამ პლატფორმასთან რაიმე ტიპის შემხებლობა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ფლობს სრულ ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც ქოლცენტრების „დაკრიშვით“ იყვნენ დაკავებულები და რომელთა ანგარიშებზეც შემდეგ ეს ფული ირიცხებოდა.
_ კეზერაშვილის ბოლო წერილის შესახებ, რომელიც 18 აპრილს გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში დაწერეთ კიდევაც, რომ ამ პროცესებში სასურველია „FBI“-ის ჩართვა.
_ თუ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეიძლება ეს გახდეს იმ ტიპის სკანდალი, რომელსაც ხელისუფლება გადაჰყვება, რადგანაც ადამიანები, რომლებიც „კრიშავენ“ ქოლცენტრებს, არ შეიძლება იყვნენ დაბალი რანგის ჩინოვნიკები, _ ძალიან დიდ ფულზეა საუბარი და აქ უმაღლესი თანამდებობის პირებზე თეორიულად გასვლა არის შესაძლებელი. კეზერაშვილზე როგორ აისახება და მათთან აფილირებულ პარტიებზე, ეს ნაკლები ინტერესის სფეროა. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყანა ვის აბარია დღეს და ასეთი სიბინძურით რომ არიან დაკავებულები, თორემ კეზერაშვილი სადღაც რას აკეთებს ან გამოუვა თუ არ გამოუვა საქმე, ეს ვერ აზიანებს ქვეყანას სისტემურად და კეზერაშვილის პირადი პრობლემები ჩვენი პრობლემები რატომ არის, ეს არ ვიცი.
_ ტელეკომპანია „ფორმულას“ ამ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირეული ადგილი უჭირავს. ფიქრობთ თუ არა, რომ მისი ნდობის ინდიკატორი შესაძლოა, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც შემცირდეს?
_ „ფორმულა“ ისედაც არ სარგებლობს დიდად მაღალი რეიტინგით. არ მგონია, რომ რაღაც სისტემური ცვლილებები მოხდეს, რადგანაც „ფორმულას“ მაყურებელმა მშვენივრად იცის ეს ყველაფერი. ნინო ჟიჟილაშვილს ან ტაბლიაშვილს სარედაქციო პოლიტიკას ვერავინ განუსაზღვრავს, ისინი შეჩვეულები არიან დამოუკიდებელ მუშაობას, ასე რომ, აქ იმდენად არ არის საუბარი ტელევიზიის რეპუტაციაზე. რა თქმა უნდა, ტელევიზიის რეპუტაცია ზიანდება, მაგრამ აქ კონკრეტული ჟურნალისტების რეპუტაციაზე ამან რომ რაიმე გავლენა იქონიოს, არ მგონია, მით უფრო, რომ „ფორმულას“ სეგმენტი ძალიან მცირე სეგმენტია. ასე რომ, დიდ ცვლილებებს მედიაბაზარზე კეზერაშვილის ცვლილებების გამო არ მოველი.
_ თუმცა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარ წილებს უფორმებს ჟურნალისტებს, კრიტიკოსებში გაჩნდა მოსაზრება, რომ თანხმობის შემთხვევაში ისინი იზიარებენ და თანამონაწილეები არიან იმ საქმეების, რომლებსაც კეზერაშვილი აკეთებს.
_ აბა, რანაირად? ენას ძვალი არ აქვს, ადამიანები ყველაფერს იტყვიან, კრიტიკაც იქნება და ლანძღვაც, ამას მიჩვეულები ვართ, მაგრამ მაინცდამაინც ლოგიკას ვერ ვხედავ. ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულში, მის მიმართ კრიტიკა უდანაშაულობის პრეზუმპციას არ გულისხმობს და თუ ადამიანს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ყოფნა, მან უნდა ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. შესაბამისად, ის ცდილობს დისტანცირდეს საკუთარი აქტივებისგან და თუ ჟურნალისტებს გადასცემს ამ ყველაფერს, აქ ცუდი რა არის, ვერ ვხდები? შეიძლება ვაკრიტიკოთ, მაგრამ რისი თანამონაწილეები არიან? ქოლცენტრებში მუშაობდნენ?
