„მხოლოდ ღარიბაშვილი კი არ უნდა გადადგეს, არამედ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას“
ნენე ინჯგია
24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან, რითაც წერტილი დაესვა დასავლეთის მცდელობას, თავიდან აერიდებინა ომი.
სწორედ 24 თებერვალს დილის 5 საათზე, ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო მიმართვიდან რამდენიმე წუთში, აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინის დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქ კიევში.
ხუთშაბათსვე, შუადღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაანეიტრალა“ უკრაინის საჰაერო ბაზები და თავდაცვის სისტემები და გაანადგურა 74 ობიექტი, მათ შორის, 11 აეროდრომი, 18 სარადარო სადგური. უკრაინული მხარის თქმით, რუსეთმა 203-ჯერ მიიტანა იერიში ქვეყანაზე და ახლა ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, შეჭრას შეეწირა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 18 გარდაიცვალა ოდესის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი მოკვდა ქალაქ ბროვარიში, კიევთან ახლოს და 4 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ უგლედარში.
25 თებერვალს კი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს, უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს. ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავს თუ არა იგი კიევში ჩასვლას მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად, ისევე როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა მხარდაჭერა ისე, როგორც გამოხატა.
„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია. თქვენ გინდათ ამის დემონსტრირება… სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც კი ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია, სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რათა ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში კოჯორში, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
რაზე მეტყველებს ღარიბაშვილის განცხადებები? „ქართული ოცნება“ ამ მძიმე ვითარებაში მიზანმიმართულად ატარებს თუ არა კრემლის ინტერესებს? რა არის ამ დრამატული რეალობიდან გამოსავალი? რა როლი აქვს ასეთ დროს ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინის მიმართ?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „დროას“ ერთ-ერთ ლიდერ ნინო გოგუაძეს:
_ ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, შევაფასოთ ის, რაც ხდება უკრაინაში: პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკვე მერამდენე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის, უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენებს?
_ ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობელი ომი. სრულიად ცხადია, რომ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ, სუვერენულ უკრაინას. ეს ომი არის არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი, არამედ ეს არის ცივილიზაციური ომი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, მშვიდობასა და ომს შორის, ცივილიზებულ სამყაროსა და არაცივილიზებულ რუსეთს შორის, ეს ღირებულებითი ომია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა ახლა უკრაინაში და ბევრი ადამიანი იღუპება, უკრაინელები იცავენ თავს სამშობლოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი არა მხოლოდ უკრაინას იცავენ, არამედ საქართველოს თავისუფლებასაც იცავენ, ჩვენ სამშობლოსაც იცავენ, მადლობა და სოლიდარობა მათ, ამ ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ისევე როგორც გაიმარჯვებს საქართველო და ცივილიზებული სამყარო.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც იცავენ, ამ მოცემულობაში კი საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 25 თებერვალს განაცხადა, რომ მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტს _ თავისი, ომი კი უკრაინაშია, _ რაზე მეტყველებს ღარიბაშვილის განცხადება?
_ დიდი ხანია ვამბობ, რომ როდესაც ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგები, როდესაც რუსეთს ოკუპანტის სახელს ვერ უწოდებ და ემიჯნები სინამდვილეში პროგრესულ სამყაროს, თუნდაც რეზოლუციის მიღება ავიღოთ საწყის წერტილად, შენ უკვე ავტომატურად ხარ პუტინის მოკავშირე. ის კი არა, რომ ფრთხილობ, არამედ პირდაპირ ხდები პუტინის მოკავშირე. როდესაც ამ ცივილიზაციურ ომში უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას მკვეთრად არ იჭერ, ე. ი. მის წინააღმდეგ ხარ. არ დაიჭირა ეს პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, სამარცხვინოდ გამოვიდა ღარიბაშვილი და ომის წინა დღეს დასავლეთს მოუწოდა, რომ იარაღი არ მიაწოდოთ უკრაინასო. ამაზე უფრო პრორუსი და სამარცხვინო განცხადება მე არ ვიცი, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოს პრემიერს.
_ გარდა ამისა, „არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მოვლენებზე საუბრისას. მისი თქმით, იგი იხელმძღვანელებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით, _ ეს პათოსი რამდენად მოსალოდნელი იყო?
