გიორგი გუგავა: „ივანიშვილმა ოპოზიცია ჯიბეში ჩაისვა“
შორენა მარსაგიშვილი
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, აცახდებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მათი პარტიის განადგურება აქვს განზრახული. გუგავას თქმით, ოლიგარქი ვერ იტანს ისეთ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკიდან ვაჭრების გაყრას ცდილობენ. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მრავალ ჭირგამოვლილ პარტიას ვერაფერს დააკლებს.
ვის და რატომ ეშინია პარლამენტში შალვა ნათელაშვილის გამოჩენის? რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში ზოგიერთმა ოპოზიციონერმა? რა ანგარიშები აქვს ივანიშვილს ნათელაშვილთან და ლეიბორისტულ პარტიასთან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გუგავა ესაუბრება:
_ გიორგი, 15 თებერვალს პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი თქვენი ლიდერია. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „ოცნებას“ ეშინია მისი პარლამენტში შესვლის. რატომ ეშინია „ოცნებას“ ნათელაშვილის?
_ ამას ჩვეულებრივი შიში არ ჰქვია. შალვა ნათელაშვილის მიმართ ცხოველური შიში დაემართათ. როგორც კი ნათელაშვილმა თქვა, პარლამენტში შევდივარო, მთელი სახელისუფლებო მანქანა ჩაირთო. აამოქმედეს ტროლ-ბოტები, აალაპარაკეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. კობახიძით დაწყებული, თალაკვაძით დამთავრებული, ყველამ გააკეთა განცხადება. ისინი ერთხმად გაიძახიან, რომ შალვა პარლამენტში არ უნდა შევიდეს.
იმისთვის, რომ ნათელაშვილი პარლამენტში არ მოხვდეს, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ. ამ შემთხვევაში ნათელაშვილს კი არ ართმევენ მანდატს, არამედ _ ამომრჩეველს. 2020 წელს არჩევნები გაგვიყალბეს და მანდატები წაგვართვეს. ის მანდატი, რაც შეგვრჩა, იმასაც უხეშად და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით გვართმევენ.
„ქართულ ოცნებაში“, რატომღაც, ასე წარმოუდგენიათ, რომ პარლამენტი არის მათი კანტორა და დუქანი, სადაც ვისაც უნდა შეიყვანენ, ვისაც უნდა გარიცხავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს. კონსტიტუცია სადღაც მტვრიან თაროზე აქვთ შემოდებული და ყველაფერი ოლიგარქ ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანება გასცა პირადად ბიძინა ივანიშვილმა.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ბრძანება პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა?
_ პარლამენტად წოდებული დუქან-კანტორა ოლიგარქის გარეშე გადაწყვეტილებას არ ღებულობს. ამის გარდა ყველამ იცის, რომ ივანიშვილი პათოლოგიურად ვერ იტანს შალვა ნათელაშვილს. რუს ოლიგარქს შალვას სახელის გაგონებაც კი არ უნდა, მაშინვე რაღაცები ემართება.
_ ასე ძალიან რატომ ვერ იტანს?
_ იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია რუსი ოლიგარქის ერთადერთი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა. ივანიშვილს არ ეშლება იმის გამოცნობა, ვინაა მისი ნამდვილი ოპონენტი.
_ დანარჩენი პარტიები არ არიან მისი მოწინააღმდეგეები?
_ ივანიშვილი დანარჩენ პარტიებთან დაპირისპირებულია, ისინი ძალაუფლებას ვერ იყოფენ და ამიტომ აქვთ კამათი თუ ჩხუბი. იდეოლოგიურად ანტიოლიგარქიული ძალა არის მხოლოდ ლეიბორისტული პარტია. დანარჩენი პარტიები დაფუძნებული არიან ლიბერალურ იდეოლოგიაზე. მათ უკან დგას ოლიგარქია, ვიღაც მდიდარი ადამიანები. აქედან გამომდინარე, მათი ბრძოლა ემსახურება ძალაუფლების მოპოვებას. ერთმანეთს ეუბნებიან, შენ ჩაიჩოჩე, მე დავიკავებ ამ ადგილსო. სისტემის შეცვლა არავის აინტერესებს.
აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ივანიშვილს არაფერში აწყობს ნათელაშვილის პარლამენტში ყოფნა. შალვა პარლამენტში ძალიან ხმაურიან განცხადებებს გააკეთებს და პარლამენტის ტრიბუნიდან ამხელს ამათ.
_ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში რომ შევალ, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოვითხოვო.
_ ნათელაშვილი აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში ამ საკითხს. ის ასევე ისაუბრებს უამრავ დანაშაულზე, რომელიც ქვეყანაშია ჩადენილი. ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ ბევრი დანაშაული აწევთ კისერზე. ანტიოლიგარქიული კანონის ინიცირებას ვაპირებთ და რეჟიმის მხილებას ვგეგმავთ.
იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ჩვენი იქ შესვლით რაღაც გარღვევას და გადატრიალებას მოვახდენთ, მაგრამ ბევრ რამეს კი შევცვლით. მართალ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა და ძალა აქვს. სიმართლის პირში მიხლამ ბევრი ისეთი პროცესი შეიძლება შეაჩეროს, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია.
„ქართულ ოცნებაშიც“ კარგად იციან მართალი სიტყვის ფასი, რომ მას პროცესების დაძვრა შეუძლია და ამიტომ არიან პათოლოგიური შიშით შეპყრობილები. ასე პანიკურად რომ არ ეშინოდეთ, მთელ სახელისუფლებო მანქანას არ ჩართავდნენ ნათელაშვილის წინააღმდეგ. ვინ ეკითხება ამათ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას? პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება პროტესტის ჩვეულებრივი ფორმაა. პროტესტის ეს ფორმა მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
_ „ნაციონალების“ დროსაც იყავით პარლამენტში შესულები, მაგრამ ბოიკოტს აცხადებდით და სხდომებზე არ დადიოდით. ყოფილ ხელისუფლებას თქვენთვის დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერებია.
_ რატომ უნდა შეეჩერებინა? პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს. შალვა ნათელაშვილს იმ მიზეზით უწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, სხდომებზე არ დადიოდაო. მაგ მოტივით ნახევარ პარლამენტს უნდა შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება, არც ისინი დადიოდნენ სხდომებზე.
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
_ კი ბატონო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. მთელი საგაზაფხულო და საშემოდგომო სესია ბოიკოტში გაატარეს. მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბოიკოტი არის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღიარებენ.
მაინტერესებს, მაშინ რატომ არ შეუწყვიტეს ნათელაშვილს უფლებამოსილება, როცა თავად ითხოვდა? მას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ჰქონდა დაწერილი განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეგვიწყვიტეთო, მაგრამ არ შეუწყვიტეს. ესეც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
_ ანტიკონსტიტუციური რატომ არის?
_ ადამიანებს, ფაქტობრივად, დეპუტატობა მიუსაჯეს. „ქართული ოცნების“ ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. სახელმწიფო აღარ გვაქვს, რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გააუქმა და ჩამოშალა. ამ კაცს ეს ქვეყანა თავის კანტორად მიაჩნია, სადაც როგორც მოუნდება, ისე მოიქცევა.
წარმოგიდგენიათ, რა დონეზე გააყალბეს არჩევნები, რომ პარლამენტში რამდენიმე ლეიბორისტი არ შესულიყო! ერთი შალვა ნათელაშვილის ასე ეშინიათ და მთელ ფრაქციაზე, ალბათ, გული წაუვიდოდათ. სამართლიანად ეშინოდათ, ჩვენ იქ დიდ ამბებს დავატრიალებდით. ახლა აპირებენ, რომ ნაჯახისებურად იმოქმედონ და მანდატი წაართვან პარტიას. ამ შემთხვევაში მარტო ლეიბორისტულ პარტიას კი არ ართმევენ მანდატს, არამედ ხალხსაც ართმევენ. დიქტატორულ ქვეყნებშიც კი იცავენ კონსტიტუციასა და კანონებს.
