ჯინსების თაობის ქართული გაზაფხული

ელისო კილაძე

კანონი უცხოური გავლენების შესახებ გაწვეულია, აგენტებზე ნადირობა ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო.
„ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი კანონი განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, არამედ თავად მმართველი პარტიის შიგნითაც.
თუ კანონის ინიცირების დღეს „ხალხის ძალის“ დეპუტატები, აგენტების მხილების ხიბლთან ერთად, მედიასაც ამუნათებდნენ, კანონის მიღების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო კომიკური გახდა, _ კანონის გახმობის სხდომა ათ წუთში დასრულდა, მაგრამ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა.

რატომ გახდა საერთოდ კანონის ინიცირება საჭირო?! ქვეყანაში, სადაც ტოტალური მოსმენები და კონტროლია, არასამთავრობო სექტორის ანგარიშებსა და გადარიცხვებს, ცხადია, ზედმიწევნით აკონტროლებს სუსი, რომლისთვისაც მათ ანგარიშზე ფულის მოძრაობის კონტროლი, ცხადია, უმარტივესია; რაც შეეხება საქმიანობის კონტროლს, სპეცსამსახურს ყველგან ჰყავს ჩანერგილი საკუთარი აგენტი და ყოველკვირეულ ინფორმაციას იღებს აქტიური პირების, ენჯეოებისა და მედიის საქმიანობაზე.
უცხო ქვეყნის ჯაშუშობაზე თუ მიდგება საქმე, ათი წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ დრომდე ერთი უცხოელი აგენტიც არ გამოუვლენია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქვეყანა რუსებით გაივსო და არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენია მათგან რეზიდენტი და ვინ რა საქმეზე მუშაობს, მათ შორის, სამხედრო საიდუმლოების თვალსაზრისით. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის საზღვარი ისეა მორღვეული, მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი ბათუმიდან თბილისში ისე ჩამოვიდა, სუსს ინფორმაცია, როგორც თავად გვარწმუნებდნენ, არ ჰქონდა, ის შეიარაღებულ პირებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და რომ არა შემთხვევითობა, მის შესახებ კარგა ხანს ვერც ვერავინ გაიგებდა.
მოკლედ, მტკიცება იმისა, რომ აგენტების კანონი ქვეყნის უსაფრთხოებასა და უცხო ქვეყნის გავლენებთან ბრძოლას სჭირდებოდა, სრული აბსურდია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რეალობა სულ სხვაგვარი იყო _ „ოცნებას“ რევოლუციის ეშინია, მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, რომ „ოცნებამ“ საკუთარი დრო ამოწურა, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებამდე მიგორება ძალიან გაუჭირდება და უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად პოლიტიკური პარტიების უნიათობისა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ გამოჩნდეს ადამიანთა გაერთიანება, რომელიც მოცემულ მომენტში შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს და ხალხის კრიტიკული მასის მობილიზებას მოახერხებს. ამ დროისათვის კი დასავლური დახმარება გრანტების ფორმატში შემოვა და უკონტროლო ფულის მასაც გაჩნდება.
ეს იყო რეალური მიზეზი კუდიანებზე ნადირობისა. კანონის ფორმატი საშუალებას იძლეოდა, ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის ადამიანი, ორგანიზაცია, გაერთიანება და მედიასაშუალება უცხო ქვეყნის აგენტებად გამოეცხადებინათ. ასე მოხდა პუტინის რუსეთში, როცა საბოლოოდ აკრძალეს არასამთავრობოები და მედიაც სახელისუფლებო კონტროლს სრულად დაუქვემდებარეს.
კანონის მიღებას დიდი კულუარული გარიგება უძღოდა წინ. საპარლამენტო ბიუროზე ვნებათაღელვის პარალელურად, სახალხო დამცველის კანდიდატურა შემოიტანეს და კენჭიც უპრობლემოდ უყარეს. ლევან იოსელიანს ხმები არ ჰყოფნიდა, მას ე. წ. ოპოზიცია დაეხმარა, _ თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მხარდაჭერა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობით ახსნეს. რეკომენდაციები მიუკერძოებელი სახალხო დამცველის არჩევას ითვალისწინებდა. არის კი ლევან იოსელიანი მიუკერძოებელი? _ ცხადია, არა. იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ იოსელიან-ელისაშვილის ტანდემი ირაკლი კობახიძის ფრთებქვეშ გამოიჩეკა, ევროპელ სოციალისტებთან ერთად, ამიტომაც ახალი სახალხო დამცველი სწორედ ხელისუფლების სატელიტია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ იოსელიანმა აქციების დარბევის დროს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაც კი ვერ გაბედა და ამ დრომდე არ მოუთხოვია იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციები კი თავისი ფორმით და შინაარსით აქამდე არსებულ არც ერთ პროტესტს არ ჰგავდა. ამ დღეს ქუჩაში ახალგაზრდობა გამოვიდა ლიდერების, პარტიული ლოზუნგებისა და ორგკომების გარეშე.
