გიორგი გუგავა: „ამერიკა რომ არა, რუსული გეოპოლიტიკური ფაქტორი ბოლომდე გადაგვყლაპავდა, როგორც 1921 წელს“
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოში დიდი რუსიანობაა. დანამდვილებით არავინ იცის, რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსები საქართველოს განსაკუთრებით ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოაწყდნენ. საქართველოს ხელისუფლება ამ ამბავში ტრაგიკულსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. იმის ნაცვლად, რომ რუსთა შემოდინება აკონტროლოს, კვლავ დასავლეთს ლანძღავს.
ვისი დავალებით შემოუშვა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ათასობით რუსი დეზერტირი? რა შემთხვევაში დაიბრუნებს ოპოზიცია რეიტინგს? რაშია დამნაშავე საქართველოს მოსახლეობა? როგორ ვაჭრობს ივანიშვილი ქვეყნის გეოპოლიტიკით? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა ესაუბრება.
_ გიორგი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე გამოიქცა. დღეს აქ ათეულობით ათასი რუსი იმყოფება. ოპოზიციის მტკიცებით, ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ხელისუფლება ამ ამბავში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. თქვენ რას იტყვით დიდ რუსიანობაზე, _ უნდა გვეშინოდეს თუ არა?
_ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის კატასტროფა და უბედურება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ქვეყანას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს. ივანიშვილი და მისი ადმინისტრაცია თუ ყოველთვის არა, ხშირად ასრულებენ რუსეთიდან მოსულ დავალებებს. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ამდენი რუსი მოაწყდა. მათ სხვა ქვეყნებშიც შეეძლოთ წასვლა, მაგრამ, რატომღაც, აქ გამოიქცნენ.
აქამდე რუსების შეოსვლას ფუთავდნენ ტურიზმის თემით, გვეუბნებოდნენ, რომ რუსი ტურისტები არიან, შემოვლენ, ფულს დახარჯავენ და წავლენო. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვრებს დეზერტირების არმია მოაწყდა.
_ არიან კი დეზერტირები? იქნებ, სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან?
_ არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა რაკი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამოიქცნენ, დეზერტირებად ჩავთვალოთ. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად შემოვუშვით ათასობით დეზერტირი მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოსთან დღემდე არ გაუუქმებია სავიზო რეჟიმი.
_ სავიზო რეჟიმი რუსებმა, ჯერ კიდევ, მაშინ დაგვიწესეს, როცა საქართველო დსთ-ს წევრი იყო. რუსეთმა ეს რეჟიმი იმიტომ შემოიღო ჩვენთან, რომ საქართველომ ჩეჩენი ლტოლვილები შეიფარა.
_ საქართველომაც დაუწესა რუსებს სავიზო რეჟიმი, მაგრამ ეს რეჟიმი 11 წლის წინათ გაუქმდა. რუსეთი არც ფიქრობს ამ რეჟიმის გაუქმებას. მათ „ქართულ ოცნებას“ არც მხარდაჭერა დაუფასეს. მთელი მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსებს ჩვენ გარდა. ამის მიუხედავად, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმი არ გაუქმებულა. აქ თავისუფლად შემოდიან რუსები, ამ დროს საქართველოს მოქალაქეები რუსეთში წასვლას ვერ ახერხებენ. რუსეთში წაუსვლელობა დიდი ტრაგედია არ არის, ტრაგედია ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა სავიზო რეჟიმის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება.
_ სავიზო რეჟიმის დაწესებით უნდა გვეპასუხა რუსებისთვის, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს?
_ ამ ვითარებაში საქართველოს თავისუფლად შეეძლო სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთთან. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა. მეტიც: მათ ალაყაფის კარივით მოაღეს საზღვარი და რუსებს უპრობლემოდ უშვებენ საქართველოში. იმითაც არ ინტერესდებიან, ვინ მოდის აქ. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა, ამას „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ამძიმებს. ეს პარტია, სინამდვილეში, პუტინის ადმინისტრაციას წარმოადგენს და საქართველოში მისი ინტერესების პირდაპირი გამტარებელია.
ქართული სპეცსამსახურები პირდაპირ თანამშრომლობენ რუსეთთან, მათგან იღებენ დავალებებს და ამ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რომ საქართველო რუსებით გაივსო. სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მანამდე საქართველოში მხოლოდ რუსული პოლიტიკა გატარდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს რუსეთს აწყობს.