_ იმათი კანონები ისეთია, ჯობია, არ დაიცვან.
_ ფაქტია, რომ იცავენ კანონებს. ეს მოჩვენებითია, მაგრამ გარეგნულად ასე ჩანს. უკეთესი კანონები არც ჩვენთან არის და „ქართული ოცნება“ ამ კანონებსაც კი არაფრად მიიჩნევს. ნათელაშვილისთვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტა მათ ძალიან მძიმედ შემოუტრიალდებათ.
_ დარწმუნებული ხართ, რომ შემოუტრიალდებათ? იმდენი რამე შერჩათ, შეიძლება, ესეც შერჩეთ.
_ არა მგონია, რომ რამე შერჩათ, ჯერ ყველაფერი წინ არის. მზისქვეშეთში მუდმივი არაფერია. ადრე თუ გვიან, „ქართული ოცნება“ დათმობს ძალაუფლებას და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ კანონების გამო სად მოუწევთ ყოფნა, მაგასაც ვნახავთ. ბევრს ეგონა ისე, რომ ხელისუფლებაში ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, დღეს მე ვარ ძალაუფლებაო. მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა დრო და სად არიან ეს ადამიანები?!
_ „ნაციონალებსა“ და სააკაშვილს გულისხმობთ?
_ მაგათ ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოხვდებოდა? ამას ფიქრშიც არავინ გაივლებდა, მაგრამ დღეს მიშა ციხეში ზის. ასე ძალიან თუ უნდათ, შეუწყვიტონ შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება და იყვნენ როგორც გაუხარდებათ, მაგრამ ახსოვდეთ, რომ ეს მათი განაჩენი უფროა, ვიდრე _ ჩვენი.
_ თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ?
_ როგორ არ დაგვაკლდება, მაგრამ გავუძლებთ. შეჩვეულები ვართ დევნას. საქართველოში ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მსხვერპლად ცნო.
_ თქვენ ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს პარლამენტში ლეიბორისტების ხილვა. ოპოზიციის ნაწილიც ასე ფიქრობს? მათზე რას იტყვით? ზოგიერთი ამბობს, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ნათელაშვილმა და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას პარლამენტში შესვლის უფლებაო.
_ ელისაშვილი და ის მეორე, კიდევ, „გირჩები“ პირდაპირ ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს. მაგათ მე ასე ვეძახი: „ოცნება კინტოები“ და „ოცნება დაბოლილები“. მათ რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას გაიმეორებენ. კინტოებისგან და დაბოლილებისგან სხვას არც არაფერს ველოდები.
_ „დაბოლილები“ დიდად არ ეწინააღმდეგებიან პარლამენტში შალვა ნათელაშვილის შესვლას.
_ ე. ი., შედარებით საღად აზროვნებენ. არ მესმის, რატომ უნდა იყოს ოპოზიციონერი იმის წინააღმდეგი, რომ პარლამენტში შალვა ნათელაშვილი შევიდეს? ეს წინააღმდეგობა წარმოუდდგენელია და პირდაპირ მეტყველებს ივანიშვილთან გარიგებაზე.
_ ბოდიშის მოხდაზე რას იტყვით? რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დაჟინებით ითხოვს შალვა ნათელაშვილისგან ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ მან ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გამო გამოლანძღა.
_ უკაცრავად, მაგრამ ბოდიში ჩვენ უნდა მოვიხადოთ, თუ მაგათ? მე მგონია, რომ მაგათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. ეს ბოდიში მათ დიდი ხმის წინათ უნდა მოეხადათ. თავად რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი და სხვისგან ითხოვ ბოდიშის მოხდას, ეს, სულ მცირე, უხერხულია.
_ რისთვის უნდა მოიხადონ ბოდიში?
_ რისთვის და დადებული პირობის დარღვევისთვის: მათ დადეს პირობა, რომ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოუცხადებდნენ ბოიკოტს და არ შევიდოდნენ პარლამენტში. პარალმენტში შევიდნენ და ირაკლი კობახიძემ ცხადი გახადა ის ამბავი, რაზედაც აქამდე ყველას ეჭვი გვქონდა.
