ბერლინელი ქართველი „ჰერკულესის“ საგმირო წამოწყება უკრაინელების მხარდასაჭერად

მიხეილ ხაჩიძე

ირაკლი ქემერტელიძე უკვე წლებია, ბერლინში ცხოვრობს. ქართველს კნაუსტრიკშტრასეზე (ქუჩა ბერლინში, _ რედ.) აქვს ქართული რესტორანი Kინ ძა, რომელიც ძალიან პოპულარულია და ყოველთვის ხალხმრავალია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კადრებმა ისე, როგორც ყველა ცივილიზებულ ადამიანში, მასშიც გამოიწვია ტანჯვა, ტკივილი, სიბრაზე და აგრესია.

ბერლინელმა ქართველმა უკრაინელების მხარდაჭერის კამპანია დაიწყო. სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რაც ვირუსულად გავრცელდა და დახმარების მასშტაბური ტალღა ააგორა. ის იყო პირველი ბერლინელი, რომელმაც უკრაინელების მხარდამჭერი გრანდიოზული აქცია წამოიწყო.
„მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ აქციაში, ამ წამოწყების განხორციელებაში. ყველას, ვინც დამეხმარა ფიზიკური ძალით, ვინც შემოწირა ფული, საკვები და ნივთები, ვინც მორალურად დაგვეხმარა და გაგვახარა. ომის პირველ პერიოდში არაერთი სატვირთო მანქანით უამრავი დახმარება ჩავიტანეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის“, _ განუცხადა ირაკლიმ „ქრონიკა+“-ს.
ცნობისთვის: ბერლინში 28 საათში 70 ტონა დახმარება შეგროვდა.
ირაკლი ქემერტელიძე ბიზნესმენია, საკმაოდ წარმატებულად მართავს რესტორნებსა და შოკოლადების ფაბრიკას; გერმანიის გარდა, ბიზნესი აქვს დუბაიშიც. გეგმავს საქმის გაფართოებას. აქვს კარგი იდეები, რომლებსაც ახორციელებს.
მეგობრები მას „ჰერკულესს“ ეძახიან. ის მეტსახელს ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, დაპირებას ყოველ მიზეზ-გარეშე ასრულებს.
როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა, მან ბევრი ფიქრის გარეშე, ექსპრომტად, გადაწყვიტა, თავისი რესტორანი დახმარების შესაგროვებელ ცენტრად გადაეკეთებინა. აზრი სოციალურ ქსელში გააჟღერა და იდეა რეალობად იქცა.
„ვფიქრობდი, რომ რაც ასე სპონტანურად შეგროვდებოდა, ჩემს მანქანაში ჩავტვირთავდი და თავად წავიღებდი უკრაინაში ხალხის დასახმარებლად. თუმცა წარმოუდგენელი ბუმი ატყდა, ჩემი პოსტის შემდეგ სოცქსელში უამრავმა ადამიანმა დამირეკა, გადმომირიცხა ფული, მოვიდა და მოიტანა შემოწირულობა. შოკში ვიყავით, ვერ ვიჯერებდით, ისეთი რამეები ხდებოდა.
შვიდ საათში 3 სატვირთო გავავსეთ შემოწირულობით. მეორე დღესაც კიდევ ასევე 3 სატვირთო გაივსო. ომის დაწყებიდან მხოლოდ პირველ რამდენიმე დღეში 70 ტონა ავაგროვეთ ბერლინში. აქციაში ჩაერთო აბსოლუტურად ყველა: გერმანელები, უკრაინელები, სხვა ერის წარმომადგენლებიც, თავად რუსებიც კი, ბევრი რუსი მოდიოდა და მოჰქონდა პროდუქტი, საჭირო ნივთები, თანხა, მოკლედ, სასწაულები ხდებოდა“, _ გვიყვება ირაკლი ქემერტელიძე.
მასთან ინტერვიუ ბერლინში ჩავწერეთ. რესტორანში ვესტუმრეთ, რომელიც თავისი ორიგინალურობითა და განსაკუთრებულობით მაგნიტივით იზიდავს მომხმარებლებს. ამას გარდა, რესტორანი გერმანელებსა და ბერლინის უცხოელ სტუმრებს ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. აქ მიირთმევთ ისეთ გემრიელ ხაჭაპურს, სალათებსა თუ ხინკალს, რომელიც შესაძლოა, საქართველოშიც კი ვერ დააგემოვნოთ.
