ანუ ივანიშვილიდან კეზერაშვილამდე?
ელისო კილაძე
ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური პროსტიტუციის, ანუ, უფრო ზუსტად, დიდი ლუსტრაციის პერიოდში.
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატალიზატორი აღმოჩნდა, მისი ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება კი _ დიდი ლუსტრაციის დასაწყისი.
პირველი შფოთი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ენმ-ს ლიდერშიპის პროტესტი მოყვა, რადგან, ერთი მხრივ, ეს იყო მხარდამჭერების ხმების დაკარგვის საშიშროება, მეორე მხრივ, „ოცნებასთან“ ვაჭრობის პროცესში ბუას გაქრობა.
წავიდა-არ წავიდა, ადვოკატების სტრატეგია, ივანიშვილთან გარიგების მცდელობა, _ ვერსიების სიმწირეს ნამდვილად არ უჩიოდნენ. მიშას გვერდზე გადგომას ენმ-ს შიგნით არეულობა მოყვა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ევროპული არჩევანის დასაცავად აქციები კი დააფინანსა, მაგრამ რევოლუციამდე ბევრი დააკლდა. ამ შედეგს ის პეტრე ცისკარიშვილისა და საორგანიზაციო ჯგუფის უმოქმედობას აბრალებს. რეალურად კი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც აქციებს აორგანიზებდა, საკუთარმა დონორებმა გააჩერეს _ მათ რადიკალური მოქმედებების საშუალება არ მისცეს, ამიტომაც არ შედგა არც სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება და ვერც ის ახსნა ვინმემ, რატომ გადაინაცვლა აქციის ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან?!
კეზერაშვილი დიდი ხანია ცდილობს, ქართული პოლიტიკის რუხ კარდინალად გადაიქცეს, ის ასევე დიდი ხანია აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიებს. კოალიციური მთავრობის იდეა რეალურად არ შედგა, შესაბამისად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიდი კუშიც ვერ მიიღო, ამიტომ „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომი დალაგების მიზნით, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოინდომა კონტროლის ხელში აღება. კეზერაშვილის ბოლო მოთხოვნა ისევ საკადრო ცვლილებები იყო, _ მან ენმ-დან კობა ნაყოფიას გაწევა და პარტიის გენერალურ მდივნად ლევან ხაბეიშვილის დანიშვნა მოინდომა, რომლის ანტიკორუფციული მოძრაობაც ჩაფლავდა, ქოლცენტრების სკანდალიც ვერ ააგორა და კეზერაშვილის ფულის ერთადერთი ხილული შედეგიც ხაბეიშვილის კბილების გათეთრება გახდა.
არ ვიცი, რა იყო ნიკა მელიას გამოფხიზლების მიზეზი, მაგრამ მან კეზერაშვილს ამ ულტიმატუმის შესრულებაზე უარი განუცხადა, _ კობა ნაყოფია მიშას მეგობარია და ხალხი ამას სწორად ვერ გაიგებს, ისედაც ყველა ჩვენზე აღრენილია პოლიტიკური დღის წესრიგიდან მიშას მოხსნის გამოო. კეზერაშვილ-მელიას ჩხუბი საჯარო გარჩევებში გადაიზარდა. ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა პარტიის თავმჯდომარე საჯაროდ გააკრიტიკეს, _ კეზერაშვილი ოლიგარქი არ არისო. რაც შეეხება თავად დავით კეზერაშვილს, მან ნიკა მელიასთან საუბრისას, ჩემი წყაროს ინფორმაციით, მთავარ პრობლემად, არც მეტი არც ნაკლები, კობა ნაყოფიას ფაქტორი დაასახელა, _ ელისო კილაძეს ჩემ წინააღმდეგ კობა ნაყოფია აფინანსებსო.
ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რომ ნაყოფიას დაფინანსებაზე შეჩერდა და უფრო შორს არ წავიდა, ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულება არ დამაბრალა, მაგრამ თუ ოდესმე საჯაროდ საუბარი გადავწყვიტე, ბევრად უფრო მეტ უხერხულობას შევუქმნი კეზერაშვილს 2016 წლის გარიგებების დეტალების გასაჯაროებით, ვიდრე თავად წარმოუდგენია.
მე არ ვიცი, კეზერაშვილს, მერაბიშვილს ან თუნდაც გია ლორთქიფანიძეს წაკითხული აქვთ თუ არა უზნაძის „განწყობის თეორია“, მაგრამ ოდნავ ჭკვიანი ადამიანი, წესით, უნდა მიმხვდარიყო, რომ რეპუტაცია შელახული და საზოგადოების თვალში სრულად დისკრედიტებული სოსო გოგაშვილი საქართველოში პროტესტის ტალღას ვერ ააგორებდა, ვერც ქვეყნის გარედან და ვერც ქვეყნის შიგნით.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოსო გოგაშვილს შეხვედრა ჰქონდა როგორც გია ლორთქიფანიძესთან, ისე ვანო მერაბიშვილთან და მათ სუსიდან მოპარული მასალების დიდი ნაწილი გადასცა. სანაცვლოდ, სიღნაღში სასტუმრო აჩუქეს და გარანტია მისცეს, რომ ხელისუფლების აყირავების შემდეგ ის თავის პოსტს დაუბრუნდებოდა სუსში. გოგაშვილი, რომელსაც ჰქონდა 15 მილიონის ქონება, მატერიალური კეთილდღეობა და ფული, სწორედ ძალაუფლების დაბრუნების მანიით იყო შეპყრობილი. ერთხელ წამოსცდა კიდეც ახლო მეგობრების წრეში, _ მთელ ქონებას დავთმობ ჩემს თანამდებობაზე დაბრუნების სანაცვლოდო.