_ თუ „ქართული ოცნება“ რუსეთის ადმინისტრაციაა საქართველოში და მოსკოვის დავალებებს ასრულებს, მაშინ რატომ ღებულობენ საქართველოში დეზერტირებს? ისინი ხომ იმიტომ გამოიქცნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნების წინაამდეგ წავიდნენ? ამ შემთხვევაში მობილიზაციას ვგულისხმობ.
_ სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს და გავარკვიოთ, შეუქმნიდა თუ არა პუტინს ის ხალხი პრობლემას, ვისაც ომში წასვლა არ სურს? რუსებს თავისუფლად შეეძლოთ საზღვრების ჩაკეტვა და ამ ხალხის ომში გარეკვა, მაგრამ არ გააკეთეს. არ გააკეთეს იმიტომ, რომ ამათ ომი არ უნდათ და მაშინვე გამოიქცევიან ფრონტის ხაზიდან. მათ ომში წაყვანას აზრი არ აქვს. ფრონტის ხაზზე ისედაც უამრავი პრობლემა აქვს რუსეთს და ახალი პრობლემა აღარ სურდა. ათასობით უკმაყოფილო მასა შეუქმნიდა პრობლემებს. გამომდინარე აქედან, მათ მისცეს უფლება, დაეტოვებინათ ქვეყანა. დეზერტირების დიდი ნაწილი შემოვიდა საქართველოში. არადა, მათ სხვაგანაც შეეძლოთ წასვლა.
_ ხელისუფლებისა არ იყოს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რუსების შემოდინებას არ აპროტესტებს და გაგებით ეკიდება. ეს ხალხი ვერ ხვდება, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე თუ რატომ არ აპროტესტებს? პოლიტიკოსები როდის დაიწყებენ აქციებს, ამას ელოდებიან?
_ პოლიტიკოსებს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და მათ შეცდომებზე გაუთავებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მაგრამ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, მარტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის არ არის, ეს ქვეყანა მოსახლეობისაც გახლავთ და მოსახლეობაც უნდა ზრუნავდეს მასზე.
მე ნამდვილად არ მესმის, რას ნიშნავს რუსების შემოსვლის მიმართ ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება?! მართლა ვერ ვხსნი, რატომ არ აჩენს ეს ჩვენს საზოგადოებაში პროტესტს? როდესაც სამშობლო განსაცდელშია, იქ მთავარი ძალა საზოგადოება უნდა იყოს. სამშობლოს გადარჩენა მისი ყველა მოქალაქის ვალია. როგორ შეიძლება, ქვეყანასა და მის მომავალს საფრთხე ექმნებოდეს და შენ ჩუმად იყო? საჯიჯგნად კი არ უნდა დაუტოვო ვინმეს ეს ქვეყანა, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა დაიწყო.
ხელისუფლება რომ ამ ქვეყნისთვის არ არის, ცხადია. მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა. მეოცნებეთა კეთილდღეობას თუ ვინმე შეეხება, იმას დაჯიჯგნიან და შეჭამენ. ქვეყანას თუ შეექმნა პრობლემა, მაშინ ხმას არ ამოიღებენ. ბიძინა ივანიშვილზე აღარაფერს ვამბობ. ამ კაცს საკუთარი ქონების მეტი არაფერი აინტერესებს. შვეიცარიულ ბანკში დაყადაღებული ანგარიშების გამო ქვეყნის გეოსტრატეგიულ კარტს ათამაშებს. გესმით, თქვენ, ეს რამხელა უბედურებაა? ჩვენს ბედზე თამაშობს რუსი ოლიგარქი და ჩვენ ამას, რატომღაც, ვითმენთ. სასწორზე ქვეყნის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დევს. ასეთ დროს დუმილი დანაშაულია.
_ ბევრი ამ დუმილს იმით ხსნის, რომ პოლიტიკაში ჩარევა არ სურს. ეს რამდენად მყარი არგუმენტია თქვენი აზრით?