ირაკლი ქემერტელიძემ კარგად იცის, რა არის პუტინის აგრესია და ომი. ქართველმა თავად განიცადა ეს ყველაფერი: უიმედობა, შიში, სტრესი და დეპრესია.
ირაკლი ბერლინში შეგროვებული ტონობით პროდუქტით, დაქირავებულ სატვირთოებთან ერთად, უკრაინა-პოლონეთის საზღვრისკენ გაეშურა და ომის ქვეყანაში ხალხს დახმარება ჩაუტანა.
„მედიკამენტები, პამპერსები, საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, _ ვზიდავდით ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო. რა თქმა უნდა, ასევე საძილე ტომრებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში. გერმანიაში არაფერს იშურებდნენ და ყოველდღიურად უამრავ დახმარებას ზიდავდნენ. ჩემს რესტორანში, რომელიც იმ პერიოდში შემოწირულობის ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, სადაც ახლა ხართ, სასწაული ხდებოდა: უამრავი ადამიანი უამრავი პროდუქტით თუ სხვა სახის ნივთით თუ ფულით ყოველწამიერად მოდიოდა, არ ჩერდებოდა ჩემი ტელეფონი, მირეკავდა აუარება ხალხი, უცხოები, ნაცნობები, ვინც მოსვლას ვერ ახერხებდა, მირიცხავდა ფულს. გრანდიოზული კამპანია გვქონდა“, _ ამბობს ის.
44 წლის ქართველის წამოწყება და გარჯა ნამდვილად საგმირო და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა ბევრისთვის. მის ინიციატივას დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა გერმანულ მედიაშიც. რადიო, გაზეთები თუ ტელევიზია ირაკლის მხარდამჭერ კამპანიას უკრაინელებისადმი აქტიურად აშუქებდა.
Kინ ძა-ს მფლობელმა შემოწირულობების პირველი რეისი უკრაინულ ქალაქ ლვოვში ჩაიტანა, მეორედ კი ოდესის რეგიონში ჩავიდა. მოგზაურობას ერთი მიმართულებით 48 საათი დასჭირდა. მან ექვსი სასაზღვრო გადასასვლელი და თოვლიანი თუ მოყინული გზები გაიარა. ომი ყველა ნაბიჯში იგრძნობოდა, იგრძნობოდა ის ტკივილი და სიმწარე, რასაც ტერორისტი პუტინი და მისი დიქტატორული რეჟიმი უკრაინას აყენებს:
„გზის მხარეს იყო ტანკები და ლტოლვილთა კარვები. პირადი მანქანები დაფარული იყო წარწერით „ბავშვები“, _ იხსენებს ქართველი.
„ხალხი მანქანებზე აკრავდა წარწერებს „ბავშვები“ იმ იმედით, რომ პუტინის ჯარები არ დახვრეტდნენ, სანამ მათ შვილები უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავდათ. საშინელებას ვგრძნობდი, უმძიმესი მომენტები იყო ამ ტანჯვის ხილვა, პლუს გზები, ძალიან რთული და სტრესულია“, _ ამბობს ის. ირაკლი თავად არის მამა, ასეთი კადრების ხილვა მას გულს უმძიმებდა.
ქართველი ბიზნესმენის მიერ შეგროვებული შემოწირულობა არა მარტო უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც კი ჩავიდა, მათ შორის, პალანკას საზაფულო ბანკაში, სადაც იმ პერიოდისთვის 160 უკრაინელი ქალი და ბავშვი ჰყავდათ მოთავსებული.
ქართველი უკრაინიდანაც არ ბრუნდებოდა გერმანიაში ცარიელი. უკანა გზაზე პროდუქტით დატვირთული მანქანების ნაცვლად, ამჯერად, ხალხი მიჰყავდა გერმანიაში: უკრაინელები, რომლებიც პუტინის ომს გაურბოდნენ, უდანაშაულო ქალები და ბავშვები.
ირაკლი ქემერტელიძე ხაზს უსვამს, რომ მისი ქმედება არ არის ერთჯერადი. Kინ ძა ბერლინში აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. მას რესტორანში დასაქმებული ჰყავს უკრაინელი ლტოლვილები, ჩართულია ყველა სახის აქტივობაში, რომელიც უკრაინელების მხარდაჭერისკენაა მიმართული.