ISFED: „გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზები გამოვლინდა – სხვაობა გავლენას არ ახდენს მანდატების რაოდენობაზე“
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორმაციით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჩატარებულმა შიდა აუდიტის დასკვნამ დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა ხარვეზი გამოვლინდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილია ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
„სამართლიანი არჩევნები კომპლექსურ დაკვირვებას ახორციელებდა მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნები წარმოადგენს საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას, რომლის ცდომილების ხარისხიც გახლავთ 0.7%:
- „ქართული ოცნება“ – 47.6%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.4%;
- „ევროპული საქართველო“ – 3.8;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.2%;
- „ლელო“ – 3.2%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%;
- „გირჩი“ – 3.0%;
- „მოქალაქეები“ – 1.3%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1.0%;
- „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ – 0.9%.
სამართლიანი არჩევნების პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45.8% მიიღო, „ენმ-ძალა ერთობაშიამ“ – 26.4%, „ევროპულმა საქართველომ“ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.
ნენე ინჯგია