_ სანამ მმართველი გუნდის საკითხებამდე მივალთ, ოპოზიციური სპექტრი რომ შევაფასოთ სრულად _ კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ჯერ კიდევ, გასული წლიდან დაიწყო, კვლავ გრძელდება. პარტია შუაზე გაიყო. რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ენმ და შეიძლება თუ არა კვლავ ეწოდოს მას მთავარი ოპოზიციური ძალა?
_ პარტია უკვე გაყოფილია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა პროპორციით არის გაყოფილი. გვაქვს ილუზია, რომ პარტია არის ლიდერები და კონფლიქტზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ აქ ის კი არ არის მთავარი, მელია და ხაბეიშვილი იჩხუბებენ თუ არა, მთავარი ის არის, რომ პარტია ელექტორალურად არის გაყოფილი. პარტიის სტატუსს განსაზღვრავენ მისი მხარდამჭერები და არა პარტიული ბოსები, მათ კი უჩნდებათ ილუზია, რომ ისინი მართავენ რამეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ელექტორალურად პარტია უკვე დიდი ხანია, გაყოფილი და დაშლილია. ამ მოცემულობის ფორმალიზებას როდის მოახდენენ ლიდერები, ეს მეორე საკითხია. ახლა ჩვენ გვაინტერესებს, რა პროპორციით არის ეს გაყოფილი და რამდენი უჭერს მხარს მელიას და რამდენი რჩება ხაბეიშვილთან, რომელიც ძალიან ხმაურიან განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ რეალურად იმაზე მეტს, თუნდაც სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით მელია რომ აკეთებდა, ვერ აკეთებს. მისი მთავარი პრეტენზია მელიასთან ხომ ეს იყო? უბრალოდ, ეს დაპირებებს გასცემს და ვერ აკეთებს, ხომ? ეს პარტია უკვე დაშლილია. სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კუთხით ეს პოზიტიური მოვლენაა, რადგანაც იძლევა შანსს, რომ მანკიერი ორპოლუსიანობა დასრულდეს ამ სივრცეში და მულტიპარტიული სისტემა შეიქმნას. ხელისუფლება კი ცდილობს, ისევ ყველას „ნაცები“ ეძახოს, ვინც მათთან არ არის, მაგრამ ეს არადამაჯერებელი, ყავლგასული არგუმენტია. მოკლედ, პოზიტიურად შევხედოთ ამ პროცესს.
_ აქტიური საუბარი მიმდინარეობს ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოიაზრება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი გუნდი. რამდენად აქვს მელიას რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს პარტიას, საიდანაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო?
_ რატომ უნდა დაუპირისპირდეს იმ პარტიას? ნებისმიერი პარტიის ამოცანა არის ხელისუფლებასთან ოპონირება და ხელისუფლების დამარცხება, ეს მოცემულობაა ქვეყანაში. შესაბამისად, მისი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ხომ არ არის, _ ხელისუფლების დამარცხებაა, ამიტომაც აქ სხვაგვარად დგას უფრო საკითხი, საით მეტი ელექტორალური მასა იქნება. არცერთ ამ ორ განაყოფს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნია. მე რასაც ვურჩევდი ის არის, რომ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა ჩატეხონ, რადგანაც რაღაც ეტაპზე პოსტსაარჩევნო კოალიციის ფორმირება აუცილებელი გახდება და ისე არ უნდა გააკეთონ, რომ შემდგომში ეს თანამშრომლობა გამორიცხული გახდეს, რადგანაც ესეც ხელისუფლების თამაში იქნება. ასეთი დაპირისპირება უაზრო მგონია, ეს არ არის პოლიტიკა, პოლიტიკა არის, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გაქვს.
_ შეძლო თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის წინაშე ვალის ნაწილობრივ გადახდა მაინც?