_ მეც ძალიან ბევრჯერ მომისმენია ადამიანებისგან, იმიტომ არ ვაპროტესტებ არაფერს, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებსო. შე მამაცხონებულო, ნუ გაინტერესებს პოლიტიკა, პოლიტიკაში ჩართვას არავინ გთხოვს, ისედაც საკმარისზე მეტნი ვართ პოლიტიკურ ველზე, მაგრამ შენს ბედს რომ ეხება ეს პოლიტიკა, ხმა არ უნდა ამოიღო? პოლიტიკაა მთელი ცხოვრება და ამას რა ვუყოთ? პილატესავით ხელის დაბანა კარგია, მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი ასე მარტივად. არც პასუხისმგებლობის სხვისთვის აკიდება შერჩება ვინმეს. შექმნილ ვითარებაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი.
არჩევანის გაკეთების დროს თუ დაუშვი შეცდომა, კეთილი ინებე და შენ თვითონ გამოასწორე. საზოგადოების დანაშაულია, ქვეყნის სათავეში თაღლითები რომ მოვიდნენ და ამ ქვეყნის მომავლით ვაჭრობენ. საზოგადოებას სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინა, დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.
მართლა არ მესმის იმ ხალხის, ვინც ვერ ხვდება, რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს. ჩვენი ქვეყანა შესაძლოა, დემოგრაფიულად გაქრეს. ასეთი გამოწვევის წინაშე არასდროს მდგარა საქართველო. მე იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ რუკაზე ფერი დავკარგოთ და საერთოდ გავქრეთ. ახლა იმაზეა საუბარი, რომ ჩვენს ტერიტორიებს შესაძლოა, სხვები დაეპატრონონ.
_ რუსებს გულისხმობთ?
_ არა მარტო რუსებს. ხომ ხედავთ, ირანში რა პროცესები მიმდინარეობს. იქიდანაც მორბის ხალხი. რუსებზე აღარაფერს ვამბობ. მძიმე რეალობაში გვიწევს ცხოვრება. აქ ძალიან მალე შეიძლება დემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალოს. წმინდა ადგილი, მოგეხსენებათ, დიდხანს ცარიელი არ რჩება. არც ქართველებისგან დაცლილი საქართველო დარჩება ცარიელი.
_ ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილი შვეიცარიის ბანკში დაყადაღებული მილიონების გამო ქვეყნის გეოპოლიტიკურ კარტს ათამაშებსო. ხუნდაძეები და სუბარებიც ამიტომ გამოყარა პარტიიდან და მათი დახმარებით თამაშობს. მათ ანტიდასავლურ განცხადებებზე მაინტერესებს თქვენი აზრი?
_ ომს იგებს იდეოლოგია. ხომ ხედავთ, რა იდეოლოგიური ხაზი გაიხსნა საქართველოში: თურმე, ამერიკა ყოფილა იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც აჩაღებს სისხლისმღვრელ ომებს და სურს, ამ ომებში საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები ჩაითრიოს. პუტინის ბოლო გამოსვლას თუ უყურეთ ნახავდით რომ მეტი კი არაფერი განუცხადებია. ზუსტად იგივე პოლიტიკური ხაზი გაატარა, რასაც ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი ატარებენ. სინამდვილეში, ეს ბიძინას ხაზია, რომელსაც ესენი ახმოვანებენ. ბიძინა ივანიშვილი, თავის მხრივ, პუტინისა და კრემლის მოსაზრებებს ახმოვანებს.
ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე რუსულ რელსებზე გადავიდა და მოსკოვიდან იმართება. კრემლში დაწერილი მესიჯებით გველაპარაკებიან. ტექსტსაც კი აღარ ცვლიან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენც გვაქვს პრეტენზიები და ამაზე შემიძლია ბევრი გელაპარაკოთ, მაგრამ რას ნიშნავს, საქართველოს ჩათრევა უნდა ომში? ეს არის ბოროტი ტყუილი. ამერიკის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო სუვერენიტეტს ინარჩუნებს.
_ თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ ამერიკასთან? გასულ წელს იმის გამო საყვედურობდით ამერიკის ელჩს, რატომ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, პარლამენტში შევიდესო.
