ყველაფერი ხალხისთვის თუ ყველაფერი ხალხის მეშვეობით?!

მაკა მოსიაშვილი

არადა, ჯერ კიდევ 2015 წელს ივანიშვილი გვარიგებდა, რომ:
„არჩეული მთავრობა უნდა ვაკონტროლოთ. მოვითხოვოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა და ამის მექანიზმები არსებობს. თუ კარგად არ გავათვითცნობიერეთ, რა უნდა მოვთხოვოთ, რა დროს და რა დოზით, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ“.

მთავრობაზე კონტროლი რომ დიდიხანია დავკარგეთ, ეს ვიცით. პრინციპში, როგორ უნდა აკონტროლო მთავრობა, როცა წლები სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გოგაშვილი გყავდა? ცალი „კალოშით“ მისული მილიონით გამოვიდა უკან, ოღონდ არა მარტო ფულით, არამედ საგზლად მთელი ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია გამოიტანა. ახლა კი აქვს მთავრობას თავში სარტყმელად საქმე, _ ვაი, ეს ვინ გვყოლიაო?!
აი, ეგ, „ვაიი“ წლების მანძილზე სწორედ ამ გაზეთის ფურცლებიდან ყოველ კვირას მხილებული იყო, მაგრამ როცა მთავრობას არ უნდა, არც ესმის, არც ხედავს და არც ლაპარაკობს…
თავისი გაფუჭებული რომ თავისივე გამოსასწორებელია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ იმ გაფუჭებულს ქვეყნის გაფუჭებაც ზედ მიჰყვა და სად ვართ, რომელ ჭაობში ჩაძირულები, ეგ უკვე არ ვიცით.
კონტროლს რომ დავუბრუნდეთ, უკან როგორ გამოვიწვიოთ ეს მთავრობა და პარლამენტი, აი, ეგაა დღის, წლის თუ ლამის საუკუნო პრობლემა.
მთავრობის კრიტიკა მარტივია, თუმცა როცა ქვეყანას მთავრობასავით უუნარო და არაფრის მაქნისი ოპოზიციური ძალა გყავს პარლამენტში, ეს უარესია.
ალბათ, ჩვენ თავად არ ვვარგივართ ან რამ მიგვიყვანა ამ ბეჩავ დონემდე. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ისიც კი სადარდებლად გვექცა, ვის მივცეთ ხმა?!
და საერთოდ, რომ ჩავყვეთ, რას აკეთებს, მაგალითად, პარლამენტი იმ მრავალი მილიონის ხარჯვის მეტს, პასუხი რთულად დასაბრუნებელი იქნება.
რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული პარლამენტის მუშაობის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მოქალაქეებს, რომ არჩევნებზე არც ბიძაშვილზე, არც კარტოფილზე და არც აგიტატორზე დაფიცებით ხმა არ უნდა მივცეთ მათ, ვისაც მხოლოდ პარაზიტული სურვილები ამოძრავებთ საკანონმდებლო ორგანოში.
მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა პარლამენტის საქმიანობაზე.
„ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტიანად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას“, _ ვკითხულობთ „გამჭვირვალობის“ ანგარიშში.
არადა, მხოლოდ ერთ წელიწადში საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი; ალბათ ამ ციფრმა მილიონს იმიტომ არ გადააჭარბა, რომ პანდემიამ შეუშალა ხელი. ვინმე რომ გამოჩნდეს და იკითხოს, _ მივლინებაში დახარჯული თანხის ნაცვლად რა ჩამოგვიტანეთ ქვეყანაში ან რა ამბავი წაიღეთო? რთულად წარმოსადგენია, პარლამენტარებმა იცოდნენ, რა გვიპასუხონ.
თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი უნდა გადავუხადოთ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა, პარლამენტს, 2023 წლისთვის რომ ბედნიერად და კარგად იმუშაონ?!
პარლამენტმა პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათას ლარს შეადგენს.
არადა, ჯერ კიდევ 2015 წელს ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ მთავრობა უნდა ვაკონტროლოთ. აბა, როგორ, ბატონო? აბა, როგორ? კი ვიცით, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;
სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია;
საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლისა და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 _ უმრავლესობის;
პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.
წელიწად-ნახევარში პარლამენტმა სამი თავმჯდომარე შეიცვალა. თუმცა ყველამ ვიცით, ბატონო ბიძინა, რომ პარლამენტსაც ჰყავს თავისი არაფორმალური მმართველი, როგორც ქვეყანას და, სხვათა შორის, ოპოზიციასაც.
არაფორმალურ მმართველობაზე რომ შევჩერდეთ, ვინ ვაკონტროლოთ _ მთავრობა, ოპოზიცია, პარლამენტი თუ?
ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილია. არადა, თავად ოპოზიციის არაფორმალური მმართველი კეზერაშვილია… არაფორმალურ მმართველს არაფორმალური ფორმით მოვთხოვოთ პასუხი? ჯერ, ალბათ, ეგ ენა ვერ ვისწავლეთ მოქალაქეებმა.
კონტროლი უნდა ვისწავლოთ, მაგრამ როგორ, როცა პარლამენტი ვერ აკონტროლებს მთავრობას?
როცა მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას:
მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ფრაქციების მოწვევით კომიტეტის სხდომებს.
მხოლოდ ერთი წლის მანძილზე პასუხი არ გაეცა 256 სადეპუტატო კითხვას, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო;
2020 და 2021 წლებში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს, მაგრამ ანგარიშვალდებული პირები არც ერთხელ არ გამოცხადდნენ.
უკონტროლოები არიან პარაზიტები და სულელები.
ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, თუ ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს პარლამეტში, რაც ფაქტია, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ფრაქციების არც ერთ დაბარება-დაძახილზე არ მიდის, თუ მხოლოდ ფულს ვხარჯავთ ფასადური დემოკრატიისთვის, მაშინ გადადგას ნაბიჯი ოპოზიციამ და დაამტკიცოს, რომ ის არც სულელია და არ პარაზიტი. გამოაცხადოს საყოველთაო ბოიკოტი, დატოვოს პარლამენტი, საკრებულოები… მაგრამ ოპოზიციის არაფორმალური მმართველი არ იქნება ამაზე თანახმა. ფაქტი ერთია: მთავრობაზე მეტად ოპოზიციას უფრო უყვარს კომფორტი.
დაბოლოს, სანამ ერთი ცნობილი ლოზუნგი არ იქნება ქართულ პოლიტიკაში წარმმართველი: „ყველაფერი ხალხისთვის, ყველაფერი ხალხის მეშვეობით“, რაც შესულია პოლონეთის დემოკრატიული საზოგადოების მანიფესტში, მანამდე რთულია ვიმსჯელოთ მთავრობის, პარლამენტისა თუ უუნარო ოპოზიციის კონტორლზე,
რადგან ხელისუფლებისა და ოპოზიციის არჩევანი ასეთია: არჩევნებამდე ამბობენ, ყველაფერი ხალხისთვის და არჩვნების მერე კი ცხოვრობენ ლოზუნგით, _ ყველაფერი ხალხის მეშვეობით.