ICOMOS-ის სკანდალური ანგარიში გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვაზე

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანეს, თუმცა ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ გელათი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. დიდი ბრძოლა დასჭირდა საქართველოს გელათის ნუსხაში დასაბრუნებლად და ამაში ICOMOშ-ის მნიშვნელოვანი წვლილია.

ICOMOS-ი არის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო, გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია UNESCO-სთან. 2008 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით, „საქართველოს მემკვიდრეობის სააგენტოს“ მიერ შემუშავდა გელათის მონასტრის რეაბილიტაციის გენერალური გეგმა. ეს უკანასკნელი მოიცავდა კომპლექსში შემავალი ძეგლების რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის ყველა ძირითად ასპექტს. შვიდი წლის თავზე _ 2015 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით გეგმა განახლდა. 2016-2017 წლებში მსოფლიო ბანკის/მუნიციპალური განვითარების ფონდ RDPII-ის პროგრამის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა განახორციელა ღვთისმშობლის ტაძრის ქვის საპირე წყობის საკონსერვაციო სამუშაოები (გარდა მინაშენებისა), ასევე გუმბათის ყელის ქვედა ნიშნულზე გამაგრებითი სამუშაოები დამატებითი უჟანგავი ლითონის სარტყლით და ტაძრის სრულ პერიმეტრზე (გუმბათის გარდა) სარკმელების რეაბილიტაცია. 2017 წლიდან ასევე ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ეკვდერების ქვის საპირე წყობის საკონსერვაციო სამუშაოები. ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, საერთაშორისო ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების ზედამხედველობით. შესრულებული სამუშაოები სისტემატურად წარედგინებოდა UNESCO-ს, რომლის შეფასებაზე დაყრდნობით, გელათის მონასტერი აღდგენილ იქნა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

რა მოხდა ამ შვიდწლიან შუალედში? ამ შუალედში მოხდა ის, რომ UNESCO-მ თავისი ნუსხიდან ამოიღო ბაგრატის ტაძარი და გელათი დატოვა. დღეს, ტაძარში ფრესკების დაზიანების გამო, შესაძლოა ეს საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში და UNESCO-მ გელათი ამოიღოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან.
ამ წუთებში გელათის ტაძარი ხარაჩოებშია. შეუქცევადად მიმდინარეობს ფრესკების დაზიანების პროცესი და ისევ ცვივა ბათქაში კედლის მხატვრობის ფრაგმენტებით.
ვინ გადახურა კომპლექსი უხარისხო კრამიტით ისე, რომ გადახურვიდან ერთ თვეში წყალი ჩავიდა ტაძარში? „ქრონიკა+“ დეტალურად გამოიძიებს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომავლობას, ვინ დგას მათ უკან და რატომ დაავალეს საქმის გაკეთება არაპროფესიონალებს? თანხები რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს მოიცავს მარტო ახალი ხელისუფლების პირობებში. ასე მაგალითად, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და მარტო ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტი გადმორიცხეს, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გელათში წყალი ჩასულიყო და მსოფლიო მნიშვნელობის ფრესკები ჩამოერეცხა.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ IჩOMOS საქართველოს დასკვნას „გელათის მონასტრის“ კონსერვაციულ მდგომარეობაზე:

2020 წლის მარტში პროფესიული წრეებისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშიდან (11.03.2020) ცნობილი გახდა, _ 2020 წლის თებერვალში სააგენტომ შეიტყო, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ICOMOS საქართველო დაესწრო გელათის საკითხებთან დაკავშირებულ გაფართოებული საბჭოს სხდომებს და მოითხოვა სპეციალური შეხვედრა ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან. გელათის საკითხებზე ინფორმაციისა და პოზიციების გაცვლის პროცესი წავიდა საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს ფარგლებში. ICOMOS საქართველოს ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ეროვნული სააგენტოს მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექციის ექსპერტებთან. ამ პერიოდსა და ფორმატში ICOMOS საქართველოს ჰქონდა საშუალება, მიეღო ინფორმაცია და გამოეხატა პოზიცია ოფიციალურ სტრუქტურებთან, რომელიც წარმოდგენილ კომენტარებშია ასახული.
ICOMOS საქართველო ინფორმირებულია, რომ ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ანგარიში უკვე მიაწოდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს და საერთაშორისო ICOMOS-ს. ICOMOS საქართველომ მოთხოვნისამებრ ეროვნული სააგენტოსგან მიიღო გელათზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები (2017-2019 წწ.); ეროვნული სააგენტოს საველე დათვალიერებისა და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ეროვნულ სააგენტოს ზოგადად დადებითი შეფასება აქვს მიღებული „გელათის მონასტრის“ კონსერვაციის გეგმაზე, ხოლო საერთაშორისო ICOMOS-ის ტექნიკური შეფასება მხოლოდ მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის სტრუქტურულ გამაგრებაზეა გაკეთებული. ასეთი შეფასება არ არის გაკეთებული არც სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე და არც ქვის კონსერვაციის კომპონენტზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კედლის მხატვრობის საგანგაშო მდგომარეობა, როგორც მთავარ ტაძარში, განსაკუთრებით კი წმ. გიორგის ეკლესიაში, 2010 წლიდან მოყოლებული, ყველა შეფასების დოკუმენტის მთავარი თემაა. სწორედ ამიტომ იყო სახურავების რეაბილიტაცია დიდი პროექტის (2014-2019) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. 2014-2019 წწ-ებში ეროვნული სააგენტოსა და სხვადასხვა დონორთა დაფინანსებით ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა „გელთის მონასტრის“ კონსერვაციის გეგმით გათვალისწინებული სარესტავრაციო სამუშაოები. შესაბამისად, დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა ესაჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საგენტოს 2020 წლის 11 მარტის ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან ერთად, როგორც გადაუდებელი ღონისძიება, დასახულია დროებითი გადახურვის მოწყობა, ძეგლზე გადახურვის მოწყობა უკიდურესად გაჭიანურდა და მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოეწყო გუმბათის გარშემო ისე, რომ ფარავს მხოლოდ მკლავთა კუთხეებში ტრომპების გადახურვებს და მკლავების მცირე ნაწილს. რაც შეეხება ტაძრის დანარჩენ ნაწილებს, შემუშავებულია პროექტი, რომელიც მათ სეგმენტურად გადახურვას ითვალისწინებს მომავალში. დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი რომ ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას, პროექტის განმარტებით ბარათშიც არის მითითებული. რაც შეეხება წმ. გიორგის ეკლესიას, აგვისტოს ბოლოს, როგორც დროებითი დაცვითი ღონისძიება, ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მოხდა ქვის გახსნილი ნაკერის ამოვსება საკონსერვაციო ხსნარით.
აუცილებელია, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე მოეწყოს საიმედო სრული გადახურვა, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო დროს და პირობებს დაკვირვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მდებარეობს სპეციფიკური კლიმატური პირობების არეალში, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები, საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების გათვალისწინებით, ამის საშუალებას იძლევა, თუმცა ასეთი ამოცანის გადაჭრას სათანადო რესურსები სჭირდება. მხოლოდ სრული გადახურვის მოწყობა შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ჩატარდეს დაზიანებათა და მათი გამომწვევი მიზეზების სრულფასოვანი შესწავლა, რასაც დრო სჭირდება. სეგმენტური გადახურვა შესაძლოა საკმარისი იყოს წმ. გიორგის ეკლესიისთვის, რომელსაც ასევე ესაჭიროება დროებითი გადახურვა.

დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას. არ შეიძლება, პირველი რიგის ამოცანად დაისახოს დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. სახურავების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის (ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში აღწერილი) დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან ტექნიკური შეფასების დოკუმენტები, არა მხოლოდ დროებითი გადახურვის პროექტზე, არამედ პროექტის სხვა კომპონენტებზეც, როგორიცაა სახურავის რეაბილიტაციის პროექტი, ქვის კონსერვაცია და ა. შ., ვინაიდან ეროვნული სააგენტოს ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც და სახურავის მოწყობა წყლის გადაყვანის თვალსაზრისით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გელათში გაზაფხული ნალექიანი პერიოდია, გადახურვის იმ მონაკვეთებზე. სადაც კრამიტი დაზიანდა და ასევე დასავლეთ მკლავზე (მთლიანად), დროებითი გადახურვის მოწყობა, რათა არ მოხდეს წყლის შემდგომი ინფილტრაცია.
ასეთივე მოსაზრებას გამოთქვამს საერთაშორისო ექსპერტი ი. მასსარი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო ექსპერტიზა.
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრისა და წმ. გიორგის ეკლესიის დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევის პარალელურად, კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის აუცილებელია ინტერიერის მთლიან სივრცეში (მათ შორის, მთავარი ტაძრის საკურთხეველში, სამხრეთ და ჩრდილოეთ არსებულ ეკვდერებსა და ნართექსში) დაიდგას უსაფრთხო და პრაქტიკული ხარაჩო, რათა მხატვრობის მდგომარეობის შეფასება და შემდგომი დაკვირვება ახლო დისტანციიდან შესრულდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ათწლეულების დაზიანების პროცესთან, და არა მხოლოდ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავში, ძნელად პროგნოზირებადია, გამოშრობის პროცესი რა შედეგებს აჩვენებს და საჭიროა ყველაზე უარყოფითი სცენარისთვის მზადყოფნა. ტაძრის დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევის შემდეგ მხატვრობის საფუძვლის (ქვა, ნალესობა) შრობის პერიოდში ხსნადი მარილების კრისტალიზაციის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა და დაზიანების რისკიც გაიზრდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება, დროულად მოიხსნას მხატვრობის ზედაპირზე გამოკრისტალებული მარილის ნაფიფქი. სრული ხარაჩოს საშუალებით შესაძლებელი იქნება კრიტიკული და აქტიური დაზიანების ფაზაში არსებული მონაკვეთების ზუსტი იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი პრევენციული და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება. სრული ხარაჩო ინტერიერში მონიტორინგის ინტენსივობის გაზრდის საშუალებაა, რაც შეამცირებს ახალი დაზიანებების გაჩენის რისკებს.

მნიშვნელოვანია, რომ დროებითი გადახურვის მოწყობის შემდეგ ტაძრის ინტერიერში კედლების გაშრობის პროცესი არ წარიმართოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ფონზე. ეს შესაძლებელი იქნება ინტერიერში კლიმატის მუდმივი კონტროლისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების საშუალებით. აუცილებელია თავიდან იქნეს აცილებული ყინვის ფაზა ადა სწრაფი გამოშრობა.

დაუშვებელია, სახელმწიფომ გელათში შექმნილი კრიზისის გამოსწორების მთავარ და ძირითად გზად დაისახოს სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელთა მხრიდან ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნა და უზრუნველყოფა. ჩასატარებელი ღონისძიებების მასშტაბი სცდება ერთი ან ორი ორგანიზაციის შესაძლებლობებს. აუცილებელია, სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ძეგლის მიმდინარე კონსერვაციულ მდგომარეობაზე, როგორც ეს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის.

ეს გახლავთ ICOMOშ სკანდალური ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კრამიტის ხარისხი და ა. შ. კი არ არის მიზეზი ფრესკების ჩამორეცხვის, არამედ არასახელმწიფოებრივი მიდგომა და არაპროფესიონალების გამბიტი.

„ქრონიკა+“ აგრძელებს აღნიშული საკითხის შესახებ მუშაობას.

თამარ როსტიაშვილი