_ ამის გამო ახლაც ვუსაყვედურებ ამერიკელებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკა ჩემი ქვეყნის მტერია და საქართველოს დაქცევა უნდა. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ დღეს თუ საქართველოს სუვერენიტეტი შენარჩუნებული აქვს, ეს, პირველ რიგში, ამერიკის დამსახურებაა. ამერიკა რომ არა, რუსული გეოპოლიტიკური ფაქტორი ბოლომდე გადაგვყლაპავდა. ისევე გადაგვყლაპავდა, როგორც ეს 1921 წელს გააკეთა. ამერიკა რომ არა საქართველო დიდი ხნის წინათ გადაიქცეოდა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად.
ერთ დღეს ამერიკა რომ გაბრაზდეს და თქვას, რაც გინდათ, ის გიქნიათ, თავში ქვა გიხლიათო, სად მივდივართ მერე? ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? რუსეთის წინაშე მარტონი რომ აღმოვჩნდებით, მერე რას ვაპირებთ? ამირსპასალარ ბურჭულაძის იმედი აქვს ვინმეს თუ მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილის? ან, იქნებ, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ? დამოუკიდებლობის მოპოვებას უამრავი ადამიანი შეეწირა. ეს სისხლი არაფრად გვიღირს? ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ თავისი მდგომარეობა, თავისი ფული შეინარჩუნოს. ის პირდაპირ ევაჭრება ამერიკელებს. ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობა არ გამიგია. არც ის გამიგია, რომ ასეთ რამეს მოსახლეობა პატიობდეს ვინმეს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვპატიობთ.
რუსი ოლიგარქი პირდაპირ სუვერენიტეტით ვაჭრობს. ამერიკელებს ეუბნება, რომ ის ფული მომეცით და გავაჩერებ ამ ხალხსო. ახლა გავიგეთ, რომ ამ ფულზე დავა, თურმე, 2007 წლიდან მიმდინარეობს. აქამდე ამერიკას აბრალებდნენ, საქართველოს ომში ჩართვა უნდაო. არადა, თავისი შულერობის გამო აქვს პრობლემები ივანიშვილს. მისი პრობლემაა და თავად მოაგვაროს. სახელმწიფოს პრობლემა რატომ უნდა იყოს, თუკი თაღლით ივანიშვილს ანგარიშებს დაუყადაღებენ? აქ ათამაშებს ჩვენი ქვეყნის ბედს. ამერიკას ეუბნება, ფულს თუ არ დააბრუნებთ, საქართველოს ბოლომდე რუსულ რელსებზე გადავიყვანო. იმითაც ემუქრება, რეგიონიდან გაგაძევებთო. აი, ასე თამაშობს ჩვენი და ჩვენი შვილების ბედით.
_ რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას ვერც ივანიშვილი შეძლებს და ვერც _ რუსეთი. დასავლეთი უკვე ღიად ამბობს, რომ ამიერკავკასიის მიმართ საკუთარი ინტერესები აქვს.
_ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ მის მიმართ სულ იქნება ინტერესები. და აქ იმაზე სულაც არაა საუბარი, რას შეძლებს ივანიშვილი და რუსეთი და რას _ არა. მე იმაზე მტკივა გული, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ.
_ რაღაცის გაკეთება სულ გვეზარება და მიგვაჩნია, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს.
_ დიდი ხანია, სულ სხვის იმედად ვართ. როდემდე შეიძლება, სხვას ხელებში ვუყუროთ? საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი თავისუფლებისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება. ჩვენ ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს. დროა, გავანძრიოთ ხელი და სხვის იმედად ყოფნას თავი დავანებოთ. დასავლეთს ჩვენ გარდა უამრავი პრობლემა აქვს და ჩვენთვის შეიძლება, ვეღარ მოიცალოს. ახლა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული.
ჩვენი საზოგადოება უფრო პასუხისმგებლიანი უნდა გახდეს და ისწავლოის შეცდომის აღიარება. ამ შეცდომას რომ გამოსწორება უნდა, ესეც უნდა გაითავისონ. არჩევნებზე ბევრი უშვებს შეცდომას და არც ჩვენი ამომრჩეველია გამონაკლისი, მაგრამ ყოველ არჩევნებზე შეცდომის დაშვება არ გამიგია. ვთქვათ და ვერ ისწავლე შეცდომაზე და იგივე გააკეთე, მაშინ კეთილი ინებე და შეცდომის გამოსწორებაზე იფიქრე.