_ რა უნდა გაეკეთებინათ, სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ციხე უნდა აეღოთ თუ რა? არ უნდა ამ კაცს მიშას გაშვება და კონსტიტუციის ფარგლებში რა ბერკეტიც ჰქონდათ, ყველაფერი გამოიყენეს, მაგრამ არ უშვებენ და ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ და იხმალაონ, არაფერი გამოვა… იმის რესურსი კი ამ პარტიას არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე წნეხი აწარმოოს, ამიტომაც არის ხმაური და შარიშური. მელია მაქსიმუმს აკეთებდა, შესაბამისად, ეს რიგგარეშე არჩევნები იყო აბსოლუტურად მოგონილი პროცესი და მიშას განთავისუფლებას კი არ ემსახურებოდა, მიშა ფეხებზე ეკიდა საერთოდ იმ ხალხს, ვინც ამ პროცესებს იწყებდა, ეს მიზანი იყო პარტიაზე კონტროლის აღება და ამ მიზანს მიაღწიეს. მიშა და მისი ბედი იმ ხალხს სულ არ აინტერესებს.
_ ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ საუბრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ზოგი კვლავ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლას განიხილავს _ აქვს ოპოზიციას ამ გადმოსახედიდან ჩანაფიქრის განხორციელების შანსი?
_ ოპოზიციის მხრიდან საერთოდ ვერ ვხედავ რაღაც ქმედებებს, კომენტატორებად იქცნენ, ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ცუდია, მეტს არაფერს აკეთებენ. ხალხი ეუბნება, _ გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? ამაზე არაფერს ამბობენ, ვერანაირ დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ავიღოთ დღევანდელი მოცემულობა, კომისიის შექმნა დააანონსეს (სასამართლოს საპარლამენტო, დროებითი საგამოძიებო კომისია), თანმიმდევრულობა ხომ სჭირდებათ, მობილიზება მოახდინეს და ხელისუფლებამ გამოუცხადა პროცედურული ომი, ამათმა თქვეს, რომ აი, რა ცუდია ხელისუფლება, ჩვენ გვინდა კომისიის შექმნა, მაგრამ ისინი ამის საშუალებას არ გვაძლევენ. დიდი ბოდიში, მაგრამ კომენტირებას ახდენენ ხელისუფლების უვარგისობაზე და ამ დროს უნდა იმოქმედონ. ამომრჩეველს სჭირდება ქმედებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსი და არა ისეთი, რომელიც მუდმივად წუწუნებს და ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს.
ხელისუფლება პროცესის საბოტაჟს ახდენს. ასეთ დროს ოპოზიციამ უნდა გაამწვავოს ეს პროცესი, იმოქმედოს და ცოცხალი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენ არ გავალთ შენობიდან. მათ ხომ მობილიზება უჭირთ, სახლში რომ წავლენ, მერე ვიღაცა ფეხს იტკენს და ვერ მივა შემდეგზე, ხელისუფლება კი ამით ისარგებლებს და ერთი კაციც რომ დააკლდებათ, გამოიტანს საკითხს კენჭისყრაზე და ჩააგდებს. გამოაცხადონ, რომ ჩვენ არ გავდივართ, 50-ვე კაცი დარჩეს პარლამენტში, სანამ კენჭისყრა არ შედგება და პარალელურად გამოაცხადონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყოს შეკრება პარლამენტის წინ, ხელისუფლებაზე განხორციელდეს რეალური წნეხი, რისიც ამ ხელისუფლებას ეშინია, ეს ხომ მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა. ამით ამომრჩეველსაც აჩვენებ, რომ მოქმედებ, მარტო კომენტატორები კი არ არიან ხელისუფლების, რაღაც დღის წესრიგი აქვთ და თავად ქმნიან ამ დღის წესრიგს, ნიუსს ქმნიან, რაღაცას აკეთებენ. მარტის მოვლენების დროსაც კი ასე იყო, მაშინაც იწუწუნეს, იწუწუნეს და ახალგაზრდობა რომ არ გამოსულიყო, რას მიაღწევდნენ? _ ვერაფერს!
_ ხელისუფლებას ბევრად უფრო ეშინია ახალგაზრდა თაობის, ვიდრე მათი, ვინც წლებია, პოლიტიკაშია. რამდენად დიდია შანსი, ეს ადამიანები ოპოზიციის გვერდით დადგნენ კრიტიკულ მომენტში?