_ რა ამბავს შესძინა ირაკლი კობახიძემ სიცხადე?
_ ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღიარა, რომ გასული წლის თებერვალსა და მარტში ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გვქონდაო. ისიც თქვა, იყო იმის საფრთხე, რომ ხელისუფლება აყირავებულიყო, მაგრამ მერე ისეთი ტაქტიკური ნაბიჯები გადავდგით, ოპოზიციონერები პარლამენტში შემოვიყვანეთო.
_ ტაქტიკურ ნაბიჯებში რას გულისხმობდა?
_ გარიგებას. კმაყოფილია ამ შედეგით ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე ამბობს, პარლამენტში შემოვიყვანეთ ოპოზიცია და ყველაფერი გავინაღდეთო. ესეც ჩვენ ვართ? კობახიძემ თავისი პირით აღიარა, რომ პარლამენტის ბოიკოტი ეფექტიანი იყო და მას შეეძლო, ჩამოეშალა ხელისუფლება. ოპოზიციას კიდევ ორიოდე თვეც რომ გაეძლო, დაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც „ქართული ოცნება“ პირწმინდად წააგებდა.
ეს ყველაფერი ოპოზიციონერებმა ჩაშალეს, საკუთარი ამომრჩეველი გაყიდეს და კიდევ ჩვენგან ითხოვენ ბოდიშების მოხდას? სირცხვილია, ქალბატონებო და ბატონებო! სანამ ვინმესგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდეთ, გაიხსენეთ, როგორ გადაუარეთ ზევიდან თქვენ მიერვე დადებულ პირობას. აი, თქვენი ამ საქციელის გამო გადაახია კობახიძემ ქვეყანას თავზე შარლ მიშელის დოკუმენტი და თვითმმართველობის არჩევნებიც გააყალბა.
ბოდიშებს რომ ითხოვს ზოგიერთი, იქნებ, ისიც აგვიხსნას, რატომ არ შესრულდა შარლ მიშელის შეთანხმება? პრეზიდენტის სასახლეში რომ გავარდნენ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ასეთი რამეები ჩაიდინეს და კიდევ ჩვენკენ იშვერენ ხელს, მოიხადეთ ბოდიშიო? გესმით, ხალხო, რა ხდება?! მაშ, სამართალი აღარ არის ამ ქვეყანაზე?!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ბოიკოტით ჩამოვშლიდით ბიძინა ივანიშვილის მახინჯ რეჟიმს, მაგრამ ვინ დაგიჯერა?! როცა შევიდნენ პარლამენტში, მაშინაც ვეხვეწებოდით, რომ გამოსულიყვნენ, მაგრამ არ გამოვიდნენ, არადა, ჯერ კიდევ შეიძლებოდა სიტუაციის აყირავება.
_ ახლა ბოიკოტმა აზრი დაკარგა. ირაკლი კობახიძემ თქვა, სულ რომ გავიდნენ პარლამენტიდან ოპოზიციონერები, არაფერი შეიცვლებაო.
_ სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს უნდა დავეთანხმო. ახლა მთელმა ოპოზიციამ რომ დატოვოს პარლამენტი, აღარაფერი შეიცვლება. კრიზისი „ქართულ ოცნებას“ ჩვენ შევუქმენით მაშინ, როდესაც გაყალბებულ პარლამენტში შესვლაზე უარი განვაცხადეთ. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი. რამდენიმე თვეც რომ გაეძლოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მივიღებდით, მაგრამ როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, გადაიდგა ტაქტიკური ნაბიჯები და ოპოზიცია „ოცნებამ“ ჯიბით შეიყვანა საკანონმდებლო ორგანოში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა ჩაილურის წყალი დალია. კობახიძე ამბობს, კრიზისი გადავლახეთ და ახლა ოპოზიციას შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი იხტუნაოსო. ესეც ჩვენ ვართ? ძალიან ცუდად არის საქმე.