არც ის მესმის, ახლა როგორ დაუშვეს შეცდომა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. კარგი, ადრე ცხვრის ქურქში იყვნენ გახვეულები და არ იცოდნენ, სინამდვილეში რასაც წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ხომ თავიანთი ნამდვილი სახე წარმოაჩინეს? მათი ნამდვილი სახე არის მგლის სახე. როგორ შეიძლება, მგელს ენდო? ესენი ენდობიან და მერე პოლიტიკოსებს აბრალებენ ყველაფერს.
_ პოლიტიკოსები უდანაშაულოები სულაც არ არიან. საზოგადოება რომ სცოდავს, ეს პოლიტიკოსებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
_ ვინ თქვა, რომ ათავისუფლებს? დღეს რომ საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ეს პოლიტიკოსების ბრალიცაა და საზოგადოებისაც.
_ რომელი უფრო დამნაშავეა _ ხალხი თუ პოლიტიკოსები?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები უფრო დამნაშავეები არიან. პოლიტიკოსს გაათმაგებული პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ეს ხალხს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
_ პოლიტიკოსებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა კი აკისრიათ, მაგრამ ადარდებს ვინმეს ეს?
_ სხვებზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. უპასუხისმგებლობას ვერავინ დაგვწამებს. თავის გაწირვა იყო საჭირო და არც ამაზე დაგვიხევია უკან.
_ თავის გაწირვაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ პირობა ბოლომდე შევასრულეთ, ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ გავტეხეთ და პარლამენტში არ შევედით. დანარჩენი ოპოზიცია მაშინვე შევარდა პარლამენტში. ჩვენც შეგვეძლო, თამაში დაგვეწყო და პარლამენტში შევსულიყავით, მაგრამ არ გავაკეთეთ.
_ რატომ არ გააკეთეთ?
_ ჯერ ერთი, იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ სიტყვა არ გავტეხეთ და მეორეც, იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ ვიცოდით, ვისთანაც გვქონდა საქმე. ისიც კარგად ვიცოდით, თუ რა იდო სასწორზე. სასწორზე იდო ჩვენი ქვეყნის ბედი. ქვეყნის ბედით ვაჭრობას კი არ ვაპირებთ. იმასაც ხომ გააჩნია, ვისთან ივაჭრებ? შულერ ივანიშვილთან ვაჭრობა დაუშვებელია.
ბიძინა ივანიშვილმა იცით, რატომ გაბედა ჩვენი დასანქცირება და ცესკოში კომისიის წევრების წართმევა? იმიტომ, რომ გვიღალატეს. ღალატი რომ არა, რუსი ოლიგარქი ამდენს ვერ გაბედავდა.
_ ვინ გიღალატათ?
_ ოპოზიციამ! ისინი შეჭუკჭუკდნენ პარლამენტში. ჩვენ დავრჩით გარეთ და ივანიშვილმაც თქვა, გაჩვენებთ, როგორ უნდა ჩემი ნების წინააღმდეგ წასვლაო და დაგვსაჯა. ლეიბორისტების ფანჩატური რომ ფუნქციონირებდა, ხომ გახსოვთ, მთელი ინიციატივა ოპოზიციის ხელში იყო. ჩვენ, ოპოზიცია ვუყენებდით ხელისუფლებას პირობებს.
_ ახლა ოპოზიციას უყენებს „ქართული ოცნება“ პირობებს?
_ იმიტომ, რომ ღალატით დაინგრა ერთობა. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და იქიდან ბედნიერი სახეებით გვმოძღვრავს. ამ დამოძღვრას თავი დაანებონ და ის გვითხრან, ერთი საკითხი მაინც თუ გაიტანეს? უმნიშვნელო საკითხებზე მაქვს საუბარი, მნიშვნელოვან საკითხს არავინ გაატანინებდა. ასე იცის პირობის გატეხამ. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, რომ სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობსო. ოპოზიციას სახელი გაუტყდა და ახლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია რეიტინგისა და სახელის დაბრუნება _ სასწრაფოდ უნდა დატოვოს პარლამენტი.
_ რომ არ ტოვებს?
_ არ ტოვებს და ამით იზიარებს პასუხისმგებლობას იმ დანაშაულზე, რასაც ივანიშვილი სჩადის. ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო პარლამენტის დასატოვებლად, მერე შეიძლება გვიანი იყოს.