აქციაზე არ იყო დაგეგმილი სიტყვები, თანმიმდევრობა, სადღეგრძელოები და არც ტრადიციული გულზე მჯიღის ცემა. იყო ბევრი ლამაზი და ჭკვიანი გოგო-ბიჭი კრეატიული ლოზუნგებითა და ჟინით, მოეგოთ რუსებისთვის.
მოუგეს კიდეც!
მათ არბევდნენ წყლის ჭავლით, მხუთავი აირით, წიწაკის სპრეით, სცემდნენ წიხლებითა და ხელკეტებით, შლიდნენ, დასდევდნენ სადარბაზოებსა და მარკეტებში, ფანტავდნენ და რომ ეგონათ, საბოლოოდ მოიგერიეს, გენ ძ თაობა ისევ მობილიზდებოდა და ბრუნდებოდა აქციაზე, უტეხად იდგა სპეცრაზმელების წინ და ელოდა მოგირ შტურმს.
ეს რაუნდი ახალგაზრდებმა მოიგეს _ მოიგეს სწორედ სიჯიუტითა და უტეხობით, მაგრამ საყოველთაო პროტესტს საინტერესო კულუარული ამბები უძღოდა წინ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ავტორი „ხალხის ძალა“ იყო და არა „ქართული ოცნება“, პროცესს მთლიანად მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. ის არწმუნებდა „ოცნების“ დეპუტატებს, რომ კანონი პირველთან შეთანხმებულია და პირველივე მოსმენით მისი მიღების შემთხვევაში საელჩოები მხოლოდ თითო-თითო განცხადებით შემოიფარგლებოდნენ. ამიტომაც იყვნენ ასეთ რიხზე დეპუტატი ყაველაშვილით დაწყებული, „ხალხის ძალის“ ექსპერტ ჩიბურდანიძით დასრულებული ყველა მოქმედი ქოცი. პროტესტის პირველივე დღემ აჩვენა, რომ „ოცნებაშიც“ არიან პრინციპული დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და დავით სერგეენკო, ისინი დარბაზში იყვნენ, მაგრამ აგენტების შესახებ კანონს ხმა არ მისცეს, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა კი საკუთარი პოზიცია წამში შეცვალა და ხმის არმიცემა ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა.
მასობრივი პროტესტის მეორე დღეს „ოცნებამ“ უკვე იცოდა, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ხატავდა, სტუდენტები გაჩერებას არ აპირებდნენ, მათ პროტესტს კი საფეხბურთო გუნდები, ხელოვანები, მხატვრები, მსახიობები, ლექტორები და სახელისუფლებო არხების ჟურნალისტებიც კი შეუერთდნენ. არნახულად მკაცრი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია, _ დარბეულ აქციას საელჩომ ქართული დემოკრატიის პანაშვიდი უწოდა. ერთმანეთს მოყვა ევროპული სახელმწიფოების მეთაურების პროტესტი. საგონებელში ჩავარდნილი დეპუტატები საჯაროდ გამოჩენასაც კი ვერ ბედავდნენ. ამ ფონზე მმართველ გუნდში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მეორე დღეს დარბევა კიდევ უფრო ხისტი ყოფილიყო და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ე. წ. კაუჩუკის მხუთავი გაზი, რომელიც არც ერთ ქვეყანაში აქციის დასაშლელად არ გამოიყენება, მას შეიარაღებული პირების წინააღმდეგ იყენებენ და იწვევს დამბლას, მოძრაობის შეზღუდვასა და ალერგიული ადამიანების შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც. მაგრამ პროტესტი ვერც სასტიკმა დარბევამ შეაჩერა. მესამე დღეს მთელი ქვეყანა საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადებოდა, როცა დილით ადრე „ოცნებამ“ გვამცნო, რომ კანონი გაწვეულია.