_ სანქციებს რომ არშეუერთდებოდნენ, ეს ჩემთვის ცხადი იყო, რადგან ადრეც მითქვამს, რომ სიტყვა სანქციის ეშინია ბიძინა ივანიშვილს. ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციას ვიღებდით, მაშინაც გვთხოვდა, რომ სიტყვა სანქცია არ ჩაწეროთო. თუმცა სიტყვა სანქციაც ჩავწერეთ და რა თქმა უნდა, მაშინ ვინ გაგვიბედავდა, რუსეთი არ ახსენეთო და რუსეთიც ვახსენეთ, როგორ აგრესორი. მიუხედავად იმისა, რა ფობიებიც არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბედავს და თან 25 თებერვალს, ამ სიმბოლურ დღეს, გამოდის და ასე დემონსტრაციულად ემიჯნება დასავლურ სამყაროს, აცხადებს, რომ არავითარ სანქციებს არ შევუერთდებით, ეს უკრაინის ომიაო, ეს არის სირცხვილი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ პუტინის მართული ხელისუფლება გვყავს. ასევე ნახეთ, როგორ შეაქო ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამ განცხადების გამო ღთ-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა! პუტინისთვის საამებლად გააკეთა ეს განცხადება ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, როგორ უნდა წავიდე უკრაინაში? _ ცა არის დახურულიო. თითქოს, როცა ცა იყო ღია, ვერ ჩამოვხსენით ციდან, იმდენი სოლიდარობის ვიზიტი და ფრენა განახორციელა უკრაინაში. ასე რომ, დიახ, ქართველი ხალხი არის ცალკე და ეს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამ ხელისუფლებას არ შეუძლია სოლიდარობა, არ იცის, რა არის თავისუფლება. ეს ყველაფერი საქართველოსთვის იყო დიდი სირცხვილი, თან 25 თებერვალს, როდესაც ერთი საუკუნის წინათ სწორედ რუსულ წითელ არმიას შეაკვდნენ იუნკრები და შენ იმ ქვეყნის სამართალმემკვიდრე პუტინს, რომელიც „ღირსეულად“ აგრძელებს დამპყრობელი წინაპრების გზას, კაპიტულაციას უცხადებ ასეთი მლიქვნელური განცხადებებით. რადგან ღარიბაშვილმა ასეთი სამარცხვინო ტექსტი შემოგვთავაზა, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ეს ხალხი ყოველთვის იქნება სოლიდარული ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის მოქალაქეებისა და ამ ქვეყნის თავისუფლების მიმართ. გარდა ამისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება ცივილიზებული სამყაროს წევრი. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ფრონტიც უკრაინაზე გადის, ამ გამოსვლებით ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს უკრაინის სოლიდარობასთან ერთად.
_ ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებები რით აიხსნება: იგი პირდაპირ ასრულებს რუსეთის დაკვეთას თუ მფრთხალი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ეშინია ღიად უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა რუსეთის ფაქტორის გამო?
_ რა თქმა უნდა, პირდაპირ კრემლის დავალებაა, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს. ვინ ეკითხება ღარიბაშვილს, ევროპა მიაწვდის თუ არა იარაღს უკრაინას? იმის მაგივრად, რომ შეუერთდეს დასავლეთს და უთხრას, რომ მოამარაგოს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, მამაცი ხალხი, რომელიც თავის სამშობლოს იცავს, იარაღით დაეხმაროს, ღარიბაშვილი ბედავს და ლაპარაკობს, რომ იარაღი არ მისცეთ უკრაინასო. ამაზე მეტად პრორუსული განცხადება მე არ ვიცი! ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალება, რომ ღარიბაშვილი ასეთი განცხადებით გამოსულიყო. ვინ ეხვეწებოდა? ვინ ეკითხებოდა? რა უნდოდა? მაგრამ ეს იყო პირდაპირ რუსეთის დავალება და რუსეთისთვის გადახდილი ხარკი. ყველაფერი ძალიან ნათელია, ყველა მოვლენას ნელ-ნელა თავისი სახელი ერქმევა, ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოს სირცხვილი და რომ ის არა თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი საქართველოს ხელისუფლებაა, არამედ არის პუტინის ქვეშევრდომი.
_ ამ მძიმე მოცემულობაში, როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი? ჩვენ ვნახეთ, რომ ათასობით ქართველი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად, _ ეს არის ის, რაც შეიძლება ერთ-ერთ გამოსავლის გზად მივიჩნიოთ იმ პირობებში, როცა ჩვენი ხელისუფლება ცალსახად რუსულ ინტერესებს ატარებს?
_ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, სწორედ ის, რომ გამოვდივართ სოლიდარობის გამოსახატავად. მესმის, ძალიან ბევრ პოლიტიკოსს უნდოდა, რომ ეს შიდა პოლიტიკურ პროცესში გადაგვეყვანა, ჯერ ამის დრო არ არის. ეს ხალხი გამოვიდა ქუჩაში უკრაინისა და უკრაინელების სოლიდარობისთვის. მგონია, რომ ეს იმდენად მაღალი რეგისტრია, დიახ, ჩვენი ხალხი უკრაინის მიმართ სწორედ სოლიდარობით უნდა განიმსჭვალოს და რასაკვირველია, ამ ხელისუფლებას თავისი მოეკითხება. ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა, მოეკითხება ის მოღალატეობრივი განცხადება, რაც 25 თებერვალს გააკეთა, რომ დემონსტრაციულად არ შეუერთდა ცივილიზებულ დასავლეთს, 25 თებერვალს გაკეთებული მისი განცხადებები ეს იყო საქართველოს სირცხვილის დღე და ეს სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებამ აჭამა ჩვენს ქვეყანას. აუცილებლად მოეკითხება ამისთვის, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს… მხოლოდ ღარიბაშვილი კი არ უნდა გადადგეს, არამედ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაულებას, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის არის ეს ძალაუფლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ღარიბაშვილსა და კობახიძეში არ არის საქმე, ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება დგას „ქართული ოცნების“ დეპუტატების რაოდენობაზე. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული ეს დეპუტატი მონაწილეობს იმ სამარცხვინო პროცესში, რომელსაც ახლა ხელისუფლება ახორციელებს. რომ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ეს რაოდენობა, არ იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, საერთოდ დამთავრდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ამის დროც მოვა. მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ამ დეპუტატებს, რადგან სწორედ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მთავარი საყრდენები. თუ მათი რაოდენობა არ იქნება 76 და ამ სამარცხვინო პოლიტიკის შესაბამისად, ისინი დატოვებენ „ქართულ ოცნებას“, ასეთ შემთხვევაში დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.
Слава Україні! დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება! _ ამით ყველაფერი ნათქვამია.