_ ხელისუფლება არც საარჩევნო ბარიერზე აპირებს მსჯელობას. კობახიძემ თქვა, 2024 წელს ვიმსჯელებთ ამ საკითხზეო.
_ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ამ საკითხზე არ იმსჯელებენ. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოახდინა და არცერთი პირობა არ შეასრულა, იმის გარდა, რაც მათ ინტერესებში შედიოდა. 20 ივნისის მოვლენების ამნისტირება გამოაცხადა. გავრილოვის ღამის ჯალათები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. შარლ მიშელის დოკუმენტი რომ ანულირებულია, ეს, პირველ რიგში, იმ ოპოზიციის ბრალია, რომელიც პარლამენტში შევიდა. დავიჯერო, ისეთი რთული გასაანალიზებელი იყო, რომ იქ შესვლა ასეთი შედეგით დამთავრდებოდა? მათი წყალობით დარჩა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, რომელიც კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს. ქვეყნისთვის სასიკეთოს რომ არაფერს გააკეთებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. და ამაზეც ოპოზიციას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, რადგან რაც დღეს ხდება, მათი უპრინციპობის, ანგარებისა თუ უანგარობის ბრალია.
_ ე. ი., ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაცია აუყირავოს?
_ გამოსავალი ყველა სიტუაციაში შეიძლება მოინახოს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წევრები თეთრ ცხენებზე სხედან. ხალხს არ უნდა მოვატყუოთ, რომ არიქა, ხვალ გვექნება რიგგარეშე არჩევნებიო.
_ ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება.
_ საიდან იქნება რიგგარეშე არჩევნები? ივანიშვილი საკუთარი სურვილით ამ არჩევნებს არ დანიშნავს. რიგგარეშე რომ დაინიშნოს, ამისთვის წინაპირობაა საჭირო. „ქართულმა ოცნებამ“ რამე მაგარი სისულელე თუ არ ჩაიდინა, არაფერი იქნება. ახლა ისინი გამარჯვებულები არიან, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა _ ქალამნად. მოასხდნენ ქვეყანას თავზე და მართავენ, როგორც უნდათ.
_ თავის დროზე, „ნაციონალებსაც“ არ მიაჩნდათ ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად, მაგრამ რეალობაში მოუწიათ დაბრუნება.
_ მუდმივი არაფერია და „ქართულ ოცნებასაც“ გავისტუმრებთ, მაგრამ ეს ახლო მომავალში არ მოხდება. რიგგარეშე არჩევნები ასე იოლად არ დაინიშნება. საზოგადოებაში არის საპროტესტო განწყობა და ცვლილებების სურვილი, მაგრამ მეეჭვება, ხალხი გარეთ გამოვიდეს. ხალხს არ უყვარს, როცა პოლიტიკოსები ატყუებენ. ჩვენი საზოგადოება ბევრჯერ მოატყუეს. ქვეყანაში საყოველთაო ნიჰილიზმია გამეფებული. არ ვიცი, როგორ აპირებენ საპროტესტო მუხტის დაძვრას. ყველაფერი თავიდან არის დასაწყები: თავიდან უნდა გავშალოთ წინააღმდეგობის ფრონტი. ოპოზიციის უპრინციპობამ მიგვიყვანა აქამდე. სიმართლის გზით სიარულია საჭირო, სხვანაირად ხალხი არ გამოგვყვება.
_ ისევ ნათელაშვილის ამბავს დავუბრუნდეთ: პოლიტიკური ალღო რას გკარნახობთ, შეუწყვეტენ შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას?
_ ვერ გეტყვით. იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. შალვას წინააღმდეგ საშინელი და აღვირახსნილი კამპანიაა დაწყებული, რომელშიც მთელი ხელისუფლება მონაწილეობს. ალბათ, გადაწყვეტილი აქვთ შალვასთვის დეპუტატობის წართმევა, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“. მოვა დრო და ამაზე აგებენ პასუხს. ბოიკოტის გამო ადამიანს სჯიდე, პირველად მესმის, მაგრამ ეს მარტო ნათელაშვილის დასჯა არაა, ამით მთელ პარტიას სჯიან.