სოსო გოგაშვილი დაიჭირეს. მისმა ოჯახმა უკვე იცის, რომ ვერ ივაჭრებენ, არავინ აპირებს დათმობას, ამიტომ სულ უფრო ხშირად ახსენებენ რუსულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. მათი ეს განცხადებები, მიუხედავად საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებისა, თანაგრძნობას არ იწვევს. მიზეზებზე ზემოთ მოგახსენეთ. ხალხს სძულს „ოცნება“, მაგრამ აშინებს ყოფილი ძალოვნების ხელისუფლებაში დაბრუნება. გოგაშვილმა ერთი რამ ვერ გათვალა, _ პრინციპში, მას არც ანალიტიკა ესმის და არც დიდი ჭკუით გამოირჩევა, მაგრამ, წესით, თანამდებობაზე მუშაობის დროს ის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ვანო მერაბიშვილს არასოდეს უჭირდა „ოცნებასთან“ კომუნიკაცია. პრინციპში, ის ერთადერთი იყო, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემატური და პირადი ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და კეზერაშვილიც არ უჩიოდა კავშირების სიმცირეს. 2016 წელს მან დააფინანსა ენმ-ს დაშლა და აფინანსებდა ევროპულ საქართველოს მანამ, სანამ საბოლოოდ არ დალაგდა, ყველა ბრალი არ მოიხსნა და ქოლცენტრების თემაც არ მოაგვარა „ოცნებასთან“. თბილისში კეზერაშვილი ყველაზე დიდ ქოლცენტრებს ფლობდა და ყველაზე მსუყე ფულს იხდიდა „ოცნების“ შავ სალაროშიც.
შეთქმულების თეორიებს რომ შორს არ გავყვეთ, მოკლედ მოვჭრი: მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ორივეს წარმატებით შეეძლო ევაჭრა გოგაშვილის მასალებით „ოცნებასთან“. სუსის ყოფილი უფროსი ახლა მხოლოდ განტევების ვაცია და იმიტომაც ზის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში, აღარც მისი პოლიტპატიმრობა ახსენდება ვინმეს და მალე ოჯახის წევრების გარდა, მედიაც დაკარგავს ინტერესს მისდამი.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც კეზერაშვილმა ვალის გასტუმრება მოსთხოვა, ელენე ხოშტარიაა. გინდა-არ გინდა, რუსული ჰონორარის სკანდალმა ხოშტარიას იმიჯი საგრძნობლად დააზიანა, მაგრამ კეზერაშვილთან მისი პარტნიორობის საჯაროდ აღიარებამ მას იმ ხალხის მხარდაჭერაც დააკარგვინა, რომელსაც „გავრილოვის ღამის“ მერე ხოშტარის ყელზე შებმული წითელი ლენტის კიდევ სჯეროდა.
ექვსი თვეა, უკრაინელებს კეზერაშვილისა და მისი ცოლის ფულით ვინახავო, _ გამოაცხადა ხოშტარიამ და იქვე დაავიწყდა ის ზღაპარი, რომელიც უკრაინელების დაბინავებისას მოგვიყვა, რომ მას ჩეხეთის მთავრობა ეხმარება.
უკრაინა მსოფლიოში კი ნომერ პირველი თემაა, მაგრამ კეზერაშვილზე არც უკრაინელების დახმარების მოტივით მოგვიბრუნდა გული, რადგან ეს ფული ქოლცენტრებიდან მოპარული ევროპელი პენსიონრების ძარცვით ნაშოვნი ფულია. მეორე მხრივ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა მილიონერი, არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრებს კარგად ახსოვთ „ადიდასის“ მაისურებში ოფისში მისული ვერელი ბიჭი, რომელსაც ბენზინის ფულიც კი არ ჰქონდა გადასაადგილებლად.
ქველმოქმედება დივიდენდი არ არის, 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილიც ქველმოქმედი იყო და კეზერაშვილზე დიდი საქმეებიც აქვს ნაკეთები ადამიანების დასახმარებლად. მაშინ რას ვერჩით ივანიშვილს? მხოლოდ კეზერაშვილის ფულს არ აქვს სუნი?
რას გვთავაზობს კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია?
ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც არაფორმალური მმართველია, მოოლიგარქო კეზერაშვილით ჩავანაცვლოთ?
ლილუაშვილი გია ლორთქიფანიძით შევცვალოდ და გომელაური _ ვანო მერაბიშვილით? მოადგილედ კი წამებულის მანტია მოსხმული სოსო გოგაშვილი დავნიშნოთ?
კი მაგრამ, ჰელენ, ლევან, დავით, გიორგი და ა. შ. ოპოზიციონერებო, ჩვენ არ გვეკითხებით, გვინდა თუ არა ხელახალ წრეზე თქვენი გამდიდრებისა და გავლენის სფეროების განაწილების ყურება?
გვინდა თუ არა, რომ ივანიშვილი კეზერაშვილმა ჩაანაცვლოს?
თქვენი მორალი, უფრო ზუსტად, ამორალურობა, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ხომ უკვე ვნახეთ? კაცმა ჩაგაცვათ, დაგახურათ, დაგაპურათ, ადამიანებად გაქციათ, თანამდებობები დაგირიგათ, ფული გაშოვნინათ და ისე მიატოვეთ პატიმარი ციხეში, დაუცველი და ჯანმრთელობა შერყეული, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის გარდა დამცველი და მომკითხავი აღარ დარჩა არავინ?
ჰოდა, როგორც მიშა იტყოდა, _ ნურას უკაცრავად!
წინ წყალი და უკან მეწყერი, უფრო ზუსტად, წინ ხელისუფლება და უკან ოპოზიცია, ერთად ჩაირეცხებით.