რა მოხდა კანონის გაწვევამდე რამდენიმე საათიით ადრე?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ასეთი უთავმოყვარეო უკან დახევის მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები, ზარი იყო ვაშინგტონიდან, _ თეთრი სახლის მაღალჩნოსანმა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის დანაბარები გადასცა, _ კანონი გაწვეული არ იქნება და პერსონალურ სანქციებს მიიღებთ ოჯახთან, მთავრობის წევრებთან და ძალოვანი უწყების მინისტრებთან ერთადო. არაფორმალური სანქციების გემო ივანიშვილის ოჯახმა უკვე იწვნია, როცა შვეიცარიული ბანკი მას მილიარდ-ნახევარი დოლარის განკარგვის უფლებას საქველმოქმედო მიზნებისთვისაც კი არ აძლევს. ჰოდა, ოფიციალურად გაცხადებული სანქციები უკვე ნიშნავდა ხელისუფლების ჩამოშლას. სწორედ ამიტომ იმავე ღამით გაიცა კანონის უკან გახმობის განკარგულება, რამაც პოლიტიკური ელიტა, უბრალოდ, შოკში ჩააგდო.
თავის მხრივ, ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე იყარა ჯავრი, _ მეტის თავი თუ არ გქონდათ, მაშინ კანონის მიღება რატომ დააპირეთო?! საერთოდ აიბარგე პარტიიდან, ამდენი ნეგატივი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სწორედ შენი დამსახურებააო.
პარტიის შიგნით ირაკლი კობახიძეს ამრეზით კარგა ხანია, უყურებენ. პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს რიგით წევრობას რომ დიდხანს არ შეეგუებოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო. ახლა მას მომენტი აქვს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეუძლია, მაგრამ ივანიშვილი ღარიბაშვილის გაძლიერებას არ ჩქარობს, მას სუსის უფროსის პოსტზე თავდაცვის მინისტრის გადაყვანა სურდა, მაგრამ ჯუანშერ ბურჭულაძე სკანდალებში გაეხვია. ქართული მედია სუსმა უხვად მოამარაგა ტყუილ-მართლით მის წინააღმდეგ, მაგრამ გაცილებით მძიმე იყო ოსტინთან შეხვედრაზე დაწეული ზარი, როცა ბურჭულაძეს მისმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა დაურეკა და ქართული ჯარისთვის მილიარდ-ნახევრიანი დახმარების პაკეტზე უარის თქმის განკარგულება გადასცა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი გადამდგარია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. კულუარებში კი ივანიშვილის მორიგ სახელისუფლებო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
აგენტების შესახებ კანონის ჩავარდნით რუსეთი ფრიად უკმაყოფილოა. პუტინის პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ომით, მაგრამ დღეს მათ მუქარას ჩალის ფასი აქვს. უკრაინაში ომის ფონზე ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები წამოიწყოს და მიზანიც სრულიად გაუგებარია, _ ასეთ მორჩილ მთავრობას პუტინის რუსეთი საქართველოში ვერც კი ინატრებდა.
სტუდენტების პროტესტმა რუსეთსა და „ოცნების“ ხელისუფლებას უკან დაახევინა, მაგრამ კარგი დღე არც ოპოზიციას უდგას, _ ახალგაზრდებს ოპოზიციის ლიდერებთან აფილაცია არ უნდათ, ისინი დამოუკიდებლობას ამჯობინებენ. ჰოდა, სწორედ ამ ურეიტინგო ოპოზიციის ფონზე, მეხის გავარდნას ჰგავდა ქართულ პოლიტიკაში დავით არახამიას შესაძლო შემოსვლის შესახებ ცნობა, რომელიც, ჰოლანდიურ მედიაზე დაყრდნობით, საქართველოში საინფორმაციო სააგენტო ცნეწვს-მა გაავრცელა. არახამიას კანდიდატურაზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთნაირად ნეგატიური პოზიცია დაიჭირეს, რასაც საბოლოოდ არახამიას მხრიდან მეორე განცხადება მოყვა, სადაც გავრცელებული ცნობები უარყო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმებული იყო, მაგრამ ინფორმაცია ორი კვირის მერე საჭირო დროს უნდა გავრცელებულიყო. ახლა არახამიას ოფისში იმ წყაროს ეძებენ, რომელმაც მისი განცხადების სამუშაო თეზისები ჰოლანდიურ მედიას გადასცა. როგორ განვითარდება მოვლენები ამ მხრივ, ამას, ალბათ, უკვე მომდევნო თვის დასაწყისში გავიგებთ.
ქართულ პოლიტიკაში, ჯერჯერობით, ტაიმ აუტია, სტუდენტები აუდიტორიებსა და სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ, პოლიტიკოსები _ პარლამენტს, საზოგადოება კი ყოველდღიურ რუტინას.
ახლა მმართველ პარტიაში ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ კამპანიას გეგმავენ. როგორც „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო კულუარებში უთხრეს, დიმიტრი სამხარაძემ ტროლების ქარხნის მენეჯერები უკვე შეკრიბა და სამიზნე მიმართულებები განუსაზღვრა, მათ შორისაა ჩვენი მედიაგამოცემაც. ჰოდა, გაზაფხულიც მალე მოვა, არაბული არა, ქართული…