_ ოპოზიციის გვერდით კი არ უნდა დადგნენ, თავისი ქვეყნის, მისი მომავლის გვერდით უნდა დადგნენ, რადგან ეს საგამოძიებო კომისიის თემა გადაება ევროკავშირის თემას. საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმაც ვერ შედგება. თუ სასამართლო რეფორმა ვერ შედგება, ეს იმას ნიშნავს, რომ თორმეტი პუნქტი ვერ შესრულება, რის გამოც სტატუსს ვერ მივიღებთ. მარტივი ჯაჭვია, ააგორეთ ამაზე პროცესი, იგივე ახალგაზრდობა გამოვა ქუჩაში, თქვენ შიგნით, პარლამენტში, ახალგაზრდები _ ქუჩაში და დაიდება შედეგი. ხალხიც დაინახავს, რომ შედეგი მოდის მოქმედებაში. შედეგი არ მოდის მხოლოდ იმის ყვირილით, რომ ცუდი ხელისუფლებაა, ვიმეორებ, ასე იქცევიან პოლიტიკური კომენტატორები. პარტიები იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ შეაფასონ და ხელისუფლების უვარგისობაზე ილაპარაკონ. თუ მათ უნდათ ხელისუფლების გადაბარება, ჩვენ უნდა ვნახოთ მათი ქმედებები, შედეგზე ორიენტირებული პროცესი. მათ ეზარებათ პარლამენტში ღამეების გათენება, ვიღაცას სახლში ცოლი ელოდება, ვიღაცას საყვარელი ელოდება, ვიღაცას უბრალოდ თბილი ლოგინი და ბალიში ელოდება და ასე არიან… გამოვლენ ტელეკამერებთან ბრძნული სახით, რაღაცას იტყვიან და ეს ჰგონიათ პოლიტიკა, არ არის ეს პოლიტიკა, ბატონებო. პოლიტიკა არის ის, რომ როდესაც მომენტები დგება, ისტორიული ქმედებები უნდა განახორციელო და თუ შენ ამ მომენტს უშვებ, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში?
_ ვინაიდან ახალგაზრდებსა და მათ პროტესტს შევეხეთ, მინდა რუსულ კანონზეც გკითხოთ, _ რეალურად მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ ამ კანონით, მიუხედავად იმისა, რომ უკან გაიწვიეს, ადამიანებისა და კონკრეტული ენჯეოების „გაშავება“?
_ ვერანაირად ვერ შეძლო, მან სერიოზული უკუდარტყმა მიიღო, მაგრამ ამის რეალიზებაც ბოლომდე ვერ შეძლო ოპოზიციამ. ხელისუფლებამ ის რაუნდი ბოლომდე წააგო, მაგრამ მერე რაღაცნაირად სული მოითქვა, თორემ ვის რა ზიანი მიაყენა, ვის სჯერა ვინმეს აგენტობის?
_ გარკვეული პერიოდის მანძილზე და მით უფრო საპარლამენტო მოხსენების შემდგომ გაჩნდა განცდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განმხორციელებელი ყოფილიყო, ვგულისხმობ პოლიტპატიმრების შეწყალებასა და სხვა მსგავსს, რაც მის ხელთ არსებულ ბერკეტებში შედის. თუმცა აღდგომის წინა პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ეს შეხედულებები, სრულიად ჩამოშალა. რა სვლა გააკეთა ამ შემთხვევაში ქალბატონმა პრეზიდენტმა?
_ არაფერი! ზურაბიშვილი არის თავის ამპლუაში და ის რიტორიკულად აძლევს საკუთარ თავს ხელისუფლების კრიტიკის უფლებას და ამით ეპრანჭება დასავლეთს. პოზიციონირებს, როგორც პროდასავლელი პრეზიდენტი, მაგრამ ქმედებებით ის კონფრონტაციაში არასოდეს შესულა ხელისუფლებასთან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ის აპელირებს, რომ მე რატომ გავათავისუფლო? _ მოსამართლეებმა გაათავისუფლონო, იმათ ღირსებაზე აპელირებს. შე კაი ადამიანო, მურუსიძის ღირსებაზე აპელირება აბსურდი რომ არის, არ გესმის? თვითონ ხომ აქვს ღირსება და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა არ იღებს, რადგანაც მას თავისთვის აქვს დაწესებული ეს წითელი ხაზები, მაგრამ რიტორიკულად დასავლეთთან იპრანჭება, აი, მე რა კარგი გოგო ვარ, რა სწორ განცხადებებს ვაკეთებო.
_ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ის არ მიდის ივანიშვილზე წინ და ეს გარკვეულწილად გამოჩნდა კიდევაც, როდესაც მან ხაზგასმით თქვა, რომ „ოცნების პოლიტიკა“ გაუარესდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან _ უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი იგივე შეხედულებების არის ორ ირაკლიზე და, ზოგადად, სამთავრობო გუნდზე, როგორც ეს პრეზიდენტმა ილაპარაკა?
_ არა, ეს არის მითოლოგიები. მე ის უნდა დაგიდასტუროთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს? ეს ხომ აბსურდია!
_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები მოსამართლეებს _ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაცემული პასუხი. და მაინც, რა მესიჯის მატარებელი გახლდათ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ქმედება?
_ ირაკლი ღარიბაშვილისთვის კი არა, ბიძინა ივანიშვილისთვის იყო, ღარიბაშვილი ვის რაში აინტერესებს და ვის დაჰკარგვია? სასამართლო სისტემა სტრუქტურირებული არ არის. დანის წვერზეა მანდ გასასვლელი და ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ შემდეგი არის ხელისუფლება.
_ ამ რეალობის ფონზე, რამდენად უნდა გვქონდეს კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი და რისი მომცემი იქნება ეს სტატუსი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება?
_ ჯერჯერობით, როგორც მიდის პროცესი, იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ თეორიულად წლის ბოლომდე შანსები ყოველთვის რჩება… თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ დიდ შანსებს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აშკარად დაინტერესებულია, ეს სტატუსი მოგვცეს და ბევრ რამეზე თვალსაც დახუჭავს, მაგრამ ყველაფერზე _ ვერა. ფაქტია, ჩვენს ხელისუფლებას ამის გაკეთება არ უნდა და ამ კომისიაზე ტორპედირებაც ხომ ამას ნიშნავს? კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციის კონსტიტუციური უფლებაა. ე. ი. კენჭისყრის საბოტაჟს აწყობენ და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე ოპოზიციისკენ იშვერს ხელს, რომ ისინი ახდენდნენ საბოტირებას, თვითონ კი უარესად იქცევა. ოპოზიციისთვის პროცედურული ომი ბუნებრივი მოვლენაა, რომ არ მისცეს ხელისუფლებას ხელების გადაგრეხით რაღაც გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მაგრამ ხელისუფლება რომ პროცედურულ ომს იწყებდეს, ეს არის ნონსენსი. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში არც გამიგია ასეთი არაფერი. წარმოიდგინეთ, უმრავლესობა იწყებს პროცედურულ ომს, რომ კენჭისყრა ჩააგდოს თავისივე მართულ პარლამენტში, თავისივე მოწვეულ სესიაზე, ეს მარაზმია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
_ გაზეთი „ქრონიკა+“ 10 წლის გახდა და ამ ხნის მანძილზე თქვენი მოსაზრებები ყველაზე ხშირად გაჟღერებულა ჩვენს გამოცემაში. როგორ შეაფასებდით მოკლედ განვლილ პოლიტიკურ 10 წელიწადს?
_ როგორც დრამატიზმით აღსავსეს, ყველა პოლიტიკურ ჭრილში ეს პერიოდი იყო ციკლი დიდი იმედებიდან დიდ იმედგაცრუებამდე. ეს ხელისუფლება არ გამოირჩეოდა ორიგინალობით. წინა ხელისუფლებების პერიოდშიც იგივე ციკლი გავიარეთ _ დიდი იმედებიდან _ დიდ იმედგაცრუებამდე. იყო რაღაც პოზიტივიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს დეგრადაცია და ჩვენი ვექტორებიდან გადახვევის სიმპტომები ძალიან შემაშფოთებელია.
_ რას უსურვებთ „ქრონიკა+“-ს?
_ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს და კიდევ მრავალი ათი წელი გვენახოთ ქართული სახელმწიფოს სამსახურში, რადგანაც მედია იგივე ხელისუფლებაა, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში მედიის როლი განსაკუთრებით მაღალია. დღეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური არჩევანი ვირტუალურად კეთდება და მედიას უზარმაზარი შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა აქვს. გისურვებთ, რომ ღირსეულად გაგერთმიოთ თავი ამ ყველაფრისთვის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.